დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
გრანტების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 331 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.020.060.05.001.000.154 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/07/1996 - 25/03/2005)
საქართველოს კანონი
გრანტების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს.
მუხლი 2. გრანტი
1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.
მუხლი 3. გრანტის გამცემი
გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს:
1. საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, (მათ შორის საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხოეთის ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის არასამეწარმეო იურიდიული პირი (ფონდი).
2. საქართველოს ის არასამეწარმეო იურიდიული პირი (ფონდი, პროგრამა), რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
მუხლი 4. გრანტის მიმღები
გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:
1. საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით;
2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
3. საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება;
4. საქართველოს მოქალაქე.
თავი II
გრანტის გაცემის საერთო პრინციპები
მუხლი 5. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი
1. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხეშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.
2. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.
3. გრანტის სახით მიღებულ ფასეულობათა რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება წინასწარ იყო გათვალისწინებული გრანტის გაცემის ხელშეკრულებაში.
მუხლი 6. ხელშეკრულების პირობების დარღვევა და პასუხისმგებლობა
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტ პირთა ან მოქალაქეთა შორის წამოჭრილი დავა მოურიგებლობის შემთხვევაში წყდება იმ ქვეყნის სასამართლო წესით, რომელსაც მხარეები წინასწარ აირჩევენ, თუ ამგვარი შეთანხმება ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი III
გრანტის დაბეგვრა
მუხლი 7. გრანტის დაბეგვრის ზოგადი წესი
გრანტის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 8. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
1996 წლის 28 ივნისი.
№331-IIს
დოკუმენტის კომენტარები