დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2948 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 16/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.002.222 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მხარჯავი დაწესებულება – ბიუჯეტის ხარჯების ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით პირველი თანრიგის დაწესებულება, რომლისთვისაც ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასიგნება და რომელიც პასუხისმგებელია ხარჯების მართვაზე;“.
2. მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სესხები – სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული და ამ კანონით განსაზღვრული სხვა სესხები.“.
3. მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სესხები – სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან მიღებული და ამ კანონით განსაზღვრული სხვა სესხები.“.
4. მე-10 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) მიმდინარე ხარჯები – მუშამოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, დამქირავებლიდან ანარიცხები, მივლინებები, სხვა საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, პროცენტის დაფარვა, სუბსიდიები, სუბვენციები და მიმდინარე ტრანსფერები, აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯები;“.
5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბიუჯეტო კლასიფიკაციას საქართველოს კონტროლის პალატასთან კონსულტაციებისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმების საფუძველზე ამტკიცებს მინისტრი.“.
6. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ავტონომიური რესპუბლიკების სარეზერვო ფონდები
ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში იქმნება სარეზერვო ფონდები მათთვის დამტკიცებული ფიქსირებული ასიგნებების 2%-ის ფარგლებში, რომელთა განკარგვის მიმართულებებს ადგენს შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლება.“.
8. მე-17 მუხლის:
ა) პირველი, მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, ყოველი წლის 1 მარტს იწყებს მუშაობას ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე (საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზზე, საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებზე, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე). ამ მიზნით სახელმწიფო დაწესებულებები (სამინისტროები, უწყებები, დაწესებულებები, ორგანიზაციები), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზი მოიცავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაკროეკონომიკურ მიმოხილვას, მთლიან შიდა პროდუქტს, ინფლაციას, ხელფასის ცვლილებას, უმუშევრობის დონის მაჩვენებლებს, სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსს, ვალუტის კურსს, მონეტარულ და სხვა ძირითად მაჩვენებლებს.
3. საშუალოვადიანი ფისკალური პროგნოზები მოიცავს შემოსავლების, ხარჯებისა და დაფინანსების ძირითად ელემენტებს და ითვალისწინებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს, ფინანსურ და პოლიტიკურ ვალდებულებებს.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები მოიცავს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობას, წინადადებებს ბიუჯეტის სტრატეგიის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკისა და პრიორიტეტებისაგან, შემოსავლებისა და ხარჯების ძირითად კატეგორიებსა და სხვა მონაცემებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.“;
ბ) მე-5 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზებს;“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს მთავრობის სხდომაზე მოწონებულ ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობა წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტებს არა უგვიანეს 1 მაისისა. ამ კომიტეტებში განხილვების შედეგების გათვალისწინებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამზადებს დასკვნას, რომელიც ეგზავნება საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 1 ივნისისა.“.
9. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბიუჯეტო განაცხადის მომზადებისას ყველა მხარჯავი დაწესებულება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების საფუძველზე იყენებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, საბიუჯეტო ცირკულარში მითითებულ ძირითად პარამეტრებს. საბიუჯეტო ცირკულარი მოიცავს თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით ინფორმაციას კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების შესახებ. მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრულ მოცულობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა 15 ივნისამდე. საბიუჯეტო ცირკულარს გამოსცემს მინისტრი კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების დამტკიცებიდან 5 დღეში.“.
10. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დასაგეგმისშემდგომი 3 საბიუჯეტო წლისათვის გაანგარიშებულ შემოსულობებსა და გადასახდელებს;“.
11. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ინფორმაციას სახელმწიფო ვალის, სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების, აგრეთვე გარანტიის ამოქმედების შედეგად გადასახდელი თანხების პროგნოზის შესახებ;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე, დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი წლებისათვის. ამასთანავე, დასაგეგმისშემდგომი 3 წლის შესახებ ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ზოგად მაჩვენებლებში.“.
12. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. ასიგნებები ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში
დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტის დამტკიცებამდე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მინისტრი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულებისათვის – შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცენ თანხა არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12-ის ოდენობისა.“.
13. 28-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა“.
14. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მინისტრი ამტკიცებს ყოველთვიურ ოპერატიულ ფინანსურ გეგმას, რომელიც ეფუძნება შესაბამის პერიოდებში შემოსავლების ფაქტობრივი მოკრების პროგნოზებს, დაფინანსების სხვა წყაროებსა და მოსალოდნელ გადასახდელებს.“.
15. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა
ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს:
ა) მაკროეკონომიკისა და საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე მოვლენებს;
ბ) შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების), დეფიციტის, სესხების ან დაფინანსების სხვა წყაროების ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.“.
16. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხები ერთი ან მეტი ასიგნებიდან ერთ ან მეტ ასიგნებაზე შეიძლება გადანაწილდეს მხოლოდ მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ასეთი გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნების ოდენობის 10%-ის ფარგლებში.“.
17. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 46. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგება
წლიური ანგარიშგება მოიცავს ეკონომიკური, ფუნქციონალური და ორგანიზაციული ხარჯების და შემოსავლების მიხედვით საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამის ანგარიშებსა და წლიური საბიუჯეტო კანონის შესრულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;
ბ) დამტკიცებულ ბიუჯეტსა და ფაქტობრივ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ აღნიშნული შეუსაბამობა აღემატება 10%-ს;
გ) მოხსენებას სახელმწიფო ვალის მართვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ, აგრეთვე ფინანსური გარანტიების თაობაზე, რომელთა გაცემა განხორციელდა სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით;
დ) ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების სახსრების ხარჯვის შესახებ;
ე) ინფორმაციას გაუთვალისწინებელი ვალდებულებების შესახებ.“.
18. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგების შემოწმება
საქართველოს კონტროლის პალატა ვალდებულია შეამოწმოს საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულების საბოლოო ანგარიშგება და შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნებში უნდა აისახოს, თუ რამდენად ზუსტად და სრულად არის წარმოდგენილი ანგარიშგებები.“.
19. 51-ე და 511 მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 28 აპრილი.
№2948–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები