საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ

  • Word
საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 21/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.05.001.001.238
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2116
24/04/2003
სსმ, 12, 21/05/2003
190.020.000.05.001.001.238
საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/07/2003 - 24/02/2004)

საქართველოს კანონი

საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს და არეგულირებს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის დამტკიცებას, შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს, აგრეთვე ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას.

    მუხლი 2. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა

საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ვალდებულებათა შესრულების მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზაციისა და გამოყენების მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის, საბიუჯეტო პროცესისა და შესაბამისი ბიუჯეტების ერთობლიობა.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მინისტრი საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლება - აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები;

გ) ადგილობრივი ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიული ერთეულების (სოფელი, დაბა, თემი, რაიონი, ქალაქი და ქალაქი, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები;

დ) ბიუჯეტი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა, რომლებიც დამტკიცებულია ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი დონეების მიერ;

ე) ცენტრალური ბიუჯეტი ცენტრალური ხელისუფლების ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შემოსულობებსა და გადასახდელებს;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტი ცენტრალური ბიუჯეტისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ერთობლიობა;

ზ) ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი, რომლებიც მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიული ერთეულების (სოფელი, დაბა, თემი, რაიონი, ქალაქი და ქალაქი, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ბიუჯეტებს, მათ შემოსულობებსა და გადასახდელებს;

თ) ადგილობრივი ბიუჯეტი საქართველოს ტერიტორიული ერთეულების (სოფელი, დაბა, თემი, რაიონი, ქალაქი და ქალაქი, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში) ბიუჯეტი, მათი შემოსულობები და გადასახდელები;

ი) სპეციალური სახელმწიფო ფონდი ფონდი, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცალკეული და განსაკუთრებული მიზნებისათვის;

კ) მხარჯავი დაწესებულება ბიუჯეტის ხარჯების ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით პირველი თანრიგის დაწესებულება, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება ან საშემოსავლო პროგნოზი და რომელიც პასუხისმგებელია ხარჯებისა და შემოსავლების მართვაზე;

ლ) საბიუჯეტო ორგანიზაცია მხარჯავი დაწესებულება ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეული, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, სტანდარტებისა და წესების შესაბამისად;

მ) საბიუჯეტო (ფისკალური) წელი კალენდარული წელი;

ნ) სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური;

ო) წლიური საბიუჯეტო კანონი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი;

პ) ვალდებულების აღება მომავალში გადახდაზე პასუხისმგებლობის აღება;

ჟ) ბიუჯეტის შემოსულობები ბიუჯეტებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ანგარიშებზე მისაღები ყველა სახის ფულადი სახსრების ერთობლიობა;

რ) ბიუჯეტის გადასახდელები ბიუჯეტებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ანგარიშებიდან გასაცემი ყველა სახის ფულადი სახსრების ერთობლიობა;

ს) ბიუჯეტის შემოსავლები კანონმდებლობის შესაბამისად ბიუჯეტებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ანგარიშებზე მისაღები ფულადი სახსრები, რომელთა დაბრუნება და ანაზღაურება არ ხდება;

ტ) ბიუჯეტის ხარჯები ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მათი ამოცანებისა და ფუნქციების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ფულადი სახსრები.

    მუხლი 4. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები

საბიუჯეტო სისტემის ყველა მონაწილემ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვას შემდეგი პრინციპები:

ა) ყოვლისმომცველობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობისა და გადასახდელის სრულყოფილად ასახვა შესაბამის ბიუჯეტებში;

ბ) გამჭვირვალობა – ბიუჯეტების პროექტების საკანონმდებლო ორგანოებში განხილვის პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის; დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის;

გ) ანგარიშვალდებულება – საბიუჯეტო პროცესის მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ბიუჯეტის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე;

დ) დამოუკიდებლობა – სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსავლების წყაროები და საკუთარი ხარჯების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების შემოსავლები და ხარჯებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა დგინდება კანონმდებლობით;

ე) ერთიანობა – ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ საერთო საფუძვლებით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, ანგარიშთა ერთიანი ჩამონათვალით, საბიუჯეტო დოკუმენტაციით, საქართველოს კონტროლის პალატის ზედამხედველობით სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა;

ვ) უნივერსალურობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, არც ერთი შემოსულობა, დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლების გარდა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული ხარჯის ან/და ღონისძიების დასაფინანსებლად. მხარჯავი დაწესებულების მიერ მიღებული შემოსავლების შენარჩუნება მისი მიზნებისათვის დაუშვებელია;

ზ) კონსოლიდირება – ყველა სახელმწიფო შემოსულობით სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის შექმნა, ამ ფონდიდან ხარჯების გაწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფონდის მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მისი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში.

    მუხლი 5. საბიუჯეტო პროცესი

1. საბიუჯეტო პროცესი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის განუყოფელი ნაწილია. საბიუჯეტო პროცესი არის საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საქმიანობა, რომელიც მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს.

2. ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო;

გ) საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება.

3. ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე, დამტკიცებასა და კონტროლზე უფლებამოსილია შესაბამისი საკანონმდებლო ხელისუფლება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის – საქართველოს პარლამენტი;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;

გ) საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას. საბიუჯეტო სისტემის ყველა დონეზე საბიუჯეტო პროცესის ერთიანობისა და ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მინისტრი გამოსცემს სათანადო სამართლებრივ აქტებს.

    მუხლი 6. ცენტრალური ბიუჯეტის შემოსულობები

ცენტრალური ბიუჯეტის შემოსულობებია:

ა) შემოსავლები, მათ შორის:

ა.ა) მიმდინარე საგადასახადო შემოსავლები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადები;

ა.ბ) მიმდინარე არასაგადასახადო შემოსავლები – სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან მიღებული წმინდა მოგება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული მოგება, ადმინისტრაციული გადასახდელები (მათ შორის, მოსაკრებლები), ჯარიმები და საურავები, ბიუჯეტიდან გაცემული სესხების დაბრუნებით მიღებული და სხვა არასაგადასახადო შემოსავლები (კაპიტალური შემოსავლების გარდა);

ა.გ) კაპიტალური შემოსავლები – ფიქსირებული კაპიტალური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, აქციების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, მიწისა და არამატერიალური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და არასახელმწიფო წყაროებიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერები;

ბ) გრანტები – საშინაო და საგარეო წყაროებიდან ფულადი ფორმით მიღებული გრანტები ან სასაქონლო ფორმით მიღებული და მონეტიზებული გრანტები;

გ) სესხები – საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში, ქვეყნის შიგნით და გარეთ აღებული სესხები.

    მუხლი 7. სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსულობები

სპეციალური სახელმწიფო ფონდები ფინანსდება შესაბამისი კანონებითა და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული შემოსავლებით. სპეციალური სახელმწიფო ფონდების ბიუჯეტები სახელმწიფო ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია და მტკიცდება და სრულდება სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად.

    მუხლი 8. ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების შემოსულობები

ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების შემოსულობებია:

ა) შემოსავლები, მათ შორის:

ა.ა) მიმდინარე საგადასახადო შემოსავლები;

ა.ბ) მიმდინარე არასაგადასახადო შემოსავლები;

ა.გ) კაპიტალური შემოსავლები;

ბ) გრანტები – საშინაო და საგარეო წყაროებიდან ფულადი ფორმით მიღებული გრანტები;

გ) სესხები – ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული და ამ კანონით განსაზღვრული სხვა სესხები.

    მუხლი 9. ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსულობები

ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსულობებია:

ა) შემოსავლები, მათ შორის:

ა.ა) მიმდინარე საგადასახადო შემოსავლები;

ა.ბ) მიმდინარე არასაგადასახადო შემოსავლები;

ა.გ) კაპიტალური შემოსავლები;

ბ) გრანტები – საშინაო და საგარეო წყაროებიდან ფულადი ფორმით მიღებული გრანტები;

გ) სესხები – ცენტრალური ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან მიღებული და ამ კანონით განსაზღვრული სხვა სესხები.

    მუხლი 10. ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების და სპეციალური სახელმწიფო ფონდების გადასახდელები

ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების და სპეციალური სახელმწიფო ფონდების გადასახდელებია:

ა) ხარჯები, მათ შორის:

ა.ა) მიმდინარე ხარჯები – ხელფასები, დახმარებები, საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული სხვა ხარჯები, მიმდინარე ტრანსფერები, სუბსიდიები, პროცენტის დაფარვა და საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული სხვა მიმდინარე ხარჯები;

ა.ბ) კაპიტალური ხარჯები – კაპიტალური აქტივების შეძენა, კაპიტალური ტრანსფერები და საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული სხვა კაპიტალური ხარჯები;

ბ) დაკრედიტება, სააქციო კაპიტალში მონაწილეობა;

გ) ვალის ამორტიზაცია – სესხის ძირითადი თანხის დაფარვა.

    მუხლი 11. საბიუჯეტო კლასიფიკაცია

1. საბიუჯეტო კლასიფიკაცია არის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სისტემური კლასიფიკაცია, რომელიც მოიცავს: შემოსავლების კლასიფიკაციას შემოსავლების წყაროების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური შემოსავლების გამიჯვნით; ხარჯების ეკონომიკურ კლასიფიკაციას ხარჯების სახეების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების გამიჯვნით; ხარჯების ფუნქციონალურ კლასიფიკაციას ხარჯების მიზნების მსგავსობის მიხედვით; ხარჯების ორგანიზაციულ კლასიფიკაციას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით.

2. საბიუჯეტო კლასიფიკაციას საქართველოს კონტროლის პალატასთან კონსულტაციებისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტებთან შეთანხმების საფუძველზე ამტკიცებს მინისტრი.

3. საბიუჯეტო კლასიფიკაცია ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. ასიგნებები

1. ასიგნება არის ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით. ასიგნების გარეშე ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია.

2. პროგნოზირებული ასიგნება წარმოადგენს ასიგნებას, რომელიც დაკავშირებულია ვალის მომსახურებასა და ამორტიზაციასთან ან/და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადახდასთან. პროგნოზირებული ასიგნების ზევით ვალდებულების აღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს პროგნოზირებული ასიგნების გადაჭარბების მიზეზის შესახებ და წლის ბოლოს მისაღები შედეგის პროგნოზს, ხოლო პროგნოზირებული ასიგნების კორექტირება გათვალისწინებული იქნება წლიურ საბიუჯეტო კანონში სათანადო ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში, რომლის მიღების შემდეგაც შეიძლება შესაბამისი ხარჯის გაწევა.

3. ფიქსირებული ასიგნება წარმოადგენს პროგნოზირებულის გარდა ყველა სხვა ასიგნებას. ცენტრალური, ავტონომიური და ადგილობრივი ხელისუფლებებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიერ ფიქსირებული ასიგნების ზევით ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია.

    მუხლი 13. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი

1. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი იქმნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით. ამ ფონდის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფიქსირებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2 პროცენტს.

2. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები. აღნიშნული სახსრები გამოიყოფა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად.

3. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხებს მხარჯავი დაწესებულების განაცხადისა და ფონდის მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად, პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს მინისტრი. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს საჭირო თანხის მოცულობა და მიზნობრიობა.

4. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების ხარჯვის შესახებ კვარტალურ ანგარიშებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

    მუხლი 14. ავტონომიური რესპუბლიკების სარეზერვო ფონდები

ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისათვის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში იქმნება სარეზერვო ფონდები.

    მუხლი 15. ბიუჯეტის პროფიციტი და დეფიციტი

1. ერთი მხრივ, ბიუჯეტის შემოსავლებსა და ფულად გრანტებს და, მეორე მხრივ, ხარჯებსა და დაკრედიტებას შორის დადებითი სხვაობა წარმოადგენს ბიუჯეტის პროფიციტს, ხოლო უარყოფითი სხვაობა – ბიუჯეტის დეფიციტს.

2. სპეციალური სახელმწიფო ფონდების ბიუჯეტები, როგორც წესი, უდეფიციტოა. მათი დეფიციტის დაფარვა ხდება ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

თავი II

ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება

    მუხლი 16. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

    მუხლი 17. ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან კოორდინაციით, ყოველი წლის 1 მარტს იწყებს მუშაობას ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტებზე (საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზზე, საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებზე და საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე). ამ მიზნით სახელმწიფო დაწესებულებები (სამინისტროები, უწყებები, დაწესებულებები, ორგანიზაციები), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.

2. საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზი ეფუძნება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის პროექტს. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაკროეკონომიკურ მიმოხილვას და მოიცავს მთლიან შიდა პროდუქტს, ინფლაციას, ხელფასების ცვლილებებს, წარმოებას სექტორების მიხედვით, სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსს, ვალუტის კურსს, მონეტარულ მაჩვენებლებს და სხვა ძირითად ელემენტებს.

3. საშუალოვადიანი ფისკალური პროგნოზები ეფუძნება საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზს. ისინი მოიცავს შემოსავლების, ხარჯებისა და დაფინანსების ძირითად ელემენტებს და ითვალისწინებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატურ გეგმას, ფინანსურ და პოლიტიკურ ვალდებულებებს.

4. საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ეფუძნება საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზს, საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებს, მიმდინარე წლის ფისკალური მდგომარეობისა და სტრატეგიის ანგარიშს. ისინი მოიცავს მიმდინარე ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობას, წინადადებებს ბიუჯეტის სტრატეგიის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკისა და პრიორიტეტებისაგან, ძირითად ფისკალურ და ფინანსურ დირექტივებსა და მიზნებს, შემოსავლებისა და ხარჯების ძირითად კატეგორიებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის.

5. ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტები მოიცავს:

ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების მაჩვენებლებს გასული, მიმდინარე, დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი საბიუჯეტო წლებისათვის;

ბ) გასული საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი და არანაკლებ დასაგეგმისშემდგომი საბიუჯეტო წლებისათვის:

გ.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზებს;

გ.ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო პრიორიტეტებს სექტორების მიხედვით, ფისკალური საფუძვლების პროგნოზებით;

გ.გ) სახელმწიფო ფისკალურ პოლიტიკას, ძირითადი ფისკალური მიზნებისა და ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად საჭირო მოთხოვნებს;

გ.დ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების მთლიანი შემოსავლების, ხარჯებისა (ძირითადი ფუნქციებისა და ეკონომიკური მუხლების მიხედვით) და ბიუჯეტის დეფიციტის თანაფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან;

გ.ე) შემოსავლების, ხარჯების, გრანტებისა და სესხების აგრეგირებულ მაჩვენებლებს.

6. ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს არა უგვიანეს 15 აპრილისა.

7. ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტებს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტებს არა უგვიანეს 1 მაისისა. ამ კომიტეტებში განხილვების შედეგების გათვალისწინებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამზადებს დასკვნას, რომელიც ეგზავნება პრეზიდენტს არა უგვიანეს 1 ივნისისა.

    მუხლი 18. საბიუჯეტო ცირკულარის მომზადების ვადები და წესი

1. საბიუჯეტო განაცხადის მომზადების დროს ყველა მხარჯავი დაწესებულება და სპეციალური სახელმწიფო ფონდი იყენებს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საბიუჯეტო ცირკულარში მითითებულ ძირითად პარამეტრებს. საბიუჯეტო ცირკულარი მოიცავს თითოეული მხარჯავი დაწესებულებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდის მიხედვით ინფორმაციას კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების შესახებ. საბიუჯეტო ცირკულარს გამოსცემს მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხარჯავი დაწესებულებებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების 15 ივნისამდე დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს კონტროლის პალატის კადრებისა და ხარჯების ზღვრულ მოცულობებს პარლამენტის მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. ამასთან, საქართველოს პარლამენტის ხარჯების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იგი არ უნდა იყოს გასულ საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები.

    მუხლი 19. მხარჯავი დაწესებულებებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიერ საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა

1. მხარჯავი დაწესებულებებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ხელმძღვანელები საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არა უგვიანეს 15 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული საბიუჯეტო წლის ფაქტობრივ შემოსულობებსა და გადასახდელებს, მიმდინარე საბიუჯეტო წლის მოსალოდნელ შემოსულობებსა და გადასახდელებს, დასაგეგმი საბიუჯეტო წლის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზებს, მათ შორის, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მესამე დონის შესაბამისად მიმდინარე, კაპიტალურ და პროგრამულ ხარჯებს;

ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დასაგეგმისშემდგომი საბიუჯეტო წლისათვის გაანგარიშებულ შემოსულობებსა და გადასახდელებს;

გ) ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი თანამშრომლების მოთხოვნილ ოდენობას, მიმდინარე მაჩვენებლიდან გადახრების ჩათვლით;

დ) შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზების დასაბუთებას;

ე) მიღებულ ან მისაღებ არაფულად გრანტებს საცნობარო მუხლის სახით.

2. საბიუჯეტო განაცხადები, რომლებიც შეიცავს ვალდებულებებს ან/და მრავალწლიან ხარჯს, საინვესტიციო პროექტებსა და დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს, წარმოდგენილი უნდა იქნეს თითოეული საბიუჯეტო წლისათვის ცალკე სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით.

3. ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დაუშვებელია.

    მუხლი 20. საბიუჯეტო განაცხადების განხილვა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოწმებს საბიუჯეტო განაცხადებს და მხარჯავ დაწესებულებებთან და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებთან ერთად იხილავს არა უგვიანეს 30 აგვისტოსი.

2. მხარჯავ დაწესებულებას ან სახელმწიფო სპეციალურ ფონდს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის შეუთანხმებელი საკითხები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს არა უგვიანეს 5 სექტემბრისა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და მას განსახილველად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს არა უგვიანეს 15 სექტემბრისა.

    მუხლი 21. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის წარდგენა

1. საქართველოს პრეზიდენტი არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტს თანდართული მასალებით, რომლებიც მოიცავს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა.ა) ინფორმაციას ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შესაბამისად ეკონომიკისა და ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის შესახებ;

ა.ბ) ინფორმაციას საბიუჯეტო წინადადებებისა და მათი გაანგარიშების საფუძვლის შესახებ;

ა.გ) საბიუჯეტო რისკისა და საკრედიტო მდგრადობის საშუალოვადიან ანალიზს;

ბ) ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მეორე რიგის მუხლების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდის ხარჯების ნუსხას, საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში აგრეთვე თითოეული საბიუჯეტო წლისათვის ცალკე სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას და დეტალურ ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ;

გ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას, პროფიციტის გამოყენების ღონისძიებებს ან დეფიციტის დაფინანსების წყაროებს;

დ) ინფორმაციას სახელმწიფო ვალის, სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების და გაუთვალისწინებელი ვალდებულებების, ასევე გარანტიის ამოქმედების შედეგად გადასახდელი თანხების პროგნოზის შესახებ;

ე) ასიგნებებისა და საშემოსავლო პროგნოზების დასაბუთებას;

ვ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე, დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი წლებისათვის. ამასთან, დასაგეგმისშემდგომი წლის შესახებ ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ზოგად მაჩვენებლებში.

3. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტში წარდგენისთანავე.

    მუხლი 22. წლიური საბიუჯეტო კანონის მიღება

1. საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების შემდეგ წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტი განიხილება პლენარულ სხდომაზე.

2. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენებას წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი ან მთავრობის რომელიმე წევრი პრეზიდენტის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით. პარლამენტი ასევე ისმენს საქართველოს კონტროლის პალატისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.

3. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. კანონის მიღება უნდა მოხდეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე.

4. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული წლიური საბიუჯეტო კანონი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მეორე რიგის მუხლების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდის ასიგნებების მოცულობას;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობას;

გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობას;

დ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

ე) პროფიციტის გამოყენების ღონისძიებებს ან დეფიციტის დაფინანსების წყაროებს;

ვ) საშინაო და საგარეო ვალების ძირითადი თანხის დაფარვისათვის საჭირო ასიგნებების მოცულობას;

ზ) სახელმწიფო ვალის, სახელმწიფო სესხებისა და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების ლიმიტებს;

თ) ინფორმაციას საბიუჯეტო წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის არსებული სახელმწიფო ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ.

5. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს წლიურ საბიუჯეტო კანონს, საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში წარუდგენს მას კანონპროექტის ახალ ვარიანტს.

6. წლიური საბიუჯეტო კანონი და მისი დანართები უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის.

    მუხლი 23. ასიგნებები წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში

დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში, კანონის ამოქმედებამდე, მინისტრი უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებზე ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12-ის ოდენობით.

    მუხლი 24. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანა

1. წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილების შეტანის შესახებ წინადადებას ვალდებულების აღებამდე და ხარჯის გაწევამდე საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს, რომელიც გავლენას ახდენს წლიური საბიუჯეტო კანონით დადგენილი შემოსავლების ან/და ხარჯების პროგნოზებზე, საქართველოს პარლამენტი მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ახლავს კანონპროექტი წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ღონისძიება, რომელიც გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობაზე, დაუყოვნებლივ ან სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მომდევნო კვარტალური ანგარიშის განხილვის დროისათვის მაინც უნდა იქნეს ასახული კანონპროექტში წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

3. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტზე დართული მასალები უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო შედეგის პროგნოზებს, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზის განახლებულ ვერსიასთან და საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე.

4. თუ წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშიდან ნათელია, რომ წლიურად პროგნოზირებული შემოსავლები და გრანტები განიცდის 10%-ით ან მეტ დანაკლისს, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს.

    მუხლი 25. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, წარდგენა და დამტკიცება

1. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, წარდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ კანონისა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, განხილვის, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის, საბიუჯეტო ცირკულარის გამოცემისთანავე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას უზრუნველყოფს საბიუჯეტო ცირკულარის შესაბამისი ტექნიკური მითითებებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ.

    მუხლი 26. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, წარდგენა და დამტკიცება

1. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, წარდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მომზადების, განხილვის, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის, საბიუჯეტო ცირკულარის გამოცემისთანავე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებას უზრუნველყოფს საბიუჯეტო ცირკულარის შესაბამისი ტექნიკური მითითებებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ.

    მუხლი 27. საგანგებო ბიუჯეტი

1. საქართველოში ან მის ცალკეულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის წარდგენით შეუძლია დაამტკიცოს საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის.

2. საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებითი ხარჯების დასაფინანსებლად გადასახადებს, მოსაკრებლებსა და სხვა სავალდებულო გადასახდელებს აწესებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგენით.

თავი III

ბიუჯეტის შესრულება

    მუხლი 28. ასიგნებული თანხების გაწერა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წლიური საბიუჯეტო კანონის ხელმოწერისთანავე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თითოეულ მხარჯავ დაწესებულებას აწვდის ინფორმაციას მისთვის გამოყოფილი ასიგნებების შესახებ.

2. მხარჯავი დაწესებულებები პასუხისმგებელნი არიან ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევაზე და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემოსავლების მოკრებაზე. ამასთან, ისინი პასუხისმგებელნი არიან ბიუჯეტის, სახელმწიფო აქტივებისა და ვალდებულებების მართვაზე და პროცედურებისა და მოთხოვნების კონტროლზე.

3. მინისტრი ზედამხედველობს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ორგანიზებასა და მართვას, საქართველოს კონტროლის პალატასთან შეთანხმებით კოორდინაციას უწევს სააღრიცხვო კონტროლსა და შიდა აუდიტს და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს.

    მუხლი 29. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება

1. შემოსავლების მოკრებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხების სრული და დროული მოკრება კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული შემოსავლები წარმოადგენს პროგნოზებს და არ ზღუდავს ფაქტობრივ მოკრებას მაჩვენებლების გადამეტებით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა შემოსულობა ექვემდებარება დაუყოვნებლივ დეპონირებას სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის შესაბამის ქვეანგარიშზე.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვისას უნდა გაკეთდეს კორექტირებები უკან დაბრუნებული თანხებისათვის. ამ შემოსულობების უკან დაბრუნება ხდება სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის შესაბამისი ქვეანგარიშიდან.

5. საგადასახადო შემოსავლების გაწერაში საბიუჯეტო წლის ნახევრისა და კვარტლის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები არ უნდა იყოს წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული წლიური მაჩვენებლის შესაბამისად 48 და 23 პროცენტზე ნაკლები.

    მუხლი 30. ფულის მართვისა და გაცემის გეგმები

1. საბიუჯეტო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის პროცესი უნდა შეესაბამებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს და ეფუძნებოდეს ყოველთვიურ ოპერატიულ ფინანსურ გეგმას.

2. მინისტრი ამზადებს მცურავ ყოველკვარტალურ ფინანსურ გეგმას, რომელიც ეფუძნება შესაბამის პერიოდებში შემოსავლების ფაქტობრივი მოკრების პროგნოზებს, დაფინანსების სხვა წყაროებსა და მოსალოდნელ გადასახდელებს.

3. მინისტრის მიერ გამოცემული წესების თანახმად, თვის დაწყებამდე სახელმწიფო ხაზინა მხარჯავ დაწესებულებებს აცნობებს ყოველთვიურ ოპერატიულ ფინანსურ გეგმას.

    მუხლი 31. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება

1. მხარჯავი დაწესებულებების მიერ ვალდებულებების აღებისა და ხარჯების გაწევის უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის მიერ ამ კანონის შესაბამისად გამოცემული წესებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია. ხარჯის გაწევა უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღებული და დამტკიცებული ვალდებულების შესასრულებლად, თუ ამ კანონით ან მინისტრის მიერ ამ კანონის შესაბამისად გამოცემული ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიმართ.

    მუხლი 32. სახელმწიფო ხაზინა

1. სახელმწიფო ხაზინის საქმიანობა ხორციელდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ყველა სახელმწიფო ფინანსური ოპერაციის გამჭვირვალობა და ანგარიშგება.

2. სახელმწიფო ხაზინა პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სრულ და სწორ აღრიცხვაზე.

3. სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხების მოხსნის შესახებ ნებართვის გაცემის უფლება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ სახელმწიფო ხაზინას.

4. სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსები ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ერთ ან მეტ საბანკო ანგარიშზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის ქვეანგარიშს, აგრეთვე სხვა ბანკებში, სახელმწიფო ხაზინის კონტროლით. საოპერაციო მიზნებისათვის სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გასცეს ნებართვა დამატებითი საბანკო ანგარიშების გახსნის შესახებ. ეს ანგარიშები შენარჩუნებული იქნება ნულოვანი ბალანსის საფუძველზე.

5. ცენტრალური ბიუჯეტის ყველა შემოსულობა და გადასახდელი სრულდება სახელმწიფო სახაზინო სისტემის მეშვეობით და მინისტრის მიერ გამოცემული წესების შესაბამისად. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს სპეციალური სახელმწიფო ფონდების ან შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე სხვა იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შემოსულობებისა და გადასახდელების ადმინისტრირება.

6. სახელმწიფო ხაზინის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო დაწესებულების (ორგანიზაციის) საბანკო ანგარიშის გახსნა. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გააუქმოს ნებართვა საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ და გასცეს ბრძანება ამ ანგარიშის დახურვის თაობაზე. მხარჯავი დაწესებულებები უზრუნველყოფენ, რომ მათ მიერ მიღებული ყველა შემოსავალი სრულად და დაუყოვნებლივ აღირიცხოს სახელმწიფო კონსოლიდირებულ ფონდში. ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით ინახავს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის გარეთ, პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით სახელმწიფო ხაზინა უწევს მას ტექნიკურ მომსახურებას სახაზინო ოპერაციების, აგრეთვე ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადებისათვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს პროცედურებსა და სააღრიცხვო მეთოდოლოგიას, რომლებიც შესაბამისმა ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ფინანსური ოპერაციების წარმოებისას.

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საბოლოო ანგარიშსა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების პროექტს, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

    მუხლი 33. სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შესრულება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება ხორციელდება საკასო მეთოდით.

2. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების გაცემის უფლებამოსილება წყდება მიმდინარე საბიუჯეტო წლის 31 დეკემბერს 24 საათზე.

3. მიმდინარე საბიუჯეტო წლის 31 დეკემბრის შემდეგ მიღებული შემოსულობები ითვლება დასაგეგმი საბიუჯეტო წლის შემოსულობებად.

    მუხლი 34. სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება

1. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს თითოეული მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციაზე და სპეციალურ სახელმწიფო ფონდზე გაცემული გადასახდელების აღრიცხვას (ცენტრალური ბიუჯეტის შემთხვევაში აღრიცხვა მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ხარჯების გაწევის ყველა ეტაპის (ვალდებულებები, დამოწმება, თანხების გაცემა და გადასახდელები) შესახებ), აგრეთვე მხარჯავი დაწესებულებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდის შემოსავლებისა და სხვა შემოსულობების აღრიცხვას. ამასთან, სახელმწიფო ხაზინა აღრიცხვას აწარმოებს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებული შემოსულობებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მიხედვით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით, ყოველი თვის დასრულებიდან 20 დღის განმავლობაში ამზადებს ანგარიშს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, დეფიციტისა და დაფინანსების წყაროების ჩვენებით. სპეციალური სახელმწიფო ფონდის გადასახდელების შესახებ ანგარიშში შეიძლება მოცემული იყოს ინფორმაცია მის მიერ გაცემული თანხების მხოლოდ საერთო რაოდენობის შესახებ.

    მუხლი 35. სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური მიმოხილვა

ყოველი კვარტლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების ყოველკვარტალურ მიმოხილვას, რომელიც მოიცავს:

ა) მაკროეკონომიკისა და საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე მოვლენებს;

ბ) შემოსულობების, გადასახდელების, დეფიციტის, სესხების ან დაფინანსების სხვა წყაროების ფაქტობრივი მოცულობების შედარებას წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ მოცულობებთან, ძირითადი განსხვავებების განმარტებებს.

    მუხლი 36. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება

1. რომელიმე მხარჯავი დაწესებულებიდან ან სპეციალური სახელმწიფო ფონდიდან ერთ ან რამდენიმე მხარჯავ დაწესებულებასა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის გზით.

2. მხარჯავი დაწესებულებისათვის ან სპეციალური სახელმწიფო ფონდისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხები ერთი ან მეტი ასიგნებიდან ერთ ან მეტ ასიგნებაზე შეიძლება გადანაწილდეს მხოლოდ მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამგვარი გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს პირველადი ასიგნების ოდენობის 10 პროცენტის ფარგლებში.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად.

    მუხლი 37. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულება

1. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულება ხორციელდება ამ კანონის 25-ე და 28–36-ე მუხლების დებულებებისა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

    მუხლი 38. ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულება

1. ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულება ხორციელდება ამ კანონის 26-ე და 28–36-ე მუხლების დებულებებისა და „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2. ადგილობრივი ხელისუფლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს ინფორმაციას ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

თავი IV

სესხები და ვალი

    მუხლი 39. სესხის აღების უფლება

1. სახელმწიფო სესხების აღება და მათზე გარანტიების გაცემა შეიძლება მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ხელისუფლებებს უფლება აქვთ სესხი აიღონ მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნებართვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 40. სახელმწიფო სესხების ლიმიტები და სასესხო გარანტიები

1. წლიური საბიუჯეტო კანონი ადგენს ლიმიტებს წლიურ წმინდა სესხებაზე, აგრეთვე სახელმწიფო ვალის მთლიან ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დაუფარავი იყოს წლის შესაბამის მონაკვეთში. ლიმიტები ცალ-ცალკე დგინდება საშინაო და საგარეო ვალებისათვის. ცალკე ლიმიტირებას ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკიდან აღებული სესხი.

2. წლიური საბიუჯეტო კანონი ადგენს ლიმიტებს სახელმწიფო გარე და შიდა სასესხო გარანტიებზე, რომლებიც შეიძლება გაიცეს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

    მუხლი 41. სესხებისა და გარანტიების გაცემის პროცედურები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წლიური საბიუჯეტო კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ვალის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით აიღოს სესხი მისი მიმღებისა და გამცემისათვის მისაღები ნებისმიერი ფორმით. ფინანსთა სამინისტრო თავისუფალია ფინანსური ინსტრუმენტის სახის არჩევისას, მისი მახასიათებლებისა და პირობების ჩათვლით. მონეტარული პოლიტიკის ინტერესების ფარგლებში სამინისტრო მოქმედებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის საფუძველზე.

3. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულებას.

    მუხლი 42. სესხის აღების გამჭვირვალობა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო ვალებისა და სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვას, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ აღებული და გაცემული სესხების აღრიცხვასა და გადახდას. ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო ვალის მართვასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

2. საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშები უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დაუფარავი ვალის შესახებ.

თავი V

აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი

    მუხლი 43. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგია და პასუხისმგებლობა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სტანდარტების პრინციპების საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ აქტებს, რომლებიც უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებების, სპეციალური სახელმწიფო ფონდების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ სტანდარტული სააღრიცხვო პროცედურებისა და ანგარიშგების მოთხოვნების დაცვას.

2. მხარჯავი დაწესებულებები, სპეციალური სახელმწიფო ფონდები, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები პასუხისმგებელნი არიან შემოსულობებისა და გადასახდელების ბუღალტრულ აღრიცხვაზე, კონტროლზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან მათ შესაბამისობაზე.

3. საკუთარ შემოსავლებთან და გაწეულ ხარჯებთან ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია სესხებთან და სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვასა და შემოწმებაზე.

    მუხლი 44. შიდა აუდიტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად მიღებული (გამოცემული) შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულება, სპეციალური სახელმწიფო ფონდი, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები ამტკიცებენ შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურებს. შიდა აუდიტი ხორციელდება მხარჯავი დაწესებულების, სპეციალური სახელმწიფო ფონდის, ავტონომიური და ადგილობრივი ხელისუფლებების ხელმძღვანელების უშუალო ზედამხედველობით.

    მუხლი 45. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების შესაბამისად და დადგენილ ვადებში მხარჯავი დაწესებულებები და სპეციალური სახელმწიფო ფონდები ამზადებენ საბოლოო ანგარიშებსა და ანგარიშგებებს, რომელთა საფუძველზედაც ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშსა და ანგარიშგებას. ეს ანგარიში და ანგარიშგება და საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი დასკვნა წარედგინება საქართველოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში.

    მუხლი 46. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგების შინაარსი

წლიური ანგარიშგება მოიცავს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამის ანგარიშებსა და წლიური საბიუჯეტო კანონის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;

ბ) დამტკიცებულ ბიუჯეტსა და ფაქტობრივ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ აღნიშნული შეუსაბამობა აღემატება 10 პროცენტს;

გ) მოხსენებას სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ, აგრეთვე ფინანსური გარანტიების თაობაზე, რომელთა გაცემა განხორციელდა სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით;

დ) ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების ხარჯვის შესახებ;

ე) ინფორმაციას გაუთვალისწინებელი ვალდებულებების შესახებ.

    მუხლი 47. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ წლიური ანგარიშების შემოწმება

საქართველოს კონტროლის პალატა ვალდებულია განახორციელოს ცენტრალური ბიუჯეტის, სპეციალური სახელმწიფო ფონდებისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბოლოო ანგარიშების შემოწმება და შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს შესაბამისად საქართველოს პარლამენტს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. კონტროლის პალატის დასკვნაში უნდა აისახოს, თუ რამდენად ზუსტი და სრულია წარმოდგენილი ანგარიშები.

    მუხლი 48. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშების დამტკიცება

1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშების განხილვისა და საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენების მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტი არა უგვიანეს 1 ნოემბრისა იღებს დადგენილებას ანგარიშების დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დაუმტკიცებლობის, აგრეთვე წლიური საბიუჯეტო კანონის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ნაწილში მთავრობის საქმიანობა მიიჩნიოს არადამაკმაყოფილებლად და საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დასვას აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მისცეს პრეზიდენტს რეკომენდაციული ხასიათის წინადადებები.

    მუხლი 49. ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ბიუჯეტების შესრულების წლიური ანგარიშების მომზადება, წარდგენა და დამტკიცება

ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ბიუჯეტების წლიური ანგარიშების მომზადება, წარდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ თავში განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.

თავი VI

პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 50. პასუხისმგებლობა

ამ კანონის დამრღვევი პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VII

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 51. მისაღები ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის მიღებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შემდეგი ნორმატიული აქტების პროექტები:

ა) საქართველოს კანონის პროექტი „ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ხაზინის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონის პროექტი „საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილებისა და საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივების შესახებ“;

დ) საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“;

ე) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიმუშავებს და იღებს ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების პროექტებს საბიუჯეტო და სახაზინო საქმიანობის შესახებ.

    მუხლი 511

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2004 წლის შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად.

საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2585 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.185

    მუხლი 52. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.

თავი VIII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 53. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 30-ე მუხლისა, ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის 30-ე მუხლი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი          

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 24 აპრილი.

№2116IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2585 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.185

20. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2440 - სსმ, 47, 28/12/2009 19. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1912 - სსმ, 35, 19/11/2009 18. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1556 - სსმ, 24, 13/08/2009 17. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1530 - სსმ, 19, 24/07/2009 16. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1144 - სსმ, 9, 13/04/2009 15. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 953 - სსმ, 41, 30/12/2008 14. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 952 - სსმ, 41, 30/12/2008 13. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 946 - სსმ, 41, 30/12/2008 12. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 202 - სსმ, 15, 22/07/2008 11. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5918 - სსმ, 7, 26/03/2008 10. 28/12/2007 - საქართველოს კანონი - 5660 - სსმ, 50, 29/12/2007 9. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4913 - სსმ, 22, 19/06/2007 8. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4238 - სსმ, 50, 30/12/2006 7. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2948 - სსმ, 15, 16/05/2006 6. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2608 - სსმ, 56, 28/12/2005 5. 10/03/2005 - საქართველოს კანონი - 1068 - სსმ, 11, 29/03/2005 4. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 901 - სსმ, 5, 17/01/2005 3. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 938 - სსმ, 41, 30/12/2004 2. 24/02/2004 - საქართველოს კანონი - 3361 - სსმ, 7, 16/03/2004 1. 23/07/2003 - საქართველოს კანონი - 2585 - სსმ, 24, 20/08/2003