ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5912-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 360090000.05.001.016631
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5912-რს
20/03/2012
ვებგვერდი, 23/03/2012
360090000.05.001.016631
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ახორციელებენ ბირთვულ და რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებულ საქმიანობას, ასევე ბირთვული მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების უსაფრთხოების (დაცულობის) ღონისძიებებს.

2. ეს კანონი ადგენს:

ა) რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობის და რადიაციული დასხივების გამომწვევი ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების უსაფრთხოების პრინციპებს;

ბ) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვის სისტემას;

გ) რადიაციული ავარიული სიტუაციის შედეგად რადიაციული დასხივების შემცირების ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებებს;

დ) რადიოაქტიურ ნარჩენებთან უსაფრთხო მოპყრობის ვალდებულებებს;

ე) შესაძლებლობის ფარგლებში ბუნებრივი რადიაციული დასხივების შემცირების ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების ვალდებულებებს;

ვ) სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებულ და რადიაციული დასხივების გამომწვევ შემდეგ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობებზე (გარდა მაიონებელი გამოსხივების წყაროების სამხედრო მიზნით გამოყენებისა):

ვ.ა) რადიოაქტიური მასალების წარმოებაზე, ფლობაზე, შენახვაზე, გამოყენება - მოხმარებაზე, იმპორტზე, ექსპორტზე, ტრანზიტსა და ტრანსპორტირებაზე, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების და ბირთვული ტექნოლოგიური სიახლეების ექსპორტსა და იმპორტზე;

ვ.ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტებისთვის მიწის ნაკვეთის შერჩევაზე, დაპროექტებაზე, რადიაციული უსაფრთხოების შეფასებაზე, საქმიანობის ან საქმიანობის პროექტის მოდიფიკაციაზე, ექსპლუატაციიდან გამოყვანასა და ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიაზე;

ვ.გ) რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავებაზე, შენახვა-დასაწყობებასა და განთავსებაზე;

ვ.დ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში გამოყენებაზე;

ვ.ე) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საქმიანობაზე (მათ შორის, ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაციაში შეყვანასთან, მომსახურებასთან, წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, უკონტროლო რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებულ საკითხებზე).

3. ეს კანონი არ ვრცელდება რეგულირებიდან ამოღებულ, განთავისუფლებულ და გამორიცხულ რადიოაქტიურ წყაროებსა და საქმიანობებზე, რომელთა დონეები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომ – მარეგულირებელი ორგანო) უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევაში, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, დაადგინოს ამ დონეების განსხვავებული სიდიდეები მოცემული შემთხვევისათვის.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანა

1. ამ კანონის მიზნებია:

ა) უზრუნველყოს ბირთვული მასალების, შესაბამისი მოწყობილობებისა და ტექნიკის მშვიდობიანი გამოყენება მათი გაუვრცელებლობის რეჟიმის დაცვით;

ბ) დაადგინოს ძირითადი მოთხოვნები ბირთვულ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან უსაფრთხო მუშაობისადმი;

გ) უზრუნველყოს ბირთვულ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული ყველა უკანონო საქმიანობის თავიდან აცილება და აღკვეთა საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად;

დ) უზრუნველყოს რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული ყველა სახის საქმიანობის უსაფრთხოება და მათი მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით გამოყენება, დაიცვას ადამიანი და გარემო მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის, ასევე საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

2. ამ კანონის ამოცანაა, უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის გზით.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტებანი

1. ავარიული დასხივება – ფიზიკური პირის მიერ საგანგებო სიტუაციის დროს მიღებული დასხივება. საგანგებო სიტუაციის შედეგების შერბილების ღონისძიებების მონაწილე პირებისთვის იგი არის საგანგებო სიტუაციით განპირობებული არაგეგმური და მუშაობის ნორმალურ პირობებში მიღებული დასხივებების ჯამური მნიშვნელობა.

2. ავარიული სიტუაციის ზონა – განსაზღვრული ზონა, სადაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად ხორციელდება განსაკუთრებული ზომები რადიაციული ავარიის შედეგების შესამცირებლად.

3. ავტორიზაცია – ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის მარეგულირებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილების მინიჭების მიზნით შესაბამისი დოკუმენტის (ლიცენზიისა და ნებართვის) გაცემის პროცედურა.

4. ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიები − ვალდებულებათა სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (აესს) და მის წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, წევრმა ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს ბირთვული მასალები სამხედრო მიზნით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი უფლებამოსილია გააკონტროლოს წევრი ქვეყნის მიერ ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

5. ბირთვული და რადიაციული ობიექტი − ობიექტი (ნაგებობებისა და აღჭურვილობის ჩათვლით), სადაც ხორციელდება მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობა.

6. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება − ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან.

7. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასება − ლიცენზირებადი საქმიანობის ბირთვული და რადიაციულ ი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყოვლისმომცველი შეფასება.

8. ბირთვული (ხლეჩადი) მასალა − ურანი - 233; ურანი - 235 -ით ან ურანი - 233 -ით გამდიდრებული ურანი; ამ იზოტოპების შემცველი ურანი, რომლის შემადგენლობა ემთხვევა ბუნებრივს, მაგრამ რომელიც არ არის მადანი ან მადნის ნარჩენი; გაღარიბებული ურანი; პლუტონიუმი, გარდა პლუტონიუმ - 238-ისა, რომელშიც იზოტოპური კონცენტრაცია აღემატება 80%-ს; თორიუმი მეტალური, შენადნობის, სინჯის, ქიმიური მინარევის ან კონცენტრატის სახით; ნებისმიერი მასალა, რომელიც ხდება ხლეჩადი მის შემადგენლობაში მყოფი იზოტოპების ნეიტრონებთან ურთიერთქმედებისას და რომელიც წარმოქმნის მაიონებელ გამოსხივებას ბირთვული ხლეჩადი პროცესის დროს.

9. ბუნებრივი გამოსხივება − ბუნებაში არსებული რადიონუკლიდების გამოსხივების და კოსმოსური გამოსხივების ერთობლიობა.

10. დაკვირვების ზონა – ზონა, რომელიც არ არის საკონტროლო ზონა და სადაც ხორციელდება პროფესიული დასხივების მონიტორინგი, მიუხედავად რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების სპეციალური მოთხოვნების არარსებობისა.

11. დასაშვები დოზური ზღვარი – ინდივიდის მიერ პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შედეგად მაიონებელი გამოსხივების მიღებული დოზის ზღვრული მნიშვნელობა, რომელიც არ უნდა იყოს გადამეტებული.

12. დეკომისია – ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამიზნულია ბირთვული და რადიაციული ობიექტის (გარდა რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა, იმ ობიექტებისა, სადაც განლაგებულია მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი მოწყობილობები, სამთო მრეწველობის ნარჩენებისა და რადიოაქტიური წყაროების გადამუშავებელი იმ საწარმოებისა, რომლებმაც შეიძლება შეწყვიტონ საქმიანობა დეკომისიის გარეშე) მთლიანად ან ნაწილობრივ მარეგულირებელი კონტროლიდან გამოყვანისთვის.

13. კვალიფიციური ექსპერტი − ფიზიკური პირი, რომელიც შესაბამისი სტრუქტურებისგან მიღებული სერტიფიკატის, პროფესიული ლიცენზიის ან აკადემიური კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, დადგენილი წესით აღიარებულია შესაბამის სფეროში ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე პირად.

14. მაიონებელი გამოსხივება – გამოსხივება, რომელსაც აქვს გარემოში იონური წყვილების წარმოქმნის უნარი.

15. მაიონებელი გამოსხივების გენერატორი – დანადგარი, ასევე მისი ნაწილი, რომელიც არ შეიცავს რადიოაქტიურ მასალებს, მაგრამ ტექნიკური მონაცემების საფუძველზე შეუძლია მაიონებელი გამოსხივების გენერირება.

16. მაიონებელი გამოსხივების წყარო − რადიოაქტიური ნივთიერება, მისი შემცველი ან მაგენერირებელი მოწყობილობა, რომელიც ასხივებს ან აქვს უნარი, დასხივებისას გამოიწვიოს ნივთიერების იონიზაცია.

17. მარეგულირებელი კონტროლი − მარეგულირებელი ორგანოს მიერ ბირთვული და რადიაციული ობიექტების ან საქმიანობის კონტროლისა და რეგულირების ნებისმიერი ფორმა, რომლის მიზანია მაიონებელი გამოსხივებისაგან დაცვის ან/და რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოების და დაცულობის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

18. სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

19. მონიტორინგის ზონა ზონა, რომლის სხვადასხვა უბ ნზე ხდება დასხივების დოზისა და დაბინძურების დონის გაზომვა დასხივების კონტროლის ან/და შეფასების მიზნით.

20. მოსახლეობის დასხივება − ფიზიკური პირების დასხივება მაიონებელი გამოსხივების წყაროს ზემოქმედების შედეგად, გარდა პროფესიული, სამედიცინო და ადგილობრივი ბუნებრივი ნორმალური ფონური გამოსხივებით განპირობებული დასხივებისა.

21. მუშაკი − ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონით რეგულირებადი საქმიანობის ფარგლებში მუშაობს მაიონებელ გამოსხივებასთან.

22. ოპერატორი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს განცხადება ან შეტყობინება ამ კანონით რეგულირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად ან მიღებული აქვს ამგვარი უფლება.

23. პროფესიული დასხივება − მუშაკის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს მიღებული დასხივება, გარდა რეგულირებიდან გამორიცხული გამოსხივებისა და რეგულირებიდან განთავისუფლებული რადიოაქტიური წყაროებიდან ან საქმიანობის შედეგად მიღებული დასხივებისა.

24. რადიაციული ავარია − მოულოდნელი შემთხვევა, ბირთვული და რადიაციული ობიექტის მართვაში დაშვებული შეცდომების, აღჭურვილობის გაუმართავობისა და სხვა დარღვევების ჩათვლით, რომელთა შედეგების უგულებელყოფა შეუძლებელია რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. რადიაციული ავარია შესაძლებელია იყოს საობიექტო, ადგილობრივი, ეროვნული ან ტრანსსასაზღვრო მასშტაბის.

25. რადიაციული დასხივება − ქმედება ან პირობები, რომლის (რომელთა) დროსაც ადამიანი იმყოფება მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ. რადიაციული დასხივება შეიძლება იყოს გარეგანი (დასხივება სხეულის გარეთ არსებული წყაროებიდან) და შინაგანი (დასხივება სხეულის შიგნით არსებული წყაროებიდან).

26. რადიაციული დაცვის პროგრამა − ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი იმ დოკუმენტების ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებს მის მიერ კონკრეტული სახის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ამ კანონით განსაზღვრული რადიაციული უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფის გარანტიებს.

27. რადიაციული ინციდენტი − დაუგეგმავი შემთხვევა, რომელიც განპირობებულია ოპერატორის შეცდომით, მოწყობილობის გაუმართავობით; წინასაავარიო სიტუაცია, რადიოაქტიური წყაროს დაკარგვა, უნებართვო ქმედება, როგორც წინასწარგანზრახული, ისე უნებლიე, რომლის შედეგების უგულებელყოფა შეუძლებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

28. რადიაციული რისკი − საფრთხის, საშიშროების, არსებული ან პოტენციური დასხივების შედეგად წარმოქმნილი მავნე შედეგების ალბათობა.

29. რადიოაქტიური დაბინძურება − ნებისმიერ ზედაპირზე, მყარ, თხევად ან აიროვან მასალებში რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა, სადაც მათი არსებობა არ არის მოსალოდნელი და სასურველი, ასევე პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს მათ შემდგომ განვითარებას.

30. რადიოაქტიური ნარჩენები – ნაკეთობები, მათ შორის, გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყარო, მოწყობილობა, ნებისმიერ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერება, რომელიც შეიცავს რეგულირებიდან ამოღების დონეზე მეტი აქტივობის კონცენტრაციის რადიონუკლიდებს ან დაბინძურებულია ასეთი რადიონუკლიდებით და რომლის შემდგომი გამოყენება გათვალისწინებული არ არის.

301. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის უვადოდ განთავსებულია რადიოაქტიური ნარჩენები მათი შემდგომი ამოღების განზრახვის გარეშე.

302. რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, გარდა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენებისა, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

303. რადიოაქტიური ნარჩენების საცავი – შენობა-ნაგებობების კომპლექსი, სადაც უსაფრთხო შენახვისათვის დროებით შეიძლება განთავსდეს რადიოაქტიური ნარჩენები, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენები, მათი შემდგომი ამოღების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

31. რადიოაქტიური ნივთიერება – ნივთიერება (რადიოაქტიური წყარო ან მასალა), რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არის მაიონებელი გამოსხივების წყარო.

32. რეგულირებიდან ამოღება – მარეგულირებელი ორგანოს მიერ რადიოაქტიური მასალების ან ბირთვული და რადიაციული ობიექტების ამოღება შემდგომი რეგულირების სფეროდან, დაშვებული საქმიანობების ფარგლებში.

33. რეგულირებიდან ამოღების დონე − მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი დონე, გამოხატული კუთრი აქტივობის ან სრული (მთლიანი) აქტივობის ერთეულებში, რომლის მიღწევისას ან რომელზე უფრო დაბალი მაჩვენებლის არსებობისას რადიაციული წყარო შესაძლებელია ამოღებულ იქნეს რეგულირებიდან.

34. რეგულირებიდან გამორიცხვა – დასხივების განსაკუთრებული კატეგორიების გამიზნული გამორიცხვა კონტროლის სფეროდან. ამგვარი დასხივება აღინიშნება ტერმინით „გამორიცხული დასხივება“.

35. რეგულირებიდან განთავისუფლება − შემთხვევა, როდესაც უსაფრთხოების ნორმების ზოგიერთი მოთხოვნა შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს.

36. რეგულირებიდან განთავისუფლების დონე − მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი სიდიდე, გამოხატული კუთრი აქტივობის, სრული აქტივობის, დოზის სიმძლავრის ან რადიაციული ენერგიის ერთეულებში, რომლის მიღწევისას ან რომლის ქვემოთ რადიაციული წყარო შესაძლებელია ამოღებულ იქნეს კონტროლის სფეროდან.

37. საგანგებო სიტუაცია − ბირთვულ და რადიაციულ ობიექტზე, გარკვეულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურების, ხანძრის, ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურების, აგრეთვე დაზიანების საბრძოლო საშუალებათა გამოყენების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია, როდესაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზარალდება მოსახლეობა და ზიანდება ბუნებრივი გარემო.

38. საკონტროლო ზონა − განსაზღვრული ზონა, რომელშიც პროფესიული დასხივების (დასხივება, მიღებული ბირთვული და რადიაციული ობიექტის ნორმალური მუშაობის რეჟიმში) კონტროლის მიზნით შემოღებულია ან შესაძლებელია შემოღებულ იქნეს დაცვის სპეციალური ზომები ან უსაფრთხოების მოთხოვნები, რათა ნორმალურ სამუშაო პირობებში თავიდან იქნეს აცილებული რადიოაქტიური დაბინძურების გავრცელება და დასხივება, ასევე შეიზღუდოს პოტენციური დასხივების დონე.

39. სამედიცინო დასხივება − დასხივება, რომელსაც იღებს: პაციენტი სამედიცინო დიაგნოსტიკის ან მკურნალობის დროს; პირი, რომელიც გამიზნულად და ნებაყოფლობით ეხმარება პაციენტს კომფორტული პირობების შექმნაში (გარდა პროფესიული დასხივების ქვეშ მყოფი პირისა); სტუდენტი და მოხალისე, რომლებიც სწავლების ფარგლებში ჩართული არიან სამედიცინო-ბიოლოგიურ პროგრამებში.

40. უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყარო − რადიოაქტიური წყარო, რომელიც არ იმყოფება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ (ეს წყარო ან არასდროს ყოფილა მარეგულირებელი კონტროლის ქვეშ, ან და იქნა მიტოვებული, დაკარგული ან გადაადგილებული, ან/და მასზე განხორციელდა უკანონო ქმედება).

41. ფიზიკური დაცვა − ავტორიზებულ ობიექტებზე მაიონებელი გამოსხივების წყაროების დაცვის ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების მიტაცების ან უკანონო გადატანის აღკვეთისკენ ან ამ სისტემის მიმართ საბოტაჟის დაუშვებლობისკენ.

42. ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემა − სამართლებრივი, კვლევითი და საინჟინრო ღონისძიებები, რომელთა მიზანია ბირთვული ტერორ ი ზმის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების დატაცების ან მათთან არაკანონიერი მოპყრობის თავიდან აცილება.

43. შეტყობინება − შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისათვის დროულად წარდგენილი ანგარიში საგანგებო სიტუაციის ან შესაძლო საგანგებო სიტუაციის დეტალების აღწერით; ან ზომები, რომლებიც გატარებულ იქნა საგანგებო სიტუაციის შედეგად შექმნილი პირობების გასარკვევად, ამ სიტუაციაზე რეაგირების პასუხისმგებლობის მქონე ყველა ორგანიზაციისთვის განგაშის რეჟიმში შეტყობინების მიზნით.

44. ჩარევა − ქმედება, რომლის მიზანია იმ მაიონებელი გამოსხივების წყაროებით განპირობებული დასხივების ან დასხივების პოტენციური რისკის შემცირება ან თავიდან აცილება, რომლებიც არ იმყოფებიან კონტროლის ქვეშ ან არ კონტროლდებიან რადიაციული ავარიის შემდეგ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №488 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1690   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 4. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები

ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირის და მარეგულირებელი ორგანოს ქმედებები უნდა ემყარებოდეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შემდეგ ძირითად პრინციპებს:

ა) პასუხისმგებლობა უსაფრთხოებისათვის − რადიაციული უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრებათ იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონით რეგულირებად, რადიაციული რისკის მქონე საქმიანობას;

ბ) უსაფრთხოების მართვა და მენეჯმენტი − ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისა და მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტების, ასევე რადიაციული რისკის მქონე სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების ეფექტიანი მმართველობისა და მენეჯმენტის ჩამოყალიბება, განხორციელება და შენარჩუნება;

გ) დასაბუთება − რადიაციული რისკის მქონე ობიექტების ფუნქციონირებისა და ამგვარი რისკის მქონე სამუშაოების წარმოების შედეგად მიყენებული შესაძლო ზიანი არ უნდა აღემატებოდეს მიღებულ სარგებელს;

დ) რადიაციული დაცვის ოპტიმიზაცია − რადიაციული დაცვა ოპტიმიზირებული უნდა იყოს იმგვარად, რომ განხორციელდეს რადიაციული უსაფრთხოების გონივრულად მისაღწევი უმაღლესი დონე;

ე) ცალკეული ინდივიდებ ისთვის რისკის შეზღუდვა − რადიაციული რისკების კონტროლის ღონისძიებების განხორციელების გზით ცალკეული ინდივიდებ ისათვის დაუშვებელი რისკის ან ზიანის თავიდან აცილების უზრუნველყოფა;

ვ) ახლანდელი და მომავალი თაობების დაცვა − ადამიანებისა და გარემოს, დღევანდელი და მომავალი თაობების დაცვა რადიაციული რისკებისაგან;

ზ) რადიაციული ავარიების თავიდან აცილება − რადიაციული ავარიების პრევენციის მიზნით ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელება;

თ) რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნა და მათზე რეაგირება − პოტენციურ ბირთვულ და რადიაციულ ავარიებზე რეაგირებისათვის მზადყოფნის, ამგვარი ავარიების მოხდენისას მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

ი) დაცვითი ღონისძიებები არსებული და არარეგულირებადი რადიაციული რისკების შესამცირებლად − არსებული და არარეგულირებადი რადიაციული რისკების შესამცირებლად განსახორციელებელი დაცვითი ღონისძიებების დასაბუთება და ოპტიმიზაცია;

კ) ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) პრინციპი − ბირთვული და რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების, ნოუ-ჰაუს არასანქციონი რებული და არადანიშნულებისამებრ გამოყენებისაგან, უკანონოდ დაუფლებისა და საბოტაჟისაგან სახელმწიფოს მიერ გარანტირებული დაცვა, ასევე ტერორი სტული აქტების, ბირთვული და რადიოა ქტიური მასალების არასანქციონი რებული გადატანის, მათი შენახვისა და ტრანსპორტირების დროს შესაძლო ზიანის თავიდან აცილება. სახელმწიფოს მხრიდან ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) საფუძველია ეტაპობრივ მიდგომაზე დაფუძნებული სახელმწიფო მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს პოტენციური საფრთხის შეფასებიდან.

 

თავი II. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება

    მუხლი 5. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების რეგულირების ძირითადი მიზანი

1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების განხორციელება უზრუნველყოფს უსაფრთხოების ძირითად მიზანს – დაცულ იქნეს ადამიანი და გარემო მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან.

2. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები უნდა განხორციელდ ეს შემდეგი ძირითადი ქმედებების გზით:

ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და სტრატეგიის დადგენა;

ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და დამტკიცება;

გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კონტროლის ინტეგრირებული სისტემის შექმნა და ამ სისტემის კოორდინაციის უფლებამოსილების მარეგულირებელი ორგანოსათვის დელეგირება;

დ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება;

ე) რადიაციული ავარიის შედეგად დაბინძურებულ ტერიტორიებზე საცხოვრებელი და სამეურნეო საქმიანობის განსაკუთრებული საგანგებო რეჟიმის პირობების დადგენა;

ვ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და სტრატეგიის დადგენა, რადიოაქტიურ ი ნარჩენების მართვის ეროვნული სისტემის შექმნა;

ზ) რადიოაქტიური მასალებისა და წყაროების რეგულირებიდან ამოღების და რეგულირებიდან განთავისუფლების დონეების განსაზღვრა მათი შეუზღუდავი ან შეზღუდული გამოყენებისთვის;

თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების (დაცულობის) და ფიზიკური დაცვის სფეროებში ნორმატიული აქტების მიღება.

    მუხლი 6. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება

1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირების მიზნით სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (მარეგულირებელი ორგანო).

2. მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია:

ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო რეგულირების ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია ამ კანონის IV თავის შესაბამისად;

გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ინსპექტირების განხორციელებით;

დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) რადიოაქტიური ნივთიერებებისა და შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემის ფუნქციონირების კონტროლი;

ვ) ბირთვული და რადიაციული ავარიებისა და ინციდენტებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა;

თ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;

ი) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების გაწევა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

3. რადიოაქტიური ნარჩენების სახელმწიფო მართვის ფუნქციის შესასრულებლად მარეგულირებელი ორგანოს სისტემაში იქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ფუნქციები განისაზღვრება „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

5. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი:

ა) ანგარიშვალდებულია, მათ შორის, მინისტრის წინაშე;

ბ) 6 თვეში ერთხელ მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

6. მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ბ) მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;

გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა;

დ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კანონების პროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია;

ე) შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტებისათვის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება;

ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კონტროლი;

ზ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

თ) სურსათში, სასმელ წყალში, ცხოველის საკვებსა და ნიადაგში რადიონუკლიდების შემცველობის კონტროლი.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №488 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.  
საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №894  - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1690   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.     

   მუხლი 8. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია

1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მხარდაჭერა მისი უფლებამოსილების განხორციელებაში;

დ) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახმარების გაწევა;

ე) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული ობიექტების განთავსების ან მათი ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 9. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უფლებამოსილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები არიან:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობისა და მაიონებელი გამოსხივების კონტროლის ხელსაწყოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო − ეროვნული და ტრანსსასაზღვრო რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათი შედეგების ლიკვიდაციის, ბირთვული და რადიაციული ობიექტების (გარდა მაიონებელი გამოსხივების გენერატორების შემცველი ობიექტებისა) ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი; რადიოაქტიური მასალების გადაზიდვის, იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადიოაქტიური მასალების არალეგალური მიმოქცევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის ღონისძიებების კოორდინაცია;

1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო − თავდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული ობიექტების უსაფრთხოება და ფიზიკური დაცვა, ბირთვული ავარიის შემთხვევაში – საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმის ფარგლებში ავარიის შედეგების ლიკვიდაციის და კანონით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობაში მონაწილეობა;

დ) (ამოღებულია – 25.03.2013, №488);

ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − ბირთვული და რადიაციული ავარიის დროს დოზური ზღვრების დადგენა, ავარიაზე რეაგირების გეგმის ფარგლებში ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა, რადიოფარმპრეპარატების რეგისტრაცია, დასხივების ქვეშ მყოფ მუშაკთა პერიოდული სამედიცინო შემოწმების წესის დადგენა;

ვ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1690);

ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვების გაცემა, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტის, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №488 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2015  წლის 8 ივლისის  კანონი №3969  – ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1690   ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის  კანონი  №3059  - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
 

თავი III. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება

    მუხლი 11. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები

1. დაუშვებელია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება ამ კანონის IV თავით გათვალისწინებული ავტორიზაციის გარეშე. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“.

2. ავტორიზაციის მიზნით ოპერატორი (საქმიანობის განმახორციელებელი) მარეგულირებელ ორგანოს წარუდგენს რადიაციული დაცვის პროგრამას ან, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რადიაციული რისკიდან გამომდინარე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასების ანგარიშს, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების გზები.

3. მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია 10 წელიწადში ერთხელ მარეგულირებელ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასების განახლებული ანგარიში.

4. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასების ანგარიში შეიძლება წარედგინოს მარეგულირებელ ორგანოს მისი მოთხოვნის თანახმად და მის მიერვე დაწესებულ ვადებში. მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება ანგარიშის განხილვისათვის მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და დაამტკიცოს ანგარიში ან უარი თქვას მის დამტკიცებაზე.

5. მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შეფასებისა და მისი ანგარიშისადმი ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.

6. დაუშვებელია, ოპერატორმა მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის გარეშე საქმიანობაში ისეთი ცვლილება შეიტანოს, რომელიც გავლენას მოახდენს მუშაკთა ან/და გარემოს რადიაციულ უსაფრთხოებაზე.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №488 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1690   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 12. სურსათით, სასმელი და მინერალური წყლით, ნედლეულითა და ნიადაგით გამოწვეული დასხივების შეზღუდვა

1. ბუნებრივი რადიონუკლიდებით მოსახლეობის დასხივების შესაზღუდავად „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“ დგინდება შენობაში, სამუშაო ადგილზე, წიაღისეულის მოპოვების ადგილზე და გარემოში ბუნებრივი გამოსხივების გაზომვების ჩატარების წესი.

2. აკრძალულია რადიოაქტიურად დაბინძურებული ნედლეულის, სურსათის, სასმელი და მინერალური წყლის, ასევე მათთან შეხებაში მყოფი პროდუქციის და საქონლის იმპორტი, ექსპორტი და დამუშავება, თუ დაბინძურების დონე აღემატება დადგენილ დაბინძურების დასაშვებ დონეებს.

3.სამუშაო ადგილზე რადონის მოცულობითი აქტივობის დასაშვები დონე, სამშენებლო საქმიანობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის რადიაციული მდგომარეობის შეფასების პირობები, სამშენებლო მასალისა და მშენებლობისათვის განკუთვნილი პროდუქციის რადიოაქტიური დაბინძურების დასაშვები დონეები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“. აღნიშნული მასალა და პროდუქცია რადიაციულ კონტროლს ექვემდებარება.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 13. ბუნებრივი წყაროებით გამოწვეული დასხივების შეზღუდვა

1. ბუნებრივი რადიონუკლიდებით მოსახლეობის დასხივების შესაზღუდავად „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“ დგინდება შენობაში, სამუშაო ადგილზე, წიაღისეულის მოპოვების ადგილზე და გარემოში ბუნებრივი გამოსხივების გაზომვების ჩატარების წესი.

2. წიაღის ეულის მოპოვების სამუშაოები უნდა წარმოებდეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.სამუშაო ადგილზე რადონის მოცულობითი აქტივობის დასაშვები დონე, სამშენებლო საქმიანობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის რადიაციული მდგომარეობის შეფასების პირობები, სამშენებლო მასალისა და მშენებლობისათვის განკუთვნილი პროდუქციის რადიოაქტიური დაბინძურების დასაშვები დონეები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – მაიონებელი გამოსხივების წყაროებისადმი მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი მოთხოვნებით“. აღნიშნული მასალა და პროდუქცია რადიაციულ კონტროლს ექვემდებარება.

4.საშენი მასალების მწარმოებლები ვალდებული არიან, უზრუნველყონ საშენ მასალებში რადიონუკლიდების შემცველობის გაზომვა, აწარმოონ შედეგების აღრიცხვა და მიღებული შედეგების შეფასება.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 14. სამედიცინო დასხივება

1. სამედიცინო მიზნებისთვის (დიაგნოსტიკა, თერაპია) გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული რადიოფარმპრეპარატები.

2. სამედიცინო დასხივებისადმი მოთხოვნები, დასხივების რეკომენდებული დონეები, დასხივების ხარისხის გარანტიები, მოთხოვნები მუშაკთა სპეციალური პროფესიული განათლებისადმი განისაზღვრება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის  კანონი  №3059  - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

თავი IV. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის სისტემა

    მუხლი 15. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ავტორიზაციის სისტემა მოიცავს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის პროცედურებს.

    მუხლი 16. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია

1. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ეს ლიცენზია განუსაზღვრელი ვადით გაიცემა.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია გაიცემა შემდეგ საქმიანობებზე: 

ა) მაღალი რისკის ბირთვული და რადიაციული ობიექტის დაპროექტება;

ბ) მაღალი რისკის ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაცია;

გ) მაღალი რისკის ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციიდან გამოყვანა და დეკომისია;

დ) რადიოაქტიური მასალების წარმოება (დამზადება), ფლობა, დროებითი შენახვა, გამოყენება-რეალიზაცია;

ე) მაიონებელი გამოსხივების გენერატორის სამედიცინო მიზნით გამოყენება;

ვ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს სამედიცინო (სამკურნალო) მიზნით გამოყენება;

ზ) რადიოაქტიური ნივთიერებების (რადიოფარმპრეპარატების) სამედიცინო დიაგნოსტიკის მიზნით გამოყენება;

თ) რადიოაქტიური ნივთიერებების (რადიოფარმპრეპარატების) სამედიცინო სამკურნალო მიზნით გამოყენება;

ი) მაიონებელი გამოსხივების გენერატორის ან/და რადიოაქტიური მასალების მომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენება;

კ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორის სამრეწველო მიზნით გამოყენება;

ლ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს სამრეწველო მიზნით გამოყენება;

მ) მაიონებელი გამოსხივების გენერატორის სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით გამოყენება;

ნ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით გამოყენება;

ო) მაიონებელი გამოსხივების გენერატორის და რადიოაქტიური მასალის შემცველი დანადგარების მომსახურებ ა და მათი სარემონტო სამუშაოების ჩატარება;

პ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების და რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება;

ჟ) რადიოაქტიური წყაროებისა და ნარჩენების კონდიცირება, შენახვა და დამარხვა, რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული მოწყობილობების, ტერიტორიის ან/და სათავსების დეკონტამინაცია;

რ) რადიოაქტიური წყაროებისა და ნარჩენების გადაზიდვისა და შენახვისათვის განკუთვნილი კონტეინერების დამზადება;

ს) მაიონებელი გამოსხივების წყაროების საექსპერტო-ინსტრუმენტული გაზომვები, მეტროლოგია, იუსტირება, მონტაჟი.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს როგორც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობებისათვის კომპლექსურად, ისე ცალკეული საქმიანობ ებ ისათვის ან საქმიანობის განხორციელების ცალკეული ეტაპების შესაბამისად.

4. მაღალი რისკის ბირთვული და რადიაციული ობიექტების განმსაზღვრელ ი კრიტერიუმები დგინდება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

5. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებიდან გამორიცხულ საქმიანობებზე და მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი წყაროების ტრანსპორტირებასა და შენახვაზე.

6. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ლიცენზიისა და ნებართვის აღიარება რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 17. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ოპერატორი ლიცენზიის მისაღებად მარეგულირებელ ორგანოს წერილობით განცხადებას წარუდგენს. ამ განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა, ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) მონაცემები (საქმიანობის კონკრეტული სახეობის აღწერა, მონაცემები მაიონებელი გამოსხივების წყაროს და მისი განლაგების ადგილის შესახებ, ინფორმაცია რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის, წარმოქმნილი ნარჩენებისა და მათთან მოპყრობის თაობაზე);

ბ) რადიაციული დაცვის პროგრამა, რომელშიც წყაროს კატეგორიის, შესაძლო რისკის, ასევე საქმიანობის სახეობის გათვალისწინებით, განსაზღვრულია რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დაცვის პირობები და მეთოდები, დანადგარის ან/და წყაროს ტექნიკური მონაცემები, ასევე ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფის პირობები;

გ) მუშაკთა სია და მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) მუშაკთა სამედიცინო შემოწმების მონაცემები;

ე) რადიოაქტიური წყაროების საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის გეგმა-გრაფიკი;

ვ) უცხოური კომპანიის საქართველოში საქმიანობის ლიცენზირების შემთხვევაში − დამატებით:

ვ.ა) საქართველოს ტერიტორიაზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების თაობაზე ხელშეკრულების ან პროექტის ასლი;

ვ.ბ) კომპანიის საგარანტიო წერილი შემოტანილი რადიოაქტიური წყაროების სამუშაოს დამთავრების შემდეგ გატანის თაობაზე, გატანის ვადის მითითებით.

3. მაღალი რადიაციული რისკის მქონე საქმიანობის ლიცენზირების შემთხვევაში რადიაციული დაცვის პროგრამის ნაცვლად წარდგენილი უნდა იქნეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასება, რომელიც მოიცავს რადიაციული დაცვის პროგრამას და დეკომისიის (ან ობიექტის დახურვის, საქმიანობის სახ ეობ იდან გამომდ ი ნარე) გეგმას.

4. ლიცენზიის გასაცემად მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში (გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ზ“, „თ“, „კ“, „მ“, „ო“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს, როგორც დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანო, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ოპერატორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე მარეგულირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

51. ოპერატორის მიერ მარეგულირებელი ორგანოსათვის წარდგენილი და მასთან შეთანხმებული დოკუმენტების ნუსხა და ამ კანონის 23- მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები არის სალიცენზიო პირობები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას.

6. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო.

საქართველოს 2014 წლის  12  დეკემბრის კანონი №2932 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 18. ნებართვის გაცემის პირობები

1. მარეგულირებელი ორგანო ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. ნებართვა გაიცემა, როგორც ლიცენზიის ფარგლებში ერთჯერადი ქმედების განხორციელების უფლება, და მისი მოქმედების ვადაა არა უმეტეს 1 წლისა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. ნებართვის აღებას ექვემდებარება:

ა) რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა;

ბ) რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი;

გ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.

4. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) მყიდველისა და გამყიდველის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიების ასლები;

ბ) მონაცემები რადიოაქტიური მასალის ან მაიონებელი გამოსხივების წყაროს შესახებ (სახეობა, აქტივობა და სხვა საპასპორტო მონაცემები, აგრეგატული მდგომარეობა), წყაროს განთავსების ადგილი და ფიზიკური დაცვის სისტემის აღწერა;

გ) საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირებაზე ლიცენზიის ასლი;

დ) ბირთვული მასალის ტრანზიტის შემთხვევაში − დამატებით ტვირთის გამგზავნ და მიმღებ მხარეებს შორის დადებული შეთანხმება (ხელშეკრულება).

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა წარსადგენი საბუთები განსაზღვრულია ამ კანონის 39-ე, მე-40 და 41-ე მუხლებით.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა წარსადგენი საბუთები განსაზღვრულია ამ კანონის 39-ე მუხლით.

7. სამედიცინო დანიშნულებით რადიოფარმპრეპარატების იმპორტისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვა შეიძლება გაიცეს მრავალჯერადი ქმედების განხორციელებისათვის, 1 წლის ვადით, როდესაც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ან/და „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნებართვის საფუძველზე, მისი მოქმედების 1 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს მარეგულირებელ ორგანოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას. წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა, ინფორმაციის წარდგენის წესი და ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2015 წლის 29  მაისის   კანონი  №3672  - ვებგვერდი,  04.06.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 19. ლიცენზიის ან ნებართვის გაცემაზე უარი

ლიცენზიის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 20. სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმება

1. სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო.

2. კონკრეტულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომეტებული რისკის გათვალისწინებით, მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დასაცავად მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შესახებ.

3. სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და ლიცენზიისა და ნებართვის გაუქმების პროცედურები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. ლიცენზიის გაუქმება ლიცენზიის მფლობელს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, უზრუნველყოს მაიონებელი გამოსხივების წყაროების რადიაციული დაცვა ან ფიზიკური დაცვა და მარეგულირებელ ორგანოს დადგენილი წესით წარუდგინოს ინვენტარიზაციის შედეგები და პროფესიული დასხივების დოზების შესახებ მონაცემები.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 21. სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დუბლიკატის გაცემის წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

თავი V. ლიცენზიის მფლობელის უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 22. ლიცენზიის მფლობელის უფლებები

ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია:

ა) აწარმოოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ბ) ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მიიღოს წერილობითი განმარტება;

გ) ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის ან ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში გაასაჩივროს იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 23. ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები

ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შესაბამისად ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება, ფიზიკური დაცვა და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა;

ბ) თანამედროვე ტექნიკური და სამეცნიერო დონის გათვალისწინებით სისტემატურად შეაფასოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება და პრაქტიკაში დანერგოს ამ შეფასების შედეგები;

გ) დაუყოვნებლივ გამოიძიოს ნებისმიერი დარღვევა, მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად და დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად; დასხივების დასაშვები დონის გადაჭარბების შემთხვევაში ჩაატაროს მოკვლევა და მისი შედეგები წერილობით აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს;

დ) მარეგულირებელ ორგანოს წერილობით შეატყობინოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების ან საქმიანობის გაფართოების შესახებ და წარუდგინოს ამ ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია და რადიაციული დაცვის განახლებული პროგრამა;

ე) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის ყველა ეტაპზე შეასრულოს რადიაციული დაცვის პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებები, რომელიც მოიცავს ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის პროგრამებს და რადიაციულ ავარიაზე რეაგირების გეგმას;

ვ) დაიცვას ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური პირობებით განსაზღვრული გაზომვების ჩატარების და გამზომი ხელსაწყოების უნიფიცირების მოთხოვნები;

ზ) მიიღოს მაიონებელი გამოსხივების მხოლოდ ისეთი წყაროები, რომლებსაც აქვს შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაცია და ნიშნული, რომელიც მოთავსებულია სათანადო მარკირების მქონე დამცავ შეფუთვაში − კონტეინერში;

თ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური პროფესიული ცოდნა, აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის სამედიცინო უკუჩვენება არ აქვთ;

ი) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს ტექნოლოგიურ პროცესებში მომხდარი გადახრების, აგრეთვე ფიზიკური დაცვის პირობების ან/და ავარიებისათვის მზადყოფნის დარღვევების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისათვის;

კ) უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება არ არის;

ლ) უზრუნველყოს სათანადო პირობების არსებობა მარეგულირებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების შეუფერხებლად განხორციელებისათვის;

მ) ორგანიზება გაუწიოს და ფინანსურად უზრუნველყოს მუშაკთა ჯანმრთელობის ყოველწლიური პროფესიული შემოწმება, ხოლო შემოწმების უარყოფითი შედეგების დადგენისას – შესაბამისი მუშაკის სხვა პროფილის სამუშაოზე გადაყვანა;

ნ) უზრუნველყოს შესაბამის ორგანოებთან კავშირის ორგანიზება ბირთვული და რადიაციული ავარიების შესახებ დროულად შეტყობინებისათვის;

ო) მოამზადოს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით შესაბამის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს გადასცეს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი რადიოაქტიური მასალები, რადიოაქტიური წყაროები და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში განსათავსებელი რადიოაქტიური ნარჩენები;

პ) უზრუნველყოს ობიექტებზე დამსწრე და ხელშეკრულებით მომუშავე პირთა რადიაციული უსაფრთხოება;

ჟ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, აგრეთვე ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნების შესრულების უწყვეტი კონტროლის განსახორციელებლად რადიაციული დაცვისათვის პასუხისმგებელ პირად დანიშნოს შესაბამისი ცოდნის მქონე მუშაკი, ხოლო მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტზე შექმნას რადიაციული უსაფრთხოების სამსახური;

რ) უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, აგრეთვე ფიზიკური დაცვის საკითხებზე მუშაკთა სპეციალური პროფესიული სწავლება და მათთვის რეგულარული ტრენინგების ჩატარება;

ს) ბირთვული მასალებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გადაცემის ან გაყიდვის პროცედურა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი შეტყობინების გაგზავნისა და თანხმობის მიღების შემდეგ;

ტ) აღრიცხოს მაიონებელი გამოსხივების წყაროები, ბირთვული მასალები და წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენები, აგრეთვე მუშაკთა (მათ შორის, დაქირავებულთა) პროფესიული დასხივების დოზები და ინვენტარიზაციის შედეგები ყოველწლიურად აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს;

უ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ბირთვული და რადიაციული ობიექტისათვის შეიმუშაოს დეკომისიის გეგმა, რისთვისაც უნდა განახორციელოს ამ ობიექტის სათანადო გამოკვლევა და მონიტორინგი და უზრუნველყოს მარეგულირებელი ორგანოსთვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენა;

ფ) შეასრულოს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, რადიაციული უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველსაყოფად მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი ყველა მოთხოვნა;

ქ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე საქმიანობის განხორციელებისას 10 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შეფასება და შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს;

ღ) უზრუნველყოს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;

ყ) მარეგულირებელ ორგანოს ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ლიცენზიას საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში მიიღებს.

საქართველოს 2014 წლის  12  დეკემბრის კანონი №2932 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 24. ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის შემთხვევაში

რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) რადიაციული ინციდენტისა და რადიაციული ავარიის შემთხვევებში საობიექტო რადიაციული ავარიის გეგმის თანახმად შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანოებს;

ბ) რადიაციული ავარიის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ; 

გ) შეარბილოს რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის შედეგები და მიიღოს ზომები მისი მავნე ზემოქმედებისაგან მუშაკთა და სხვა პირების დასაცავად;

დ) უზრუნველყოს მუშაკთა დასხივებისა და რადიონუკლიდების გარემოში გავრცელების მონიტორინგის განხორციელება;

ე) შეზღუდოს და გააკონტროლოს რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე მუშაკთა დასხივება;

ვ) რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის თავიდან აცილების და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
 

თავი VI. ინსპექტირება

    მუხლი 25. ინსპექტირების პირობები

1. მარეგულირებელი ორგანო ინსპექტირებას ახორციელებს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

2. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიავლინოს ინსპექტორი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ადგილზე ან იმ საქმიანობის/სამუშაოთა წარმოების ადგილზე, რომლისთვისაც/რომელთათვისაც დადგინდება ინსპექტირების აუცილებლობა.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №488 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.  

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1690   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 26. ინსპექტირების განხორციელება

1. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება და ყველა ღონისძიება, რომლებიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად.

2. ინსპექტორებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის ნებისმიერი უბანი, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი საქმიანობა, რათა: 

ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად ჩაატარონ აუცილებელი ინსტრუმენტული გაზომვები და მიიღონ ამისთვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) დარწმუნდნენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების შესრულებაში;

გ) დაადგინონ რადიაციული ავარიებისა თვის ან/და ინციდენტებისა თვის მზადყოფნის ხარისხი და მათი მოხდენის შემთხვევაში ჩატარებული სალიკვიდაციო სამუშაოების დამტკიცებულ გეგმასთან შესაბამისობა;

დ) გაესაუბრონ ნებისმიერს მუშაკს, რომლისგანაც მოსალოდნელია ინსპექტირებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიღება.

3. ინსპექტირება ხორციელდება:

ა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების პირობების შესაფასებლად;

ბ) ლიცენზი ით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას;

გ) ლიცენზიის გაუქმებისას;

დ) ლიცენზიის ფარგლებში ცალკეული სახეობების საქმიანობის უფლების გაუქმებისას.

4. ინსპექტირება შესაძლებელია იყოს გეგმური და არაგეგმური:

ა) გეგმური ინსპექტირება ხორციელდება შემუშავებული და დამტკიცებული ინსპექტირების პროგრამის მიხედვით. ასეთი ინსპექტირების განხორციელებამდე მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიის მფლობელს ან მის უფლებამოსილ თანამშრომელს ატყობინებს ინსპექტირების განხორციელების შესახებ;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, არალიცენზირებული საქმიანობის შემთხვევების ჩათვლით, ინსპექტირება შესაძლებელია განხორციელდეს ინსპექტირების პროგრამით დადგენილი გრაფიკის გაუთვალისწინებლად (არაგეგმური ინსპექტირება). 

5. რადიაციული ავარიის, გაუთვალისწინებელი შემთხვევის ან სავარაუდო კანონდარღვევის დროს დასაშვებია ოპერატიული ინსპექტირების განხორციელება ლიცენზიის მფლობელის თვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

6. მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კომპლექსური ინსპექტირება მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლებთან ერთად სხვა, მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით.

 7. შექმნილი პირობებიდან გამომდინარე, მარეგულირებელ ორგანოს აქვს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კონკრეტული უბნის ინსპექტირების უფლება.

8. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს ლიცენზიატის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

9. ინსპექტირების შედეგები აისახება ადგილზე გაფორმებულ ინსპექტირების აქტში. ლიცენზიატისთვის დაკისრებული საჯარიმო სანქციები ფიქსირდება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით.

10. მარეგულირებელი ორგანო ახდენს ინსპექტირების შედეგების რეგისტრაციას, დოკუმენტირებასა და შეფასებას. შეფასების საფუძველზე მარეგულირებელი ორგანო შეიმუშავებს დასკვნას და მას ლიცენზიის მფლობელს წარუდგენს. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეასრულოს ამ დასკვნაში აღნიშნული მოთხოვნები.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
 

თავი VII. იძულებითი ზომები

    მუხლი 27. იძულებითი ზომები

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობაზე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და შეასრულოს სალიცენზიო პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე გავრცელდება კანონით დადგენილი იძულებითი ქმედებები.

2. არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ან/და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები.

4. მარეგულირებელი ორგანო გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრისათვის გონივრულ ვადას ადგენს და წერილობით ატყობინებს დამრღვევს.

5. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს, რომლის საქმიანობამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობას ან/და დააბინძუროს გარემო, დაუდგინოს დამატებითი პირობები ან/და გაუუქმოს ლიცენზია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ კანონით რეგულირებადი საქმიანობის განხორციელებისას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური ან/და იურიდიული პირი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 28. იძულებითი ზომების განხორციელება ინსპექტირებისას

1. თუ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობა რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება ან/და თუ ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გარემოს ან შესაბამის მტკიცებულებებს, ინსპექტორს უფლება აქვს, დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა) და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს. მარეგულირებელი ორგანო სათანადო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ინსპექტორს აქვს უფლება, მოსთხოვოს ლიცენზიის მფლობელს იმ მუშაკის სამუშაოზე არდაშვება, რომელიც არ შეესაბამება ამ სამუშაოსთვის დადგენილ მოთხოვნებს. 

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში ლიცენზიის მფლობელი არ თავისუფლდება მის მიერ განხორციელებული და შეჩერებული საქმიანობის შედეგად დარჩენილი რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.

4. იძულებითი ზომების განხორციელების მიზნით ინსპექტორი ინსპექტირების მასალების, მათ შორის, ინსტრუმენტული გაზომვების, ტესტირების შედეგების, ლიცენზიის მფლობელის ახსნა-განმარტებების და სხვა ინფორმაციის საფუძველზე ადგენს შესაბამის ოქმს.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
 

თავი VIII. რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნა და მათზე რეაგირება

    მუხლი 29. რადიაციულ ავარიებზე რეაგირების ეროვნული პოლიტიკა

1. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სახელმწიფო სტრატეგიას.

2.ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საობიექტო რადიაციული ავარიის შემთხვევაში იხელმძღვანელოს რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმით.

3.რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის მოხდენის შესაძლებლობის, მასშტაბის, შესაძლო ზიანის შეფასებას, მათ შორის, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და ტერიტორიისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას.

4. რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმაში აისახება ჩარევის დონეები და პირობები, განსახორციელებელი დაცვითი ღონისძიებების შერჩევის კრიტერიუმები.

    მუხლი 30. საობიექტო რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა

1. ლიცენზიის მფლობელი რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით ვალდებულია:

ა) განსაზღვროს პირველი რეაგირების ორგანიზაციებისგან დახმარების მიღების პროცედურები, მათთან კომუნიკაციისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოს ჩათვლით;

ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს ნებისმიერი სიტუაციის შესახებ, რომელიც რადიოლოგიური რისკის გამო ქმნის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების წინაპირობას;

გ) აღწეროს პოტენციური რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის და მისი შედეგების შეფასების მეთოდოლოგია, მისი ლიკვიდაციისათვის საჭირო აღჭურვილობის გათვალისწინებით; 

დ) განსაზღვროს საგანგებო მზადყოფნის მიზნით მომსახურე პერსონალის სწავლებისა და პრაქტიკული ტრენინგის ჩატარების მოთხოვნები;

ე) უზრუნველყოს ავარიულ ზონებად დაყოფის მოთხოვნების შესრულება;

ვ) განსაზღვროს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის წინასწარი შეტყობინების წესი, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს რადიაციული ავარიით გამოწვეული ზემოქმედება.

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის პერიოდული მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში განახლება.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 31. ეროვნული რადიაციული ავარია

რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმამ უნდა განსაზღვროს ყველა საჭირო ვალდებულება და ქმედება და უნდა გამიჯნოს ისინი შესაბამისსა ხელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, მათი ერთმანეთთან კომუნიკაციისა და საზოგადოებისთვის შეტყობინებისათვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების ჩათვლით.

    მუხლი 32. ტრანსსასაზღვრო რადიაციული ავარია

1. რადიაციული ავარიის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია წარმოქმნას საქართველოს ფარგლების გარეთ რადიოაქტიური დაბინძურების რისკი, საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაუყოვნებლივ გაუგზავნოს შეტყობინება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და იმ ქვეყნების შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებისთვისაც ავარიის შედეგები მნიშვნელოვანია რადიოლოგიური თვალსაზრისით.

2. მარეგულირებელი ორგანო არის საკონტაქტო დაწესებულება ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების სფეროში საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი პირობების შესრულების საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 33. რადიაციული ავარიის და ინციდენტის გამოკვლევა

1. ნებისმიერი რადიაციული ავარია და ინციდენტი, მასშტაბისაგან დამოუკიდებლად, უნდა იქნეს გამოკვლეული, რათა დადგინდეს მისი მიზეზები და თავიდან იქნეს აცილებული მისი განმეორება.

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გამოიკვლიოს ლიცენზი ით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში მომხდარი საობიექტო რადიაციული ავარია ან/და ინციდენტი, ამ კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნების თანახმად.

3. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს რადიაციული ავარიის რადიაციულ ავარიაზე რეაგირების გეგმის მიხედვით, სხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებთან ერთად გამოკვლევას და შეაფასოს ჩატარებული კვლევის შედეგები.

4. რადიაციული ავარიის შედეგად ადამიანისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანი უნდა შეაფასოს მარეგულირებელმა ორგანომ სხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებთან ერთად.

5. რადიაციული ავარიის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შესაბამისი ანგარიში მიაწოდოს სამინისტროს საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად, აგრეთვე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და ნებისმიერ ქვეყანას, რომელზედაც შეიძლება გავლენა მოახდინოს რადიაციული ავარიის შედეგებმა.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
 

თავი IX. რადიოაქტიური ნარჩენები

    მუხლი 34. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა

1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა ხდება ამ კანონით, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი პრინციპებისა და მოთხოვნების საფუძველზე.

2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოების და მათი ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას.

3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებისას მარეგულირებელი ორგანო უზრუნველყოფს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების შესრულებას რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დასაცავად.

4. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების ტრანზიტი, საქართველოს ფარგლების გარეთ წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი და რადიოაქტიური ნარჩენების ნებისმიერი მიზნით რეექსპორტი.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №488 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 35. პასუხისმგებლობა რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის  უზრუნველყოფისათვის

1. ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფისათვის.

2. სახელმწიფო პასუხისმგებელია იმ რადიოაქტიური ნარჩენების (მათ შორის, უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების) უსაფრთხოებისა და ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფისათვის, რომელთა მფლობელის დადგენაც შეუძლებელია.

    მუხლი 36. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი

1. (ამოღებულია - 11.11.2015, №4486).

2. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

3. აკრძალულია საქართველოში წარმოებული რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი სამხრეთ განედის მე-60 გრადუსის სამხრეთით მათი დასაწყობებისა და განთავსების მიზნით. 

4. თუ რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი ვერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სანებართვო პირობების დაცვით, ისინი უბრუნდება მათ მფლობელს, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის მოთხოვნები.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

 

თავი X. რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირება

    მუხლი 37. რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირების რეგულირება

1. რადიოაქტიური მასალების უსაფრთხო ტრანსპორტირების მოთხოვნები დგინდება ამ კანონით და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2.რადიოაქტიური მასალების უსაფრთხო გადაზიდვა საჭიროებს შესაბამისი ფიზიკური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას.

3. აკრძალულია რადიოაქტიური მასალების გადაზიდვა მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
 

თავი XI. რადიოაქტიური მასალების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი

    მუხლი 38. რადიოაქტიური მასალების ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი

1. ამ კანონით დადგენილი მიზნების მისაღწევად სახელმწიფო აწესებს კონტროლს რადიოაქტიური მასალების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტზე, ტრანზიტზე და საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტზე.

2. ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში ნებართვის მისაღებად არ არის საჭირო ამ ტექნოლოგიების გამცემისა და მიმღების ლიცენზიების ასლების წარდგენა.

    მუხლი 39. რადიოაქტიური მასალების ექსპორტი

1. საქართველო ს ტერიტორიიდან რადიოაქტიური მასალების ექსპორტი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. რადიოაქტიური მასალების ექსპორტის საფუძველია მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონის მე-18 მუხლით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვა.

3. რადიოაქტიური მასალების ექსპორტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს: 

ა) გამგზავნი მხარის შეტყობინებას რადიოაქტიური მასალების გაგზავნის თაობაზე;

ბ) რადიოაქტიური მასალების მიმღები მხარის გარანტიას მასალების მიღებაზე;

გ) რადიოაქტიური მასალების გადამზიდავი ორგანიზაციის ლიცენზიის ასლს;

დ) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალების და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე ინფორმაციას;

ე) რადიოაქტიური მასალების გადაზიდვისას უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფას.

4. ბირთვული მასალის ექსპორტის შემთხვევაში ნებართვის გაცემა დამატებით ითვალისწინებს:

ა) მიმღები და გამცემი მხარეების მიერ ბირთვულ მასალაზე „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;

ბ) ბირთვული მასალის გადაზიდვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 40. რადიოაქტიური მასალების იმპორტი

1. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური მასალების იმპორტი დასაშვებია მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-18 მუხლით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. რადიოაქტიური მასალების იმპორტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს:

ა) რადიოაქტიური მასალების მიმღები მხარის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის არსებობას;

ბ) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალების და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე ინფორმაციას;

გ) რადიოაქტიური მასალების გადაზიდვისას უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფას.

3. ბირთვული მასალის იმპორტის შემთხვევაში ნებართვის გაცემა დამატებით ითვალისწინებს:

ა) მიმღები მხარის მიერ მისაღებ ბირთვულ მასალაზე „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას;

ბ) ბირთვული მასალის გადაზიდვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების“ საერთაშორისო ვალდებულებების შე საბამისად.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 41. რადიოაქტიური მასალების ტრანზიტი

1. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური მასალების ტრანზიტი დასაშვებია მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-18 მუხლით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 2. რადიოაქტიური მასალების ტრანზიტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს:

ა) რადიოაქტიური მასალების დანიშნულების პუნქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ბ) რადიოაქტიური მასალების მიმღები მხარის გარანტიას მასალების მიღებაზე;

გ) გადამზიდავის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფას;

დ) რადიოაქტიური მასალების გამგზავნ და მიმღებ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების ასლის წარმოდგენას;

ე) გადასაზიდი რადიოაქტიური მასალების და დამცავი კონტეინერების მახასიათებლების თაობაზე ინფორმაციას;

ვ) გადაზიდვისას უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფას.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
 

თავი XII. დეკომისია

    მუხლი 42. ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისია

1. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, უნდა დამთავრდეს შესაბამისი ბირთვული და რადიაციული ობიექტის (გარდა რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა) დეკომისიით, რასაც უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელისა ლიცენზიო პირობების თანახმად.

2. ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიის მოთხოვნები დგინდება „ტექნიკური რეგლამენტით – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესით“. 

3. დეკომისიის პროცესში ბირთვული და რადიაციული ობიექტი ექვემდებარება მარეგულირებელ კონტროლს მანამ, სანამ ლიცენზიის მფლობელი მარეგულირებელ ორგანოს არ წარუდგენს დეკომისიის გეგმით განსაზღვრული საბოლოო მდგომარეობის მიღწევის და ნებისმიერი დამატებითი სამართლებრივი მოთხოვნის შესრულების მტკიცებულებებს.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 43. დეკომისიის გეგმა

1. ბირთვული და რადიაციული ობიექტის მშენებლობის სტადიაზე, დაგეგმილი საქმიანობის გათვალისწინებით, ოპერატორი ვალდებულია მოამზადოს დეკომისიის გეგმა. დეკომისიის გეგმა თანხმდება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან მათი კომპეტენციების ფარგლებში.

2. თუ არსებულმა გარემოებებმა განაპირობა დეკომისიის საწყის გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობა, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მოახდინოს ამ გეგმის რევიზია და მისი განახლება შეცვლილი გარემოებების ასახვით. დეკომისიის განახლებული გეგმა მარეგულირებელ ორგანოს წარედგინება.

3. ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია დეკომისიის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების უსაფრთხო განხორციელებისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის სამუშაოების მონაწილე მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფ ისათვის.

4. მარეგულირებელი ორგანო ახორციელებს იმ დეკომისირებული ბირთვული და რადიაციული ობიექტების განლაგების ადგილების სახელმწიფო კონტროლს, რომლებიც დასაშვებია შეზღუდული გამოყენებისათვის.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
 

თავი XIII. ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიები

    მუხლი 44. ბირთვული მასალების მშვიდობიანი მიზნისათვის გამოყენების ვალდებულება

1. საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად, ბირთვული მასალების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მშვიდობიანი მიზნისათვის.

2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ბირთვული იარაღისა და ბირთვული მასალების შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადება, ფლობა და გადაცემა, ასევე დახმარების მოძიება და მიღება ბირთვული იარაღისა და ბირთვული მასალების შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების შესაქმნელად.

    მუხლი 45. ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების აღსრულება

1. „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმებიდან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 24 აპრილის №2111-IIს დადგენილებით) (შემდგომ − შეთანხმება) გამომდინარე, საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოში უსაფრთხოების ზომები ბირთვული იარაღისა და ბირთვული მასალების გაუვრცელებლობის მიზნით.

2. სამინისტრო ახორციელებს შეთანხმებიდან და „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმების დამატებითი ოქმიდან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 24 აპრილის №2112-IIს დადგენილებით) (შემდგომ − დამატებითი ოქმი) გამომდინარე, საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ორგანიზებასა და კოორდინაციას.

3. სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) შეთანხმებიდან და დამატებითი ოქმიდან გამომდინარე, საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას;

ბ) შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაციის შეგროვებას და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის მიწოდებას;

გ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა საქმიანობის განხორციელებას შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნათა თანახმად;

დ) შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის საფუძველზე ინფორმაციის გავრცელებასთან (მიწოდებასთან) დაკავშირებით მოქმედებათა კოორდინაციას საქართველოს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებთან;

ე) ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოში ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის სახელმწიფო სისტემის შექმნასა და დანერგვას „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.  
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1690   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 46. თანამშრომლობა ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების სფეროში

საქართველოს მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები და ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ითანამშრომლონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან გარანტიების გამოყენების სფეროში, რაც მოიცავს:

ა) შეთანხმებითა და დამატებითი ოქმით გათვალისწინებული ინფორმაციის დროულ მიწოდებას;

ბ) შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის საფუძველზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა საქმიანობის ადგილზე დაშვებას;

გ) ინსპექტორთა ხელშეწყობას მათი ამოცანების შესრულების პროცესში;

დ) ინსპექტორთათვის საჭირო დახმარების გაწევას.

    მუხლი 47. ინსპექტირება ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების სფეროში

1. შეთანხმებიდან და დამატებითი ოქმიდან გამომდინარე, მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დანიშნულ ინსპექტორებს აქვთ ნებისმიერ ობიექტზე ან მის ნაგებობაში დაშვების, აგრეთვე ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შემოწმების უფლება.

2. შეთანხმებიდან და დამატებითი ოქმიდან გამომდინარე, რეგულირებადი საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი პირი ვალდებულია საშუალება მისცეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დანიშნულ ინსპექტორებს, გაატარონ ღონისძიებები, რათა საქართველომ შეასრულოს ზემოხსენებული დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებები.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.

    მუხლი 48. ლიცენზიის მფლობელთა ვალდებულებები ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების გამოყენების სფეროში

პირები, რომლებსაც აქვთ შეთანხმების რეგულირების საგნად ქცეული ბირთვული მასალების ფლობის, გამოყენების, გადამუშავების ან ამ მასალებთან მოპყრობის ლიცენზია, საქართველოს კანონმდებლობის, შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნათა შესაბამისად ვალდებული არიან:

ა) აწარმოონ მათი აღწერა შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) მარეგულირებელ ორგანოს დადგენილი წესით, დროულად და შესაბამისი ფორმით წარუდგინონ დოკუმენტები არსებული ბირთვული მასალების შესახებ;

გ) დადგენილი წესით ჩაატარონ ბირთვული მასალების გაზომვები და უზრუნველყონ ამ გაზომვათა სისტემის კონტროლის პროგრამის ქმედითობა; 

დ) მარეგულირებელ ორგანოს მიაწოდონ ინფორმაცია ობიექტის განლაგების პროექტის შესახებ, შეტანილი ნებისმიერი ცვლილების გათვალისწინებით;

ე) დადგენილი წესით აწარმოონ ბირთვული მასალების რეესტრი; 

ვ) მარეგულირებელ ორგანოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით წინასწარ შეატყობინონ ბირთვული მასალების ან მათთან დაკავშირებული აღჭურვილობის იმპორტის ან ექსპორტის შესახებ;

ზ) დადგენილი წესით უზრუნველყონ ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვა და მიიღონ უსაფრთხოების ზომები; 

თ) დაუყოვნებლივ შეატყობინონ მარეგულირებელ ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასაშვები ზღვრების ზევით ბირთვული მასალების დანაკარგის შესახებ;

ი) მარეგულირებელ ორგანოს დადგენილი წესით მიაწოდონ ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
 

თავი XIV. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლება-მოვალეობები

    მუხლი 49. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში  საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების და უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლება-მოვალეობები

1. საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებული არიან:

ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

2. საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ:

ა) იცხოვრონ და იმუშაონ რადიაციულად უსაფრთხო გარემოში;

ბ) კომპეტენტური ორგანოებისგან მიიღონ სანდო და დროული ინფორმაცია ბირთვული და რადიაციული მდგომარეობის შესახებ.

 

თავი XV. ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემა

    მუხლი 50. ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) რეგულირება

1. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) რეგულირების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრისათვის.

2. ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) ძირითადი პრინციპებია:

ა) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემის ჩამოყალიბება, დანერგვა და შენარჩუნება;

ბ) პასუხისმგებლობა საერთაშორისო გადაზიდვებზე – რადიაციული მასალების საერთაშორისო გადაზიდვის შემთხვევაში საქართველოს პასუხისმგებლობა მათ ადეკვატურ დაცვაზე ვრცელდება მანამ, სანამ პასუხისმგებლობა შესაბამისად არ გადავა სხვა ქვეყანაზე;

გ) საკანონმდებლო და მარეგულირებელი სისტემა – საქართველოს მთავრობა ვალდებულია შექმნას და შეინარჩუნოს ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) მართვის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ბირთვული და რადიაციული ობიექტების და მასალების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფის მოთხოვნებს ლიცენზიის მფლობელისადმი, ასევე ამ მოთხოვნათა შესრულების მექანიზმს;

დ) ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა − ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სხვადასხვა ელემენტის განხორციელებაზე;

ე) უსაფრთხოების (დაცულობის) კულტურა − ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფის პრიორიტეტად აღიარება მის განხორციელებაში ჩართული ყველა ორგანიზაციის მიერ;

ვ) ეტაპობრივი მიდგომა − ქმედებათა თანამიმდევრობა, რომელიც ითვალისწინებს საფრთხის შეფასებას, ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) ღონისძიებების უზრუნველყოფის ეტაპობრივ განხორციელებას;

ზ) ღრმა დაცულობა − ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) მოთხოვნებში მრავალდონიანი დაცვის და დაცვის მეთოდების (სტრუქტურულისა და ტექნიკურის, ინდივიდუალურისა და ორგანიზაციულის) ასახვა, რომელთა გადალახვაც მოუწევს დამრღვევს თავისი მიზნების მისაღწევად;

თ) ხარისხის უზრუნველყოფა − ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) ხარისხის პროგრამის შექმნა და განხორციელება დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად;

ი) საგანგებო რადიაციულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმები − ლიცენზიის მაძიებლის მიერ რადიაციული მასალების უკანონო გადაადგილებაზე, ბირთვული და რადიაციული ობიექტების ან ბირთვული მასალების საბოტაჟზე ან ამგვარი ქმედებების მცდელობაზე რეაგირების გეგმების შემუშავება; მასზე უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კონტროლის დამყარების ვალდებულება;

კ) კონფიდენციალობა − ინფორმაციის დაცვისათვის მოთხოვნათა ჩამოყალიბება ბირთვული მასალების და ბირთვული და რადიაციული ობიექტების დაცვის უსაფრთხოების პირობების დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

    მუხლი 51. ფიზიკურ უსაფრთხოებაზე (დაცულობაზე) პასუხისმგებლობა, დარღვევების აღკვეთა

ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) პოლიტიკის განხორციელებისა და ძირითადი პრინციპების დაცვისათვის ყალიბდება ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) პირობებს, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს რადიოაქტიური მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების არასანქციონირებული დაუფლების შესაძლებლობას და საბოტაჟის შემთხვევებს;

ბ) ტექნიკურ დახმარებას და ინფორმაციის მიწოდებას დაკარგული ბირთვული მასალების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი დაბრუნებისკენ მიმართული ოპერატიული ზომების მიღებას, ასევე საბოტაჟის შედეგების მინიმიზაციას;

გ) სატრანზიტო ქვეყნის მხრიდან ბირთვული მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების დაცვის უზრუნველყოფის გარანტიების არარსებობისას ტრანზიტის აკრძალვას;

დ) ბირთვული და რადიაციული მასალების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ ინფორმაციის დაცვის ზომებს.

 

თავი XVI. პასუხისმგებლობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისათვის

    მუხლი 52. პასუხისმგებლობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

 

თავი XVII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 53. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2016 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნეს „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონი.

2. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცება. 

3. 2015 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);

გ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);

დ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);

ე) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);

ვ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);

ზ) „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი“;

თ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);

ი) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);

კ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);

ლ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);

მ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);

ნ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932);

ო) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932).

4. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „ტექნიკური რეგლამენტის – მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“.

5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:

ა) (ამოღებულია - 11.11.2015, №4486);

ბ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4486);

გ) „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის“ დამტკიცების თაობაზე“.

51. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:

ა) „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“.

6. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) (ამოღებულია - 11.11.2015, №4486); 

ბ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4486); 

გ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4486); 

დ) (ამოღებულია -11.11.2015, №4486); 

ე) (ამოღებულია - 11.11.2015, №4486);

ვ) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;

ზ) „ტექნიკური რეგლამენტის – ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელებისა და კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“.

7. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) „ტექნიკური რეგლამენტის – სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;

გ) „ტექნიკური რეგლამენტის – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;

დ) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ე) ამოღებულია - 01.06.2017, №894);

ვ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №488 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2014 წლის  12  დეკემბრის კანონი №2932 - ვებგვერდი, 23.12.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4486  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №125 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის  1   ივნისის   კანონი №894  - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

    მუხლი 54. ამ კანონის ამოქმედებამდე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში გაცემული ლიცენზიები და ნებართვები

ამ კანონის ამოქმედებამდე „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონისა და „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №135 დადგენილების საფუძველზე გაცემული ლიცენზიები და ნებართვები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მათზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

    მუხლი 55. დასკვნითი დებულებანი

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 40).

2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი − 52 -ე, 54 -ე მუხლებისა და 55 -ე მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის პირველი −52 -ე, 54 -ე მუხლები და 55 -ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 20 მარტი.

№5912−რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.