დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 946 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.003.441 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მინისტრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლება – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები;
გ) ადგილობრივი ხელისუფლება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
დ) ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;
ვ) ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი, რომლებიც მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს, მათი შემოსულობების, ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობას;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ;
თ) მხარჯავი დაწესებულება – ბიუჯეტის ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით პირველი თანრიგის დაწესებულება, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება და რომელიც პასუხისმგებელია მის მართვაზე;
ი) საბიუჯეტო ორგანიზაცია – მხარჯავი დაწესებულება ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეული, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, სტანდარტებისა და წესების შესაბამისად;
კ) საბიუჯეტო (ფისკალური) წელი – კალენდარული წელი;
ლ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური;
მ) წლიური საბიუჯეტო კანონი – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი;
ნ) ბიუჯეტის შემოსავლები – ამ კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოსულობები;
ო) ბიუჯეტის ხარჯები – ამ კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადასახდელები;
პ) ბიუჯეტის არაფინანსური აქტივები, ფინანსური აქტივები და ვალდებულებები – საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები;
ჟ) ნაშთი – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები;
რ) თავისუფალი ნაშთი – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები აკრედიტივების, მიზნობრივი კრედიტებისა და გრანტების ნაშთის გამოკლებით;
ს) ნაშთის ცვლილება – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრების გამოყენება ან დაგროვება;
ტ) ვალდებულების აღება – მომავალში გადახდაზე პასუხისმგებლობის აღება;
უ) მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდები – ბიუჯეტგარეშე ფონდები, რომელთა შექმნის, მართვის, დაფინანსებისა და განკარგვის წესი განისაზღვრება სპეციალური კანონით.
მუხლი 4. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები
1. საბიუჯეტო სისტემის ყველა მონაწილემ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვას შემდეგი პრინციპები:
ა) ყოვლისმომცველობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილების სრულყოფილად ასახვა შესაბამის ბიუჯეტებში;
ბ) გამჭვირვალობა – ბიუჯეტების პროექტების საკანონმდებლო ორგანოებში განხილვის პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის; დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის;
გ) ანგარიშვალდებულება – საბიუჯეტო პროცესის მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ბიუჯეტის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე;
დ) დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობები და ნაშთი, აგრეთვე საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებთან, გადასახდელებთან და ნაშთის ცვლილებასთან დაკავშირებული უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;
ე) ერთიანობა – ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ საერთო საფუძვლებით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, ანგარიშთა ერთიანი ჩამონათვალით, საბიუჯეტო დოკუმენტაციით, საქართველოს კონტროლის პალატის ზედამხედველობით სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა;
ვ) უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, არც ერთი შემოსულობა, დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების გარდა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. მხარჯავი დაწესებულების მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება მისი მიზნებისათვის დაუშვებელია;
ზ) კონსოლიდირება – ყველა სახელმწიფო შემოსულობის ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა და გადასახდელების გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრინციპები არ ვრცელდება „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებულ საბიუჯეტო ურთიერთობებზე.“.
2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ბიუჯეტის შემოსულობები
ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა:
ა) შემოსავლები, მათ შორის:
ა.ა) გადასახადები;
ა.ბ) გრანტები;
ა.გ) სხვა შემოსავლები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).“.
3. მე-8 და მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს.
4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ბიუჯეტის გადასახდელები
ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა:
ა) ხარჯები, მათ შორის:
ა.ა) შრომის ანაზღაურება;
ა.ბ) საქონელი და მომსახურება;
ა.გ) სუბსიდიები;
ა.დ) პროცენტი;
ა.ე) გრანტები;
ა.ვ) სოციალური უზრუნველყოფა;
ა.ზ) სხვა ხარჯები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვაზე მიმართული სახსრები).“.
5. 101 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლის 25%-ს.“.
8. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ბიუჯეტის პროფიციტი და დეფიციტი
1. ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა – ბიუჯეტის მთლიანი სალდო.
2. დადებითი მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის პროფიციტი, ხოლო უარყოფითი მთლიანი სალდო – დეფიციტი.“.
9. 151 მუხლი ამოღებულ იქნეს.
10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 202 მუხლი:
„მუხლი 202. სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა
1. საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაგეგმოს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მთლიანი სალდო, მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების სახსრების რეპატრიაციის გათვალისწინების გარეშე, იქნება დადებითი. ამასთანავე, რეპატრიირებული სახსრების ხარჯვის მიზნით აღნიშნული სახსრები უნდა აისახოს ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში.
2. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ბოლოსთვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული საპროგნოზო ნაშთი არ უნდა იყოს დასაგეგმი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მოცულობის 0,2%-ზე ნაკლები.
3. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის 1 იანვრისათვის არსებული სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო თავისუფალი ნაშთის არანაკლებ 26%-ისა და არა უმეტეს 33%-ისა ყოველკვარტალურად მიიმართება სტაბილური განვითარების ფონდში მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში.“.
11. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (ორგანიზაციული კლასიფიკაციის გარდა) მიხედვით; საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში – აგრეთვე თითოეული საბიუჯეტო წლისათვის ცალკე სავარაუდო ასიგნებებსა და დეტალურ ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ;“.
12. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (ორგანიზაციული კლასიფიკაციის გარდა) მიხედვით;“.
13. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება
1. შემოსავლების მოკრებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხების სრული და დროული მოკრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული შემოსულობები წარმოადგენს პროგნოზებს და არ ზღუდავს ფაქტობრივ მოკრებას მაჩვენებლების გადამეტებით.
3. საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ყველა შემოსულობა ექვემდებარება დაუყოვნებლივ დეპონირებას ხაზინის ერთიან ანგარიშზე.“.
14. 291 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხაზინის ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.
15. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მინისტრი განსაზღვრავს ყოველთვიურ ოპერატიულ ფინანსურ გეგმას, რომელიც ეფუძნება შესაბამის პერიოდებში შემოსულობების, ნაშთის გამოყენებისა და გადასახდელების მოსალოდნელ პროგნოზებს.“.
16. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება
1. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს თითოეული მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციაზე გაცემული გადასახდელების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის (ვალდებულებები, მოთხოვნა, გადახდა) შესახებ. ამასთანავე, სახელმწიფო ხაზინა აღრიცხვას აწარმოებს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებული შემოსულობებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მიხედვით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით, ყოველი თვის დასრულებიდან 20 დღის განმავლობაში ამზადებს ანგარიშს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით.“.
17. 35-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.“.
18. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ასეთი გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნების 5%-ის ფარგლებში.“.
19. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წლიური საბიუჯეტო კანონი ადგენს ლიმიტებს წლიურ წმინდა სესხებაზე, აგრეთვე სახელმწიფო ვალის მთლიან ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დაუფარავი იყოს საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის. ლიმიტები ცალ-ცალკე დგინდება საშინაო და საგარეო ვალებისთვის. ცალკე ლიმიტირებას ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკიდან აღებული სესხი.“.
20. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მხარჯავი დაწესებულებები, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები პასუხისმგებელი არიან შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ბუღალტრულ აღრიცხვაზე, კონტროლზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან მათ შესაბამისობაზე.“.
21. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. შიდა აუდიტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად მიღებული (გამოცემული) შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მხარჯავი დაწესებულება, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები ამტკიცებენ შემოსულობებთან, გადასახდელებთან და ნაშთის ცვლილებასთან დაკავშირებული ოპერაციების შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურებს. შიდა აუდიტი ხორციელდება მხარჯავი დაწესებულების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ხელმძღვანელთა უშუალო ზედამხედველობით.“.
22. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 515 მუხლი:
„მუხლი 515. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი ოდენობა 2010 წელს არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებლის 29%-ს, ხოლო 2011 წელს – 27,5%-ს.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 30 დეკემბერი.
№946–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები