დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1291-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.05.001.102983 |
|
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგი 1. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. 2. ამ კანონით გათვალისწინებული გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების წესს საჭიროების შემთხვევაში ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია: ა) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 51 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის (დარღვევის) თაობაზე; ბ) გამოჰკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით; გ) დაჰკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია; ე) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, სახელმწიფო ორგანოები ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აწვდიან. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. 6. სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული ინფორმაცია. 7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.“. 2. 62 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია. 2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოსაკითხ პირს ეს უფლებები გამოკითხვის დაწყებამდე უნდა განუმარტოს. ამ პუნქტის მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.“; ბ) მე-4−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ მისი გამოკითხვა ნებაყოფლობითია. ამ განმარტების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს. 5. გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. 6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. ამ გაფრთხილების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს. 7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად იქნეს დაბარებული.“. 3. 63 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. იგი დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. 2. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სახდელის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება.“. 4. 64 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1291-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები