„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4451-XVIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 010300000.05.001.102391
4451-XVIმს-Xმპ
17/09/2024
ვებგვერდი, 03/10/2024
010300000.05.001.102391
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 39) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და ისეთი მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევით საჯაროდ შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში უფლებამოსილი წარმომადგენელი ამ შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეებს განუმარტავს აღნიშნული შეკრების/მანიფესტაციის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და მოსთხოვს მის შეწყვეტას. თუ ამ მოთხოვნიდან 15 წუთის განმავლობაში შეკრება/მანიფესტაცია არ შეწყდა, სამართალდამცავი ორგანო მის შესაწყვეტად გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.“.

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ასევე უფლებამოსილია არ დაუშვას საჯაროდ შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს შეკრება ან/და მანიფესტაცია მიმართული იქნება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე    შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

17 სექტემბერი 2024 წ.

N4451-XVIმს-Xმპ