დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5125-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/10/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111027011, 27/10/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020060.05.001.016441 |
საქართველოს კანონი
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. გრანტის გამცემი
1. გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს:
ა) საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ბ) საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო გრანტების გაცემა;
დ) საქართველოს სამინისტრო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე შესაბამისი სამინისტრო განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას გრანტის გაცემის მიზნის, გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 13 ოქტომბერი.
№5125–IIს
დოკუმენტის კომენტარები