დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1674 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/10/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 07/12/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 360.090.000.05.001.000.444 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (11/03/2011 - 22/03/2011)
საქართველოს კანონი
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვა იმ ვალდებულებათა შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი არეგულირებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის.
მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 4. ტერმინების განმარტებანი
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება” – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ბირთვული და რადიაციული ობიექტების მუშაობისა და ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხო პირობებს, გამორიცხავს გარემოს რადიაციულ დაბინძურებას;
ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობა:
ბ.ა) ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობა, ფლობა, ექსპლუატაცია;
ბ.ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებების შეძენა, გადაცემა;
ბ.გ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების მოძიება, გაუვნებლება (რადიოაქტიურად დაბინძურებული ტერიტორიის გასუფთავების ჩათვლით), გადამუშავება, შენახვა;
ბ.დ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება;
ბ.ე) სამეცნიერო-კვლევითი, საკონტროლო, მონიტორინგის, სააღრიცხვო, ინსპექტირების, ატესტირების, ექსპერტიზის სამუშაოების განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებთან, ბირთვულ მასალებთან, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან;
ბ.ვ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიოაქტიური ნივთიერებისაგან ან/და შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუების ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი;
ბ.ზ) მაიონებელი გამოსხივების იმ მაგენერირებელი მოწყობილობების სამედიცინო მიზნით გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს რადიოაქტიურ წყაროებს ან/და ბირთვულ მასალებს;
ბ.თ) მაიონებელი გამოსხივების იმ მაგენერირებელი მოწყობილობების სამრეწველო მიზნით გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს რადიოაქტიურ წყაროებს ან/და ბირთვულ მასალებს;
ბ.ი) ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სამრეწველო მიზნით გამოყენება;
ბ.კ) რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო მიზნით გამოყენება;
გ) „ბირთვული ობიექტი“ – საწარმოო, საცდელ-საკვლევი ან ნებისმიერი სხვა დანიშნულების ობიექტი, დანადგარი ან მოწყობილობა, რომელიც ორიენტირებულია ბირთვული მასალის (მათ შორის, ბირთვული საწვავის) წარმოებაზე, გადამუშავებასა და ექსპლუატაციაზე;
დ) „ბუნებრივი რადიაციული ფონი“ – გამოსხივების დოზა, მიღებული კოსმიური და ბუნებრივი რადიონუკლიდების გამოსხივებისაგან, რომლებიც ბუნებრივადაა განაწილებული ნიადაგში, წყალში, ჰაერში, ბიოსფეროს სხვა ელემენტებში, საკვებ პროდუქტებში, ადამიანისა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებში;
ე) დაკვირვების ზონა – ნებისმიერი ზონა, რომელიც არ მიეკუთვნება საკონტროლო ზონას, მაგრამ სადაც ხორციელდება პროფესიული დასხივების პირობების კონტროლი, თუმცა არ მოითხოვს დაცვისა და უსაფრთხოების კონკრეტულ ზომებს;
ვ) „ეფექტური დოზა“ – მაიონებელი გამოსხივების სიდიდე, რომელიც გამოხატავს ადამიანის ორგანიზმის ან მისი ცალკეული ორგანოების დასხივების შესაძლო უარყოფითი (მათ შორის, შორეული) შედეგების წარმოქმნის რისკის ზომას მათი რადიომგრძნობელობის გათვალისწინებით;
ზ) ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და რომელსაც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსაგან მიღებული აქვს ლიცენზია ან/და ნებართვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით დადგენილი წესით;
თ) „მაიონებელი გამოსხივება“ – გამოსხივება, რომელიც მიიღება ბირთვული გარდაქმნებისას ან ნივთიერებაში დამუხტული ნაწილაკების დამუხრუჭებისას და რომლის ზემოქმედების შედეგად ფიზიკურ ან ბიოლოგიურ სხეულში წარმოიქმნება სხვადასხვა ნიშნის იონები;
ი) „მუშაკი“ – ფიზიკური პირი, რომელიც მუშაობს უშუალოდ მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან ან სამუშაო პირობების გამო იმყოფება ამ წყაროს ზემოქმედების არეში;
კ) (ამოღებულია);
ლ) „ბირთვული ავარია“ მაიონებელი გამოსხივების წყაროს მართვის ან წყაროზე კონტროლის დაკარგვა, გამოწვეული მისი გაუმართავობით, მუშაკის არასწორი მოქმედებით, სტიქიური უბედურებით ან სხვა მიზეზებით, რომლებსაც შეეძლო გამოეწვია ან რომლებმაც გამოიწვია მოსახლეობის დასხივება დადგენილ ნორმებზე მეტად ან გარემოს რადიაქტიური დაბინძურება; აგრეთვე ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების უკონტროლო გაბნევა გარემოში, რის შედეგადაც გარემოს რადიაციული ფონის დონემ შეიძლება გადააჭარბოს ან უკვე გადააჭარბა წლიურ დოზურ ზღვარს;
მ) „რადიაციული დაცვა“ – ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი, აგრეთვე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს საკანონმდებლო-ნორმატიული უზრუნველყოფა, რაც მიმართულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე მაიონებელი გამოსხივებისაგან მოსახლეობისა და მომავალი თაობების დაცვისაკენ;
ნ) „რადიაციული ობიექტი“ – საწარმოო, საცდელ-საკვლევი, სამედიცინო ან ნებისმიერი სხვა დანიშნულების ობიექტი, დანადგარი, მოწყობილობა ან ხელსაწყო, რომელიც აწარმოებს ან იყენებს რადიაქტიურ ნივთიერებებს და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებს, ან ორიენტირებულია რადიაქტიური ნარჩენების მართვაზე, შეგროვებაზე, შენახვაზე, გადამუშავებაზე, ტრანსპორტირებასა და დამარხვაზე;
ო) „რადიაქტიური ნარჩენი“ – ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფუნქციონირების პროცესში წარმოქმნილი, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერებები, აგრეთვე მასალები, მოწყობილობები, დანადგარები, ნაკეთობები, ბიოლოგიური ობიექტები, გამომუშავებული ბირთვული საწვავი და რესურსამოწურული ან დაზიანებული მაიონებელი გამოსხივების წყაროები, რომლებშიც რადიონუკლიდების შემცველობა აღემატება ნორმატიული აქტებით რეგლამენტირებულ დონეს, რომელთა გამოყენება დღეისათვის არსებული სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების დონეზე შეუძლებელია და რომლებსაც არა აქვს არავითარი სამომხმარებლო ღირებულება;
პ) „რადიაქტიური ნარჩენების მართვა“ – საქმიანობის ყველა ფორმა, რომელიც დაკავშირებულია რადიაქტიური ნარჩენების აღრიცხვასთან, შეგროვებასთან, გადამუშავებასთან, გაუვნებელყოფასთან, ტრანსპორტირებასთან და შენახვასთან და რომლის მიზანია გარემოში რადიაქტიური ნარჩენების გაბნევის მაქსიმალური შეზღუდვა და მათგან ბიოსფეროს ელემენტების საიმედო იზოლაცია;
ჟ) „რადიაქტიური ნარჩენების გადამუშავება“ – ტექნოლოგიური ოპერაციები, რომელთა შედეგადაც ხდება რადიაქტიური ნარჩენების მოცულობის შემცირება, აგრეთვე მათი აგრეგატული მდგომარეობის ან ფიზიკური და ქიმიური თვისებების შეცვლა მათი გაუვნებელყოფის, ტრანსპორტირებისა და შენახვის ოპერაციების მომზადებისას;
რ) „რადიაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“ – რადიაციული ობიექტი - საწარმო, რომელიც ახდენს რადიაქტიური ნარჩენების მიღებას, აღრიცხვას, გადამუშავებას, გაუვნებელყოფას, ტრანსპორტირებას და შენახვისათვის მომზადებას და რომელსაც აქვს რადიაქტიური ნარჩენების საცავი - სპეციალური ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი რადიაქტიური ნარჩენების შენახვისათვის;
ს) საკონტროლო ზონა – ნებისმიერი ზონა, რომლის მიმართაც დადგენილია დაცვისა და უსაფრთხოების სპეციალური ზომები, ნორმალური დასხივების კონტროლის ან ნორმალურ სამუშაო პირობებში დაბინძურების გავრცელების, ასევე პოტენციური დასხივების დონის შეზღუდვის ან თავიდან აცილების მიზნით;
ტ) „ტექნოგენურად შეცვლილი რადიაციული ფონი“ – ბუნებრივი რადიაციული ფონი, შეცვლილი ადამიანის საქმიანობის შედეგად;
უ) „ფიზიკური დაცვა“ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებთან, ბირთვულ მასალებთან, რადიაქტიურ ნივთიერებებთან, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან, რადიაქტიურ ნარჩენებთან, ბირთვულ ტექნოლოგიებთან და ნოუ-ჰაუებთან, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ტექნიკურ და სხვა დოკუმენტაციასთან უნებართვო შეღწევის დაუშვებლობა;
ფ) „ზივერტი“ – ეფექტური დოზის ერთეული, რომელიც უჩვენებს ადამიანის სხეულის მიერ შთანთქმული რადიაქტიური დასხივების ენერგიის სიდიდეს მისი რადიომგრძნობელობის გათვალისწინებით;
ქ) „წლიური დოზური ზღვარი“ – ადამიანის დასხივების ეფექტური დოზა, რომელიც არ უნდა იქნეს გადაჭარბებული ერთი წლის განმავლობაში.
ღ) კვალიფიცირებული ექსპერტი – ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთარი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აძლევს საშუალებას, გასცეს შესაბამისი დასკვნა თავისი საქმიანობის სფეროში;
ყ) პროფესიული დასხივება – მუშაკის მიერ პროფესიული საქმიანობის დროს მიღებული დასხივება, გარდა არსებული ნორმებიდან გამორიცხული და რეგულირებიდან გათავისუფლებული მაიონებელი გამოსხივების წყაროების გავლენით მიღებული ზემოქმედებისა.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3050 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.4178
მუხლი 5. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპებია:
ა) ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენების პრინციპი ბირთვული ენერგიის, ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის. ამის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება:
ა.ა. ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობათა ექსპორტ-იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, აგრეთვე მათი წარმოება, კვლევა, გამოცდა და ფლობა;
ა.ბ. 5 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ბირთვული ობიექტების მშენებლობა და ექსპლუატაცია;
ა.გ. რადიაქტიური ნარჩენების შემოტანა გადამუშავების, გაუვნებელყოფის, შენახვის, დამარხვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით;
ბ) ბირთვული ენერგიის, ბირთვული მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გამოყენების უსაფრთხოების პრინციპი ბირთვული ენერგიის, ბირთვული მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გამოყენება არ უნდა ახდენდეს უარყოფით ზემოქმედებას ადამიანების ჯანმრთელობაზე და არ უნდა აზიანებდეს გარემოსა და ქონებას;
გ) ზიანის ანაზღაურების პრინციპი – ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ადამიანის ჯანმრთელობისა და ქონებისათვის, აგრეთვე გარემოსათვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ფიზიკური დაცვის პრინციპი – აუცილებელია ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, ნოუ-ჰაუების და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფიზიკური დაცვის ორგანიზება, ისე, რომ გამოირიცხოს მათი გავრცელება, ქურდობა, დაზიანება, საბოტაჟის აქტები და ტერორისტული თავდასხმები, უნებართვო გადატანა და დაზიანება მოხმარების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს, აგრეთვე ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ხელყოფა და მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენება;
ე) წინასწარი მომზადებისა და მუდმივი მზადყოფნის პრინციპი – აუცილებელია საგანგებო მოქმედებათა გეგმების არსებობა ანუ საგანგებო მდგომარეობის წარმოქმნისას აუცილებელ მოქმედებათა წინასწარი დაგეგმვა და შესაძლო ბირთვული ავარიების ან სხვა საგანგებო შემთხვევების დროს რადიაციული ზიანის თავიდან აცილებისათვის ან შემსუბუქებისათვის წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების გატარება;
ვ) ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრინციპი – ინფორმაცია გარემოს რადიაციული დაბინძურების, უბედური ან სხვა საგანგებო შემთხვევების შესახებ ღიაა და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის;
ზ) ნორმირების პრინციპი – დაუშვებელია ადამიანთა რადიაქტიური დასხივების წლიური დოზური ზღვრის გადაჭარბება;
თ) დასაბუთების პრინციპი – იკრძალება ბირთვული საქმიანობა, თუ ადამიანისა და საზოგადოების მიერ მიღებული სარგებელი არ აჭარბებს ამ საქმიანობით მიყენებულ შესაძლო მაქსიმალურ ზიანს;
ი) ოპტიმიზაციის პრინციპი – აუცილებელია დასხივებულ პირთა და რადიაქტიური დასხივების ინდივიდუალური დოზების შესაძლო დაბალ დონეზე შენარჩუნება ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით;
კ) ეფექტურობის პრინციპი – რადიაციული ავარიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებმა უნდა მოიტანოს უფრო მეტი დადებითი შედეგი, ვიდრე ზიანი. რადიაციული ავარიის შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობა ისეთი სახით და მასშტაბით უნდა განხორციელდეს, რომ დადებითი ეფექტი მაიონებელი გამოსხივების დოზის დაკლების შედეგად, გარდა აღნიშნული (მათ შორის, სოციალური) საქმიანობით მიყენებული ზიანისა, იყოს მაქსიმალური;
ლ) საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპი – საქართველოში ბირთვული და რადიაციული საქმიანობა ერთ-ერთი ღია და ხელმისაწვდომი სფეროა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის;
მ) რადიაქტიური ნარჩენების უარყოფითი გავლენის მინიმიზაციის პრინციპი:
მ.ა. უპირატესობის მინიჭება რადიაქტიური ნარჩენების მინიმიზაციაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიებისათვის;
მ.ბ. გარემოში რადიაქტიური ნარჩენების დაგროვების და მათი გავრცელების გამორიცხვა;
მ.გ. რადიაქტიური ნარჩენების აუცილებელი იზოლაცია ადამიანის სასიცოცხლო გარემოსაგან;
მ.დ. რადიაქტიური ნარჩენების შენახვა დადგენილი მოთხოვნების დაცვით, როგორც რადიაქტიური ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ბოლო ეტაპი;
მ.ე. გარემოში გამოსაფრქვევი აირადი რადიაქტიური ნარჩენების აუცილებელი წინასწარი გაწმენდა ან განზავება მათში რადიონუკლიდების კონცენტრაციის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ დასაშვებ ნორმამდე შესამცირებლად;
მ.ვ. ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი რადიაქტიური ნარჩენებისა და დასაშვებ ნორმაზე მეტად დაბინძურებული დანადგარების, მოწყობილობებისა და მასალების მდინარეებში, საგუბარებში, ტბებში, ჭაობებში, ზღვაში და სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ წყლის სისტემებში ჩადინებისა და დაძირვის აკრძალვა.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
თავი II
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება
მუხლი 6. სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებანი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში
1. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენცია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განეკუთვნება:
ა) საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება, მიღება (გამოცემა) და კონტროლი მათ შესრულებაზე;
ბ) სახელმწიფო პროგრამების დამტკიცება, ზედამხედველობა და კონტროლი მათ განხორციელებაზე;
გ) სახელმწიფო მართვის ერთიანი სისტემის შექმნა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში;
დ) საქმიანობის სახეების განსაზღვრა, რომლებიც ექვემდებარება ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას;
ე) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების ან ბირთვული ავარიის შედეგად მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის ან ქონებისათვის ზიანის მიყენების მომეტებული რისკისათვის კომპენსაციების სახეობების, მათი ოდენობების დადგენისა და ანაზღაურების წესების განსაზღვრა;
ვ) სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმიანობისა და საგანგებო საცხოვრებელი რეჟიმების პირობების დადგენა რადიაქტიურად დაბინძურებულ ტერიტორიებზე;
ზ) კონტროლი მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევაზე;
თ) სახელმწიფო სტანდარტების დადგენა, სახელმწიფო სტატისტიკის წარმოება და გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (გარემოს მონიტორინგის) სისტემის შექმნა;
ი) საერთაშორისო თანამშრომლობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება;
კ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენციას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ) სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში და მის კონტროლში მონაწილეობა, ადგილობრივი მნიშვნელობის პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია;
გ) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული ობიექტების განთავსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
მუხლი 7. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები არიან:
ა) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – რადიოაქტიური ზემოქმედებისაგან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო მართვის, საგანგებო ბირთვულ და რადიაციულ სიტუაციებში პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვისა და კონტროლის, საგანგებო მოქმედებათა გეგმების დამტკიცების სფეროში;
ა1 ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო − გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგის სფეროში;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო – ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობის სფეროში;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილების ან/და მათი შედეგების ლიკვიდაციის, ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის სფეროში;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები – ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის სფეროში, ხოლო ბირთვული ავარიის შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, – დეზაქტივაციისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა სფეროში;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – პროფესიული სამედიცინო შემოწმების სფეროში.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465ა - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.86
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3158 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.147
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4388 -ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 8. სახელმწიფო მართვა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში
1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).
2. სამინისტროს სისტემაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანიზების უშუალო კოორდინაციას ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში –სამსახური).
3. სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის საინფორმაციო ბანკის შექმნაზე.
4. სამინისტრო დაინტერესებულ ქვეყნებს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს-ს) აწვდის ინფორმაციას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, ბირთვული ნივთიერების ნებისმიერი უკანონო გადაადგილების, გამოყენების ან შეცვლის, უკანონოდ ხელში ჩაგდების ან ასეთი ქმედების რეალური საფრთხის არსებობის შესახებ.
5. სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესახებ ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3539 - სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.265
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5676 - სსმ I, №49, 28.12.2007 წ., მუხ.431
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3050 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.4178
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4388 -ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 9. სამინისტროს მოვალეობანი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში
სამინისტრო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული ნორმატიული აქტების და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულება;
ბ) ორგანიზაცია გაუწიოს სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის განხორციელებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში;
გ) კონტროლი და ზედამხედველობა გაუწიოს სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში;
დ) ზედამხედველობა გაუწიოს ფიზიკური დაცვის სისტემებს;
ე) შექმნას ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების აღრიცხვისა და სახელმწიფო კადასტრის სისტემა, კონტროლი გაუწიოს მათი აღრიცხვიანობის მდგომარეობას;
ვ) შეიმუშაოს და გამოსცეს ნორმატიული აქტები ბირთვული იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობის და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში;
ზ) შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბირთვულ ავარიაზე რეაგირების საგანგებო მოქმედებათა გეგმები;
თ) დაამტკიცოს უწყებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო მოქმედებათა გეგმები;
ი) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები ბირთვული ავარიის შემთხვევაში საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონების გამოცხადებისა და მათი გაუქმების შესახებ;
კ) გასცეს ან გააუქმოს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიები და ნებართვები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან;
მ) გააკონტროლოს გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების მდგომარეობა;
ნ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს რადიაქტიური ნარჩენების რეესტრის შედგენის წესები;
ო) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების წესები;
პ) დაამტკიცოს საკონტროლო და დაკვირვების ზონების საზღვრები;
ჟ) ორგანიზაცია გაუწიოს ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ტოპოგრაფიული გეგმების, გეოლოგიური და საძიებო მონაცემების, ჭაბურღილების, რეჟიმული დაკვირვებებისა და გარემოზე კონტროლის მასალების, აგრეთვე მათი ექსპლუატაციის პროცესში დაგროვილი არაოპერატიული ინფორმაციიის მიღებას, გადამუშავებას, შენახვას, ანალიზს და მისი შედეგების განზოგადებას;
რ) ორგანიზაცია გაუწიოს გარემოს რადიაციული მდგომარეობის მონიტორინგს.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465ა - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.86
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5676 - სსმ I, №49, 28.12.2007 წ., მუხ.431
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3050 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.4178
მუხლი 10. სამინისტროს ზედამხედველობითი ფუნქციები
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სფეროში ზედამხედველობის განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექცია და კონტროლი, შეამოწმოს ნებისმიერი ტექნიკური, ნორმატიული და სხვა დოკუმენტაცია, ჩაატაროს ზედამხედველობისათვის აუცილებელი გაზომვები;
ბ) მოსთხოვოს ნებისმიერ მუშაკს აუცილებელი დოკუმენტაცია და ანგარიშის წარდგენა დადგენილი ფორმით და განსაზღვრულ ვადებში.
თავი III
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიებისა და ნებართვების სისტემა
მუხლი 11. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიების სისტემა
1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია ლიცენზირებას დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კანონიერების დამადასტურებელი ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ერთი ან რამდენიმე სახის განხორციელების უფლებას.
2. ლიცენზირებას ექვემდებარება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შემდეგი სახეები:
ა) ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაცია;
ბ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების მოძიება, გაუვნებლება (რადიოაქტიურად დაბინძურებული ტერიტორიის გასუფთავების ჩათვლით), გადამუშავება, შენახვა;
გ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიური ნივთიერებებისა და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება;
დ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი, ექსპერტიზის სამუშაოების განხორციელება;
ე) მაიონებელი გამოსხივების იმ მაგენერირებელი მოწყობილობების სამედიცინო მიზნით გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს რადიოაქტიურ წყაროებს ან/და ბირთვულ მასალებს;
ვ) მაიონებელი გამოსხივების იმ მაგენერირებელი მოწყობილობების სამრეწველო მიზნით გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს რადიოაქტიურ წყაროებს ან/და ბირთვულ მასალებს;
ზ) ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სამრეწველო მიზნით გამოყენება;
თ) რადიოაქტიური ნივთიერებების სამედიცინო მიზნით გამოყენება.
3. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით.
4. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა, ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) იმ ადგილის მისამართი და აღწერა, სადაც უნდა განხორციელდეს სალიცენზიო საქმიანობა;
ბ) საქმიანობის კონკრეტული სახის აღწერა, რომელზედაც მოითხოვება ლიცენზია;
გ) ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის (რადიაციული დაცვის ოფიცრის) დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები;
დ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მომუშავე პერსონალის შესახებ მონაცემები, რომლებიც შეიცავს მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთებს და დასკვნებს პერსონალის პერიოდული სამედიცინო შემოწმების თაობაზე;
ე) კვალიფიცირებული ექსპერტის დასკვნა ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობის თაობაზე;
ვ) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობისათვის გამოსაყენებელი გამზომი რადიაციული ხელსაწყოების და მათი კალიბრების შესახებ;
ზ) ბირთვული (რადიაციული) ავარიის სალიკვიდაციო გეგმა;
თ) მონაცემები ფიზიკური დაცვის შესახებ;
ი) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ი.ა) ობიექტის სქემა-ნახაზი, მისი აღჭურვილობა;
ი.ბ) ტერიტორიის დახასიათება და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის აღწერა (საკონტროლო და დაკვირვების ზონები);
ი.გ) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესახებ: რადიონუკლიდის სახე, მისი სერიული ნომრის მითითებით; რადიონუკლიდის აქტივობა; რადიოაქტიური წყაროს ფორმა (თხევადი, აირობრივი, მყარი, დახურული, ღია); რადიოაქტიური წყაროს საწარმოში განთავსების და მისი გამოყენების სახის აღწერა;
ი.დ) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შესახებ: მწარმოებელი, მოდელი, სერიული ნომერი, გამოშვების წელი, გამოყენების სახე, საწარმოში განთავსება, მაქსიმალური სიმძლავრე;
ი.ე) ობიექტის შესაძლო რეკონსტრუქციის სავარაუდო გეგმა-გრაფიკი, მისი რადიაციულ დაცვაზე ნეგატიური ზეგავლენის არქონის დასაბუთებით;
ი.ვ) მონიტორინგის პროგრამა (სამუშაო ადგილების და ინდივიდუალური მონიტორინგი, დოზების აღრიცხვა და შეფასება);
ი.ზ) ობიექტის ექსპლუატაციიდან გამოყვანის ტექნოლოგიური ეტაპების და მეთოდების აღწერა, გეგმა-გრაფიკი, ფინანსური უზრუნველყოფა;
კ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
კ.ა) იმ შენობა-ნაგებობათა გეგმა (ან ადგილის აღწერა), სადაც უნდა განხორციელდეს სალიცენზიო საქმიანობა;
კ.ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც შეიცავს სამუშაო ადგილის და ინდივიდუალური მონიტორინგის პროგრამას, ასევე აღწერს რადიაციული დაცვისათვის გამოყენებულ საშუალებებს და ახორციელებს სამუშაო ადგილის დაყოფა-კლასიფიკაციას შესაბამისი ზონების მიხედვით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით;
კ.გ) სამუშაო წესები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით;
კ.დ) ჩაწერის, გამოკვლევის, ზღვრული დოზის მნიშვნელობების და მონიტორინგის სიხშირის განმსაზღვრელი წესები;
კ.ე) სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების დროს წარმოქმნილ რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის წესები (გადამუშავება, შენახვა);
კ.ვ) სალიცენზიო საქმიანობის ფარგლებში რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების აღწერა;
ლ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ლ.ა) რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო ტრანსპორტირების ინსტრუქცია;
ლ.ბ) გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების რადიოაქტიური ტვირთის გადაზიდვის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერა;
ლ.გ) გამოსაყენებელი სატრანსპორტო კონტეინერის რადიაციული უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის აღწერა;
ლ.დ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც აღწერს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების განხორციელების გზებს, პერსონალის მიერ მიღებული დოზების მონიტორინგს, მისი კვალიფიკაციის მითითებით;
მ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
მ.ა) მონაცემები გამოსაყენებელი საკვლევი აპარატის შესახებ (საწარმოში განთავსება, მწარმოებელი, გამოშვების თარიღი, მუშაობის პრინციპი);
მ.ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც აღწერს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების განხორციელების გზებს, პერსონალის მიერ მიღებული დოზების მონიტორინგს, ახორციელებს სამუშაო ადგილის დაყოფა-კლასიფიკაციას შესაბამისი ზონების მიხედვით;
მ.გ) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესახებ: რადიონუკლიდის სახე, მისი სერიული ნომრის მითითებით; რადიონუკლიდის აქტივობა; რადიოაქტიური წყაროს ფორმა (თხევადი, აირობრივი, მყარი, დახურული, ღია); რადიოაქტიური წყაროს საწარმოში განთავსების და მისი გამოყენების სახის აღწერა;
მ.დ) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შესახებ: მწარმოებელი, მოდელი, სერიული ნომერი, გამოშვების წელი, გამოყენების სახე, საწარმოში განთავსება, მაქსიმალური სიმძლავრე;
ნ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ნ.ა) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შესახებ: მწარმოებელი, მოდელი, სერიული ნომერი, გამოშვების წელი, გამოყენების სახე, საწარმოში განთავსება, მაქსიმალური სიმძლავრე;
ნ.ბ) რენტგენის კაბინეტის (დანადგარის) ტექნიკური პასპორტი, რომელსაც ერთვის კაბინეტის (განყოფილების) სქემა-ნახაზი;
ნ.გ) რადიაციული დაცვის გაანგარიშება, ექსპლუატაციის პერიოდში რენტგენის აპარატის ტექნიკური პარამეტრების კონტროლის და დოზიმეტრიული გაზომვის ოქმები;
ნ.დ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელიც აფუძნებს შესაბამის ზონებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით და შეიცავს სამუშაო ადგილის და ინდივიდუალური მონიტორინგის პროგრამას;
ნ.ე) სავენტილაციო სისტემის ეფექტიანობისა და დამიწების შემოწმების აქტები;
ო) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ო.ა) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შესახებ: მწარმოებელი, მოდელი, სერიული ნომერი, გამოშვების წელი, გამოყენების სახე, მაქსიმალური სიმძლავრე;
ო.ბ) სამუშაო წესები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით;
ო.გ) მონიტორინგის პროგრამა (სამუშაო ადგილების და ინდივიდუალური მონიტორინგი, დოზების აღრიცხვა და შეფასება);
პ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
პ.ა) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესახებ: რადიონუკლიდის სახე, მისი სერიული ნომრის მითითებით; რადიონუკლიდის აქტივობა; რადიოაქტიური წყაროს ფორმა (თხევადი, აირობრივი, მყარი, დახურული, ღია); რადიოაქტიური წყაროს საწარმოში განთავსების და მისი გამოყენების სახის აღწერა;
პ.ბ) ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის აღწერა (სქემა-ნახაზი, რადიოაქტიური წყაროს განთავსება); ეკრანირების, დამცავი მოწყობილობების, სამუშაო ადგილების და პერსონალის დაცვის უზრუნველყოფის აღწერა; საკონტროლო და დაკვირვების ზონების დადგენა;
პ.გ) მონიტორინგის პროგრამა (სამუშაო ადგილების და ინდივიდუალური მონიტორინგი, დოზების აღრიცხვა და შეფასება);
პ.დ) რადიოაქტიურ წყაროებთან უსაფრთხო მუშაობის ინსტრუქცია;
პ.ე) სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული რადიოაქტიური წყაროების ტრანსპორტირების აღწერა;
პ.ვ) სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული რადიოაქტიური წყაროების ადგილზე შენახვის აღწერა;
პ.ზ) უცხოური ფირმის საქართველოში საქმიანობის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია:
პ.ზ.ა) კონტრაქტის ან პროექტის ასლი, რომლითაც ფირმას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლება;
პ.ზ.ბ) ფირმის საგარანტიო წერილი სამუშაოს დამთავრების შემდეგ შემოტანილი რადიოაქტიური წყაროების გატანის შესახებ (გატანის ვადის მითითებით);
პ.ზ.გ) რადიოაქტიური წყაროების საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის გრაფიკი;
ჟ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი საბუთებისა, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი შემდეგი საბუთები:
ჟ.ა) მონაცემები სალიცენზიო საქმიანობაში გამოსაყენებელი მაიონებელი გამოსხივების წყაროების შესახებ: რადიონუკლიდის სახე; რადიონუკლიდის აქტივობა; რადიოაქტიური წყაროს ფორმა;
ჟ.ბ) მონაცემები მკურნალობის ან/და დიაგნოსტიკის მიზნით გამოსაყენებელი რადიონუკლიდის ოდენობის და პაციენტთა და სხვა პირთა რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ;
ჟ.გ) მონიტორინგის პროგრამა (სამუშაო ადგილების და ინდივიდუალური მონიტორინგი, დოზების აღრიცხვა და შეფასება);
ჟ.დ) სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული რადიოაქტიური წყაროების ტრანსპორტირების აღწერა;
ჟ.ე) სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული რადიოაქტიური წყაროების ადგილზე შენახვის აღწერა;
ჟ.ვ) მონაცემები ღია რადიონუკლიდების გარემოში გაშვების (გაფრქვევის) რაოდენობის, აქტივობის და სახეობის შესახებ;
ჟ.ზ) გარემოში გაშვებული (გაფრქვეული) ღია რადიონუკლიდებით გამოწვეული მოსახლეობის დასხივების შეფასება;
ჟ.თ) რადიოაქტიურ წყაროებთან უსაფრთხო მუშაობის ინსტრუქცია;
ჟ.ი) გარემოში რადიონუკლიდების დაგროვების შესაძლებლობის ანალიზი.
5. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საბუთების შემოწმების მიზნით ხორციელდება მაძიებლის წინასალიცენზიო ინსპექტირება (კონტროლი).
6. სამინისტრო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით.
7. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
8. სამინისტროს უფლება-მოვალეობები ლიცენზიის გაცემის სფეროში განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით.
9. სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით.
10. სალიცენზიო მონაცემები (ტრანსპორტირების მონაცემების ჩათვლით), გარდა კონფიდენციალური კომერციული ხასიათის ინფორმაციისა, არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად გამოიყენება საინფორმაციო ბანკის შესაქმნელად.
11. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის დებულებები.
12. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.
13. გაცემული ლიცენზიების მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახური.
14. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ლიცენზიის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
15. ლიცენზიის გაცემის მიზნით სამინისტროს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს სახით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №449 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3158 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.147
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5676 - სსმ I, №49, 28.12.2007 წ., მუხ.431
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3050 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.4178
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4388 -ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 111. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვების სისტემა
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახეები, რომლებიც ექვემდებარება ნებართვის გაცემას, განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით.
2. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას ნებართვის მიღების თაობაზე, რომელშიც ნათლად უნდა იყოს აღწერილი სანებართვო საქმიანობა და მისი განხორციელების გზები. განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. ნებართვის მისაღებად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთისა, სამინისტროს ნებართვის მაძიებელმა უნდა წარუდგინოს:
ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად:
ა.ა) მყიდველის და გამყიდველის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიების ასლები;
ა.ბ) მონაცემები ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის შესახებ: რადიონუკლიდის სახე, მისი სერიული ნომრის მითითებით; რადიონუკლიდის აქტივობა (როგორც საპასპორტო მონაცემების თანახმად, ისე საბუთების წარმოდგენის დღისათვის); რადიოაქტიური წყაროს ფორმა (თხევადი, აირობრივი, მყარი, დახურული, ღია); რადიოაქტიური წყაროს გამოყენების სახის აღწერა;
ა.გ) ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის გადამზიდველის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ასლი;
ა.დ) შესასყიდი ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის მომავალი განთავსების აღწერა;
ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად (გარდა ბირთვული ტექნოლოგიების და ნოუ-ჰაუების შემთხვევისა):
ბ.ა) საქართველოში ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის მიმღების ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ასლი;
ბ.ბ) მონაცემები ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის შესახებ: რადიონუკლიდის სახე, მისი სერიული ნომრის მითითებით; რადიონუკლიდის აქტივობა (როგორც საპასპორტო მონაცემების თანახმად, ისე საბუთების წარმოდგენის დღისათვის); რადიოაქტიური წყაროს ფორმა (თხევადი, აირობრივი, მყარი, დახურული, ღია); რადიოაქტიური წყაროს გამოყენების სახის აღწერა;
ბ.გ) ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის გადამზიდველის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ასლი;
ბ.დ) ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალის ტრანზიტის შემთხვევაში, შეთანხმება (კონტრაქტი) ტვირთის გამგზავნსა და მიმღებს შორის, გარანტიით, რომ ბირთვული ან/და რადიოაქტიური მასალა არ არის რადიოაქტიური ნარჩენი და საქართველოს ტერიტორიაზე გავლისას არ დაყოვნდება.
4. სამინისტრო ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. სამინისტროს უფლება-მოვალეობები ნებართვის გაცემის სფეროში განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
7. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით.
8. სანებართვო მონაცემები, გარდა კონფიდენციალური კომერციული ხასიათის ინფორმაციისა, არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად გამოიყენება საინფორმაციო ბანკის შესაქმნელად.
9. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის დებულებები.
10. ნებართვა გაიცემა მხოლოდ ერთჯერად მოქმედებაზე, 3 თვის ვადით.
11. გაცემული ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახური.
12. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5676 - სსმ I, №49, 28.12.2007 წ., მუხ.431
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3050 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.4178
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4388 -ვებგვერდი,17.03.2011წ.
თავი IV
უსაფრთხოების მოთხოვნები ბირთვული და რადიაციული საქმიანობისას
მუხლი 12. უსაფრთხოების მოთხოვნები ბირთვული და რადიაციული საქმიანობისას
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობისათვის, აგრეთვე ნებისმიერი ბირთვული და რადიაციული ობიექტების დაგეგმარებასთან, დაპროექტებასთან, მშენებლობასთან, ექსპლუატაციასთან და სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან დაკავშირებით, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები ადგენენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების წესებს, რომლის პრინციპები განისაზღვრება ამ კანონით.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესების შემუშავების, შეთანხმების, დამტკიცების, მათ შესრულებაზე ზედამხედველობის, აგრეთვე მათი შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 13. ბირთვული და რადიაციული ობიექტების დაპროექტება, მშენებლობა, განთავსება და რეკონსტრუქცია
1. ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და მშენებლობის პროექტების უსაფრთხოების სახელმწიფო ექსპერტიზა სავალდებულოა.
2. ბირთვული და რადიაციული ობიექტების განთავსებისა და მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მუხლი 14. ბირთვული და რადიაციული ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემა
1. რეკონსტრუირებული ან ახალაშენებული ბირთვული ან რადიაციული ობიექტი საექსპლუატაციოდ გადაიცემა, თუ ობიექტზე შესრულებული სამუშაოები შეესაბამება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ბირთვული ან რადიაციული ობიექტი საექსპლუატაციოდ არ გადაიცემა, თუ მისი მუშაკები ასეთი საქმიანობისათვის სათანადოდ არ არიან მომზადებულნი.
3. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი რადიაციული დაცვის უზრუნველსაყოფად ვალდებულია შეიმუშაოს საგანგებო მოქმედებათა გეგმა. ამ მიზნით აუცილებელია ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემამდე მომზადდეს:
ა) პოტენციური ბირთვული (რადიაციული) ავარიების სახეები, მათი შესაძლო შედეგებისა და რადიაციული მდგომარეობის ცვლილებების პროგნოზირებით;
ბ) ბირთვული ავარიის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები;
გ) ბირთვული ავარიისა და მისი შედეგებისაგან მუშაკთა და მოსახლეობის რადიაციული დაცვის ღონისძიებათა გეგმა, რომელიც წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან;
დ) ინფორმაციის გაცემის ოპერატიული და ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები;
ე) პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები, რომლებიც დადგენილია ასეთი ტიპის ობიექტებისათვის.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
მუხლი 15. ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაციის შეჩერება, შეწყვეტა და ობიექტების კონსერვაცია
1. ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაციის შეჩერება, შეწყვეტა და ობიექტების კონსერვაცია ხდება ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. სანიტარიული ნორმებისა და წესების, ჰიგიენური ნორმატივების, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების წესების, სახელმწიფო სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების, შრომის დაცვის წესების ამ კანონით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევების გამოვლენისას სამინისტროს უფლება აქვს ამ კანონში მითითებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების წარდგინების საფუძველზე ან დამოუკიდებლად შეაჩეროს ბირთვული ობიექტის ექსპლუატაცია დარღვევათა სრულ აღმოფხვრამდე, ხოლო მათი აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ობიექტის ექსპლუატაციის შეწყვეტის ან მისი კონსერვაციის შესახებ.
3. გადაწყვეტილება ბირთვული ან რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 16. ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
ბირთვული ან რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციისას ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) შეუქმნას მუშაკებს შრომის ისეთი უსაფრთხო პირობები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ კატეგორიის სამუშაოებისათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) არ დაუშვას ან აღკვეთოს ისეთი დანადგარის, აგრეგატის, მოწყობილობის, ხელსაწყოს გამოყენება, რომელსაც არა აქვს შესაბამისობის სერტიფიკატი;
გ) უზრუნველყოს ფიზიკური დაცვა იმ პრინციპებით და წესით, რომელთაც ადგენს ეს კანონი;
დ) უზრუნველყოს სამინისტროსთან შეთანხმებული შიდასაწარმოო კონტროლის შექმნა და ფუნქციონირება, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით;
ე) ბირთვული ავარიის შემთხვევაში მოამზადოს რადიაციული მდგომარეობის ცვლილების პროგნოზი;
ვ) მონაწილეობა მიიღოს ბირთვული ავარიის ლოკალიზაციასა და აღმოფხვრაში წინასწარ დამუშავებული სალიკვიდაციო გეგმის მიხედვით და საკუთარი შესაძლებლობების სრული გამოყენებით;
ზ) უზრუნველყოს შეტყობინების (კავშირის) სისტემის არსებობა ბირთვული ავარიის შემთხვევაში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების დაუყოვნებლივი ინფორმირებისათვის;
თ) უზრუნველყოს მუშაკთა ინფორმირება შესაძლო პროფესიული დაავადებების შესახებ და მათი სამედიცინო გამოკვლევა ამ კატეგორიის მოქალაქეთათვის განსაზღვრული წესით და პერიოდულობით;
ი) უზრუნველყოს რადიოაქტიური ნარჩენების მომზადება ტრანსპორტირებისათვის და მათი გადაცემა რადიოაქტიური ნარჩენების საცავისათვის;
კ) უზრუნველყოს რადიაქტიური ნარჩენების გაუვნებელყოფა, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
მუხლი 17. ბირთვული ავარიის შეფასება
ბირთვული ავარიის შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) „ანომალია“– მდგომარეობა, რომელიც სცილდება ობიექტის ექსპლუატაციის ნებადართული რეჟიმის ფარგლებს;
ბ) „ინციდენტი“ – მოწყობილობათა მწყობრიდან გამოსვლა, რამაც გამოიწვია რადიაციული გამოსხივების მნიშვნელოვანი გავრცელება და მუშაკთა ჭარბი დასხივება;
გ) „სერიოზული ინციდენტი“ – რადიაციული გამოსხივების ისეთი დოზით გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მუშაკთა ჯანმრთელობას. ობიექტის გარეთ იგი გამოიხატება მოსახლეობისა და გარემოს დასხივებაში დადგენილი წლიური დოზური ზღვრის ფარგლებში;
დ) „ავარია, რომელსაც თან არ ახლავს მნიშვნელოვანი რისკი ობიექტის გარეთ“ – ობიექტის აქტიური ზონის მნიშვნელოვანი დაზიანება, მუშაკთა სასიკვდილო დოზით დასხივება. ობიექტის გარეთ იგი გამოიხატება მოსახლეობისა და გარემოს დასხივებაში დადგენილი წლიური დოზური ზღვრის ფარგლებში;
ე) „ავარია, რომელსაც თან ახლავს რისკი ობიექტის გარეთ“ – ობიექტის აქტიური ზონის სერიოზული დაზიანება. ობიექტის გარეთ იგი გამოიხატება რადიაციული გამოსხივების შეზღუდულ გავრცელებაში, რაც მოითხოვს უსაფრთხოების დაგეგმილი კონტრზომების ნაწილობრივ განხორციელებას;
ვ) „სერიოზული ავარია“ – გარემოში რადიაქტიური ნივთიერების უკონტროლო გაფრქვევა, რაც მოითხოვს უსაფრთხოების დაგეგმილი კონტრზომების სრულად განხორციელებას;
ზ) „დიდი ავარია (კატასტროფა)“ – გარემოში რადიაქტიური ნივთიერების დიდი რაოდენობით უკონტროლო გაფრქვევა, მოსახლეობისა და გარემოს დასხივების დადგენილი წლიური დოზური ზღვრის მრავალჯერადი გადაჭარბება.
მუხლი 18. ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები ბირთვული ავარიის შემთხვევაში რადიაციული დაცვის უზრუნველსაყოფად
ბირთვული ავარიის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ავარიისა და მისი შედეგებისაგან მუშაკთა და მოსახლეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელება;
ბ) დროულად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია სამინისტროს, აგრეთვე იმ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, რომელთა ტერიტორიაზედაც შესაძლებელია გამოსხივების დონის აწევა;
გ) გაატაროს ღონისძიებები ავარიის შედეგად დაზარალებულთათვის სამედიცინო დახმარების გასაწევად;
დ) მოახდინოს რადიაქტიური კერის ლოკალიზაცია და აღმოფხვრას რადიაქტიური ნივთიერებების გავრცელება გარემოში;
ე) მოამზადოს ავარიის განვითარებისა და რადიაციული მდგომარეობის ცვლილების პროგნოზი;
ვ) ავარიის ლიკვიდაციის შემდეგ უზრუნველყოს რადიაციული მდგომარეობის ნორმალიზაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
ზ) დადგენილი წესით აანაზღაუროს ავარიის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის, ქონებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანი.
მუხლი 19. საგანგებო მდგომარეობა ბირთვული ავარიისა და ეკოლოგიური კატასტროფის დროს
1. ამ კანონის მე-17 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბირთვული ავარიები უთანაბრდება ეკოლოგიურ კატასტროფას. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ცხადდება საგანგებო მდგომარეობა.
2. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ცხადდება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონა.
4. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის და ეკოლოგიური უბედურების ზონების სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.
მუხლი 20. ბირთვული ავარიების გამოკვლევა
1. ბირთვული ავარიები, მიუხედავად მათი კატეგორიისა, აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენისა და ავარიების განმეორების თავიდან აცილების მიზნით.
2. ბირთვული ავარიების გამოკვლევები ტარდება სამინისტროს მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
3. სამინისტრო ვალდებულია ბირთვული ავარიების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს პრეზიდენტს და აესს-ს, აგრეთვე იმ ქვეყნებს, რომლებსაც შეიძლება ამ ავარიებმა ზიანი მიაყენოს.
მუხლი 21. ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და ნარჩენების სახელმწიფო აღრიცხვა და კონტროლი
1. ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები და ნარჩენები, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროები, მათი განთავსების ადგილები, შენახვისა და ექსპლუატაციის პირობები, გადაადგილება, ხარჯვა, ექსპორტი და იმპორტი ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვასა და კონტროლს.
2. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი აღრიცხავს ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებს, ბირთვულ მასალებს, რადიოაქტიურ ნივთიერებებსა და ნარჩენებს, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებს, მათი აგრეგატული მდგომარეობის, რაოდენობის, ხვედრითი და ჯამური აქტივობის, ნუკლიდური შემადგენლობისა და გამოსხივების სახეობის მიხედვით.
3. ლიცენზიის მფლობელი წელიწადში ერთხელ ატარებს ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და ნარჩენების ინვენტარიზაციას და ამ მონაცემებს ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს წარუდგენს სამინისტროს.
4. ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და ნარჩენების, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ინვენტარიზაციის საფუძველზე დგება სახელმწიფო კადასტრი, რომელიც შეიცავს სისტემატიზებულ მონაცემებს მათი მახასიათებლების, შენახვისა და ექსპლუატაციის პირობების, გადაადგილების, ხარჯვის, ექსპორტისა და იმპორტის, შენახვისა და დამარხვის ადგილების შესახებ.
5. სახელმწიფო კადასტრის შენახვის ვადა განუსაზღვრელია.
6. სახელმწიფო კადასტრის შედგენის წესს, აგრეთვე ინვენტარიზაციის შესახებ დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
7. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი პასუხს აგებს აღრიცხვიანობის სისრულეზე, ობიექტურობასა და დროულობაზე.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
მუხლი 22. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
მუხლი 23. ბირთვული და რადიაციული ობიექტების ხელმძღვანელებისა და მუშაკების კვალიფიკაცია
1. ბირთვული და რადიაციული ობიექტების ხელმძღვანელებისათვის და მუშაკებისათვის დადგენილია შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, აგრეთვე სამედიცინო დასკვნა, რომელსაც გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაკების პირველადი და პერიოდული ინსტრუქტაჟი, აგრეთვე მათი მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ევალება ბირთვული და რადიაციული ობიექტების ხელმძღვანელობას.
მუხლი 24. ეკოლოგიური დაზღვევა
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობისათვის დადგენილია სავალდებულო ეკოლოგიური დაზღვევა.
2. ეკოლოგიური დაზღვევით მიღებული თანხები გამოიყენება ბირთვული ავარიების პროფილაქტიკისათვის და მათი შედეგების აღმოფხვრისათვის.
3. ეკოლოგიური დაზღვევის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 25. გარემოს მონიტორინგი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში
1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში გარემოს მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს დაკვირვების, მის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობას.
2. ბირთვული და რადიაციული ობიექტების მონიტორინგს (თვითმონიტორინგის მონაცემთა აღრიცხვისა და კონტროლის ჩათვლით) ახორციელებს სამინისტრო.
3. გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.
4. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს თვითმონიტორინგი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში.
5. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თვითმონიტორინგი უნდა მოიცავდეს:
ა) გარემოს რადიაციული დაბინძურების დახასიათებას;
ბ) დასხივების წლიური დოზის ანალიზს, როგორც ობიექტის ნორმალური ფუნქციონირების, ისე ბირთვული ავარიების დროს;
გ) იმ მოსახლეობისა და მუშაკების აღრიცხვას, რომლებმაც მიიღეს წლიურ დოზურ ზღვარზე მეტი დასხივების დოზა, მიღებული დოზების სტრუქტურიზაციით;
დ) სამუშაო ადგილებზე არსებული რადიაციული სიტუაციის სრულ დახასიათებას.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465ა - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.86
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4388 -ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 26. ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ტრანსპორტირება
1. ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ტრანსპორტირების უსაფრთხოება წარმოადგენს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს.
2. ტრანსპორტირება ნიშნავს:
ა) საჰაერო გადაზიდვებს;
ბ) სარკინიგზო გადაზიდვებს;
გ) საავტომობილო გადაზიდვებს;
დ) სამდინარო გადაზიდვებს;
ე) საფოსტო გადაზიდვებს.
3. გადასაზიდი მასალების ჰერმეტიზაცია, შეფუთვის (კონტეინერის) ნებისმიერი გარეგანი ფაქტორების გავლენით დაზიანების თავიდან აცილება, მარკირება, შეფუთვის ტიპების გამოცდა, ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონით „რადიაქტიურ ნივთიერებათა გადაზიდვების შესახებ“.
თავი V
რადიაციული დაცვა
მუხლი 27. რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები
1. მოსახლეობისა და მუშაკების რადიაციული დაცვა უნდა შეესაბამებოდეს იმ პრინციპებსა და ნორმებს, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანთა უსაფრთხოების, მათი ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
2. რადიაციული დაცვის უზრუნველყოფა ხდება:
ა) საკანონმდებლო, ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, საინჟინრო-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სამედიცინო-პროფილაქტიკურ, აღმზრდელობით და სასწავლო ღონისძიებათა კომპლექსის გატარებით;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ღონისძიებებისა და დამცავი წესების, ნორმებისა და ნორმატივების შესრულებით რადიაციული უსაფრთხოების სფეროში;
გ) რადიაციული დაცვის სფეროში მოსახლეობის განათლებით.
მუხლი 28. სახელმწიფო ნორმირება რადიაციული დაცვის სფეროში
1. სახელმწიფო ნორმირება რადიაციული დაცვის სფეროში ხორციელდება სანიტარიული ნორმებისა და წესების, ჰიგიენური ნორმატივების, რადიაციული უსაფრთხოების წესების, სახელმწიფო სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების, შრომის დაცვის წესების, განმკარგულებელი, ინსტრუქციული, მეთოდური და სხვა ნორმატივების დადგენით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილია ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გამოყენების შედეგად დასხივების შემდეგი ძირითადი ჰიგიენური ნორმატივები (დასაშვები წლიური დოზური ზღვარი):
ა) მოსახლეობისათვის საშუალო წლიური ეფექტური დოზაა 0,001 ზივერტი ანუ ეფექტური დოზა სიცოცხლის განმავლობაში (70 წელი) – 0,07 ზივერტი; საშუალო წლიური ეფექტური დოზის გაზრდა დასაშვებია 0,005 ზივერტამდე, იმ პირობით, რომ იგი, გამოთვლილი მომდევნო 5 წლისათვის, არ გადააჭარბებს 0,001 ზივერტს;
ბ) მუშაკისათვის საშუალო წლიური ეფექტური დოზაა 0,02 ზივერტი ანუ ეფექტური დოზა მთლიან სამუშაო პერიოდში (50 წელი) – 1 ზივერტი; საშუალო წლიური ეფექტური დოზის გაზრდა დასაშვებია 0,05 ზივერტამდე, იმ პირობით, რომ იგი, გამოთვლილი მომდევნო 5 წლისათვის, არ გადააჭარბებს 0,02 ზივერტს.
3. დასხივების დოზური ზღვრების რეგლამენტირებული სიდიდეები არ მოიცავს დოზებს, რომლებიც მიღებულია ბუნებრივი რადიაციული ფონით, აგრეთვე დოზებს, რომლებსაც იღებენ მოქალაქეები (პაციენტები) სამედიცინო რენტგენურ-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს.
4. ბირთვული ავარიის შემთხვევაში დაიშვება დასხივება, რომელიც აჭარბებს დადგენილ ძირითად ჰიგიენურ ნორმატივებს, დროის გარკვეულ მონაკვეთში და გარკვეული სანიტარიული წესებისა და ნორმების ფარგლებში.
5. ამ მუხლით დადგენილი მოსახლეობის დასხივების ძირითადი ჰიგიენური ნორმატივები როგორც მთლიანი, ისე ცალკეული ტერიტორიებისათვის შეიძლება შემცირდეს, კონკრეტული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეკოლოგიური მდგომარეობის, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადამიანზე გარემოს სხვა ფაქტორების ზემოქმედების დონის გათვალისწინებით.
6. რადიაციული დაცვის წესების რეგლამენტირებულ მოთხოვნებს რადიაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის უზრუნველსაყოფად ამტკიცებს სამინისტრო.
მუხლი 29. რადიაციული დაცვის მდგომარეობის შეფასება
1. რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების დროს, რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში გადაწყვეტილების მიღებისას, აღნიშნულ ღონისძიებათა ეფექტიანობის ანალიზისას, სამინისტრო, აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და ლიცენზიის მფლობელი დადგენილი წესით ახდენენ რადიაციული დაცვის მდგომარეობის შეფასებას.
2. რადიაციული დაცვის მდგომარეობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ძირითადი მაჩვენებლები:
ა) გარემოს რადიაციული დაბინძურების დახასიათება;
ბ) რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ანალიზი და ამ სფეროში არსებული ნორმების, წესებისა და ჰიგიენური ნორმატივების შესრულება;
გ) ბირთვული ავარიების მოხდენის შესაძლებლობები და მათი მასშტაბები;
დ) ბირთვული ავარიებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის ეფექტიანობის ხარისხი;
ე) დასხივების იმ დოზის ანალიზი, რომელიც მიიღო მოსახლეობამ ყველა მაიონებელი გამოსხივების წყაროსაგან როგორც ობიექტის ნორმალური ექსპლუატაციისას, ისე ავარიულ სიტუაციებში;
ვ) დადგენილ ზღვარზე ზევით დასხივებულ პირთა რაოდენობა, მიღებული დოზების სტრუქტურიზაციით.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
მუხლი 30. ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები რადიაციული დაცვის სფეროში
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები რადიაციული დაცვის სფეროში;
ბ) დაგეგმოს და განახორციელოს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები;
გ) ჩაატაროს ახალი (მოდერნიზებული) პროდუქციის, ნივთიერებების, ელემენტებისა და ტექნოლოგიური პროცესების რადიაციული დაცვის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი სამუშაოები;
დ) სამუშაო ადგილებზე, შენობებში, ორგანიზაციების ტერიტორიებზე, საკონტროლო და დაკვირვების ზონებში განახორციელოს რადიაციული მდგომარეობის საწარმოო კონტროლი რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოში გაფრქვევაზე;
ე) განახორციელოს მუშაკთა დასხივების ინდივიდუალური დოზების კონტროლი და აღრიცხვა;
ვ) რადიაციული დაცვის საკითხებში უზრუნველყოს ობიექტის ხელმძღვანელთა და მუშაკთა, საწარმოო კოტროლის სამსახურის სპეციალისტთა, სხვა პირთა მომზადება და ატესტაცია, რომლებიც მუდმივად ან დროებით მუშაობენ მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან;
ზ) უზრუნველყოს მუშაკთა წინასწარი (სამუშაოზე მიღებამდე) და პერიოდული სამედიცინო შემოწმებები;
თ) მუშაკებს რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია მათ სამუშაო ადგილებზე არსებული მაიონებელი გამოსხივების პარამეტრებზე და დასხივების ინდივიდუალურ დოზებზე.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
მუხლი 31. რადიაციული დაცვის უზრუნველყოფა ბუნებრივი რადიონუკლიდების ზემოქმედებისას
1. მოსახლეობისა და მუშაკთა დასხივება საცხოვრებელ და საწარმოო ნაგებობებში, რაც განპირობებულია რადონით, მისი დაშლის პროდუქტებით ან სხვა ბუნებრივი რადიონუკლიდებით, არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ ნორმატივებს.
2. ბუნებრივი რადიონუკლიდების ზემოქმედებისაგან მოსახლეობისა და მუშაკთა დაცვის მიზნით ხორციელდება:
ა) შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების შერჩევა ნიადაგიდან რადონის გამოყოფის დონისა და გამა-გამოსხივების გათვალისწინებით;
ბ) შენობა-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა ჰაერში რადონის შემცველობის მაქსიმალურად შემცირების მოთხოვნით;
გ) სამშენებლო მასალების საწარმოო კონტროლის განხორციელება, შენობა-ნაგებობების საექსპლუატაციოდ მიღება ჰაერში რადონის შემცველობისა და ბუნებრივი რადიონუკლიდების გამა-გამოსხივების დოზის გათვალისწინებით;
დ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაცია ჰაერში რადონის შემცველობისა და ბუნებრივი რადიონუკლიდების გამა-გამოსხივების დოზის გათვალისწინებით.
3. იკრძალება სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების გამოყენება, თუ ისინი არ შეესაბამება რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნებს.
მუხლი 32. რადიაციული დაცვის უზრუნველყოფა საკვები პროდუქტების წარმოებისა და სასმელი წყლის გამოყენების დროს
სასურსათო ნედლეული, საკვები პროდუქტები, სასმელი წყალი და მათი დამზადების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის პროცესში მათთან კონტაქტის მქონე ნივთიერებები და ნაკეთობები უნდა პასუხობდეს რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნებს ამ კანონის და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 33. რადიაციული დაცვის უზრუნველყოფა სამედიცინო რენტგენურ-რადიოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურებისა და მკურნალობის დროს
1. სამედიცინო რენტგენურ-რადიოლოგიური პროცედურების დროს გამოიყენება მოქალაქეების (პაციენტების) რადიაციული დაცვის მეთოდები.
2. მოქალაქეების (პაციენტების) დასხივების დოზები სამედიცინო რენტგენურ-რადიოლოგიური პროცედურების დროს უნდა შეესაბამებოდეს რადიაციული დაცვის სფეროში დადგენილ ნორმებს, წესებსა და ნორმატივებს.
3. მოქალაქის (პაციენტის) მოთხოვნის შემთხვევაში მას მიეწოდება სრული ინფორმაცია სამედიცინო რენტგენურ-რადიოლოგიური პროცედურების ჩატარების შედეგად შესაძლო ან უკვე მიღებული დოზებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
მუხლი 34. დასხივების ინდივიდუალური დოზების კონტროლი და აღრიცხვა
მუშაკების მიერ მაიონებელი გამოსხივების წყაროს მოხმარებისას, სამედიცინო რენტგენურ-რადიოლოგიური პროცედურების ჩატარებისას, აგრეთვე მოსახლეობის მიერ ბუნებრივი და ტექნოგენურად შეცვლილი რადიაციული ფონით მიღებული დასხივების ინდივიდუალური დოზების კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, დასხივების ინდივიდუალური დოზების კონტროლისა და აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ფარგლებში.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
მუხლი 35. ბირთვული ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე მუშაკთა გადამეტებული დასხივება
1. ბირთვული ავარიის შედეგების ლიკვიდაციისათვის, ავარიულ-სამაშველო სამუშაოებისა და დეზაქტივაციისათვის გამოყოფილ სპეციალურად მომზადებულ მუშაკთა გადამეტებული დასხივება შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამის აღკვეთის საშუალება არ არის ან როცა ეს გამართლებულია მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენით, დასხივებულ პირთა რაოდენობის შემცირებით და მათი უფრო დიდი დოზით დასხივების თავიდან აცილებით.
2. ბირთვული ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე მუშაკთა დასხივების დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის 28-ე მუხლით დადგენილ მუშაკთა დასხივების ძირითადი ჰიგიენური ნორმატივების საშუალო წლიური მაჩვენებლების ათმაგ სიდიდეს.
3. ბირთვული ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე მუშაკთა გადამეტებული დასხივება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ სიცოცხლის განმავლობაში, მათი ნებაყოფლობითი თანხმობითა და დასხივების შესაძლო დოზასა და ჯანმრთელობის რისკზე წინასწარი ინფორმირებით.
4. ბირთვული ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე მუშაკთა ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის და რადიაციული ზემოქმედებით გამოწვეული მომეტებული რისკისათვის კომპენსაციის სახეობასა და ოდენობას ადგენს სამინისტრო.
მუხლი 36. სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა
ამ კანონით განსაზღვრულ ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე დასაქმებული ყველა მუშაკისათვის გათვალისწინებულია სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა „სამედიცინო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი VI
ფიზიკური დაცვა
მუხლი 37. ფიზიკური დაცვის სახელმწიფო სისტემა
1. სამინისტრო კოორდინაციას უწევს ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიოაქტიული ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოხმარების, შენახვისა და ტრანსპორტირების ფიზიკური დაცვის სახელმწიფო სისტემას, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების შესაბამის სისტემებთან ურთიერთკავშირში.
2. ფიზიკური დაცვის სახელმწიფო სისტემა ფუნქციონირებს ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებზე, აგრეთვე იქ, სადაც ხორციელდება ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ნებისმიერი სახით მოხმარება, შენახვა და ტრანსპორტირება.
3. ფიზიკური დაცვის სახელმწიფო სისტემის მიზანია აღკვეთოს ისეთი წინასწარგანზრახული ქმედობანი, როგორიცაა:
ა) ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების უკანონო მიღება, ფლობა, გამოყენება, გადაცემა, ცვლილება, განადგურება ან გაფრქვევა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი, ან მისი ჯანმრთელობისა და ქონებისათვის ზიანის მიყენება, ან გარემოს დაბინძურება;
ბ) რადიაქტიური მასალების ქურდობა ან ძარცვის გზით დაუფლება;
გ) რადიაქტიური მასალების მითვისება ან მოტყუების გზით მიღება;
დ) რადიაქტიური მასალების გაცემის მოთხოვნა ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით, ან სხვაგვარი დაშინების გზით;
ე) სამართალდარღვევის ჩადენა იმ მიზნით, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, საერთაშორისო ორგანიზაციას ან სახელმწიფოს მოსთხოვონ ჩაიდინოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებისაგან.
4. ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ყოველწლიურად წარედგინება მოხსენება, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს თავდაცვის და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3158 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.147
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4388 -ვებგვერდი,17.03.2011წ.
მუხლი 38. ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების კატეგორიები, მათ მიმართ ფიზიკური დაცვის და უსაფრთხოების სხვადასხვა დონეების გამოყენების თვალსაზრისით
1. ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროები მათ მიმართ ფიზიკური დაცვის და უსაფრთხოების სხვადასხვა დონეების გამოყენების თვალსაზრისით იყოფა სამ კატეგორიად.
2. პირველ კატეგორიას განეკუთვნება:
ა) დაუსხივებელი პლუტონიუმი, მათ შორის, პლუტონიუმი 238, რომლის წონაა 2 კგ და მეტი, გარდა პლუტონიუმისა, რომლის იზოტოპური კონცენტრაცია აღემატება 80%-ს (აქ და შემდგომში „დაუსხივებელი“ ნიშნავს, რომ იგი არ არის დასხივებული ან დასხივებულია რეაქტორში, რომლის დასხივების დონე 1 მეტრის მანძილზე, დაცვის გარეშე არ აჭარბებს 100 რ/სთ-ს);
ბ) დაუსხივებელი ურანი 235, რომლის წონაა 5 კგ და მეტი, მათ შორის:
ბ.ა. იზოტოპებით 20%-ით და მეტად გამდიდრებული ურანი ურანი 235;
ბ.ბ. იზოტოპებით 10%-დან 20%-მდე გამდიდრებული ურანი –ურანი 235;
ბ.გ. იზოტოპებით ბუნებრივზე მეტად, შემცველობის 10%-ზე ნაკლებად გამდიდრებული ურანი ურანი 235;
გ) დაუსხივებელი ურანი 233, რომლის წონაა 2კგ და მეტი.
3. მეორე კატეგორიას განეკუთვნება:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ურანი, რომლის წონაა 500 გ-დან 2 კგ-მდე;
ბ) იზოტოპებით 20%-ით და მეტად გამდიდრებული ურანი ურანი 235, რომლის წონაა 1 კგ-დან 5 კგ-მდე;
გ) იზოტოპებით 10%-დან 20%-მდე გამდიდრებული ურანი ურანი 235, რომლის წონაა 10 კგ და მეტი;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ურანი, რომლის წონაა 500 გ-დან 2 კგ-მდე;
ე) გაღარიბებული ბუნებრივი ურანი ან ნაკლებად გამდიდრებული დასხივებული ბირთვული საწვავი, რომელიც შეიცავს 10%-ზე ნაკლებ გახლეჩად იზოტოპს.
4. მესამე კატეგორიას განეკუთვნება:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ურანი, რომლის წონაა 15 გ-დან 500 გ-მდე;
ბ) იზოტოპებით 10%-დან 20%-მდე გამდიდრებული ურანი – ურანი 235, რომლის წონაა 15 გ-დან 1 კგ-მდე;
გ) იზოტოპებით 10%-დან 20%-მდე გამდიდრებული ურანი – ურანი 235, რომლის წონაა 1 კგ-დან 10 კგ-მდე;
დ) იზოტოპებით ბუნებრივზე მეტად, შემცველობის 10%-ზე ნაკლებად გამდიდრებული ურანი – ურანი 235, რომლის წონაა 10 კგ და მეტი;
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ურანი, რომლის წონაა 15 გ-დან 500 გ-მდე;
ვ) სხვა ბირთვული საწვავი, რომელიც დასხივებამდე შედიოდა I და II კატეგორიებში და რომლის კატეგორია შეიძლება შემცირდეს ერთით, იმ პირობით, რომ საწვავის დასხივების დონე 1 მეტრის მანძილზე, დაცვის გარეშე არ გადააჭარბებს 100 რ/სთ-ს.
მუხლი 39. ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური დაცვის და უსაფრთხოების დონეები და მათი კატეგორიები
1. ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური დაცვა და უსაფრთხოება გულისხმობს სხვადასხვა დონეებს მათი კატეგორიების მიხედვით, მათ შორის, გადაადგილების (ტრანსპორტირების) და ადგილზე განთავსების მიხედვით (მოხმარებისა და შენახვის ჩათვლით).
2. ამ მასალების ადგილზე განთავსებისას ფიზიკური დაცვა გულისხმობს:
ა) III კატეგორიის მასალებისათვის – განთავსებას ისეთ ზონაში, რომელში შესვლაც კონტროლდება სახელმწიფო დაცვის მიერ;
ბ) II კატეგორიის მასალებისათვის – განთავსებას ისეთ ზონაში, რომელიც იმყოფება შესაბამისად ამ კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დაწესებულებების მუშაკებისა და ელექტრონული მოწყობილობის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს ფიზიკური ბარიერი და რომელში შესვლაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისად კონტროლირებად შეზღუდული რაოდენობის შესასვლელ-გასასვლელ პუნქტებში, ან განთავსებას ისეთ ზონაში, სადაც მიიღწევა ასეთი კონტროლი;
გ) I კატეგორიის მასალებისათვის – განთავსებას II კატეგორიის მასალებისათვის დადგენილ ზონაში, სადაც მითითებული ზომების გარდა ხორციელდება შესვლის აკრძალვა ყველასათვის, გარდა სპეციალური ნებართვის მქონე პირებისა. ამ ზონას იცავს დაცვის სახელმწიფო სისტემაში ჩართული ფიზიკური დაცვის სამსახური, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს აღკვეთოს დაცვის ზონაზე ნებისმიერი თავდასხმა, ზონაში უკანონო შეღწევა ან ასეთი მასალების უკანონო გატანა.
3. ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გადაადგილებისას (ტრანსპორტირებისას) ფიზიკური დაცვა და უსაფრთხოება გულისხმობს:
ა) II და III კატეგორიის მასალებისათვის – გადაადგილებას (ტრანსპორტირებას), რომელიც ხორციელდება უსაფრთხოების სპეციალური ზომების დაცვით და უზრუნველყოფილია გამგზავნს, გადამტანსა და მიმღებს შორის ხელშეკრულებით გაფორმებული ვალდებულებებით;
ბ) I კატეგორიის მასალებისათვის – გადაადგილებას (ტრანსპორტირებას), რომელიც ხორციელდება იმავე ზომებით, რაც დადგენილია II და III კატეგორიის მასალებისათვის და რომელიც მარშრუტის მთელ მანძილზე კონტროლდება ფიზიკური დაცვის სამსახურის მიერ.
31. ბუნებრივი ურანის, რომლის ფორმაც განსხვავდება მადნისაგან, 500 კილოგრამზე მეტი ოდენობით გადაზიდვისას დაცვა ითვალისწინებს გადაზიდვის შესახებ წინასწარ შეტყობინებას, რომელშიც მიეთითება ტრანსპორტის სახეობა, გადაზიდვის სავარაუდო ვადა და ტვირთის მიღების დადასტურება.
4. ამ მუხლში მითითებული ფიზიკური დაცვისა და უსაფრთხოების მოთხოვნების განხორციელების შესაძლებლობა წარმოადგენს ბირთვულ მასალებთან, რადიაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან ურთიერთობისათვის, აგრეთვე ამ მასალების გადაადგილებისათვის (ტრანსპორტირებისათვის) ლიცენზიის მიღების აუცილებელ პირობას.
5. ამ კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ადგილზე განთავსებისა და გადაადგილების (ტრანსპორტირების) დროს ფიზიკური დაცვისა და უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება „რადიაქტიურ ნივთიერებათა გადაზიდვების შესახებ“ და „რადიაქტიური ნარჩენებისა და რადიაქტიური ნარჩენების საცავების შესახებ“ საქართველოს კანონებით.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს დებულებას ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური დაცვის სამსახურის შესახებ.
7. ფიზიკური დაცვის სამსახური ფინანსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.
8. ფიზიკური დაცვის სამსახური სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს ფიზიკურ დაცვასთან დაკავშირებულ ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედებათა გეგმებს.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3539 - სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.265
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4388 -ვებგვერდი,17.03.2011წ.
თავი VII
რადიაქტიური ნარჩენები
მუხლი 40. რადიაქტიური ნარჩენების მართვის უფლება
1. რადიაქტიური ნარჩენების მიღების, შეგროვების, ტრანსპორტირების, აღრიცხვის, გაუვნებელყოფის, გადამუშავებისა და მათი რადიაქტიური ნარჩენების საცავში განთავსების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აქვს რადიაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს.
2. რადიაქტიური ნარჩენების შეგროვებას, დროებით შენახვას, მომზადებას, რადიაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსათვის გადაცემას და აღრიცხვას ახდენენ და ტრანსპორტირების ხარჯებს გაიღებენ ის ბირთვული და რადიაციული ობიექტები, რომლებიც თავისი ფუნქციონირების პროცესში წარმოქმნიან რადიაქტიურ ნარჩენებს.
მუხლი 41. რადიაქტიური ნარჩენების ტრანზიტი, ექსპორტი, რეექსპორტი და იმპორტი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება ყოველგვარი რადიაქტიური ნარჩენების ტრანზიტი, ექსპორტი, რეექსპორტი და იმპორტი ნებისმიერი მიზნით.
მუხლი 42. რადიაქტიური ნარჩენების საცავი
1. ბირთვული და რადიაციული ობიექტები, რომლებიც თავისი ფუნქციონირების პროცესში წარმოქმნიან რადიაქტიურ ნარჩენებს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი შეგროვება, დროებითი შენახვა, მომზადება და გადაცემა რადიაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსათვის, აგრეთვე გაიღონ მათი ტრანსპორტირების ხარჯები.
2. რადიაქტიური ნარჩენების განთავსება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფუნქციონირებად მიწისქვეშა საცავებში, რომლებიც წარმოადგენენ ნაგებობათა და მოწყობილობა-დანადგართა კომპლექსს.
3. საცავში განთავსებულ რადიაქტიურ ნარჩენებზე საკუთრების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს.
4. საცავის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ხორციელდება ნარჩენების მდგომარეობის, საცავისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მუდმივი რადიაციული და გარემოსდაცვითი კონტროლი დადგენილი წესით.
5. საცავთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „რადიაქტიური ნარჩენებისა და რადიაქტიური ნარჩენების საცავების შესახებ“.
მუხლი 43. რადიაქტიური ნარჩენების საცავისათვის ტერიტორიის შერჩევა
1. რადიაქტიური ნარჩენების საცავისათვის ტერიტორიის შერჩევა გულისხმობს:
ა) ტერიტორიასთან დაკავშირებული ყველა იმ ფაქტორის შეფასებას, რომელსაც საცავის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში შეუძლია საცავზე და იქ განთავსებულ დანადგარებზე გავლენის მოხდენა, რისთვისაც ტარდება გარემოსდაცვითი ნებართვებით გათვალისწინებული სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა;
ბ) მუშაკებსა და გარემოზე საცავის შესაძლო ზეგავლენის შეფასებას;
გ) საცავის შექმნის განზრახვის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
2. იკრძალება რადიაქტიური ნარჩენების საცავისათვის ისეთი ტერიტორიის შერჩევა, რომელიც მეზობელი ქვეყნის მოსაზღვრე ტერიტორიებზე გამოიწვევს მაიონებელი გამოსხივების ისეთი დოზით გაზრდას, რომელიც აღემატება აღნიშნული ქვეყნის ამ ტერიტორიებისათვის დადგენილი დასხივების წლიურ დოზურ ზღვარს.
3. რადიაქტიური ნარჩენების საცავის ტერიტორიის შერჩევისათვის ხორციელდება საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, გეოფიზიკური, სანიტარიულ-ჰიგიენური და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საექსპერტიზო სამუშაოები, რის შედეგადაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები გასცემენ შესაბამის ნებართვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. რადიაქტიური ნარჩენების საცავისათვის ტერიტორიის შერჩევის საკითხი თანხმდება სამინისტროსთან.
მუხლი 44. სამართლებრივი რეჟიმი რადიაქტიური ნარჩენების საცავისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე
1. რადიაქტიური ნარჩენების საცავისათვის გამოყოფილი ტერიტორია პროექტით განსაზღვრული ექსპლუატაციისა და კონსერვაციის დროის განმავლობაში გადაეცემა რადიაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს.
2. რადიაქტიური ნარჩენების საცავის ტერიტორიაზე იკრძალება ყოველგვარი სამეწარმეო და სხვა საქმიანობა, პროექტით გათვალისწინებულის გარდა.
3. რადიაქტიური ნარჩენების საცავის კონსერვაციის შემთხვევაში განუსაზღვრელი ვადით იკრძალება ტერიტორიის გასხვისება ან იჯარით გადაცემა ნებისმიერი პირისათვის.
თავი VIII
მოქალაქეთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა უფლება-მოვალეობები. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
მუხლი 45. მოქალაქეთა უფლებები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში
1. საქართველოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.
2. საქართველოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს როგორც პირადად, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მონაწილეობის გზით უფლება აქვთ:
ა) დაცულ იქნენ ისეთი რადიაციული და სხვა მაიონებელი გამოსხივებისაგან, რომლის დოზები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;
ბ) სახელმწიფო ორგანოებისაგან უსასყიდლოდ მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავიანთ სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე არსებული რადიაციული უსაფრთხოების მდგომარეობის, მოსალოდნელი ბირთვული ავარიების და მათი შესაძლო შედეგების შესახებ;
გ) მოითხოვონ ბირთვული და რადიაციული საქმიანობისას რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
დ) უსასყიდლოდ მიიღონ ინფორმაცია როგორც კონკრეტულ შემთხვევაში, ისე ქვეყნის მასშტაბით რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებულ ან მიმდინარე ღონისძიებათა შესახებ;
ე) მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ორგანოების მიერ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში;
ვ) სასამართლო წესით მოითხოვონ ბირთვული და რადიაციული ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, განთავსების, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღონ სრული ანაზღაურება მათთვის და მათი საქმიანობისათვის ამ კანონის დარღვევით განხორციელებული ქმედებით მიყენებული ბირთვული ზიანისათვის;
თ) საჯაროდ განაცხადონ მოსალოდნელი ან მომხდარი ბირთვული ავარიების თაობაზე, მათ შესახებ შეატყობინონ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
3. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ინფორმაცია იმ ბირთვული ავარიების შესახებ, რომლებიც მოხდა ან შეიძლება მოხდეს და რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოებას ემუქრება, აგრეთვე ინფორმაცია გარემოს რადიაციული მდგომარეობისა და მოსახლეობის სამედიცინო დახმარების შესახებ.
4. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბირთვული და რადიაციული ობიექტების ტერიტორიაზე შესვლის უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 46. მოქალაქეთა მოვალეობები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულნი არიან:
ა) დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში;
ბ) დროულად აცნობონ სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებს მოსალოდნელი ბირთვული ავარიების შესახებ;
გ) შეასრულონ რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები;
დ) საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელებაში;
ე) შეასრულონ აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოთა მოთხოვნები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო მმართველობას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში და რომლებიც დაკავშირებულნი არიან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
მუხლი 47. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IX
დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი
მუხლი 48. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღებია შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს კანონი „რადიაქტიურ ნივთიერებათა გადაზიდვების შესახებ“;
ბ) საქართველოს კანონი „რადიაქტიური ნარჩენებისა და რადიაქტიური ნარჩენების საცავების შესახებ“;
გ) (ამოღებულია);
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება:
დ.ა) „რადიოაქტიური ნარჩენების რეესტრის შესახებ“;
დ.ბ) „რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაციის შესახებ“;
დ.გ) „რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოების შესახებ;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება:
ე.ა. (ამოღებულია);
ე.ბ. „რადიაციული უსაფრთხოების ნორმების შესახებ“;
ე.გ. „რადიაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარიული წესების შესახებ”;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება „ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის სამსახურის შესახებ”.
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
მუხლი 481. (ამოღებულია )
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი № 5676 - სსმ I, № 49 , 28 . 12 .200 7 წ., მუხ. 431
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3050 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.4178
მუხლი 49. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 30 ოქტომბერი.
№1674-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
2. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465ა - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.86
3. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
4. საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №449 - სსმ I, №28, 07.10.2004 წ., მუხ.134
5. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3158 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.147
6. საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3498 - სსმ I, №35, 03.08.2006 წ., მუხ.254
7. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3539 - სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.265
8. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5676 - სსმ I, №49, 28.12.2007 წ., მუხ.431
9. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3050 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.4178
10. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4388 -ვებგვერდი,17.03.2011წ.
დოკუმენტის კომენტარები