გრანტების შესახებ

გრანტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.05.001.000.154
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
331
28/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
190.020.060.05.001.000.154
გრანტების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

 

გრანტების შესახებ

 

თავი I

ზოგადი დებულებები

      მუხლი 1. გამოყენების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს.

      მუხლი 2. გრანტი

1. გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარების ან სოციალური პროექტის, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამის განხორციელებისთვის.

11. გრანტად ითვლება ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტი.

12. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტი.

13. გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნის მისაღწევად ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.

2. გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიულ პირზე გაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №819 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. 
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5502 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2987 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 12.06.2025წ.

    მუხლი 3. გრანტის გამცემი

1. გრანტის გამცემი (დონორი) შეიძლება იყოს:

ა) საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია, კომიტეტი), სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, აგრეთვე უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

ბ) საქართველოს ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის;

გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია: განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა; სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; სამეცნიერო გრანტების გაცემა; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა; ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა; დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებისადმი დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა,  საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა; საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა; საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისთვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით გრანტების გაცემა;

დ) საქართველოს სამინისტრო; საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები;

ე) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილი და აღნიშნული მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია ახალგაზრდული პროექტების განხორციელება, დასაქმების ხელშეწყობა.

11. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერის მიზნით გრანტის გაცემის საკითხებთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ნორმატიული აქტი ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტს მის გაფორმებამდე საქართველოს შესაბამისი სამინისტრო განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო – აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის მთავრობას, გრანტის გაცემის მიზნის, გრანტის მოცულობისა და სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასებისათვის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1166 - სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.73
საქართველოს 2006 წლის 22 დეკემბრის კანონი №3974 - სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.341
საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2959 - სსმI, №23, 04.05.2010წ., მუხ.133
საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5125 - ვებგვერდი, 27.10.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6172 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4497 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 4 მარტის კანონი №4843 - ვებგვერდი, 14.03.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №103 - ვებგვერდი, 27.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 20 სექტემბრის კანონი №1287 - ვებგვერდი, 27.09.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ნოემბრის კანონი №1393 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კანონი №2085 – ვებგვერდი, 05.04.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5469 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1483 – ვებგვერდი, 19.04.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №307 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 12.06.2025წ.

    მუხლი 4. გრანტის მიმღები

გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:

ა)  საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით;

ბ) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით;

გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი;

დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება;

ე) საჯარო სამარ თლის იურიდიული პირი;

ვ) საქართველოს მოქალაქე;

1) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი;

2) უცხო ქვეყნის მოქალაქე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების მიზნებისთვის;

3) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი;

ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

თ) საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

ი) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი;

1) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში;

2) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში;

კ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3293); 

ლ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.

საქართველოს 2006 წლის 22 დეკემბრის კანონი №3974-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.341
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3566-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.298
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4996 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6172 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №819 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. 
საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1047 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2642 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი №3615 - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5502 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №103 - ვებგვერდი, 27.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1114 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 30 ნოემბრის კანონი №1394 - ვებგვერდი, 08.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2477 – ვებგვერდი, 21.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3293 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4240 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის  კანონი №4589  – ვებგვერდი, 08.05.2019 წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6892 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2987 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
 

თავი II

გრანტის გაცემის საერთო პრინციპები

      მუხლი 5. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი

1. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის წერილობითი ხელშეკრულება (განურჩევლად იმისა, იგი ერთი დოკუმენტით არის წარმოდგენილი თუ რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით, და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა), აგრეთვე უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) წერილობითი გადაწყვეტილება, მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციისთვის ან კლუბისთვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის, ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს გრანტის გაცემის მიზანი, მისი მოცულობა, სახსრების გამოყენების კონკრეტული მიმართულება, მათი ათვისების ვადები და ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.

2. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისთვის. სხვა მიზნებისთვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემისა (დონორის) და საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობით.

3. გრანტის სახით მიღებულ ფასეულობათა რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება წინასწარ იყო გათვალისწინებული გრანტის გაცემის ხელშეკრულებაში.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 12.06.2025წ.

     მუხლი 51. უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის წესი

1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია. გრანტის თანხმობის გარეშე  გაცემად მიიჩნევა აგრეთვე გრანტის ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება.

11. უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან/და საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესები.

2. გრანტის გამცემმა (დონორმა) გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს  უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს) მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.

3. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე, საქართველოს ფარგლების გარეთ ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე, აგრეთვე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“ („Erasmus+“) ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ („Creative Europe“) ფარგლებში გაცემულ გრანტებზე.

4. ამ მუხლით დადგენილი წესი და ამ კანონის 61 და 62 მუხლების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან/ორგანოსთან შეთანხმების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №663 – ვებგვერდი, 12.06.2025წ.

    მუხლი 6. ხელშეკრულების პირობების დარღვევა და პასუხისმგებლობა

1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტ პირთა ან მოქალაქეთა შორის წამოჭრილი დავა მოურიგებლობის შემთხვევაში წყდება იმ ქვეყნის სასამართლო წესით, რომელსაც მხარეები წინასწარ აირჩევენ, თუ ამგვარი შეთანხმება ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით.

     მუხლი 61. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგი

1. გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო).

2. ამ კანონით გათვალისწინებული გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების წესს საჭიროების შემთხვევაში ადგენს ანტიკორუფციული ბიურო.

3. ანტიკორუფციული ბიურო გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია:

ა) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 51 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის (დარღვევის) თაობაზე;

ბ) გამოჰკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით;

გ) დაჰკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია;

ე) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, სახელმწიფო ორგანოები ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციულ ბიუროს აწვდიან.

5. ანტიკორუფციული ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.

6. სუბიექტი, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული ინფორმაცია.

7. ანტიკორუფციული ბიურო ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.

     მუხლი 62. გრანტის თანხმობის გარეშე მიღების თაობაზე ფიზიკური პირის გამოკითხვა

1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს ანტიკორუფციულმა ბიურომ. დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.

2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოსაკითხ პირს ეს უფლებები გამოკითხვის დაწყებამდე უნდა განუმარტოს. ამ პუნქტის მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

3. გამოსაკითხი პირის გამოკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს მისი ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

4. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ მისი გამოკითხვა ნებაყოფლობითია. ამ განმარტების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

5. გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

6. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. ამ გაფრთხილების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.

7. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად იქნეს დაბარებული.

8. გამოსაკითხი პირის გამოკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. მისი გამოყენების შესახებ გამოსაკითხ პირს წინასწარ უნდა ეცნობოს.

9. გამოსაკითხი პირი შეიძლება დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოიკითხოს.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.

     მუხლი 63. გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი 

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. იგი დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

2. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული სახდელის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წარედგინება.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის მასალების მიღებიდან 15 დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

4. წინასაარჩევნო პერიოდში რაიონული (საქალაქო) სასამართლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხს განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის მასალების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 72 საათის განმავლობაში ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა.

5. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით ყადაღის დადების საკითხს განიხილავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის მასალების წარდგენიდან 48 საათის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. ყადაღის გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება და საქმის მასალები მხარეს გადასცეს გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.

     მუხლი 64. გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა 

1. გრანტის მიმღების მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება −

გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

2. ფიზიკური პირის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას ამ მუხლის სათანადო პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

4. სამართალდამრღვევს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №496 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.

 

თავი III

გრანტის დაბეგვრა

    მუხლი 7. გრანტის დაბეგვრის ზოგადი წესი

გრანტის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 2016 წლის 10 ივნისის კანონი №5419 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

საქართველოს 2016 წლის 10 ივნისის კანონი №5419- ვებგვერდი, 17.06.2016წ.

 

    მუხლი 9. გარდამავალი დებულება

გრანტად ითვლება ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტზე/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე გაცემული სახსრები ამ დადგენილების მოქმედების ვადის განმავლობაში.

საქართველოს 2016 წლის 10 ივნისის კანონი №5419 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №849 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

    მუხლი 10. უკუძალა

ამ კანონის მე-9 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს 2016 წლის 10 ივნისის კანონი №5419 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

    მუხლი 11. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს 2016 წლის 10 ივნისის კანონი №5419 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
 

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტი

 თბილისი,

1996 წლის 28 ივნისი.

№331-II

34. 12/06/2025 - საქართველოს კანონი - 663-IIმს-XIმპ - ვებგვერდი, 12/06/2025 33. 16/04/2025 - საქართველოს კანონი - 496-IIმს-XIმპ - ვებგვერდი, 16/04/2025 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 20/02/2025 - საქართველოს კანონი - 307-IIმს-XIმპ - ვებგვერდი, 21/02/2025 31. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 2987-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 30. 12/04/2022 - საქართველოს კანონი - 1483-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/04/2022 29. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6892-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 28. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5469-Iს - ვებგვერდი, 19/12/2019 27. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4589-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 26. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4240-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 25. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3293-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 24. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2477-რს - ვებგვერდი, 21/06/2018 23. 23/03/2018 - საქართველოს კანონი - 2085-IIს - ვებგვერდი, 05/04/2018 22. 30/11/2017 - საქართველოს კანონი - 1394-Iს - ვებგვერდი, 08/12/2017 21. 30/11/2017 - საქართველოს კანონი - 1393-Iს - ვებგვერდი, 08/12/2017 20. 20/09/2017 - საქართველოს კანონი - 1287-Iს - ვებგვერდი, 27/09/2017 19. 28/06/2017 - საქართველოს კანონი - 1114-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 18. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 849-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 17. 22/12/2016 - საქართველოს კანონი - 189-რს - ვებგვერდი, 29/12/2016 16. 16/12/2016 - საქართველოს კანონი - 103-Iს - ვებგვერდი, 27/12/2016 15. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5502-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 14. 10/06/2016 - საქართველოს კანონი - 5419-IIს - ვებგვერდი, 17/06/2016 13. 04/03/2016 - საქართველოს კანონი - 4843-IIს - ვებგვერდი, 14/03/2016 12. 11/11/2015 - საქართველოს კანონი - 4497-Iს - ვებგვერდი, 24/11/2015 11. 28/05/2015 - საქართველოს კანონი - 3615-IIს - ვებგვერდი, 04/06/2015 10. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2642-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 9. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1047-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 819-რს - ვებგვერდი, 05/08/2013 7. 15/05/2012 - საქართველოს კანონი - 6172-რს - ვებგვერდი, 29/05/2012 6. 13/10/2011 - საქართველოს კანონი - 5125-IIს - ვებგვერდი, 111027011, 27/10/2011 5. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 4996-რს - ვებგვერდი, 110715029, 15/07/2011 4. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3566 - სსმ, 46, 04/08/2010 3. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2959 - სსმ, 23, 04/05/2010 2. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3974 - სსმ, 48, 22/12/2006 1. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1166 - სსმ, 11, 29/03/2005