შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

  • Word
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 763
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
ძალაში შესვლის თარიღი 14/08/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.300.000.05.001.000.219
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
763
12/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
010.300.000.05.001.000.219
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/12/2006 - 17/07/2009)

საქართველოს კანონი

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

თავი I

ძირითადი ნაწილი

    მუხლი 1

  1. ეს კანონი აწესრიგებს პირებისათვის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების განხორციელებას – წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება არ ვრცელდება სამხედრო ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში მყოფ პირებზე, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სპეციალური უფლებამოსილებების მქონე მოსამსახურეებზე.

3. ამ კანონით გათვალისწინებულია ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3401 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.16

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4266 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.451

    მუხლი 2

     საქართველოს კანონმდებლობა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტებისა და მათ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებისაგან.

    მუხლი 3

  ამ კანონის მიხედვით:

ა) „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით;

ბ) „მანიფესტაცია“ არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით;

გ) „მარწმუნებელი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი პოლიტიკური პარტია, გაერთიანება, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი;

დ) „რწმუნებული“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი;

ე) „ორგანიზატორი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ აქციის ორგანიზების ხელმძღვანელობისთვის გამოყოფილი პირი;

ვ) „პასუხისმგებელი პირები“ არიან შეკრების ან მანიფესტაციის რწმუნებული და ორგანიზატორი;

ზ) „უფლებამოსილი წარმომადგენელი“ არის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანების განსახორციელებლად გამოყოფილი პირი.

    მუხლი 4

  1. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისას და ჩატარებისას, აგრეთვე ცალკეული მოქალაქეების მიერ თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვისას, სავალდებულოა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვა.

 2. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

    მუხლი 5

  1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის სავალდებულოა პოლიტიკური პარტიების, გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების რწმუნებულების მიერ სათანადო გაფრთხილების შეტანა ადგილობრივი მმართველობის ორგანოში აქციის ჩატარების ადგილის მიხედვით. გაფრთხილებას ხელს აწერენ რწმუნებული და ორგანიზატორი – შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები.

2. მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები არ შეიძლება იყვნენ პასუხისმგებელი პირები.

    მუხლი 6

1. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უფლება აქვს, განსაზღვროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეკრებების ჩატარების მუდმივი ადგილი და დრო.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უფლებამოსილება არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით აღიარებული უფლებების განხორციელებას სხვა ადგილებში.

    მუხლი 7

გაფრთხილება არ არის სავალდებულო ცალკეული მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვა პლაკატებით, ლოზუნგებით, ტრანსპარანტებით ან სხვა სახვითი საშუალებებით, მაგრამ მათ არა აქვთ უფლება, ამისათვის გამოიყენონ შენობების შესასვლელები და კიბეები, გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი ან შეაფერხონ ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობა.

    მუხლი 8

  1. გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოში მის მოწყობამდე არა უგვიანეს 5 დღისა.

2. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს:

ა) შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყებისა და დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;

ბ) მარწმუნებლის ვინაობა;

გ) პასუხისმგებელი პირების ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო.

3. გაფრთხილებას თან უნდა ერთვოდეს რწმუნების დამადასტურებელი საბუთი. წერილობით უნდა აღინიშნოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების მიერ აქციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.

4. გაფრთხილებას ხელს აწერენ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები.

[5. ადგილობრივი მმართველობის ორგანო არ მიიღებს გაფრთხილებას, თუ:

) გაფრთხილება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს;

) შეკრება ან მანიფესტაცია ჩატარების ფორმის, დროისა და ადგილის მიხედვით ემთხვევა სხვა შეკრებას, მანიფესტაციას, რომლის შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა წარდგენილი, ანდა სხვა მასობრივ აქციას;

) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებით საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს, სხვა ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს. არაკონსტიტუციურია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2)]

6. ადგილობრივი მმართველობის ორგანო ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ გადაწყვეტილებას იღებს გაფრთხილების შეტანიდან ორი დღის ვადაში. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

7. ადგილობრივი მმართველობის ორგანო გაფრთხილების მიღებისთანავე მის ასლზე ადასტურებს მიმართვის თარიღსა და დროს.

8. გაფრთხილების მიმღები თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, განუმარტონ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებს ამ კანონის მოთხოვნები და გააფრთხილონ ისინი დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.

საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2

    მუხლი 9

1. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება: საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის, სასჯელთა აღსრულებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობებში, სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში, რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში, საავადმყოფოებში, დიპლომატიურ დაწესებულებებში და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობებში დაუშვებელია ამ ობიექტების შესასვლელების სრული ბლოკირება.

 2. გარანტირებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტების შენობებში ორგანიზატორის ან რწმუნებულის თავისუფლად დაშვების უფლება.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4266 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.451

    მუხლი 10

1. საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღების შემდეგ სამი დღის განმავლობაში, გაფრთხილებაზე პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით, განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ:

ა) აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ბ) აქციის ჩატარება დაგეგმილია ამ კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ადგილებში.

2. ადგილობრივი მმართველობის ორგანო ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს და ამის შესახებ წერილობით ატყობინებს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებს.

საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76

    მუხლი 11

  1. შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება გაფრთხილებაში აღნიშნულ დროსა და ადგილას, მასში მითითებული მიზნებისა და სვლაგეზის შესაბამისად.

2. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები და მონაწილენი მოვალენი არიან, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულონ გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებანი.

3. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:

ა) იქონიონ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი, ალკოჰოლიანი სასმელები;

ბ) განზრახ შეუქმნან დაბრკოლებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას.

4. ხელისუფლება უფლებამოსილია შეწყვიტოს შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნათა დარღვევით იმართება.

საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76

    მუხლი 12

  1. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის სათანადო პირობები.

2. სახელმწიფო დაწესებულებებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს უფლება არა აქვთ, ხელი შეუშალონ ამ კანონით დადგენილი წესის დაცვით შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციასა და ჩატარებას, მოქალაქეთა მიერ საკუთარი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვას.

3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის შეკრებაზე ან მანიფესტაციაზე ცნობების მიღებასა და გავრცელებაში ხელის შეშლა ისჯება კანონით.

    მუხლი 13

  1. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე მე-11 მუხლის მოთხოვნების მასობრივი დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან, შეწყვიტონ შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობა და მიიღონ ზომები მის მონაწილეთა დასაშლელად. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილენი ვალდებულნი არიან, დატოვონ შეკრება ან მანიფესტაცია პასუხისმგებელი პირების ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე.

3. გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც სამი სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს.

    მუხლი 14

1. ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. [ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი წარმომადგენელი. არაკონსტიტუციურია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2)]

 2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც ორი სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2

    მუხლი 15

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას სახელმწიფოსათვის, ორგანიზაციისა და მოქალაქისათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 16

ამ კანონით დადგენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დამრღვევ პირებს ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

თავი II

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 17

  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

    მუხლი 18

     ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 15 ივნისის დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში მიტინგების, დემონსტრაციებისა და სხვა პოლიტიკური ხასიათის აქციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ. I, 1995წ., მუხ. 76).

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 12 ივნისი.

№763–IIს

 

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2

3. საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3401 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.16

4. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4266 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.451

19. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3993-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 18. 14/12/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/3/1635 - ვებგვერდი, 18/12/2023 17. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2200-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 16. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6993-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 15. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5405-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 14. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4408-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 13. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4099-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 12. 05/09/2018 - საქართველოს კანონი - 3395-Iს - ვებგვერდი, 26/09/2018 11. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 951-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 10. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3542-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 9. 14/12/2012 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/5/525 - ვებგვერდი, 21/12/2012 8. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 4980 - ვებგვერდი, 110714023, 14/07/2011 7. 18/04/2011 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/482,483,487,502 - ვებგვერდი, 110421001, 27/04/2011 6. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2724 - სსმ, 12, 24/03/2010 5. 17/07/2009 - საქართველოს კანონი - 1502 - სსმ, 21, 03/08/2009 4. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4266 - სსმ, 51, 31/12/2006 3. 24/02/2004 - საქართველოს კანონი - 3401 - სსმ, 5, 04/03/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 05/11/2002 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/2/180-183 - სსმ, 19, 19/11/2002 1. 15/05/1998 - საქართველოს კანონი - 1392 - პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998