„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1502
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 03/08/2009
ძალაში შესვლის თარიღი 24/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.300.000.05.001.003.568
  • Word
1502
17/07/2009
სსმ, 21, 03/08/2009
010.300.000.05.001.003.568
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

              მუხლი 1. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 39) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

1. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე:

ა) საქართველოს პარლამენტი;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურის, პოლიციის, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და სამართალდამცავი ორგანოები;

დ) სამხედრო ნაწილები და ობიექტები;

ე) რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები;

ვ) საავადმყოფოები;

ზ) დიპლომატიური დაწესებულებები;

თ) სამთავრობო დაწესებულებები;

ი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

კ) შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.

2. აკრძალულია შენობების ბლოკირება. შენობის ბლოკირების აკრძალვა არ გულისხმობს აქციის ბლოკირების გარეშე ჩატარების შესაძლებლობის შეზღუდვას.“.

2. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განზრახ დაბრკოლებების შექმნა ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის, ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნათა დარღვევა.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

     „მუხლი 111

1. ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია.

2. ტრანსპორტის სავალი ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად უნდა გადაიკეტოს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელსაც მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა.

3. აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით.

4. ტრანსპორტის სავალი ნაწილის ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს მიმართავს მოთხოვნით, გაათავისუფლონ სავალი ნაწილი. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები ვალდებული არიან დაემორჩილონ ამ მოთხოვნას და შეკრება ან მანიფესტაცია მოაქციონ კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში.

5. შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ შესაბამისი ტერიტორიის შემოსაზღვრა მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლებამოსილი არიან აღადგინონ ტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ტერიტორიაზე, მასში მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, სათანადო პირობების აღდგენისთანავე.“.

4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-11 მუხლის მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე 111 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 17 ივლისი.

№1502–რს