დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1379-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.05.001.103008 |
|
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) 13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14−16 პუნქტები: „14. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის, ამ კანონის მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისთვის ან საქართველოს იურიდიული პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. 15. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ამ მუხლის 14 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის, ამ კანონის მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისთვის ან საქართველოს იურიდიული პირისთვის: ა) ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელთა სანაცვლოდ ამ სახსრების მიმღები ამავე სახსრების გამცემს უწევს ტექნიკურ დახმარებას ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით (ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრების სანაცვლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მთავრობაში ან მის წარმომადგენლობაში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლის მიერ ამ დამსაქმებლისთვის გაწეულ ტექნიკურ დახმარებაზე); ბ) გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით; გ) უსასყიდლოდ გაწეული, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური დახმარება. 16. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული მისი წარმომადგენლობისთვის, ფილიალისთვის ან განყოფილებისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები (ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად გადაცემულ სახსრებზე).“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გრანტად არ მიიჩნევა სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიული პირისთვის გადაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას;“. 3. 51 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გრანტის გამცემმა (დონორმა), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა გრანტის მიმღებმა, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირმა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებს, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ სახსრების ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემა/გაცემა ან/და მიღება, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გადაცემულია/გაცემულია ან/და მიღებულია ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი წესი და ამ კანონის 61 და 62 მუხლების მოქმედება.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი: „მუხლი 52. ამ კანონის მე-2 მუხლის 14−16 პუნქტებით გათვალისწინებული გრანტების გაცემის წესი 1. ამ კანონის მე-2 მუხლის 14, 15 ან 16 პუნქტით გათვალისწინებული გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. 2. საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას საჭიროებს აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის 14, 15 ან 16 პუნქტით გათვალისწინებული გრანტის გაცემა სხვა სახელმწიფოს იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. 3. ამ მუხლით განსაზღვრული გრანტის გაცემის საფუძველია მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება (განურჩევლად იმისა, იგი ერთი დოკუმენტით არის წარმოდგენილი თუ ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე დოკუმენტით, და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა) და ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის წერილობითი გადაწყვეტილება. 4. გრანტის გამცემმა ამ მუხლით გათვალისწინებული წერილობითი გადაწყვეტილება და წერილობითი ხელშეკრულების პროექტი თანხმობის მისაღებად უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. 5. იმ სახსრების ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემა/გაცემა ან/და მიღება, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გადაცემულია/გაცემულია ან/და მიღებულია ამ მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასეთ შემთხვევაზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი წესი და ამ კანონის 61 და 62 მუხლების მოქმედება.“. 5. მე-6 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ კანონისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევა და პასუხისმგებლობის დაკისრება“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.“. 6. 61 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღნიშნული მონიტორინგის განხორციელების დროს დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება გამოავლინა, იგი ვალდებულია მის ხელთ არსებული ყველა მასალა გაუგზავნოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ კანონის ისეთი დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საგამოძიებო ორგანო.“. 7. 64 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისა) საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის, ფილიალის ან განყოფილების მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება − გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.“. მუხლი 2 1. თუ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 52 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა სხვა სახელმწიფოს იურიდიულმა პირმა გრანტი ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო და იგი არ გამოუყენებია, ეს იურიდიული პირი ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს. თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ იურიდიულ პირს ეკრძალება გრანტის გამოყენება. აღნიშნულ იურიდიულ პირს ასევე ეკრძალება გრანტის გამოყენება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის გასვლისთანავე, თუ მან ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის სუბიექტს არ მიმართა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის გასვლისთანავე (თუ აღნიშნულმა იურიდიულმა პირმა ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის სუბიექტს არ მიმართა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში) გრანტის გამოყენება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2. თუ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა შესაბამისმა პირმა გრანტი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიიღო და იგი არ გამოუყენებია, ეს პირი ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს. თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ პირს ეკრძალება გრანტის გამოყენება. აღნიშნულ პირს ასევე ეკრძალება გრანტის გამოყენება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის გასვლისთანავე, თუ მან ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის სუბიექტს არ მიმართა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის გასვლისთანავე (თუ აღნიშნულმა პირმა ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის სუბიექტს არ მიმართა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში) გრანტის გამოყენება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 3. თუ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა შესაბამისმა პირმა მიიღო ისეთი გრანტი, რომელიც მისი მიღების დროს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს/პირის თანხმობას არ საჭიროებდა, თუმცა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ასეთ თანხმობას საჭიროებს, ეს პირი (გრანტის მიმღები) ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს. თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ პირს ეკრძალება გრანტის გამოყენება. აღნიშნულ პირს ასევე ეკრძალება გრანტის გამოყენება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის გასვლისთანავე, თუ მან ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის სუბიექტს არ მიმართა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის გასვლისთანავე (თუ აღნიშნულმა პირმა ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის სუბიექტს არ მიმართა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში) გრანტის გამოყენება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 4 მარტი 2026 წ. N1379-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები