დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6534-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190070.05.001.016837 |
საქართველოს კანონი
„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 36) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საპარლამენტო ფრაქცია
საპარლამენტო ფრაქცია (შემდგომ – ფრაქცია) არის პარლამენტის წევრთა გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო აღნიშნული კომიტეტის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“.
3. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ფრაქციის წევრის განცხადება ფრაქციიდან გასვლის შესახებ ძალაში შედის განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კანონის 81 მუხლსა და ამ მუხლის პირველ−მე-4 პუნქტებში აღნიშნული ცვლილებების შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“.
4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ფრაქციის გაუქმება
თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.“.
5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. შეკითხვის უფლება
ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობის ცალკეულ წევრებს. ისინი ვალდებული არიან, უპასუხონ შეკითხვას.“.
6. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფრაქციას უფლება აქვს, გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი პარლამენტის ვებგვერდზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, გამოუშვას საინფორმაციო ბიულეტენი.“.
8. მე-19 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფრაქციის სხდომათა გამართვის პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“;
ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გადაწყვიტოს ფრაქციის საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანების საკითხი;“.
9. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდს, რომელიც განისაზღვრება ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.“.
10. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმცირესობა“.
11. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
12. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. საპარლამენტო უმრავლესობა
1. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია იძენს საპარლამენტო უმრავლესობის სტატუსს.
2. საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს.“.
13. 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს.
3. საპარლამენტო უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.“.
14. 25-ე და 251 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის რეგისტრაცია
1. საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ.
2. რეგისტრაციისათვის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ განცხადებებს, რომლებშიც უნდა აღინიშნოს შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის და მათი წევრების ვინაობა.
3. განცხადებებს უნდა დაერთოს საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის პოლიტიკური პლატფორმები და დებულებები, რომლებიც ხელმოწერილია შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის და უმრავლესობასა და უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა თავმჯდომარეების მიერ.
4. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის ჩამოყალიბებისა და რეგისტრაციის წესები განისაზღვრება ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით.
მუხლი 25 1. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის აპარატები
1. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები, რომლებიც იქმნება დადგენილი წესით.
2. საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობის აპარატის საშტატო ერთეულების რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისად უმრავლესობაში, უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა აპარატების საშტატო ერთეულების ხარჯზე.
3. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის შინაორგანიზაციული საკითხები რეგულირდება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მათი დებულებებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 22 ივნისი.
№6534-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები