დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 449 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 07/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.090.000.05.001.001.567 |
საქართველოს კანონი
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქარ-თველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ.40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების სისტემა
1. საქართველოში ბირთვული და რადიაციული საქმიანობა ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კანონიერების დამადასტურებელ ერთადერთ ოფიციალურ დოკუმენტს.
2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია გაიცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტრო, რომელთანაც ფუნქციონირებს საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო.
4. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ფუნქციაა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებების, პროექტების, კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, რაც ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.
5. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო დაკომპლექტებულია შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებით.
6. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს დასკვნის საფუძველზე ლიცენზიას აფორმებს, სახელმწიფო რეგისტრაციაში ატარებს, გასცემს, ჩამოართმევს და სახელმწიფო რეგისტრაციიდან ხსნის სამინისტრო.
7. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტის შესახებ“, ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
8. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობას მინისტრი ამტკიცებს ბრძანებით.
9. ლიცენზირების პირობები შეიძლება შეიცვალოს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
10. ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობის რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის ლიცენზიის პირობებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, რადიაქტიური ნარჩენების ადგილზე გაუვნებელყოფის ან მათი რადიაქტიური ნარჩენების საცავამდე ტრანსპორტირების მოთხოვნები, აგრეთვე ობიექტებზე გამოყენებული დანადგარების, აგრეგატების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების დემონტაჟის მოთხოვნები.
11. ლიცენზიის მაძიებლისათვის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით.
12. ლიცენზიის მაძიებელი სამინისტროს დამატებით წარუდგენს ინფორმაციას:
ა) ფიზიკური პირისათვის – დაბადების ადგილისა და თარიღის, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებისა და ნომრის თაობაზე;
ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, იურიდიული მისამართის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელისა და გვარის თაობაზე.
13. განცხადებასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგ სამინისტროთა მიერ გაცემული ნებართვები:
ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
გ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 16 სექტემბერი.
№449-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები