„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 496-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 190020060.05.001.102580
496-IIმს-XIმპ
16/04/2025
ვებგვერდი, 16/04/2025
190020060.05.001.102580
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისთვის. სხვა მიზნებისთვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემისა (დონორის) და საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობით.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის წესი

1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია. გრანტის თანხმობის გარეშე  გაცემად მიიჩნევა აგრეთვე გრანტის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება.

2. გრანტის გამცემმა (დონორმა) გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს  უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს) მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.

3. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, აგრეთვე საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე.

4. ამ მუხლით დადგენილი წესი და ამ კანონის 61 და 62 მუხლების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61–64 მუხლები:

„მუხლი 61. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგი

1. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო).

2. ამ კანონით გათვალისწინებული გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების წესს საჭიროების შემთხვევაში ადგენს ანტიკორუფციული ბიურო.

3. ანტიკორუფციული ბიურო გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია:

ა) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 51 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის (დარღვევის) თაობაზე;

ბ) გამოჰკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით;

გ) დაჰკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია;

ე) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, სახელმწიფო ორგანოები ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციულ ბიუროს აწვდიან.

5. ანტიკორუფციული ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.

6. სუბიექტი, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული ინფორმაცია.

7. ანტიკორუფციული ბიურო ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.

მუხლი 6 2. გრანტის თანხმობის გარეშე მიღების თაობაზე ფიზიკური პირის გამოკითხვა

1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს ანტიკორუფციულმა ბიურომ. დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.

2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოსაკითხ პირს ეს უფლებები გამოკითხვის დაწყებამდე უნდა განუმარტოს. ამ პუნქტის მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

3. გამოსაკითხი პირის გამოკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს მისი ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

4. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ მისი გამოკითხვა ნებაყოფლობითია. ამ განმარტების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

5. გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

6. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. ამ გაფრთხილების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

7. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად იქნეს დაბარებული.

8. გამოსაკითხი პირის გამოკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. მისი გამოყენების შესახებ გამოსაკითხ პირს წინასწარ უნდა ეცნობოს.

9. გამოსაკითხი პირი შეიძლება დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოიკითხოს.

მუხლი 6 3. გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. იგი დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

2. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სახდელის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

4. წინასაარჩევნო პერიოდში რაიონული (საქალაქო) სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის მასალების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 72 საათის განმავლობაში ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა.

5. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით ყადაღის დადების საკითხს განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის მასალების წარდგენიდან 48 საათის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. ყადაღის გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა.

მუხლი 6 4. გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

1. გრანტის მიმღების მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება −

გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

2. ფიზიკური პირის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას ამ მუხლის სათანადო პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

4. სამართალდამრღვევს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.“.

მუხლი 2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 5 1 მუხლით გათვალისწინებული თანხმობის მიღების მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე დადებულ გრანტის ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული გრანტის ხელშეკრულება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ შეიცვალა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 აპრილი 2025 წ.

N496-IIმს-XIმპ