საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 848
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.190.070.05.001.000.237
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
848
16/09/1997
პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997
010.190.070.05.001.000.237
საპარლამენტო ფრაქციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/10/1997 - 28/05/1999)

საქართველოს კანონი

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საპარლამენტო ფრაქცია

საპარლამენტო ფრაქცია ( შემდგომში ფრაქცია) არის საერთო პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.

    მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს ფრაქციის ჩამოყალიბების, რეგისტრაციის, საქმიანობისა და გაუქმების წესს, ფრაქციის უფლებამოსილებას, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქციათა კოალიციის სამართლებრივ მდგომარეობას.

    მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ფრაქციის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა ფრაქციის შესახებ მოიცავს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონს, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებსა და პარლამენტის რეგლამენტს.

    მუხლი 4. ფრაქციის ამოცანები

ფრაქციის ამოცანებია:

) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის საგარეო და საშინაო საკითხებთან დაკავშირებით;

) მონაწილეობა მიიღოს პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, ასევე მათ მიერ პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებასა და საპარლამენტო ქცევის სტანდარტების დაცვას;

) გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი პარლამენტის უმთავრესი ფუნქციის კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებაში.

თავი II

ფრაქციის ჩამოყალიბებისა და გაუქმების წესი

    მუხლი 5. ფრაქციის ჩამოყალიბების პირობები

1. ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ ათ წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც დადასტურებულია პარლამენტის მიერ.

2. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

3. ფრაქციის ჩამოყალიბება შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.

4. დაუშვებელია ფრაქციის სახით პარლამენტის წევრთა ისეთი გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს პირადი, პროფესიული, ადგილობრივი ან რელიგიური ინტერესების დაცვას.

    მუხლი 6. ფრაქციის ჩამოყალიბება

1. ფრაქციის ჩამოყალიბების მსურველი პარლამენტის წევრთა ჯგუფი შეიმუშავებს ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.

2. ფრაქცია ჩამოყალიბებულად ითვლება მასში გაერთიანებული პარლამენტის არანაკლებ ათი წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.

3. ახალჩამოყალიბებული ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს. თავმჯდომარის არჩევის წესსა და პროცედურას განსაზღვრავს ფრაქციის წესდება.

4. სავალდებულოა ახალჩამოყალიბებული ფრაქციის რეგისტრაცია.

    მუხლი 7. ფრაქციის რეგისტრაციის პირობები

ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის ჩამოყალიბებიდან ერთი კვირის ვადაში რეგისტრაციისათვის განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს. განცხადებაში უნდა აღინიშნოს ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება და პერსონალური შემადგენლობა, ფრაქციის თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელი პირებისა და წევრთა ვინაობის მითითებით. განცხადებას უნდა დაერთოს ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება.

    მუხლი 8. ფრაქციის რეგისტრაციის წესი

1. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას წარუდგენს ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ დოკუმენტებს. მასალები შესასწავლად გადაეცემა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას ორი კვირის ვადაში წარუდგენს ბიუროს. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო.

2. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის სხდომაზე.

    მუხლი 9. ინფორმაცია ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე

ინფორმაცია ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე და ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტების ტექსტი ეცნობება პარლამენტს და ქვეყნდება " პარლამენტის უწყებანში".

    მუხლი 10. ცვლილებები ფრაქციაში

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან.

2. ფრაქციას უფლება აქვს, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიიღოს ახალი წევრი ან გარიცხოს წევრი ფრაქციიდან.

3. ფრაქციის თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ სამი დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს.

4. ინფორმაცია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ეცნობება პარლამენტს და ქვეყნდება " პარლამენტის უწყებანში".

    მუხლი 11. ფრაქციის გაუქმება

თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა პარლამენტის ათ წევრზე ნაკლები, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება.

თავი III

ფრაქციის უფლებამოსილებანი

    მუხლი 12. ფრაქციის უფლებამოსილების დადგენა

ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ფრაქცია ახორციელებს ჩამოყალიბების მომენტიდან. ყველა სხვა უფლებამოსილებას ფრაქცია იძენს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ.

    მუხლი 13. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

საქართველოს კონსტიტუციის 67- მუხლის თანახმად, ფრაქციას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

    მუხლი 14. შეკითხვის უფლება

ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ, პასუხისმგებელ ორგანოს და მთავრობის ცალკეულ წევრს, რომლებიც ვალდებულნი არიან უპასუხონ დასმულ შეკითხვას.

    მუხლი 15. პარლამენტის ორგანოებში წარმომადგენლობის უფლება

1. ფრაქცია წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობს პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობაში.

2. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა პარლამენტის ორგანოებში, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

3. პარლამენტის ორგანოში ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის ან ფრაქციის მიერ ამ ორგანოდან გამოწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატი, რის შესახებაც პარლამენტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი აცნობებს პარლამენტს.

4. ფრაქციათა შექმნის, შეერთების, გაყოფის ან გაუქმების შემთხვევაში პარლამენტის ბიურო გადაანაწილებს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. თუ ფრაქცია არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას, საკითხი წყდება პარლამენტის სხდომაზე.

5. კვოტირების ნორმების შეცვლის შემთხვევაში პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება პარლამენტის იმ წევრებზე, რომელთაც პარლამენტის ორგანოებში არჩევითი თანამდებობები უკავიათ.

    მუხლი 16. ინფორმაციის გავრცელების უფლება

1. ფრაქციას უფლება აქვს, გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი " პარლამენტის უწყებანში", მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, გამოუშვას საინფორმაციო ბიულეტენი.

2. პარლამენტის აპარატი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტის წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა.

3. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის ხელმძღვანელი პირი.

    მუხლი 17. პარლამენტისა და კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის უფლება

ფრაქციას უფლება აქვს, პარლამენტისა და კომიტეტის სხდომებზე, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, გამოთქვას თავისი მოსაზრება პარლამენტის მიერ ასარჩევი, დასანიშნი ან დასამტკიცებელი კანდიდატების მიმართ, მონაწილეობა მიიღოს კამათში, მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა, განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 18. ფრაქციის წესდება

1. ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საკითხებს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად აწესრიგებს ფრაქციის წესდება.

2. ფრაქციის წესდებაში განსაზღვრული უნდა იყოს ფრაქციის ჩამოყალიბების, მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება. ფრაქციის მიზნები და ამოცანები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის წესი.

3. ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფრაქციის სხდომა.

თავი IV

ფრაქციის სტრუქტურა

    მუხლი 19. ფრაქციის სხდომა

1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.

2. ფრაქციის სხდომა ღიაა. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება გამოცხადდეს დახურული სხდომა.

3. ფრაქციის სხდომა იმართება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ დღეს, აგრეთვე საჭიროებისამებრ.

4. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:

) გადაწყვიტოს საპარლამენტო უმრავლესობაში ან ფრაქციათა კოალიციაში ფრაქციის გაერთიანების საკითხი;

) შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ფრაქციის წესდებაში;

) მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;

) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;

) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

    მუხლი 20. ფრაქციის ხელმძღვანელი პირები

1. ფრაქციის ხელმძღვანელი პირები არიან: ფრაქციის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივანი.

2. ფრაქციის თავმჯდომარე:

) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;

) წარმოადგენს ფრაქციას პარლამენტში და მის გარეთ;

) თანამდებობრივად შედის პარლამენტის ბიუროს შემადგენლობაში;

) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;

) ახორციელებს ფრაქციის წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს და, საჭიროებისამებრ, წესდებით გათვალისწინებული წესით, ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას.

4. ფრაქციის მდივანი ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დავალებებს, ხელმძღვანელობს ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საქმიანობას, ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის წესს და მათ კომპეტენციას განსაზღვრავს ფრაქციის წესდება.

თავი V

ფრაქციის საქმიანობის გარანტიები

    მუხლი 21. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება სათანადო პირობები და გამოიყოფა შესაბამისი თანხა.

2. ფრაქციას პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო პარლამენტის შენობაში სამუშაო ფართობი.

3. ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი, რომლის სტრუქტურას, საშტატო ოდენობასა და ანაზღაურების პირობებს, პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. ფრაქციის აპარატის საშტატო ოდენობა, ფრაქციისათვის პარლამენტის შენობაში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

თავი VI

საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქციათა კოალიცია

    მუხლი 22. საპარლამენტო უმრავლესობა

1. საპარლამენტო უმრავლესობა შეიძლება შეიქმნას, თუ:

) მასში გაერთიანდებიან მხოლოდ პარლამენტის წევრები, რომელთა რაოდენობა აღემატება პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარს;

) არჩევნებში მონაწილე ერთ- ერთი პარტია ან პარტიათა გაერთიანება მოიპოვებს პარლამენტის წევრთა მანდატების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს;

) პარლამენტის წევრები და საპარლამენტო ფრაქციები ერთიანი პლატფორმის საფუძველზე გაერთიანდებიან პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის რაოდენობით.

    მუხლი 23. ფრაქციათა კოალიცია

ფრაქციათა კოალიცია შეიძლება შეიქმნას ორი ან მეტი საპარლამენტო ფრაქციისაგან.

    მუხლი 24. საპარლამენტო უმრავლესობის , ფრაქციათა კოალიციის რეგისტრაცია

1. საპარლამენტო უმრავლესობა ( ფრაქციათა კოალიცია) უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის ბიუროს მიერ მისი რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციისათვის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ( ფრაქციათა კოალიციის თავმჯდომარე) ბიუროს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ( ფრაქციათა კოალიციის თავმჯდომარის) და საპარლამენტო უმრავლესობის ( ფრაქციათა კოალიციის) წევრთა ვინაობა. განცხადებას თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის ( ფრაქციათა კოალიციის) პოლიტიკური პლატფორმა და დებულება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ( ფრაქციათა კოალიციის თავმჯდომარის) და საპარლამენტო უმრავლესობაში ( ფრაქციათა კოალიციაში) გაერთიანებული ფრაქციების თავმჯდომარეების ხელმოწერებით.

2. ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის ( ფრაქციათა კოალიციის) რეგისტრაციის შესახებ ეცნობება პარლამენტს და ქვეყნდება " პარლამენტის უწყებანში".

    მუხლი 25. საპარლამენტო უმრავლესობის , ფრაქციათა კოალიციის აპარატი

1. საპარლამენტო უმრავლესობის ( ფრაქციათა კოალიციის) საქმიანობას უზრუნველყოფს მისი აპარატი, რომელიც იქმნება დადგენილი წესით.

2. საპარლამენტო უმრავლესობის ( ფრაქციათა კოალიციის) აპარატის საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობაში ( ფრაქციათა კოალიციაში) გაერთიანებულ ფრაქციათა აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე.

3. საპარლამენტო უმრავლესობის ( ფრაქციათა კოალიციის) შიდაორგანიზაციული საკითხები და საქმიანობის წესი რეგულირდება მისი დებულებით.

თავი VII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 26. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1995 წლის 21 დეკემბრის კანონი " საპარლამენტო ფრაქციის შესახებ".

 

საქართველოს პრეზიდენტი                                ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 16 სექტემბერი.

848– Iს

13. 06/12/2018 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 3875-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 12. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3535-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 11. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6534-Iს - ვებგვერდი, 03/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2699 - სსმ, 12, 24/03/2010 9. 23/10/2008 - საქართველოს კანონი - 401 - სსმ, 29, 04/11/2008 8. 20/06/2008 - საქართველოს კანონი - 44 - სსმ, 11, 04/07/2008 7. 14/04/2006 - საქართველოს კანონი - 2885 - სსმ, 11, 01/05/2006 6. 10/03/2005 - საქართველოს კანონი - 1067 - სსმ, 11, 29/03/2005 5. 04/10/2002 - საქართველოს კანონი - 1364 - სსმ, 9, 26/04/2002 4. 20/04/2000 - საქართველოს კანონი - 255 - სსმ, 16, 02/05/2000 3. 24/02/2000 - საქართველოს კანონი - 171 - სსმ, 8, 15/03/2000 2. 25/11/1999 - საქართველოს კანონი - 8 - სსმ, 45(52), 26/11/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 1983 - სსმ, 20(27), 09/06/1999