დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 473 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/09/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 10/10/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.020789 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (17/09/2018 - 14/11/2018)
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება“ თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილება; 2. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების მე-2 მუხლის ფარგლებში მიღებული/გამოცემული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას შესაბამისი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 10 ოქტომბრიდან.
|
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. 2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით. სამინისტრო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. 4. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 6. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. 8. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომლის ფორმასა და გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №144, საფოსტო ინდექსი: 0119. მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანებია: ა) მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და საქმიანობის კოორდინაცია, აგრეთვე დევნილთა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (შემდგომში – ეკომიგრანტთა) სოციალური დაცვისა და განსახლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; ბ) დევნილთა, ეკომიგრანტთა და რეინტეგრაციის საკითხების მიმართულებით: ბ.ა) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების რეგულირება; ბ.ბ) საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული ეკომიგრაციული ნაკადის აღრიცხვა; ბ.გ) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა; გ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში: გ.ა) ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა; გ.ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა; გ.გ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირება; დ) მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში: დ.ა) მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა; დ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური ჯგუფებისათვის შესაბამისი გასაცემლების დადგენილ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა; დ.გ) ბავშვზე ზრუნვა და მასთან დაკავშირებული საკითხები; დ.დ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; ე) შრომისა და დასაქმების სფეროში: ე.ა) შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობა; ე.ბ) შრომითი მიგრაციის რეგულირება; ე.გ) დასაქმების ხელშეწყობა, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხების კოორდინაცია; ე.დ) ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების დანერგვისა და შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევების აღმოფხვრის ხელშეწყობა; ე.ე) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობა და ამავე კანონით ზედამხედველი ორგანოსათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტროს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს მმართველობას მიკუთვნებულ სფეროში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით მათი მიღება (გამოცემა); ბ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა ნაკადის მართვა, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, დევნილთა ადაპტაცია-ინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნის ხელშეწყობა; გ) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა რეინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა; დ) დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ამ პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა; საჭიროებისამებრ, შესაბამისი პროგრამის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; ე) სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და კონტროლი; ზ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებისათვის გამიზნული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლისა და შედეგების მონიტორინგი; თ) ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების მიწოდების წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი; ი) სახელმწიფო ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის უზრუნველყოფა და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი კონტროლი; კ) საექიმო საქმიანობის სფეროში სპეციალისტთა სერტიფიცირების პროცესის ორგანიზება; ლ) სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ფუნქციონირების მიზნით ნორმატიული ბაზის მომზადება და აღნიშნული პროცესის ორგანიზება; მ) პროფესიული რეგულირების მექანიზმების (მ.შ., საექიმო სპეციალობათა ნუსხის) შემუშავება; ნ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავება, განხორციელება და ზედამხედველობა; ო) საქართველოში მიმოქცევაში არსებულ სამკურნალო საშუალებათა ხარისხის კონტროლი; პ) მიზნობრივი სოციალური დახმარებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა; ჟ) დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცება; რ) სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების ნორმების შემუშავების ორგანიზება; ს) ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შემუშავება, სხვადასხვა სპეციალიზებული დაწესებულების (დღის ცენტრი, სათემო ორგანიზაცია და სხვ.) სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება; ტ) ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა; უ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით უფლებამოსილი სამინისტროსათვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ფ) შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, სათანადო პროექტებისა და პროგრამების შემუშავება, განხორციელების ხელშეწყობა; ქ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, წინადადებებისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ღ) შრომითი მიგრაციის რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და, მათი შემცირების მიზნით, წინადადებების შემუშავება; ყ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებითი კანონიერი დასაქმების შესაძლებლობებისა და ამ სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარება და შესაბამისი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; შ) დასაქმებულთა შრომის უსაფრთხო პირობების დაცვის ხელშეწყობა და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის პრევენცია; ჩ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; ც) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავება სხვა სამინისტროებთან, ინსტიტუტებსა და სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით; ძ) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, კვლევების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზება/ხელშეწყობა; წ) იმ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, რომელთა საქმიანობაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება; ჭ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი და მონიტორინგი; ხ) ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის სამინისტროში შემოსულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით; ჯ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ჰ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შეთანხმება; ჰ1) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში მონაწილეობა; ჰ2) ამ დებულებითა და კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად საინფორმაციო სისტემების გამოყენება, რისთვისაც უფლებამოსილია, მიიღოს/დაამუშაოს პირის პერსონალური, სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) და სხვა სამთავრობო უწყებებიდან/ დაწესებულებებიდან. სამინისტრო უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის კანონზომიერ დაცვას, გამოყენებას/წვდომას დევნილთა, შრომისა და სოციალური საკითხების დაცვისა და მართვის გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის, ელჯანდაცვის) სისტემის მართვისა და მდგრადობისათვის ამ სისტემის მონაწილე/სისტემაში ჩართული პირების მხრიდან; ჰ3) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 4. მართვის ავტომატიზებული საშუალებების (საინფორმაციო სისტემების) გამოყენება 1. სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია, გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ავტომატიზებული საშუალებები. 2. სამინისტრო ამ დებულებითა და კანონმდებლობით მისი კომპეტენციის სფეროში დაკისრებული მიზნებისა და ამოცანების შესრულებისას უფლებამოსილია, გამოიყენოს საინფორმაციო სისტემები, რისთვისაც უფლებამოსილია, მიიღოს/დაამუშაოს პირის პერსონალური, სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მონაცემები სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან და სხვა სამთავრობო უწყებებიდან/ დაწესებულებებიდან. სამინისტრო უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის კანონზომიერ დაცვას, გამოყენებას/წვდომას დევნილთა, შრომისა და სოციალური საკითხების დაცვისა და მართვის გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის, ელჯანდაცვის) სისტემის მართვისა და მდგრადობისათვის ამ სისტემის მონაწილე/სისტემაში ჩართული პირების მხრიდან. მუხლი 5. სამინისტროს სისტემა 1. სამინისტროს სისტემის შემადგენლობაში არიან: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები. 2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან: ა) სოციალური მომსახურების სააგენტო; ბ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო; გ) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი; ე) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ვ) საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; ზ) ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება. 3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან: ა) ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი; დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი; ე) იურიდიული დეპარტამენტი; ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ზ) ეკონომიკური დეპარტამენტი; თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ი) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; კ) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი; ლ) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი; მ) დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტი. მუხლი 6. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრი: ა) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას; ბ) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე; დ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და, კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირებს; ვ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; ზ) მინისტრის ბრძანებით ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანხმობას აძლევს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებაზე; თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; კ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში; ლ) ასრულებს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს; მ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ნ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს; ასევე ძალადაკარგულად ცნობს აღნიშნულ თანამდებობის პირთა აქტებს, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით, საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ამ კანონმდებლობის ფარგლებში; ო) გამოსცემს ბრძანებებს საქართველოს საკანონმდებლო აქტის, საქართველოს პრეზიდენტისა და/ან საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე და მათ შესასრულებლად; პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს საკონკურსო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისათვის; ჟ) უფლებამოსილია, თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები, კომისიები და საბჭოები; რ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის; ს) დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებათა მისაღებად; ტ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად; უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებებს მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხების შესახებ; ფ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ამოცანებს; ღ) განსაზღვრავს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს; ყ) უფლებამოსილია, მინისტრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების განხორციელების უფლება მიანიჭოს სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებს. 3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით. 4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 5 მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი. 5. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 6. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის უფლებამოსილებას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. 7. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, მინისტრის დავალებით, ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. მუხლი 7. სამინისტროს თანამდებობის პირები და სხვა მოსამსახურეები 1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ბ) სამინისტროს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მოადგილეები; გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები. 2. სამინისტროს სხვა მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი 1. სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობებს; გ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას; დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს; ვ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს; ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად; ი) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს. მუხლი 9. ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ერთიანი სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება; გ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა დამუშავება/განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით, სამოქმედო გეგმების შემუშავება; ე) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება; ვ) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ზ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვისა და განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავება; თ) თანამშრომელთა სამუშაოს ეფექტური შესრულების მონიტორინგი, შუალედური და პროგრესის ანგარიშების წარმოება აღნიშნულ საკითხზე და რეკომენდაციების მომზადება; ი) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება; კ) შრომითი ურთიერთობების სფეროში დოკუმენტაციის წარმოება (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა); ლ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა; მ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; ნ) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, პერსონალის მოტივირებისა და შრომითი კმაყოფილების ზრდის ხელშეწყობა; ო) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; პ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; ჟ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დონორ ორგანიზაციებთან დასადები ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმების) მომზადების პროცესის კოორდინაცია; რ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ასოციირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხორციელების ყოველწლიური ერთიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული (6-თვიანი და წლიური) ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და შესაბამისი კომპეტენტური უწყებისთვის წარდგენა; ს) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; ტ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; უ) სამინისტროს მოწვევით უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირთა ოფიციალური დელეგაციების ვიზიტის მომზადების კოორდინაცია (ვიზიტის პროგრამის შედგენა, პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება) და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; ფ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის მგზავრობის, დაბინავებისა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); ქ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა; ღ) სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფა; ყ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოსათვის დაკისრებული ფუნქციების, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება; შ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა; ჩ) სამინისტროს ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 10. შიდა აუდიტის დეპარტამენტი შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სამინისტროს მიერ წარმოებული საქმიანობის მართებულობისათვის, რესურსების ეფექტიანად და ეკონომიურად გამოყენებისათვის, მართვის გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა, რისკების ანალიზი, სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრა ობიექტური შემოწმებისა და შეფასების საშუალებით; ბ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და მათი განუხრელი შესრულების კონტროლი; დ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ საჩივარ-განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ე) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის/ინფორმაციის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა. მუხლი 11. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო, წამლისა და ფარმაცევტულ, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა სფეროებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მართვა; ბ) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინების) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა; გ) ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მარეგულირებელი მექანიზმებისა და ნორმების შემუშავება და მათი პერიოდული სრულყოფა; დ) კომპეტენციის სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, კოორდინაცია, მონიტორინგი, შეფასება და ანალიზი; ე) მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ანგარიშების მომზადება და გამოცემა; ვ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მარეგულირებელი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია; ზ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა; თ) ჯანმრთელობის დაცვის საინფორმაციო სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფის მარეგულირებელი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა; ი) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული რეგულირების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება/სრულყოფა; კ) სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომ განათლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის შემუშავება/სრულყოფა. მუხლი 12. სოციალური დაცვის დეპარტამენტი სოციალური დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ბ) სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება; გ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი აქტების შემუშავება და სრულყოფა; დ) შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების სფეროში, ასევე სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა; ე) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; ვ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა. მუხლი 13. იურიდიული დეპარტამენტი იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა; ბ) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებული კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა; დ) საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტების განსახილველად საჭირო ღონისძიებების გატარება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელ თათბირში მონაწილეობა; ე) მინისტრის ან მინისტრის მოადგილის ზეპირი ან წერილობითი დავალების შესაბამისად, კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ვ) ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პროექტებისა); ზ) მინისტრის ნორმატიული ხასიათის აქტების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა; თ) მინისტრის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში რეგისტრაციისა და გამოქვეყნებისათვის გაგზავნა; ი) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში. მუხლი 14. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება; ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; გ) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დასაწყობების ორგანიზება; დ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სასაწყობე მეურნეობის მართვა; ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება. მუხლი 15. ეკონომიკური დეპარტამენტი ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; ბ) დევნილთა, ეკომიგრანტთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისთვის/უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი; გ) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება, ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; დ) საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა; ე) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა. მუხლი 16. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი 1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიზანია, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვით, მათი მომსახურებითა და განვითარებით ხელი შეუწყოს სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების მიღწევას. 2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების, საქსელო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფა მათი ეფექტიანი ადმინისტრირების, მომსახურებისა და განვითარების გზით; ბ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული სისტემების, ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება; ინფორმაციული სისტემების განვითარების ერთიანი პლატფორმის განსაზღვრა მათი ურთიერთინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით; გ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისათვის დაგეგმილი პროექტების განხილვა და სათანადო დასკვნების მომზადება; დ) სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მომუშავე სამსახურების (პირების) მეთოდური ხელმძღვანელობა და საქმიანობის კოორდინაცია. მუხლი 17. მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან სამინისტროს კომუნიკაციის კოორდინაცია; ბ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამინისტროს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების, პროექტების, გეგმების, რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა; გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ოფიციალური კომენტარისა და ინტერვიუს მიცემის კოორდინაცია; დ) საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, მართვა და განხორციელების უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენების/ანგარიშების შექმნა, დაბეჭდვა და გავრცელების უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს შესახებ ინტერნეტგამოცემების, ბეჭდური მედიისა და სატელევიზიო სიუჟეტების მონიტორინგის საფუძველზე ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; ზ) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ი) საჯარო ინფორმაციის გაცემა. მუხლი 18. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) შრომითი კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ბ) შრომის სფეროში მოქმედი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება; გ) შრომის სფეროში სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა; დ) კოლექტიური შრომითი დავების რეგულირებისთვის სოციალურ პარტნიორებთან ერთად მოდერატორის ფუნქციების შესრულება; ე) შრომისა და დასაქმების სფეროში საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი; სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება/წარდგენა; ვ) დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფის წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ზ) საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა რეინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა; თ) შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის (პროფორიენტაცია, პროფკონსულტირება, დასაქმებაში დახმარება) განვითარების მხარდაჭერა; ი) სამუშაოს მაძიებლების (მ.შ., უმუშევრების) რეგისტრაციისა და აღრიცხვის მეთოდური მასალების შემუშავება; კ) სამუშაოს მაძიებლის პროფესიული მომზადება-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და ზედამხედველობა; ლ) დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელი სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; მ) დასაქმების ფორუმების ორგანიზება; ნ) შრომითი მიგრაციის (შიდა და გარე) რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ო) შრომითი მიგრაციის რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და რისკების შეფასების მეთოდოლოგიის საფუძველზე რისკების იდენტიფიცირება, მათი შეფასება და მართვა; პ) დასაქმების კერძო სააგენტოების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; ჟ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ წვევამდელთა გაწვევის განხორციელება, რომლებმაც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარი განაცხადეს სამხედრო ვალდებულების მოხდაზე და ამ მოქალაქეების დასაქმების ორგანიზაცია; რ) საქართველოს მასშტაბით დამატებითი სამუშაო ადგილების მოძიება, ხელშეკრულების დადება დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასა და დაწესებულებასთან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის განკუთვნილ მოქალაქეთა დასასაქმებლად; ს) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზაციის უზრუნველყოფა; ტ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე, პირადად გაწვეულისათვის მისი გამწვევი ორგანოსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციისათვის მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაგზავნა; უ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხის შემუშავება დაინტერესებული უწყებებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადებების შესაბამისად; ფ) საჭიროების შემთხვევაში, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის სამუშაო ადგილის შეცვლის ორგანიზება; ქ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით შესული განცხადებებისა და მასალების განხილვა, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობისა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ღ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა; ყ) შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავება; შ) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო აქტის პროექტების, საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები აქტის პროექტებისა და მინისტრის მიერ მისაღები აქტის პროექტების მომზადება, მომზადებაში მონაწილეობის მიღება (კომპეტენციის ფარგლებში); ჩ) შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კვლევების განხორციელება; ც) კომპეტენციის ფარგლებში, შრომისა და დასაქმების სფეროში შესაბამის ინსტიტუტებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. მუხლი 19. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოებისადმი არსებული პირობების ინსპექტირების მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება/სრულყოფა; ბ) შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; გ) სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული შემთხვევების ან იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; დ) დასაქმებულთა და/ან დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში, სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ე) ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა; ვ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ზ) შრომის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; თ) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით საზედამხედველო ორგანოს ფუნქციების შესასრულებლად საჭირო წინადადებებისა და საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი აქტის პროექტების მომზადება, სამინისტროს სხვა დარგობრივ დეპარტამენტებთან კოორდინაციით; ი) შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების შედეგად მოპოვებული მონაცემების შეგროვება და სტატისტიკის წარმოება/ანალიზი, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზება/ხელშეწყობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, იმ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, რომელთა საქმიანობაც შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება; ლ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი და მონიტორინგი; მ) შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება; ნ) შრომის უსაფრთხოების სფეროში გასაფორმებელი მემორანდუმების/ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება, სამინისტროს სხვა დარგობრივ დეპარტამენტებთან კოორდინაციით. მუხლი 20. დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტი დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) დევნილთა და ეკომიგრანტთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება; ბ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საჭიროებების ანალიზი და მის საფუძველზე სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; გ) დევნილთა განსახლების პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, დევნილთა ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტების დახურვის რიგითობის განსაზღვრა; დევნილთა ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტების გამოსყიდვაზე მიზანშეწონილობის განსაზღვრა და მის უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადებების მომზადება; ახალაშენებული საცხოვრებელი ფართების დევნილთათვის შესყიდვაზე გადაწყვეტილებების მომზადება; დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობის განსაზღვრა და მის უზრუნვესაყოფად შესაბამისი წინადადებების მომზადება; დ) „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის“ წარმოების წესის თაობაზე შესაბამისი პროექტის/წინადადებების შემუშავება და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ე) ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების პოლიტიკის შემუშავება; ვ) დევნილთა და ეკომიგრანტთა სფეროში შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში შესაბამისი მარეგულირებელი აქტების შემუშავება და მათი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება; ზ) ეკომიგრანტთა სოციალური დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება; თ) კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი მიგრაციული პროცესების ანალიზი; ი) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტური მართვის მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; კ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა და სხვა პირთა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაცვის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში სათანადო მექანიზმების შემუშავება; ლ) დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა დაგეგმვა. მუხლი 21. კომისიები და საბჭოები 1. მინისტრს შეუძლია, თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), აგრეთვე სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მათი ამოცანები და საქმიანობის წესი. 2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება სათათბირო ორგანოს ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანების შესრულების ვადები და სათათბირო ორგანოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირი, ორგანო ან სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი. 3. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები. 4. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს. 5. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს სათათბირო ორგანოს სამდივნო, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. 6. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია, მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია. 7. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. სათათბირო ორგანო საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. სხდომას იწვევს სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან სათათბირო ორგანოს წევრის თხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე. 9. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 10. სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 11. სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. 12. საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ორგანოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში. 13. სათათბირო ორგანოს მუშაობისას მოსამსახურის დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 14. სათათბირო ორგანო, თუ მას აქვს დებულებით გათვალისწინებული სხვაგვარი წესები, საქმიანობას წარმართავს ამ სათათბირო ორგანოს დებულების შესაბამისად. 15. სათათბირო ორგანოს შექმნისას შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლისაგან განსხვავებული დებულებები. |
დოკუმენტის კომენტარები