დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1105 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.090.000.05.001.000.300 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (22/12/2005 - 29/12/2006)
საქართველოს კანონი
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
ეს კანონი აწესრიგებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ამ სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობის საკითხს.
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსისა და დადგენილი წესით შეთანხმებული პროექტის მოთხოვნათა სრული დაცვით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა.
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობა – არქიტექტურული, საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (შემდგომში – მთავარი არქმშენინსპექცია), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები;
გ) სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება, რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები;
დ) მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას;
ე) საიმედოობა – შენობა-ნაგებობის, მისი ინჟინრული სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში;
ვ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც სამუშაოს უკვეთავს საპროექტო ან/და სამშენებლო ორგანიზაციას;
ზ) მენარდე – იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს;
თ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა ობიექტზე და წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს;
ი) დარღვევა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში – სამშენებლო ნორმებითა და წესებით, პროექტებით, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის სფეროს სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფა, ასევე ქმედება, რომლის შედეგადაც ობიექტების მშენებლობისას ირღვევა დადგენილი წესები, აგრეთვე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში შენობა-ნაგებობის კონსერვაციისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის დადგენილი წესების დარღვევა;
კ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევა:
კ.ა) ობიექტის მშენებლობის დაწყება, მშენებლობის წარმოება და ობიექტის დემონტაჟი სათანადო ნებართვის გარეშე;
კ.ბ) ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება – „მშენებლობის ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ობიექტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუთითებლობა ან ამავე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა;
კ.გ. (ამოღებულია) ;
კ.დ. (ამოღებულია);
კ.ე) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობის შეუსრულებლობა ან არადროულად შესრულება;
კ.ვ. (ამოღებულია) ;
კ.ზ. (ამოღებულია) ;
ლ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა – საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერიტორიები, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა ზონები, სადაც ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემისას დადგენილია დამატებითი პირობები;
მ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი – სამშენებლო ნორმები და წესები, აგრეთვე დადგენილი წესით დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაცია;
ნ) საპროექტო დოკუმენტაცია (მშენებლობის პროექტი) – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები;
ო) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა – დედაქალაქის, ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, საკურორტო და სარეკრეაციო ზონების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ის ნაწილი, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4
მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) იურიდიული და ფიზიკური პირების, ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი ან სხვა სპეციალური სამუშაოები;
ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში;
გ) ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა.
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4
მუხლი 31. მთავარი არქმშენინსპექციისა და უფლებამოსილი ორგანოების მართვა
1. მთავარ არქმშენინსპექციას ხელმძღვანელობს მთავარი არქმშენინსპექციის უფროსი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ ქალაქისა და რაიონის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები, რომლებსაც მეთოდურ ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მთავარი არქმშენინსპექციის მეშვეობით.
4. მთავარი არქმშენინსპექცია:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე და ამ მიზნით საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოებისათვის ადგენს ამ ობიექტებზე ზედამხედველობის გეგმას და იღებს ინფორმაციას მისი შესრულების შესახებ;
ბ) ხელს უწყობს სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
გ) ახორციელებს უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
დ) ადგილზე ახორციელებს უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობის შერჩევით შემოწმებებს და შემოწმებისას გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით აყენებს საკითხს მათი ზემდგომი ორგანოების წინაშე.
5. უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, მთავარ არქმშენინსპექციას აწვდიან ინფორმაციას თავისი საქმიანობის შესახებ მისი ანალიზისა და სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის შესადგენად და საჯაროობის უზრუნველსაყოფად.
6. უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული დებულებებით.
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4
თავი II
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა
მუხლი 4. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ფუნქციები, ამოცანები და უფლებები
1. მთავარი არქმშენინსპექცია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, და უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობას ობიექტებზე (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა), უზრუნველყოფენ მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებლობის უსაფრთხოებასა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობას.
2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, რომლებიც აშენებენ ობიექტებს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. არქიტექტუ-რულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ შემოწმებას ექვემდებარება ისეთი სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა.
3. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ამოცანებია:
ა) მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.
4. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები შემოწმებით მიღებულ შედეგებს აანალიზებენ, განაზოგადებენ და შეიმუშავებენ წინადადებებს ნორმატიული, მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფისათვის.
5. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებს განიხილავენ მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და იღებენ გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ სანქციების გატარების თაობაზე.
6. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები თავის საქმიანობას ახორციელებენ ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.
7. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს უფლება აქვთ:
ა) შეამოწმონ მათ კონტროლს დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტები;
ბ) მოსთხოვონ მშენებლობაში მონაწილეებს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცენ მიწერილობა პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მიწერილობა გაიცემა, თუ დარღვევის გამოსწორება შესაძლებელია მშენებლობის შეუჩერებლად. აღნიშნული მიწერილობა გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს;
დ) ამ კანონის 41 მუხლით დადგენილი წესით შეაჩერონ კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:
დ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის განხორციელება სათანადო ნებართვის გარეშე;
დ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;
დ.გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობის შეუსრულებლობა დადგენილ ვადაში;
ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მოსთხოვონ მშენებლობის დამკვეთს ან მშენებელ ორგანიზაციას დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები;
ვ) მიიღონ დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:
ვ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობის შეუსრულებლობა;
ვ.ბ) მშენებლობის განხორციელება პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;
ვ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია.
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4
მუხლი 4 1 . კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერება
1. კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების მიზნით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები იღებენ დადგენილებას აღნიშნული მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ.
2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის აღსრულების უზრუნველყოფა განისაზღვრება ამ კანონითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ორგანოზე, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, აღნიშნული ორგანოს მისამართსა და გასაჩივრების ვადას.
4. კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილებაში უნდა მიეთითოს ნორმატიული აქტის ის ნორმა, რომლის დარღვევითაც მიმდინარეობდა მშენებლობა.
5. კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გარდა, გაცნობად ჩაითვალოს აქტის განთავსება მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას). მხარეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში გაასაჩივროს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილება. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილების აღსრულებას.
6. დამრღვევის მიერ კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში მისი აღსრულება ხდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4
მუხლი 5. პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის
1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქცია, ჯარიმდებიან:
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის;
ბ) უნებართვო მშენებლობისათვის ან დემონტაჟისათვის, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობის შეუსრულებლობისათვის.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების მიერ უნებართვო მშენებლობა ან დემონტაჟი:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში, ასევე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით (განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში ჯარიმები ორმაგდება);
ბ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიებისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით;
გ) ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიებისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;
დ) ქალაქში, ქალაქის ტიპის დასახლება-დაბაში, რომელიც შედის რაიონის შემადგენლობაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიებისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
ე) სოფლების ტერიტორიებზე, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიებისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების მიერ პროექტის დარღვევა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიწერილობის შეუსრულებლობა:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ტერიტორიაზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით (განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში ჯარიმები ორმაგდება);
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ტერიტორიაზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;
გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ტერიტორიაზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ტერიტორიაზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ტერიტორიაზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი ექვსი თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები ჯარიმდებიან წინა ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის ორმაგი ოდენობით.
5. დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისაგან.
6. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების თანამდებობის პირი, აგრეთვე სხვა მუშაკი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზარალისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების გამოვლენის და დაჯარიმების შემდეგ მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მოთხოვნებისა).
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4
მუხლი 6. დამრღვევისათვის დარღვევის გამოსწორების ვალდებულების დაკისრება და მისი დაჯარიმება
1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები დამრღვევს სთავაზობენ დარღვევის ნებაყოფლობით გამოსწორებას იმ ვადაში, რაც საჭიროა დარღვევის გამოსწორებისათვის. თუ დამრღვევი უარს აცხადებს დარღვევის გამოსწორებაზე, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები იღებენ დადგენილებას დამრღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ.
2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის აღსრულების უზრუნველყოფა განისაზღვრება ამ კანონითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილება უნდა იყოს დასაბუთებული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ორგანოზე, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, აღნიშნული ორგანოს მისამართსა და გასაჩივრების ვადას. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილებაში უნდა აღინიშნოს ნორმატიული აქტის ის ნორმა, რომლის მოთხოვნაც დარღვეულია, და შესაბამისი დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.
3. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს მხარეს. მხარეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში გაასაჩივროს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილება.
4. დამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დადგენილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში მისი აღსრულება ხდება იძულებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმა ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თუ დარღვევის გადაუდებლად გამოუსწორებლობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება თავის მიერ ან მესამე პირთა მეშვეობით ან/და ხარჯით მიწერილობის პირობების შესრულების თაობაზე.
7. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მოსთხოვოს დამრღვევს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიმართოს სასამართლოს დამრღვევისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებისა და გადახდის მოთხოვნით.
8. იმ პირებს, რომლებმაც გაიღეს ხარჯები მათ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნების და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯების გაღება გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვს მოსთხოვონ დამრღვევს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურებაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4
მუხლი 61. (ამოღებულია)
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №857 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.227
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4
მუხლი 7. კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟი და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივი შეჩერება და დემონტაჟი
1. კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივი შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები იღებენ დადგენილებას.
2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის აღსრულების უზრუნველყოფა განისაზღვრება ამ კანონითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივი შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ორგანოზე, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, აღნიშნული ორგანოს მისამართსა და გასაჩივრების ვადას, აგრეთვე ნორმატიული აქტის იმ ნორმას, რომლის დარღვევითაც მიმდინარეობდა მშენებლობა.
4. კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივი შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გარდა, გაცნობად ჩაითვალოს აქტის განთავსება მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას). მხარეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში გაასაჩივროს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილება. ამასთანავე, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ დადგენილების გასაჩივრება აჩერებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილების აღსრულებას, ხოლო კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივი შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ დადგენილების გასაჩივრება მხოლოდ დემონტაჟის ნაწილში აჩერებს აღნიშნული დადგენილების აღსრულებას.
5. კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივი შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ, შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს, მასვე შეიძლება დაეკისროს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ საქმის წარმოებისას გაწეული სხვა ხარჯები.
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4
თავი III
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი
1. 2007 წლის 1 იანვრამდე განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს დადგენილების მოქმედებას შემდეგ შემთხვევებში:
ა) უნებართვო მშენებლობის დროს;
ბ) ეკოლოგიური საფრთხის არსებობისას;
გ) მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
2. სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ერთ თვეს.
3. 2006 წლის 1 მარტამდე:
ა) საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცეს ბრძანებულებები:
ა.ა) „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე“;
ა.ბ) „განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების დამტკიცების შესახებ“;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა დაამტკიცოს:
ბ.ა) დებულება „მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ბ.ბ) „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესი“;
ბ.გ) დებულება „განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში შენობა-ნაგებობების კონსერვაციის და სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ“.
საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4
მუხლი 9. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 14 ნოემბერი.
№1105–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №992 - სსმ I, №23, 11.07.2001 წ., მუხ.91
2. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №857 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.227
3. საქართველოს 2005 წლის 22 დეკემბრის კანონი №2405 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.4
დოკუმენტის კომენტარები