დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 901 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 17/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.001.686 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზნები
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს და არეგულირებს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის დამტკიცებას, შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას.
მუხლი 2. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა
საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებათა შესრულების მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზაციისა და გამოყენების მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის, საბიუჯეტო პროცესისა და შესაბამისი ბიუჯეტების ერთობლიობა.“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა, რომლებიც დამტკიცებულია ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი დონეების მიერ;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შემოსულობებსა და გადასახდელებს;“;
გ) „ჟ“, „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ბიუჯეტის შემოსულობები – ბიუჯეტის ანგარიშებზე მისაღები ყველა სახის ფულადი სახსრების ერთობლიობა;
რ) ბიუჯეტის გადასახდელები – ბიუჯეტის ანგარიშებიდან გასაცემი ყველა სახის ფულადი სახსრების ერთობლიობა;
ს) ბიუჯეტის შემოსავლები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბიუჯეტების ანგარიშებზე მისაღები ფულადი სახსრები, რომელთა დაბრუნება და ანაზღაურება არ ხდება;“.
3. მე-4 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, არც ერთი შემოსულობა, დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების გარდა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული ხარჯის ან/და ღონისძიების დასაფინანსებლად. მხარჯავი დაწესებულების მიერ მიღებული შემოსავლების შენარჩუნება მისი მიზნებისათვის დაუშვებელია;
ზ) კონსოლიდირება – ყველა სახელმწიფო შემოსულობის ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა და ხარჯების გაწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში.“.
4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებია:
ა) შემოსავლები, მათ შორის:
ა.ა) მიმდინარე საგადასახადო შემოსავლები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადები;
ა.ბ) მიმდინარე არასაგადასახადო შემოსავლები – სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან მიღებული დივიდენდები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული მოგება, ადმინისტრაციული გადასახდელები (მათ შორის, მოსაკრებლები), ჯარიმები და საურავები, ბიუჯეტიდან გაცემული სესხების დაბრუნებით მიღებული და სხვა არასაგადასახადო შემოსავლები (კაპიტალური შემოსავლების გარდა);
ა.გ) კაპიტალური შემოსავლები – ფიქსირებული კაპიტალური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, აქციების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, მიწისა და არამატერიალური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და არასახელმწიფო წყაროებიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერები;
ბ) გრანტები – საშინაო და საგარეო წყაროებიდან ფულადი ფორმით მიღებული გრანტები ან სასაქონლო ფორმით მიღებული მონეტიზებული გრანტები;
გ) სესხები – საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში, ქვეყნის შიგნით და გარეთ აღებული სესხები.“.
5. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების გადასახდელები
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების გადასახდელებია:
ა) ხარჯები, მათ შორის:
ა.ა) მიმდინარე ხარჯები – ხელფასები, დახმარებები, საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული სხვა ხარჯები, მიმდინარე ტრანსფერები, სუბსიდიები, პროცენტის დაფარვა და საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული სხვა მიმდინარე ხარჯები;
ა.ბ) კაპიტალური ხარჯები – კაპიტალური აქტივების შეძენა, კაპიტალური ტრანსფერები და საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული სხვა კაპიტალური ხარჯები;
ბ) დაკრედიტება, სააქციო კაპიტალში მონაწილეობა;
გ) ვალის ამორტიზაცია – სესხის ძირითადი თანხის დაფარვა.“.
7. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფიქსირებული ასიგნება წარმოადგენს პროგნოზირებულის გარდა ყველა სხვა ასიგნებას. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ ფიქსირებული ასიგნების ზევით ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია.“.
8. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდები
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები. ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს ფიქსირებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2 პროცენტს.
2. საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები. აღნიშნული სახსრები გამოიყოფა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად.
3. საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს მხარჯავი დაწესებულების განაცხადისა და ფონდების მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად, პრეზიდენტის და მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს მინისტრი. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია ზუსტად განსაზღვროს საჭირო თანხის მოცულობა და მიზნობრიობა.
4. საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების სახსრების ხარჯვის შესახებ კვარტალურ ანგარიშებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.“.
9. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა სამინისტროებთან კოორდინაციით, ყოველი წლის 1 მარტს იწყებს მუშაობას ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტებზე (საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზზე, საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებზე და საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე). ამ მიზნით სახელმწიფო დაწესებულებები (სამინისტროები, უწყებები, დაწესებულებები, ორგანიზაციები), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია.“.
11. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. საბიუჯეტო ცირკულარის მომზადების ვადები და წესი
1. საბიუჯეტო განაცხადის მომზადების დროს ყველა მხარჯავი დაწესებულება იყენებს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საბიუჯეტო ცირკულარში მითითებულ ძირითად პარამეტრებს. საბიუჯეტო ცირკულარი მოიცავს თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით ინფორმაციას კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების შესახებ. საბიუჯეტო ცირკულარს გამოსცემს მინისტრი საქართველოს მთავრობის მიერ მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების 15 ივნისამდე დამტკიცებიდან 5 დღეში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს პარლამენტის კადრებისა და ხარჯების ზღვრულ მოცულობებს პარლამენტის მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით. საქართველოს პარლამენტის ხარჯების ზღვრული მოცულობის დამტკიცებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იგი არ უნდა იყოს გასულ საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.“.
12. მე-19 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მხარჯავი დაწესებულებების ხელმძღვანელები საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არა უგვიანეს 15 აგვისტოსი. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) გასული საბიუჯეტო წლის ფაქტობრივ შემოსულობებსა და გადასახდელებს, მიმდინარე საბიუჯეტო წლის მოსალოდნელ შემოსულობებსა და გადასახდელებს, დასაგეგმი საბიუჯეტო წლის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზებს, მათ შორის, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მესამე დონის შესაბამისად მიმდინარე, კაპიტალურ და პროგრამულ ხარჯებს;
ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დასაგეგმისშემდგომი 2 საბიუჯეტო წლისათვის გაანგარიშებულ შემოსულობებსა და გადასახდელებს;
გ) ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი თანამშრომლების მოთხოვნილ ოდენობას, მიმდინარე მაჩვენებლიდან გადახრების ჩათვლით;
დ) შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზების დასაბუთებას;
ე) მიღებულ ან მისაღებ არაფულად გრანტებს, საცნობარო მუხლის სახით.“.
13. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოწმებს საბიუჯეტო განაცხადებს და მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად იხილავს არა უგვიანეს 30 აგვისტოსი.
2. მხარჯავ დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის შეუთანხმებელი საკითხები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 5 სექტემბრისა.“.
14. 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტს თანდართული მასალებით, რომლებიც მოიცავს:
ა) საქართველოს მთავრობის წარდგინებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა.ა) ინფორმაციას ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შესაბამისად ეკონომიკისა და ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობის შესახებ;
ა.ბ) ინფორმაციას საბიუჯეტო წინადადებებისა და მათი გაანგარიშების საფუძვლის შესახებ;
ა.გ) საბიუჯეტო რისკისა და საკრედიტო მდგომარეობის შესახებ;
ა.დ) საინფორმაციო აღწერილობას საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ, საცნობარო მუხლის სახით;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მეორე რიგის მუხლების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულების ხარჯების ნუსხას, საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში აგრეთვე თითოეული საბიუჯეტო წლისათვის ცალკე სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას და დეტალურ ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ;
გ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას, პროფიციტის გამოყენების ღონისძიებებს ან დეფიციტის დაფინანსების წყაროებს;
დ) ინფორმაციას სახელმწიფო ვალის, სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების და გაუთვალისწინებელი ვალდებულებების, აგრეთვე გარანტიის ამოქმედების შედეგად გადასახდელი თანხების პროგნოზის შესახებ;
ე) ასიგნებებისა და საშემოსავლო პროგნოზების დასაბუთებას;
ვ) წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს გასული, მიმდინარე, დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი წლებისათვის. ამასთან, დასაგეგმისშემდგომი 2 წლის შესახებ ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ზოგად მაჩვენებლებში.“.
15. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მეორე რიგის მუხლების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებების მოცულობას;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობას;“.
16. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. ასიგნებები წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში
დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში, კანონის ამოქმედებამდე, მინისტრი უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12-ის ოდენობით.“.
17. 29-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
18. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
19. 32-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსები ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე, აგრეთვე სხვა ბანკებში, სახელმწიფო ხაზინის კონტროლით. საოპერაციო მიზნებისათვის სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გახსნას დამატებითი საბანკო ანგარიშები.
5. სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა შემოსულობა და გადასახდელი სრულდება სახელმწიფო სახაზინო სისტემის მეშვეობით და მინისტრის მიერ გამოცემული წესების შესაბამისად. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე მოახდინოს იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შემოსულობებისა და გადასახდელების ადმინისტრირება.
6. სახელმწიფო ხაზინის თანხმობის გარეშე დაუშვებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო დაწესებულების (ორგანიზაციის) საბანკო ანგარიშის გახსნა. სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გააუქმოს ნებართვა საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ და გასცეს ბრძანება ამ ანგარიშის დახურვის თაობაზე. მხარჯავი დაწესებულებები უზრუნველყოფენ, რომ მათ მიერ მიღებული ყველა შემოსავალი სრულად და დაუყოვნებლივ აღირიცხოს ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც ბიუჯეტის შემოსულობებს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით ინახავს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის გარეთ, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
20. 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს თითოეული მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციაზე გაცემული გადასახდელების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ხარჯების გაწევის ყველა ეტაპის (ვალდებულებები, დამოწმება, თანხების გაცემა და გადასახდელები) შესახებ, აგრეთვე მხარჯავი დაწესებულების შემოსავლებისა და სხვა შემოსულობების აღრიცხვას. ამასთან, სახელმწიფო ხაზინა აღრიცხვას აწარმოებს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებული შემოსულობებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მიხედვით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით, ყოველი თვის დასრულებიდან 20 დღის განმავლობაში ამზადებს ანგარიშს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, დეფიციტისა და დაფინანსების წყაროების ჩვენებით.“.
21. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური მიმოხილვა
ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალურ მიმოხილვას, რომელიც მოიცავს:
ა) მაკროეკონომიკისა და საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე მოვლენებს;
ბ) შემოსულობების, გადასახდელების, დეფიციტის, სესხების ან დაფინანსების სხვა წყაროების ფაქტობრივი მოცულობების შედარებას წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ მოცულობებთან, ძირითადი განსხვავებების განმარტებებს.“.
22. 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რომელიმე მხარჯავი დაწესებულებიდან ერთ ან რამდენიმე მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების შეტანის გზით.
2. მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხები ერთი ან მეტი ასიგნებიდან ერთ ან მეტ ასიგნებაზე შეიძლება გადანაწილდეს მხოლოდ მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამგვარი გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს პირველადი ასიგნების ოდენობის 10 პროცენტის ფარგლებში.“.
23. 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამოსცემს სათანადო ნორმატიულ აქტებს, რომლებიც უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ სტანდარტული სააღრიცხვო პროცედურებისა და ანგარიშგების მოთხოვნების დაცვას.
2. მხარჯავი დაწესებულებები, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები პასუხისმგებელნი არიან შემოსულობებისა და გადასახდელების ბუღალტრულ აღრიცხვაზე, კონტროლზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან მათ შესაბამისობაზე.“.
24. 44-ე და 45-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. შიდა აუდიტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად მიღებული (გამოცემული) შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით მხარჯავი დაწესებულება, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები ამტკიცებენ შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურებს. შიდა აუდიტი ხორციელდება მხარჯავი დაწესებულების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ხელმძღვანელების უშუალო ზედამხედველობით.
მუხლი 45. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების შესაბამისად და დადგენილ ვადებში მხარჯავი დაწესებულებები ამზადებენ საბოლოო ანგარიშებსა და ანგარიშგებებს, რომელთა საფუძველზედაც ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და ანგარიშგებას. ეს ანგარიში და ანგარიშგება და საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი დასკვნა წარედგინება საქართველოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში.“.
25. 46-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების სახსრების ხარჯვის შესახებ;“.
26. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ წლიური ანგარიშების შემოწმება
საქართველოს კონტროლის პალატა ვალდებულია განახორციელოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბოლოო ანგარიშების შემოწმება და შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს შესაბამისად საქართველოს პარლამენტს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. კონტროლის პალატის დასკვნაში უნდა აისახოს, თუ რამდენად ზუსტი და სრულია წარმოდგენილი ანგარიშები.“.
27. 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
28. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 512 მუხლი:
„მუხლი 512. ხაზინის ერთიანი ანგარიში
ხაზინის ერთიანი ანგარიში სრულად ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან. ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემა 2006 წლის 1 იანვრამდე მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშსა და ბიუჯეტის ხარჯების ძირითად და რეგიონულ ანგარიშებს, დეპოზიტური სახსრებისა და ფულადი გრანტების ანგარიშებს, სავალუტო და სხვა მიზნობრივ ანგარიშებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№901–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები