დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 274-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010300000.05.001.102499 |
|
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 39) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) „სპონტანური შეკრება/მანიფესტაცია“ არის შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო და რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო;“; ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) „ორგანიზატორი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი, აგრეთვე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად უწევს ორგანიზებას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას; ვ) „პასუხისმგებელი პირი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორი;“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში პასუხისმგებელი პირის მიერ შეტანილ იქნეს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება.“. 3. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შემთხვევაში დასაშვებია, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად იქნეს შეტანილი. ამ შემთხვევაში განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა შეიძლება განსაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი.“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს: ა) შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყების დრო, დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა; ბ) პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო. 3. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პასუხისმგებელი პირის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.“. 4. მე-9 მუხლის: ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის დახურულ სივრცეში/შენობაში ჩატარება მისი მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმგვარი სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, რომელთა შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას. 4. ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობაშიც ან რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და ამ ორგანოს საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.“. 5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნები;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, აფერხებს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება; ზ) მონაწილეობა მიიღონ იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყდა.“. 6. 111 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა.“. 7. 112 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა მათ განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.“. 8. მე-13 მუხლის: ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია დაუყოვნებლივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნისთანავე უნდა შეწყდეს. შეკრების ან მანიფესტაციის არშეწყვეტის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. 2. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა არამასობრივად დარღვევის, აგრეთვე ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის გაფრთხილების მიღებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია დარღვევის აღმოსაფხვრელად მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას. 3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დარღვევის ან/და ამ კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი. ამასთანავე, სათანადო გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულება არ შეასრულა ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა გონივრულ ვადაში, აგრეთვე თუ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრემ, კანონიერმა მფლობელმა ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისმა მონაწილემ დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი გონივრულ ვადაში არ განახორციელა, სამართალდამცავი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად, ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის განსახორციელებლად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით საჯაროდ შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე ამ შეკრების ან/და მანიფესტაციის მონაწილეებს განუმარტავს აღნიშნული შეკრების ან/და მანიფესტაციის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და მოსთხოვს მის შეწყვეტას. თუ ამ მოთხოვნიდან 15 წუთის განმავლობაში შეკრება ან/და მანიფესტაცია არ შეწყდა, სამართალდამცავი ორგანო მის შესაწყვეტად გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.“. 9. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე უფლებამოსილია არ დაუშვას საჯაროდ შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს შეკრება ან/და მანიფესტაცია მიმართული იქნება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 6 თებერვალი 2025 წ. N274-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები