გრანტების შესახებ

გრანტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.05.001.000.154
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
331
28/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
190.020.060.05.001.000.154
გრანტების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (16/12/2016 - 22/12/2016)

საქართველოს კანონი

გრანტების შესახებ

 

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს.

    მუხლი 2. გრანტი

1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.

11. გრანტად ითვლება ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტი.

2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №819 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. 

საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის  კანონი  5502  - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

    მუხლი 3. გრანტის გამცემი

1. გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს:

ა) საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

ბ) საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის;

გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა; ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

დ) საქართველოს სამინისტრო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე შესაბამისი სამინისტრო განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას გრანტის გაცემის მიზნის, გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1166-სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.73

საქართველოს 2006 წლის 22 დეკემბრის კანონი №3974-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.341

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2959-სსმI, №23, 04.05.2010წ., მუხ.133

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5125 - ვებგვერდი, 27.10.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6172 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11  ნოემბრის კანონი  №4497  - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის  4 მარტის  კანონი №4843 - ვებგვერდი, 14.03.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №103  - ვებგვერდი, 27.12.2016წ.

    მუხლი 4. გრანტის მიმღები

გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:

ა)  საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით;

ბ) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით;

გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ვ) საქართველოს მოქალაქე;

1) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი;

2) უცხო ქვეყნის მოქალაქე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების მიზნებისთვის;

ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

თ) საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

ი) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი;

1) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში;

კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი;

ლ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.

საქართველოს 2006 წლის 22 დეკემბრის კანონი №3974-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.341
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3566-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.298
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4996 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6172 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №819 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. 
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1047 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2642 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 28  მაისის   კანონი  №3615  - ვებგვერდი,  04.06.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის  კანონი  5502  - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №103  - ვებგვერდი, 27.12.2016წ.
 
 

თავი II

გრანტის გაცემის საერთო პრინციპები

    მუხლი 5. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი

1. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხეშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.

2. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.

3. გრანტის სახით მიღებულ ფასეულობათა რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება წინასწარ იყო გათვალისწინებული გრანტის გაცემის ხელშეკრულებაში.

    მუხლი 6. ხელშეკრულების პირობების დარღვევა და პასუხისმგებლობა

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტ პირთა ან მოქალაქეთა შორის წამოჭრილი დავა მოურიგებლობის შემთხვევაში წყდება იმ ქვეყნის სასამართლო წესით, რომელსაც მხარეები წინასწარ აირჩევენ, თუ ამგვარი შეთანხმება ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით.

 

თავი III

გრანტის დაბეგვრა

    მუხლი 7. გრანტის დაბეგვრის ზოგადი წესი

გრანტის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 2016 წლის 10  ივნისის კანონი  5419 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.  

თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

საქართველოს 2016 წლის 10 ივნისის კანონი №5419- ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 9. გარდამავალი დებულება

გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტებზე გაცემული სახსრებისა ამ დადგენილების მოქმედების ვადის განმავლობაში.

საქართველოს 2016 წლის 10  ივნისის კანონი 5419 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 10. უკუძალა

ამ კანონის მე-9 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს 2016 წლის 10  ივნისის კანონი  5419 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 11. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს 2016 წლის 10  ივნისის კანონი  5419 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

 

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტი

 თბილისი,

1996 წლის 28 ივნისი.

№331-II

31. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 2987-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 30. 12/04/2022 - საქართველოს კანონი - 1483-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/04/2022 29. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6892-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 28. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5469-Iს - ვებგვერდი, 19/12/2019 27. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4589-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 26. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4240-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 25. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3293-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 24. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2477-რს - ვებგვერდი, 21/06/2018 23. 23/03/2018 - საქართველოს კანონი - 2085-IIს - ვებგვერდი, 05/04/2018 22. 30/11/2017 - საქართველოს კანონი - 1394-Iს - ვებგვერდი, 08/12/2017 21. 30/11/2017 - საქართველოს კანონი - 1393-Iს - ვებგვერდი, 08/12/2017 20. 20/09/2017 - საქართველოს კანონი - 1287-Iს - ვებგვერდი, 27/09/2017 19. 28/06/2017 - საქართველოს კანონი - 1114-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 18. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 849-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 17. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 189-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 16. 16/12/2016 - საქართველოს კანონი - 103-Iს - ვებგვერდი, 27/12/2016 15. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5502-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 14. 10/06/2016 - საქართველოს კანონი - 5419-IIს - ვებგვერდი, 17/06/2016 13. 04/03/2016 - საქართველოს კანონი - 4843-IIს - ვებგვერდი, 14/03/2016 12. 11/11/2015 - საქართველოს კანონი - 4497-Iს - ვებგვერდი, 24/11/2015 11. 28/05/2015 - საქართველოს კანონი - 3615-IIს - ვებგვერდი, 04/06/2015 10. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2642-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 9. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1047-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 819-რს - ვებგვერდი, 05/08/2013 7. 15/05/2012 - საქართველოს კანონი - 6172-რს - ვებგვერდი, 29/05/2012 6. 13/10/2011 - საქართველოს კანონი - 5125-IIს - ვებგვერდი, 111027011, 27/10/2011 5. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 4996-რს - ვებგვერდი, 110715029, 15/07/2011 4. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3566 - სსმ, 46, 04/08/2010 3. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2959 - სსმ, 23, 04/05/2010 2. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3974 - სსმ, 48, 22/12/2006 1. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1166 - სსმ, 11, 29/03/2005