სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 771
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 130, 11/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040110000.22.033.016016
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
771
08/10/2010
სსმ, 130, 11/10/2010
040110000.22.033.016016
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/10/2010 - 21/12/2010)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №771

2010 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

1. დამტკიცდეს:

ა) „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები“ (დანართი 1);

ბ)სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი (დანართი 2);

გ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების კვარტალური ანგარიშის ფორმა (დანართი 3).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის 44 ბრძანება.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი

დანართი №1

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, აგრეთვე ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და რეალიზაციის წესსა და პირობებს.

2. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება (შემდგომში – ქონება) – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისთვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფოს ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსი;

ბ) ქონების განკარგვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში სააგენტოს) მიერ ქონების რეალიზაცია, განაწილება ან განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ქონების რეალიზაცია სააგენტოს მიერ ქონების რეალიზაცია აუქციონის (ინტერნეტ -აუციონის, საჯარო აუქციონის) მეშვეობით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან მესამე პირის მეშვეობით;

დ) ქონების განაწილება – სააგენტოს მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ქონების განადგურება – სააგენტოს მიერ ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქონების აღწერას, რეგისტრაციას და განკარგვას ახორციელებს სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

    მუხლი 2. ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვისათვის უფლებამოსილი ორგანო

1. ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას და განკარგვას ახორციელებს სააგენტო.

2. ქონება სააგენტოს გადაეცემა უფლებამოსილი ორგანოს აქტის საფუძველზე.

    მუხლი 3. ქონების აღრიცხვა

1. ქონების თავდაპირველ აღრიცხვას ქონების ჩამორთმევისთანავე აწარმოებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ასევე ახორციელებს ქონების უსაფრთხოების შემოწმებას.

2. ქონების აღრიცხვის პროცესში უნდა დადგინდეს ქონების მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისადმი მიკუთვნების საკითხი.

3. მალფუჭებადი პროდუქციის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს განკერძოებულად და უნდა დაუწესდეს განსაკუთრებული კონტროლი, რათა დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები.

4. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვა სააგენტოზე გადაცემის შემდეგ წარმოებს ჩამორთმეული ქონების სახეობისა და რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

5. ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი ჩამორთმეული ქონების შესახებ ინფორმაციას უგზავნის სააგენტოს.

6. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის უზრუნველსაყოფად სააგენტო აწარმოებს სპეციალურ რეესტრს.

    მუხლი 4. ქონების შენახვა

1. ქონების შენახვას მის სააგენტოსათვის გადაცემამდე უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი.

2. ქონების ზოგიერთი კატეგორიის მიმართ წესდება შენახვის განსაკუთრებული რეჟიმი, მათ შორის:

ა) ფულადი სახსრები და სხვა ფასიანი ქაღალდები შესანახად გადაეცემა საბანკო დაწესებულებებს;

ბ) იარაღი და საბრძოლო მასალა შესანახად გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

გ) ფარმაცევტული საშუალებები შესანახად გადაეცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

3. მალფუჭებადი საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქცია, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს, მისი დაუყოვნებლივ განაწილების და/ან რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეინახება მაცივარ-კამერებში, რასაც უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებისთვის ქონების შესანახად გადაცემისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ქონების შესანახად მიღებისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება ქონების შენახვა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით, დასაშვებია ქონების შენახვა განსხვავებული წესით, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნება.    

6. სააგენტო, ქონების მიღების შემდეგ, ახორციელებს მის საწყობში განთავსებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ქონება ინახება მისი განაწილების, რეალიზაციის ან განადგურების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

    მუხლი 5. ქონების შეფასება და რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო ფასის დადგენა

1. ქონების შეფასებას აწარმოებს სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულება (ექპერტი) ან/და აუდიტორი ფირმა (აუდიტორი), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ქონების ხარისხობრივი ექსპერტიზის, საექსპერტო დაწესებულების (ექპერტის) და/ან აუდიტორი ფირმის (აუდიტორის) დასკვნის გათვალისწინებით, სააგენტო ადგენს ქონების რეალიზაციის საწყის ან/და სარეალიზაციო ფასს.

3. ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისას საგენტომ უნდა გაითვალისწინოს ქონების რაოდენობა და რეალიზაციის ფორმა.

4. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო ფასის დადგენა შესაძლებელია სააგენტოს მიერ გამარტივებული წესით – ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ (მსგავს) პროდუქციაზე არსებული ფასების გათვალისწინებით.

    მუხლი 6. ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება

1. ქონების განადგურების, განაწილების ან რეალიზაციის (მათ შორის, რეალიზაციის ფორმის) შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის ღირებულება (საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ან/და სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემული საქონლის ღირებულება დგინდება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად) არ აღემატება 700 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის/აუდიტის ჩამტარებლების მიერ აღმოჩენილი იქნება უხარისხო და/ან ფალსიფიცირებული საქონელი, რომელიც საშიშია მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან ისეთი საქონელი, რომლის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია, ის ექვემდებარება გადამუშავებას ან განადგურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 7. ქონების განკარგვის ფორმები

1. ქონების განკარგვის ფორმებია:

ა) ქონების რეალიზაცია აუქციონის (ელექტრონული, საჯარო) ფორმით;

ბ) ქონების რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით:

ბ.ა) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

ბ.ბ) სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;

გ) ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით;

დ) ქონების განაწილება;

ე) ქონების განადგურება.

2. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას, თავდაპირველად ხორციელდება მისი ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვა. თუ ქონება არ გაიყიდა ელექტრონული აუქციონის ფორმით, დასაშვებია მისი საჯარო აუქციონის ფორმით რეალიზაცია.

3. გარკვეულ შემთხვევებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შერჩეული განკარგვის ფორმის (საშუალების) კანონმდებლობით გათვალისწინებული განკარგვის სხვა ფორმით (საშუალებით) შეცვლის თაობაზე, რა დროსაც სააგენტოს გენერალური დიექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნს ქონების ბოლო სარეალიზაციო ღირებულება.

    მუხლი 8. საჯარო აუქციონის ორგანიზება

1. საჯარო აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შექმნილი სააუქციონო კომისია. კომისია უნდა შედგებოდეს კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, კონსულტანტის და აუქციონის წამყვანისაგან.

2. ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.

3. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

4. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს საგარანტიო თანხის /ბეს გადახდის ვალდებულება, რომლის ოდენობაც უნდა შეადგენდეს ქონების რეალიზაციის საწყისი ფასის არანაკლებ 10%-ს.

5. აუქციონის ჩატარების თაობაზე სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა, აუქციონის დაწყებამდე სულ ცოტა 5 კალენდარული დღით ადრე (მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში სულ ცოტა 2 კალენდარული დღით ადრე) სააგენტო აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;

ბ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში – ლოტების მიხედვით);

გ) ქონების რეალიზაციის საწყის ფასს;

დ) საგარანტიო თანხის (არსებობის შემთხვევაში) ოდენობას;

ე) სააგენტოს მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და საკონტაქტო პირს;

ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს.

6. სხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზანშეწონილობის საკითხს განსაზღვრავს სააგენტო.

7. ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ ქვეყნდება გაზეთ 24 საათში“ (გარდა მალფუჭებადი პროდუქციის რეალიზაციისა).

    მუხლი 9. აუქციონში მონაწილეობის პირობები

 1. აუქციონის ჩატარების თაობაზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, აუქციონის დაწყებამდე, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააგენტოსთან შეთანხმებით წინასწარ გაეცნოს გასაყიდ ქონებას.

2. აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის კონსულტანტს წარუდგენს:

ა) საგარანტიო თანხის/ბეს (არსებობის შემთხვევაში) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან – იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში;

დ) სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას , თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით.

3. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი ამოწმებს დოკუმენტაციის წარმოდგენის სისწორეს. თუ დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვერ მიიღებს მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში.

4. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი აუქციონში მონაწილეობის იმ მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აღრიცხავს და გადასცემს მონაწილის საიდენტიფიკაციო ბარათს, რომლის საფუძველზეც იგი უფლებამოსილია გამოცხადდეს აუქციონის დარბაზში და მიიღოს სპეციალური ნომრიანი დაფა.

5. პირი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა აუქციონის რამდენიმე ლოტის ვაჭრობაში, საგარანტიო თანხას /ბეს (არსებობის შემთხვევაში) იხდის ცალ-ცალკე თითოეული ლოტისათვის.

6. სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის წარდგენა სრულდება აუქციონის დაწყებისთანავე.

    მუხლი 10. აუქციონის ჩატარების წესი

1. აუქციონის წამყვანმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვა.

2. სააგენტო უზრუნველყოფს ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერებას, აუქციონის ჩასატარებლად აუქციონის დარბაზის მომზადებას და, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს სათანადო სპეციალისტს.

3. აუქციონის თითოეული მონაწილე, აუქციონის დაწყებამდე შედის აუქციონის დარბაზში და იღებს სპეციალურ ნომრიან დაფას, რომელიც აუქციონის დამთავრებისას უკან უნდა დაბრუნდეს.

4. აუქციონის წამყვანი აცხადებს გასაყიდად წარდგენილი ლოტის რიგით ნომერს, მასში შემავალი საქონლის ძირითად ნიშან-თვისებებს, ლოტის რეალიზაციის საწყის ფასს და ფასის მატების ბიჯს.

5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება რეალიზაციის საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, აუქციონის წამყვანი მონაწილეებს აჩვენებს გასაყიდად გამოცხადებულ ქონებას ან წარუდგენს დამსწრეებს ქონების ამსახველ ვიდეო ან ფოტომასალას.

6. აუქციონის მონაწილე, რომელსაც სურს შეიძინოს ვაჭრობისათვის წარდგენილი ლოტი, ზევით სწევს ნომრიან დაფას, ასახელებს ფასს რეალიზაციის საწყისი ფასის მიხედვით, ხოლო ფასის შემდეგი შემოთავაზება მოხდება ბიჯის გათვალისწინებით. თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდა მომდევნო გაზრდილი ფასი, აუქციონის წამყვანი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს.

7. ვაჭრობის დროს აუქციონის მონაწილეებს უფლება აქვთ გაზარდონ ბიჯი აღნიშნულ ქონებაზე მოთხოვნის შესაბამისად.

8. ქონება ითვლება გაყიდულად იმ მონაწილეზე, ვის მიერაც იქნება შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი.

9. სააუქციონო ვაჭრობის შესახებ სააუქციონო კომისიის მდივანი ადგენს ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს აუქციონის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მას ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, აუქციონის წამყვანი, კომისიის მდივანი და აუქციონში გამარჯვებული. ოქმის ასლი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.

10. აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ:

ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;

ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არც ერთი მსურველი;

გ) სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა ვაჭრობაში.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი, ხოლო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველებს და მონაწილეებს გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე უკან არ უბრუნდებათ.

12. თუ არ მოხდება ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

    მუხლი 11. განმეორებითი აუქციონი

1. სააგენტო ნიშნავს განმეორებით აუქციონს იმ შემთხვევაში , თუ პირველი აუქციონის დროს (რომელიც მოიცავს ვადაგაგრძელებულ აუქციონსაც) არ მოხდება ქონების რეალიზაცია. ასეთ შემთხვევაში სააგენტო ადგენს ახალ საწყისს ფასს და ქონება ხელმეორედ გააქვს გასაყიდად.

2. განმეორებით აუქციონზე გასაყიდი ქონების საწყისი ფასი შესაძლებელია შემცირდეს 50%-მდე.

3. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი.

4. თუ განმეორებით აუქციონზეც არ მოხდა ქონების რეალიზაცია, მაშინ სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების შემცირებული ფასით რეალიზაციის და/ან ქონების განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 12. გარიგებათა გაფორმება და ანგარიშსწორება

1. აუქციონში გამარჯვებულმა ოქმის ასლის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში ხელი უნდა მოაწეროს ნასყიდობის ხელშეკრულებას.

2. სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება, გასაყიდი ქონების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა ურთიერთვალდებულებებს გაყიდული ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ, რაც ასახული უნდა იყოს აუქციონის პირობებში.

3. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. აუქციონში გამარჯვებულს სააგენტოს ანგარიშზე შეაქვს ფულადი თანხა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან (გაფორმებიდან) არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გაიტანოს ქონება შესაბამისი საწყობიდან ან საცავიდან.

6. თუ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე უკან არ უბრუნდება.

7. აუქციონში დამარცხებულს უფლება აქვს აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ მოითხოვოს საგარანტიო თანხის/ბეს დაბრუნება, რომელიც უნდა დაბრუნდეს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა.

    მუხლი 13. ქონების რეალიზაცია ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით

1. ქონების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.

2. საქონლის ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

3. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს საგარანტიო თანხის /ბეს გადახდის ვალდებულება და განსაზღვროს მისი ოდენობა.

4. აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა, სააგენტო აკეთებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს (აუქციონის ხანგრძლივობა მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს);

ბ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში – ლოტების მიხედვით;

გ) ქონების რეალიზაციის საწყის ფასს;

დ) საგარანტიო თანხის/ბეს ოდენობას (არსებობის შემთხვევაში);

ე) აუქციონის ჩატარების პირობებს.

5. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ელექტრონულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტ-აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება ;

გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;

დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.

6. აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს საგარანტიო თანხა /ბე.

7. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ინტერნეტ ბანკინგისსაშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

8. ინტერნეტ-აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ“ რეჟიმში.

9. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერაც აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

10. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ.

11. აუქციონში გამარჯვებულს ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები.

12. თუ არ მოხდება ქონების ინტერნეტაუქციონის ფორმით განკარგვა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

13. თუ ინტერნეტაუქციონზე პირველად გატანისას ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია , საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო ფასის არა უმეტეს 50% -ით შემცირების თაობაზე.

14. თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50% -ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

15. ინფორმაცია ინტერნეტაუქციონის თაობაზე ქვეყნდება გაზეთ 24 საათში“.

    მუხლი 14. ქონების რეალიზაცია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით

1. ქონების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით რეალიზაციისას, მყიდველთან იდება (ფორმდება) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონდებლობით დადგენილი წესით.

2. ქონების მყიდველი ვალდებულია სააგენტოს ანგარიშზე შეიტანოს ფულადი თანხა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან (გაფორმებიდან) არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გაიტანოს ქონება შესაბამისი საწყობიდან ან საცავიდან.

    მუხლი 15. ქონების რეალიზაცია სავაჭრო ობიექტების საშუალებით

1. სავაჭრო ობიექტების საშუალებით ქონების რეალიზაციისას, საქონელი განთავსდება სააგენტოს სავაჭრო ობიექტებში.

2. სავაჭრო ობიექტებში ქონების რეალიზაცია წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თუ სავაჭრო ობიექტებში ქონების შეტანის დღიდან 30 დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია , საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით , მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50% -ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 16. ქონების რეალიზაცია ინტერნეტმაღაზიის საშუალებით

1. ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით რეალიზაციის თაობაზე სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღისა, სააგენტო აკეთებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);

ბ) ქონების სარეალიზაციო ფასს;

გ) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით საქონლის შეძენის პირობებს.

2. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შესაძენად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტმაღაზიით ვაჭრობის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;

დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.

3. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

4. თუ ინტერნეტმაღაზიაში ქონების განთავსების დღიდან ერთი თვის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია , საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით , მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50% -ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 17. ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით

1. ქონების რეალიზაცია შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა (მესამე პირმა/პირებმა), რომელთანაც სააგენტო დადებს შესაბამის ხელშეკრულებას.

2. მესამე პირსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულება იდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლითაც დეტალურად უნდა დადგინდეს მომსახურების პირობები.

3. მესამე პირის მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ დადგენილი ქონების სარეალიზაციო ღირებულების 5%-ს.

4. სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, შესაძლებელია ქონება მესამე პირს გადაეცეს რეალიზაციამდე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია მოითხოვოს საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა ქონების ღირებულების სრული ოდენობით.

5. მესამე პირის მეშვეობით ქონების რეალიზაციისას მომსახურების თანხა ემატება სააგენტოს მიერ დადგენილ ქონების სარეალიზაციო ღირებულებას.

    მუხლი 18. ქონების განადგურება

 

1. ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ექსპერტის/აუდიტორის სათანადო დასკვნის საფუძველზე.

2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირი.

3. ქონების განადგურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება საქონლის განადგურება.

4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები.

    მუხლი 19. ქონების განაწილება

1. ქონების განაწილება ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუამდგომლობების, ასევე სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დასაბუთებული შუამდგომლობების საფუძველზე. სახეობის გათვალისწინებით, ქონება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნს სოციალური მიზნებისათვის.

2. ქონების განაწილება ხორციელდება უსასყიდლოდ გადაცემის გზით.

3. ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას სააგენტო უფლებამოსილია დაეყრდნოს ამ ქონებასთან დაკავშირებულ, ქონების ჩამომრთმევი ორგანოს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზასა და შეფასებას.

4. ქონების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია ითვალისწინებდეს გარკვეულ ვალდებულებებს ქონების მიმღების მხრიდან.

    მუხლი 20. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა და გასაჩივრების წესი და ვადები

1. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან განხორციელებული ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება პირს წარმოეშობა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან განხორციელებული ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებიდან და ძალაშია ერთი წლის განმავლობაში.

დანართი №2

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების (შემდგომში – ქონება) რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესს.

    მუხლი 2. სააგენტოს დაფინანსების წყარო და მოცულობა

1. სააგენტოსათვის გადმოცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების და რეალიზაციისათვის აუცილებელი ხარჯები გაიწევა სააგენტოს დაფინანსებიდან.

2. სააგენტოს დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის მოცულობით.

    მუხლი 3. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

1. ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსების, მათ შორის , იმ ოპერაციების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, როდესაც ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება ამონაგებ თანხას, საქართველოს ფინანსთა მინისტრი წლიურ ხარჯთაღრიცხვასთან ერთად ამტკიცებს საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობას ახალი საფინანსო წლის განმავლობაში.

2. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობა განისაზღვრება სააგენტოს წლიური დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის არა უმეტეს ერთი მეოთხედის მოცულობით.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი გამოიყენება წლის განმავლობაში დროებითი ფინანსური გარღვევების დასაფარავად და იმავე წელს უნდა იქნეს აღდგენილი სრული მოცულობით.

    მუხლი 4. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და ანგარიშგება

1. სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. კვარტალურ ანგარიშში მიეთითება მონაცემები განვლილი კვარტლის განმავლობაში და წლის დასაწყისიდან მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ (დანართი 3).

2. კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა , სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ ბრძანების დანართი 3-ით განსაზღვრული ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ ნაწილში (სახაზინო კოდი 3282).

დანართი №3

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება 20-- წლის -კვარტალის მდგომარეობით

 

დასახელება

საანგარიშო კვარტალი

წლის

დასაწყისიდან

1

2

3

4

1

ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/-)

 

 

2

ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა

 

 

3

სააგენტოს დაფინანსება ამონაგები თანხიდან

 

 

4

საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

 

 

5

გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში)

 

 

6

დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (2-3-4) (თანხა ლარებში)

 

 

7

ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (6+1-5) (თანხა ლარებში)

 

 

 

17. 15/06/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 125 - ვებგვერდი, 16/06/2016 16. 03/12/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 396 - ვებგვერდი, 04/12/2015 15. 29/12/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 397 - ვებგვერდი, 30/12/2014 14. 29/05/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 163 - ვებგვერდი, 30/05/2014 13. 03/06/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 171 - ვებგვერდი, 04/06/2013 12. 08/05/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 134 - ვებგვერდი, 10/05/2013 11. 11/02/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 43 - ვებგვერდი, 13/02/2013 10. 21/11/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 493 - ვებგვერდი, 22/11/2012 9. 02/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 308 - ვებგვერდი, 02/08/2012 8. 30/04/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 135 - ვებგვერდი, 03/05/2012 7. 20/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 89 - ვებგვერდი, 21/03/2012 6. 18/10/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 540 - ვებგვერდი, 111018002, 18/10/2011 5. 02/06/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 312 - ვებგვერდი, 110602012, 03/06/2011 4. 29/03/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 179 - ვებგვერდი, 110329001, 01/04/2011 3. 09/02/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 71 - ვებგვერდი, 140211, 14/02/2011 2. 22/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 943 - სსმ, 167, 22/12/2010 1. 21/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 938 - სსმ, 167, 22/12/2010