დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2885 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/04/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 01/05/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.190.070.05.001.002.205 |
საქართველოს კანონი
„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 36) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ფრაქციის რეგისტრაცია ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე
ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია. თუ დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პირველსავე სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მუხლი 8. ფრაქციის რეგისტრაციის წესი და პირობები
1. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის შემოსულ მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო კომიტეტის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება და ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტების ტექსტი ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში“.
2. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. ფრაქციაში გაწევრიანება
1. ფრაქციაში გაწევრიანების მსურველი პარლამენტის წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.
2. ფრაქცია პარლამენტის წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
3. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.“.
3. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ცვლილებები ფრაქციაში
1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან, რის შესახებაც 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნულ ფაქტს პარლამენტს აცნობებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
2. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს ახალი წევრი ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
3. ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. თუ ფრაქციაში დარჩა ათ პარლამენტის წევრზე ნაკლები, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ფრაქციის გაუქმების შესახებ პარლამენტს აცნობებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
4. ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორების შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
5. ინფორმაციას ამ კანონის 81 მუხლსა და ამ მუხლის პირველ და მე-2–მე-4 პუნქტებში აღნიშნული ცვლილებების შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში“.
მუხლი 11. ფრაქციის გაუქმება
თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა ათ პარლამენტის წევრზე ნაკლები, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, რის შესახებაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და ქვეყნდება „პარლამენტის უწყებანში“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 14 აპრილი.
№2885–Iს
დოკუმენტის კომენტარები