დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საპარლამენტო ფრაქციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 848 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/09/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.070.05.001.000.237 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (20/04/2000 - 04/10/2002)
საქართველოს კანონი
საპარლამენტო ფრაქციის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საპარლამენტო ფრაქცია
საპარლამენტო ფრაქცია ( შემდგომში – ფრაქცია) არის საერთო პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს ფრაქციის ჩამოყალიბების, რეგისტრაციის, საქმიანობისა და გაუქმების წესს, ფრაქციის უფლებამოსილებას, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და სხვა კოალიციის სამართლებრივ მდგომარეობას.
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ფრაქციის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა ფრაქციის შესახებ მოიცავს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონს, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებსა და პარლამენტის რეგლამენტს.
მუხლი 4. ფრაქციის ამოცანები
ფრაქციის ამოცანებია:
ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის საგარეო და საშინაო საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) მონაწილეობა მიიღოს პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, ასევე მათ მიერ პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებასა და საპარლამენტო ქცევის სტანდარტების დაცვას;
გ) გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი პარლამენტის უმთავრესი ფუნქციის – კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებაში.
თავი II
ფრაქციის ჩამოყალიბებისა და გაუქმების წესი
მუხლი 5. ფრაქციის ჩამოყალიბების პირობები
1. ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ ათ წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც დადასტურებულია პარლამენტის მიერ.
2. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.
3. ფრაქციის ჩამოყალიბება შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.
4. დაუშვებელია ფრაქციის სახით პარლამენტის წევრთა ისეთი გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს პირადი, პროფესიული, ადგილობრივი ან რელიგიური ინტერესების დაცვას.
მუხლი 6. ფრაქციის ჩამოყალიბება
1. ფრაქციის ჩამოყალიბების მსურველი პარლამენტის წევრთა ჯგუფი შეიმუშავებს ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.
2. ფრაქცია ჩამოყალიბებულად ითვლება მასში გაერთიანებული პარლამენტის არანაკლებ ათი წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.
3. ახალჩამოყალიბებული ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს. თავმჯდომარის არჩევის წესსა და პროცედურას განსაზღვრავს ფრაქციის წესდება.
4. სავალდებულოა ახალჩამოყალიბებული ფრაქციის რეგისტრაცია.
მუხლი 7. ფრაქციის რეგისტრაციის პირობები
ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის ჩამოყალიბებიდან ერთი კვირის ვადაში რეგისტრაციისათვის განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს. განცხადებაში უნდა აღინიშნოს ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება და პერსონალური შემადგენლობა, ფრაქციის თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელი პირებისა და წევრთა ვინაობის მითითებით. განცხადებას უნდა დაერთოს ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება.
მუხლი 8. ფრაქციის რეგისტრაციის წესი
1. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას წარუდგენს ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ დოკუმენტებს. მასალები შესასწავლად გადაეცემა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას ორი კვირის ვადაში წარუდგენს ბიუროს. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო.
2. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის სხდომაზე.
მუხლი 9. ინფორმაცია ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე
ინფორმაცია ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე და ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტების ტექსტი ეცნობება პარლამენტს და ქვეყნდება " პარლამენტის უწყებანში".
მუხლი 10. ცვლილებები ფრაქციაში
1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან.
2. ფრაქციას უფლება აქვს, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიიღოს ახალი წევრი ან გარიცხოს წევრი ფრაქციიდან.
3. ფრაქციის თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ სამი დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს.
4. ინფორმაცია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ეცნობება პარლამენტს და ქვეყნდება " პარლამენტის უწყებანში".
მუხლი 11. ფრაქციის გაუქმება
თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა პარლამენტის ათ წევრზე ნაკლები, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება.
თავი III
ფრაქციის უფლებამოსილებანი
მუხლი 12. ფრაქციის უფლებამოსილების დადგენა
ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ფრაქცია ახორციელებს ჩამოყალიბების მომენტიდან. ყველა სხვა უფლებამოსილებას ფრაქცია იძენს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ.
მუხლი 13. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება
საქართველოს კონსტიტუციის 67- ე მუხლის თანახმად, ფრაქციას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
მუხლი 14. შეკითხვის უფლება
ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ, პასუხისმგებელ ორგანოს და მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებულნი არიან უპასუხონ დასმულ შეკითხვას.
მუხლი 15. პარლამენტის ორგანოებში წარმომადგენლობის უფლება
1. ფრაქცია წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობს პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობაში.
2. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა პარლამენტის ორგანოებში, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
3. პარლამენტის ორგანოში ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის ან ფრაქციის მიერ ამ ორგანოდან გამოწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატი, რის შესახებაც პარლამენტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი აცნობებს პარლამენტს.
4. ფრაქციათა შექმნის, შეერთების, გაყოფის ან გაუქმების შემთხვევაში პარლამენტის ბიურო გადაანაწილებს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. თუ ფრაქცია არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას, საკითხი წყდება პარლამენტის სხდომაზე.
5. კვოტირების ნორმების შეცვლის შემთხვევაში პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება პარლამენტის იმ წევრებზე, რომელთაც პარლამენტის ორგანოებში არჩევითი თანამდებობები უკავიათ.
მუხლი 16. ინფორმაციის გავრცელების უფლება
1. ფრაქციას უფლება აქვს, გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი " პარლამენტის უწყებანში", მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, გამოუშვას საინფორმაციო ბიულეტენი.
2. პარლამენტის აპარატი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტის წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა.
3. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის ხელმძღვანელი პირი.
მუხლი 17. პარლამენტისა და კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის უფლება
ფრაქციას უფლება აქვს, პარლამენტისა და კომიტეტის სხდომებზე, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, გამოთქვას თავისი მოსაზრება პარლამენტის მიერ ასარჩევი, დასანიშნი ან დასამტკიცებელი კანდიდატების მიმართ, მონაწილეობა მიიღოს კამათში, მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა, განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 171. სასჯელაღსრულების დასებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება
ფრაქციას უფლება აქვს თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისად დასვას საკითხი მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ.
საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №255 - სსმ I, №16, 02.05.2000 წ., მუხ.40
მუხლი 18. ფრაქციის წესდება
1. ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საკითხებს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად აწესრიგებს ფრაქციის წესდება.
2. ფრაქციის წესდებაში განსაზღვრული უნდა იყოს ფრაქციის ჩამოყალიბების, მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება. ფრაქციის მიზნები და ამოცანები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის წესი.
3. ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის სხდომა.
თავი IV
ფრაქციის სტრუქტურა
მუხლი 19. ფრაქციის სხდომა
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.
2. ფრაქციის სხდომა ღიაა. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება გამოცხადდეს დახურული სხდომა.
3. ფრაქციის სხდომა იმართება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ დღეს, აგრეთვე საჭიროებისამებრ.
4. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:
ა) გადაწყვიტოს საპარლამენტო უმრავლესობაში, უმცირესობაში ან სხვა კოალიციაში ფრაქციის გაერთიანების საკითხი;
ბ) შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ფრაქციის წესდებაში;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;
დ) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;
ე) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
მუხლი 20. ფრაქციის ხელმძღვანელი პირები
1. ფრაქციის ხელმძღვანელი პირები არიან: ფრაქციის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივანი.
2. ფრაქციის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ფრაქციას პარლამენტში და მის გარეთ;
გ) თანამდებობრივად შედის პარლამენტის ბიუროს შემადგენლობაში;
დ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;
ე) ახორციელებს ფრაქციის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს და, საჭიროებისამებრ, წესდებით გათვალისწინებული წესით, ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას.
4. ფრაქციის მდივანი ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დავალებებს, ხელმძღვანელობს ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საქმიანობას, ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის წესს და მათ კომპეტენციას განსაზღვრავს ფრაქციის წესდება.
თავი V
ფრაქციის საქმიანობის გარანტიები
მუხლი 21. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება სათანადო პირობები და გამოიყოფა შესაბამისი თანხა.
2. ფრაქციას პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო პარლამენტის შენობაში – სამუშაო ფართობი.
3. ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი. ფრაქციის აპარატის თანამშრომლების რაოდენობას და ანაზღაურების პირობებს, პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
4. ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი ფრაქციის თავმჯდომარის წარდგინებით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე, ასეთი ხელშეკრულებისათვის შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ფრაქციის აპარატის საშტატო ოდენობა, ფრაქციისათვის პარლამენტის შენობაში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1983 - სსმ I, №20 (27), 09.06.1999 წ., მუხ.80
თავი VI
საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობა და სხვა კოალიცია
საქართველოს 1999 წლის 25 ნოემბრის კანონი №8 - სსმ I, №45(52), 26.11.1999 წ., მუხ.234
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
მუხლი 22. საპარლამენტო უმრავლესობა
1. უმრავლესობა იქმნება როგორც ერთი ფრაქციის, ისე საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე ორი ან მეტი საპარლამენტო ფრაქციის, ამ ფრაქციებს მიმხრობილი პარლამენტის წევრებისაგან, თუ მასში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა გადააჭარბებს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს.
2. საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება შეიქმნას, თუ:
ა) მასში გაერთიანდებიან მხოლოდ პარლამენტის წევრები, რომელთა რაოდენობა აღემატება პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს;
ბ) არჩევნებში მონაწილე ერთ- ერთი პარტია ან პარტიათა გაერთიანება მოიპოვებს პარლამენტის წევრთა მანდატების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს;
გ) პარლამენტის წევრები და საპარლამენტო ფრაქციები ერთიანი პლატფორმის საფუძველზე გაერთიანდებიან პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის რაოდენობით.
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
მუხლი 221. საპარლამენტო უმცირესობა
1. საპარლამენტო უმცირესობა იქმნება საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში, საერთო პლატფორმის საფუძველზე იმ საპარლამენტო ფრაქციისაგან, ფრაქციებისაგან, მათდამი მიმხრობილი პარლამენტის წევრებისაგან ან მათი ნაწილისაგან, რომლებიც არ გაერთიანდნენ უმრავლესობაში. საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტს.
2. საპარლამენტო უმცირესობა შეიძლება შეიქმნას საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში, თუ:
ა) მასში გაერთიანდებიან მხოლოდ პარლამენტის წევრები, რომელთა რაოდენობა აღემატება საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ნახევარს;
ბ) პარლამენტის წევრები და საპარლამენტო ფრაქციები ერთიანი პლატფორმის საფუძველზე გაერთიანდებიან საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტის რაოდენობით.
საქართველოს 1999 წლის 25 ნოემბრის კანონი №8 - სსმ I, №45(52), 26.11.1999 წ., მუხ.234
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
მუხლი 23. სხვა კოალიცია
1. საპარლამენტო ფრაქციები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ითვლებიან მიუმხრობლებად.
2. მიუმხრობლებმა შეიძლება შექმნან სხვა კოალიცია, თუ:
ა) მასში გაერთიანებულია მიუმხრობელ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი;
ბ) მიუმხრობელი პარლამენტის წევრები და საპარლამენტო ფრაქციები ერთიანი პლატფორმის საფუძველზე გაერთიანდებიან მიუმხრობელ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტის რაოდენობით.
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
მუხლი 24. საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და სხვა კოალიციის რეგისტრაცია
1. საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა და სხვა კოალიცია უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციისათვის საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები, სხვა კოალიციის თავმჯდომარე ბიუროს წარუდგენენ განცხადებას, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერების, სხვა კოალიციის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის წევრთა ვინაობა. განცხადებას თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის პოლიტიკური პლატფორმა და დებულება, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერების, სხვა კოალიციის თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობაში, საპარლამენტო უმცირესობასა და სხვა კოალიციაში გაერთიანებული ფრაქციების თავმჯდომარეთა ხელმოწერები.
2. ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის რეგისტრაციის შესახებ ეცნობება პარლამენტს და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში“.
საქართველოს 1999 წლის 25 ნოემბრის კანონი №8 - სსმ I, №45(52), 26.11.1999 წ., მუხ.234
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
მუხლი 25. საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის აპარატები
1. საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები, რომლებიც იქმნება დადგენილი წესით.
2. საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის აპარატების საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობაში, საპარლამენტო უმცირესობასა და სხვა კოალიციაში გაერთიანებულ ფრაქციათა აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე.
3. საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობისა და სხვა კოალიციის შიდაორგანიზაციული საკითხები და საქმიანობის წესი რეგულირდება შესაბამისად მათი დებულებებით.
საქართველოს 1999 წლის 25 ნოემბრის კანონი №8 - სსმ I, №45(52), 26.11.1999 წ., მუხ.234
საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
თავი VII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 26. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1995 წლის 21 დეკემბრის კანონი " საპარლამენტო ფრაქციის შესახებ".
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 16 სექტემბერი.
№848– Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1983 - სსმ I, №20 (27), 09.06.1999 წ., მუხ.80
2. საქართველოს 1999 წლის 25 ნოემბრის კანონი №8 - სსმ I, №45(52), 26.11.1999 წ., მუხ.234
3. საქართველოს 2000 წლის 24 თებერვლის კანონი №171 - სსმ I, №8, 15.03.2000 წ., მუხ.16
4. საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №255 - სსმ I, №16, 02.05.2000 წ., მუხ.40
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები