დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
გრანტების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 331 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.020.060.05.001.000.154 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (04/03/2016 - 10/06/2016)
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს.
1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.
1. გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს:
ა) საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ბ) საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: სამეცნიერო გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა;
დ) საქართველოს სამინისტრო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე შესაბამისი სამინისტრო განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას გრანტის გაცემის მიზნის, გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1166-სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.73
საქართველოს 2006 წლის 22 დეკემბრის კანონი №3974-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.341
საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2959-სსმI, №23, 04.05.2010წ., მუხ.133
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5125 - ვებგვერდი, 27.10.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6172 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით;
ბ) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით;
გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ვ) საქართველოს მოქალაქე;
ვ1) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი;
ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
თ) საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ი) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი;
კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი;
ლ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.
გრანტის გაცემის საერთო პრინციპები
მუხლი 5. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი
1. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხეშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.
2. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით.
3. გრანტის სახით მიღებულ ფასეულობათა რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება წინასწარ იყო გათვალისწინებული გრანტის გაცემის ხელშეკრულებაში.
მუხლი 6. ხელშეკრულების პირობების დარღვევა და პასუხისმგებლობა
1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტ პირთა ან მოქალაქეთა შორის წამოჭრილი დავა მოურიგებლობის შემთხვევაში წყდება იმ ქვეყნის სასამართლო წესით, რომელსაც მხარეები წინასწარ აირჩევენ, თუ ამგვარი შეთანხმება ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 7. გრანტის დაბეგვრის ზოგადი წესი
გრანტის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
1996 წლის 28 ივნისი.
№331-II
დოკუმენტის კომენტარები