დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4238 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 30/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.002.649 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ადგილობრივი ხელისუფლება – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;“;
ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი, რომლებიც მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ავტონომიური რესპუბლიკების შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს, მათ შემოსულობებსა და გადასახდელებს;
თ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა, რომელსაც ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო);“.
2. მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსავლების წყაროები და საკუთარი ხარჯების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებსა და გადასახდელებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო;
გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;
გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
4. მე-8–მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების შემოსულობები
ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების შემოსულობებია:
ა) შემოსავლები, მათ შორის:
ა.ა) მიმდინარე საგადასახადო შემოსავლები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადები;
ა.ბ) მიმდინარე არასაგადასახადო შემოსავლები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი არასაგადასახადო შემოსავლები (კაპიტალური შემოსავლების გარდა);
ა.გ) კაპიტალური შემოსავლები;
ბ) გრანტები – საშინაო და საგარეო წყაროებიდან ფულადი ფორმით მიღებული გრანტები;
გ) სესხები – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული და ამ კანონით განსაზღვრული სხვა სესხები.
მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობები
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებია:
ა) შემოსავლები, მათ შორის:
ა.ა) მიმდინარე საგადასახადო შემოსავლები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების კუთვნილი გადასახადები;
ა.ბ) მიმდინარე არასაგადასახადო შემოსავლები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების კუთვნილი არასაგადასახადო შემოსავლები (კაპიტალური შემოსავლების გარდა);
ა.გ) კაპიტალური შემოსავლები;
ბ) გრანტები – საშინაო და საგარეო წყაროებიდან ფულადი ფორმით მიღებული გრანტები;
გ) სესხები – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან მიღებული და ამ კანონით განსაზღვრული სხვა სესხები.
მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების გადასახდელები
საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების გადასახდელებია:
ა) ხარჯები, მათ შორის:
ა.ა) მიმდინარე ხარჯები – მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, დამქირავებლიდან ანარიცხები, მივლინებები, სხვა საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, პროცენტის დაფარვა, სუბსიდიები, სუბვენციები და მიმდინარე ტრანსფერები, აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯები;
ა.ბ) კაპიტალური ხარჯები – კაპიტალური აქტივების შეძენა, კაპიტალური ტრანსფერები და საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული სხვა კაპიტალური ხარჯები;
ბ) დაკრედიტება, სააქციო კაპიტალში მონაწილეობა;
გ) ვალის ამორტიზაცია – სესხის ძირითადი თანხის დაფარვა.“.
5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბიუჯეტო კლასიფიკაცია არის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების სისტემური კლასიფიკაცია, რომელიც მოიცავს: შემოსავლების კლასიფიკაციას შემოსავლების წყაროების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური შემოსავლების გამიჯვნით; ხარჯების ეკონომიკურ კლასიფიკაციას ხარჯების სახეების მიხედვით, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების გამიჯვნით; ხარჯების ფუნქციონალურ კლასიფიკაციას ხარჯების მიზნების მსგავსობის მიხედვით; ხარჯების ორგანიზაციულ კლასიფიკაციას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით.“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
„მუხლი 141. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სარეზერვო ფონდები
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში იქმნება სარეზერვო ფონდები მათთვის დამტკიცებული ფიქსირებული ასიგნებების 2 პროცენტის ფარგლებში, რომელთა განკარგვის მიმართულებებს განსაზღვრავს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება.“.
7. მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, ყოველი წლის 1 მარტს იწყებს მუშაობას ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე (საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზზე, საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე). ამ მიზნით სახელმწიფო დაწესებულებები (სამინისტროები, უწყებები, ორგანიზაციები), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.“;
ბ) მე-5 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მაჩვენებლებს გასული, მიმდინარე, დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი საბიუჯეტო წლებისათვის;“;
ბ.ბ) „გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.დ) საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მთლიანი შემოსავლების, ხარჯებისა (ძირითადი ფუნქციებისა და ეკონომიკური მუხლების მიხედვით) და ბიუჯეტის დეფიციტის თანაფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან;“.
8. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. ასიგნებები ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში
დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ბიუჯეტის დამტკიცებამდე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მინისტრი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის – შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცენ თანხა არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12-ის ოდენობისა.“.
9. 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, წარდგენა და დამტკიცება
1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, წარდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ კანონისა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების, განხილვის, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის, საბიუჯეტო ცირკულარის გამოცემისთანავე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას უზრუნველყოფს საბიუჯეტო ცირკულარის შესაბამისი ტექნიკური მითითებებით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ.
მუხლი 26. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, წარდგენა და დამტკიცება
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, წარდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, განხილვის, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებას უზრუნველყოფს შესაბამისი ტექნიკური მითითებებით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ.“.
10. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ყველა შემოსულობა ექვემდებარება დაუყოვნებლივ დეპონირებას ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე.“.
11. 32-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ხაზინა პასუხისმგებელია საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა სრულად და სწორად აღრიცხვისათვის.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა შემოსულობა და გადასახდელი სრულდება სახელმწიფო სახაზინო სისტემის მეშვეობით და მინისტრის მიერ გამოცემული წესების შესაბამისად. საქართველოს სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე უზრუნველყოს იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების ადმინისტრირება.“.
12. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება ხორციელდება ამ კანონის 24-ე, 25-ე და 28-ე–36-ე მუხლების დებულებებისა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.“.
13. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება ხორციელდება ამ კანონის 24-ე, 26-ე და 28-ე–36-ე მუხლების დებულებების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ადგილობრივი ხელისუფლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.“.
14. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების წლიური ანგარიშების მომზადება, წარდგენა და დამტკიცება
ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების წლიური ანგარიშების მომზადება, წარდგენა და დამტკიცება ხორციელდება ამ თავში განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4238–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები