დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2581 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 31/12/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 340.120.000.05.001.002.148 |
საქართველოს კანონი
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 1998 წელი, მუხ. 45) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლები
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „ვეტერინარიის შესახებ“ და „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონები, FAO-ს „პესტიციდების განაწილებისა და გამოყენებისას წესების საერთაშორისო კოდექსი“, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „წ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;“.
3. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების მიმოქცევა, რომელთაც სარეგისტრაციო გამოცდების შედეგად ადამიანთა ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მაღალი შესაძლებლობა დაუდგინდათ, ხორციელდება სპეციალური ნებართვის საფუძველზე, ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პრინციპის შესაბამისად, რაზედაც პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით, ალტერნატიული საშუალებებისა და მეთოდების უქონლობისა და აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროებისას მკაცრად შეზღუდული პესტიციდების შემოტანაზე ნებართვას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევასა და გამოყენებას, კალენდარული წლის ბოლოს ინფორმაციას აწვდიან აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს.“.
4. მესამე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენების და უსაფრთხო მოხმარების რეგულირება“.
5. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანი გამოყენებისა და უსაფრთხო მოხმარების სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარების პროცესებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწესრიგებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.
6. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიან გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-8–მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდა, ექსპერტიზა, რეგისტრაცია და კოორდინირება
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სარეგისტრაციო ორგანო).
2. სარეგისტრაციო ორგანო:
ა) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს FAO-ს საერთაშორისო კოდექსით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით;
ბ) ახორციელებს პესტიციდებსა და აგროქიმიკატებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სპეციალურ დებულებებსა და წესებს საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის შესახებ, რომელთაც ამტკიცებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 9. სარეგისტრაციო ორგანოს ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. სარეგისტრაციო ორგანო განსაზღვრავს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სიას და მათი გამოყენების რეგლამენტებს, კოორდინაციას უწევს სარეგისტრაციო გამოცდებს, ექსპერტიზას, ატარებს სახელმწიფო რეგისტრაციას და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობებს, ადგენს ამკრძალავ სიებს და პერიოდულად აწარმოებს სახელმწიფო კატალოგს, საჭიროებისას აქვეყნებს დამატებით სიებს, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სარეგისტრაციო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განაცხადს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციის შესახებ;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე სახელმწიფო კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს, რომელთაც გამოავლინეს ადამიანისა და გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებები;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს დებულებებს, ინსტრუქციებს, წესებს, მეთოდურ მითითებებს;
დ) უზრუნველყოფს კვლევებში სტანდარტიზებული მეთოდების გამოყენებას;
ე) მონაწილეობს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სწორად გამოყენების პროპაგანდის უზრუნველყოფაში.
მუხლი 10. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა
1. საქართველოში ახალი პესტიციდი (მოქმედი ნივთიერება), გამონაკლისის გარდა, და აგროქიმიკატი, საჭიროების შემთხვევაში, რომლებსაც ადგენს სარეგისტრაციო ორგანო, ექვემდებარება სარეგისტრაციო გამოცდებს, რომელთა კოორდინაციას ახორციელებს სარეგისტრაციო ორგანო.
2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანობის გამოცდას და შეფასებას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები.
3. სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე.
4. სარეგისტრაციო გამოცდები მოიცავს:
ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ბიოლოგიურ, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენასა და მათი გამოყენების რეგლამენტების შემუშავებას;
ბ) ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შეფასებას, ჰიგიენური ნორმატივების, სანიტარიული ნორმებისა და წესების შემუშავებას;
გ) გამოყენების რეგლამენტების ეკოლოგიურ შეფასებას.
5. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციაზე, ვალდებულია უფასოდ წარმოადგინოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშები.
6. სარეგისტრაციო გამოცდების დროს მკვლევრები ვალდებული არიან მინიმუმამდე დაიყვანონ ცხოველებზე ექსპერიმენტები.
7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეკოლოგიურ და ჰიგიენურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები.
8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ექსპერტიზის წესს განსაზღვრავს სარეგისტრაციო ორგანო.
9. ექსპერტიზის ვადები არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
10. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდის და ექსპერტიზის შედეგები წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს, რომელიც წყვეტს საკითხს მათი რეგისტრაციაში გატარების შესახებ და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ერთი თვის ვადაში.
11. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების რეგისტრაციაზე, აგრეთვე მათ შემმუშავებლებს, უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპერტიზაში.
12. საექსპერტო დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13. თუ სარეგისტრაციო გამოცდების მონაცემები ადასტურებენ პესტიციდის ან აგროქიმიკატის ადამიანისათვის ან გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებების გამოვლენას, სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია არ გაატაროს ისინი რეგისტრაციაში.
14. მოპოვებული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის და საკონტროლო ღონისძიებების შესახებ სავალდებულოა გაეგზავნოს FAO-ს, რაზედაც პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.
8. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.
9. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო რეგისტრაციის ვადას ადგენს სარეგისტრაციო ორგანო. პესტიციდის მოქმედი ნივთიერების რეგისტრაციის ვადა, როგორც წესი, განისაზღვრება 10 წლით, ხოლო მისგან წარმოებული პროდუქტის – 5 წლით. სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება პესტიციდების განმეორებითი რეგისტრაცია.
3. ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს რეგისტრაციის შემოკლებული ვადა – 3 წელი, თუ წარმოდგენილია რეგლამენტაციის არასრული მონაცემების პაკეტი, წარმოიშვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა, მოსალოდნელია პესტიციდების მიმოქცევიდან ამოღება, წარმოების შეწყვეტა.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სარეგისტრაციო ორგანო ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ.“;
გ) მე-10–მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგს აწარმოებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
11. რეგისტრაციას არ ექვემდებარება პესტიციდი და აგროქიმიკატი, რომლებიც შემოტანილია სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ან/და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროების შემთხვევაში.
12. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ ინახება სარეგისტრაციო ორგანოში.“.
10. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ბიოლოგიურ პესტიციდებთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირება
ბიოლოგიური პესტიციდების წარმოებაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.
11. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.
12. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისას დამამზადებელი ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეაჩერონ, შეზღუდონ ან აკრძალონ პესტიციდების ან აგროქიმიკატების წარმოება.“.
13. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.
14. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. აუცილებელი ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ
1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევაში გაშვება დასაშვებია, თუ პროდუქციას მოჰყვება რეკომენდაციები მისი ტრანსპორტირების, შენახვის, უტილიზაციისა და გამოყენების შესახებ და პროდუქცია მარკირებულია დადგენილი საერთაშორისო წესების მიხედვით.
2. პესტიციდების რეგისტრაციის შედეგად მათი გამოყენების რეკომენდაციებსა და ეტიკეტს ითანხმებს სარეგისტრაციო ორგანო.
3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმოქცევის ტარაზე მარკირება უნდა უპასუხებდეს FAO-ს საერთაშორისო ინსტრუქციებს და მოცემული უნდა იყოს ქართულ ენაზე.“.
15. მე-19–22-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
16. 23-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პესტიციდების დამამზადებელი უვარგისი ან აკრძალული პესტიციდებისა და მათი ტარის განადგურების მეთოდებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს FAO-ს მითითებების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და მათი ტარის გაუვნებელყოფასა და განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.
17. 24-ე–26-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
18. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
2006 წლის 1 ივლისამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა:
ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესი;
ბ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესები;
გ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულება;
დ) საქართველოში სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდების და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესი;
ე) საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2581–რს
დოკუმენტის კომენტარები