დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5918 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/03/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 26/03/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.003.157 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“–„ღ“ ქვეპუნქტები:
„ფ) ნაშთი – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები;
ქ) თავისუფალი ნაშთი – შესაბამისი ბიუჯეტის ანგარიშზე შესაბამისი პერიოდისათვის არსებული ფულადი სახსრები, აკრედიტივების, კრედიტებისა და გრანტების გამოკლებით;
ღ) მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდები – ბიუჯეტგარეშე ფონდები, რომელთა შექმნის, მართვის, დაფინანსებისა და განკარგვის წესი განისაზღვრება სპეციალური კანონით.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები
1. საბიუჯეტო სისტემის ყველა მონაწილემ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვას შემდეგი პრინციპები:
ა) ყოვლისმომცველობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობისა და გადასახდელის სრულყოფილად ასახვა შესაბამის ბიუჯეტებში;
ბ) გამჭვირვალობა – ბიუჯეტების პროექტების საკანონმდებლო ორგანოებში განხილვის პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის; დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის;
გ) ანგარიშვალდებულება – საბიუჯეტო პროცესის მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ბიუჯეტის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე;
დ) დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობების წყაროები და საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებსა და გადასახდელებთან დაკავშირებული უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;
ე) ერთიანობა – ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ საერთო საფუძვლებით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, ანგარიშთა ერთიანი ჩამონათვალით, საბიუჯეტო დოკუმენტაციით, საქართველოს კონტროლის პალატის ზედამხედველობით სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა;
ვ) უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, არც ერთი შემოსულობა, დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების გარდა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. მხარჯავი დაწესებულების მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება მისი მიზნებისათვის დაუშვებელია;
ზ) კონსოლიდირება – ყველა სახელმწიფო შემოსულობის ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა და გადასახდელების გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრინციპები არ ვრცელდება „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებთან დაკავშირებულ საბიუჯეტო ურთიერთობებზე.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201. სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა
1. საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაგეგმოს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მთლიანი სალდო, მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების სახსრების რეპატრიაციის გათვალისწინების გარეშე, იქნება დადებითი. ამასთანავე, რეპატრიირებული სახსრების ხარჯვის მიზნით აღნიშნული სახსრები უნდა აისახოს ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში.
2. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ბოლოსთვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული საპროგნოზო ნაშთი არ უნდა იყოს დასაგეგმი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მოცულობის 0,2%-ზე ნაკლები.
3. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის 1 იანვრისათვის არსებული სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო თავისუფალი ნაშთი 40%-დან 50%-მდე მიიმართება მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებში მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში ყოველკვარტალურად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 14 მარტი.
№5918–Iს
დოკუმენტის კომენტარები