დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 992 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 11/07/2001 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.090.000.05.001.000.957 |
საქართველოს კანონი
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს კანონი აწესრიგებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ამ სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობის საკითხს.“.
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსისა და დადგენილი წესით შეთანხმებული პროექტის მოთხოვნათა სრული დაცვით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა.“.
3. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამშენებლო ნაკეთობებისა“ შეიცვალოს სიტყვებით „სამშენებლო მასალების, ნაკეთობებისა“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ერთიანი, ცენტრალიზებული ორგანო – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (შემდგომში – მთავარი არქმშენინსპექცია) და მისი სტრუქტურული ერთეულები: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებების არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციები (შემდგომში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების არქმშენინსპექციები) და ადგილობრივი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციები (შემდგომში – ადგილობრივი არქმშენინსპექციები), რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;“;
გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამხანაგობა, რომელსაც განზრახული აქვს ობიექტის მშენებლობა ან რეკონსტრუქცია (შემდგომში – მშენებლობა);“;
დ) „თ“ ქვეპუნქტში სიტყვები „მშენებლობის დაწყების ნებართვა“ შეიცვალოს სიტყვებით „მშენებლობის წარმოების ნებართვა“, ხოლო სიტყვის „გასცემს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მთავარი არქმშენინსპექცია ან“; ამავე ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადებები: „ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში. განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, რომელთა ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი, მშენებლობის წარმოების ნებართვას გასცემს მთავარი არქმშენინსპექცია;“;
ე) „კ.გ.“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები “ან სხვისი ლიცენზიით“;
ვ) „კ.ზ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ.ზ. მშენებლობის ნებართვის და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის წესის დარღვევა;“;
ზ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“–„ნ“ ქვეპუნქტები:
„ლ) პროექტის შეთანხმებისას დაშვებული დარღვევა – შესაბამისი ორგანოს მიერ ისეთი პროექტის შეთანხმება, რომელიც არღვევს სახელმწიფოსთვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს, ზიანს აყენებს მას და არ შეესაბამება ტერიტორიის განაშენიანების ქალაქთმშენებლობის ნორმებს;
მ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი – ქვეყნის ტერიტორიული განვითარების სქემები, დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმები, საწარმოო, სამეურნეო და სხვა ფუნქციური ზონების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, სამშენებლო ნორმები, წესები და სტანდარტები, აგრეთვე დადგენილი წესით დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაცია;
ნ) საპროექტო დოკუმენტაცია – არქიტექტურული ობიექტის რეალიზაციის მიზნით არქიტექტურული პროექტის საფუძველზე დადგენილი მოცულობით მომზადებული საპროექტო მუშა დოკუმენტაცია, რომელიც არ არის საავტორო უფლებათა ობიექტი და საჭიროებს ლიცენზირებას.“.
4. მე-3 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირების“ შეიცვალოს სიტყვებით „იურიდიული და ფიზიკური პირების, ამხანაგობების“;
ბ) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მშენებლობის ნებართვის და მშენებლობის წარმოების ნებართვის გამცემ ორგანოზე.“.
5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. არქმშენინსპექციის მართვა
1. მთავარ არქმშენინსპექციას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავარი არქმშენინსპექტორი, რომელსაც საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
6. მე-4 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს სიტყვების „ადგილობრივი ინსპექციებით,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან მთავარი არქმშენინსპექციის წინაშე,“, ხოლო სიტყვები „იმ ობიექტების გარდა, რომელთაც აკონტროლებენ სხვა სპეციალური საზედამხედველო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში“ ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-8 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და სამშენებლო მასალების ხარისხის სერტიფიკატი;";
ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შეაჩეროს მშენებლობა, შესაბამისი უწყების წინაშე დასვას საკითხი სამშენებლო მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოების, მათი დანიშნულებით რეალიზაციის ან გამოყენების შესახებ;“;
ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ფიზიკური ან იურიდიული პირის ან ამხანაგობის მიერ წლის განმავლობაში დარღვევის განმეორების ან დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წინაშე დასვას ამ სუბიექტისათვის საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიის ან/და სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან მისი გაუქმების საკითხი;“;
ბ.დ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:
„ზ) პროექტის შემთანხმებელ ორგანოს მოსთხოვოს პროექტის შეთანხმებისას დაშვებული დარღვევის და ამ დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორება;
თ) გაფრთხილების შემდეგ დამრღვევის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში, მიიღოს დადგენილება და სასამართლოში შეიტანოს სარჩელი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული, დაშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:
თ.ა) მშენებლობის განხორციელება მიწის ნაკვეთის ფლობის ან მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების უფლების გარეშე;
თ.ბ) მშენებლობის განხორციელება უპროექტოდ ან პროექტის დარღვევით, როდესაც შენობა-ნაგებობა ვერ უპასუხებს ტერიტორიის განაშენიანების ქალაქთმშენებლობის ნორმებს;
თ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, როდესაც იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია;
თ.დ) მშენებლობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვის გარეშე.“.
7. მე-5 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „საწარმო, დაწესებულება და ორგანიზაცია“ შეიცვალოს სიტყვებით „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მშენებლობის ნებართვის და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის წესის დარღვევისათვის შესაბამის ორგანოს სამი ათასი ლარით აჯარიმებს მთავარი არქმშენინსპექცია.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ არქმშენინსპექციის მიერ მიღებული დადგენილება უნდა აღასრულოს დამრღვევმა თავისი ხარჯებით. თუ დამრღვევი დადგენილ ვადაში ნებაყოფლობით არ აღასრულებს არქმშენინსპექციის დადგენილებას, იგი აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილებით იძულებითი წესით.
6. პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის თვითნებურად განხორციელებისათვის ან შესაბამისი შეთანხმებისა და დოკუმენტაციის გარეშე ან მათი დარღვევით, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
8. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. დამრღვევის დაჯარიმება და დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორების დაკისრება
1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის აღმოჩენისას შესაბამისი არქმშენინსპექცია დამრღვევს სთავაზობს დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით გამოსწორებას 10 დღის ვადაში. თუ დამრღვევი უარს აცხადებს დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე, არქმშენინსპექცია იღებს დადგენილებას დამრღვევისათვის საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ და აჯარიმებს მას. თუ დამრღვევი არ გადაიხდის ჯარიმას, არქმშენინსპექცია მიმართავს სასამართლოს საჯარიმო თანხის ამოღების მოთხოვნით.
2. დამრღვევისათვის დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორების ვალდებულებების დაკისრების მოთხოვნით არქმშენინსპექცია მიმართავს სასამართლოს.
3. სასამართლო არქმშენინსპექციის ოქმის საფუძველზე წყვეტს დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორების ვალდებულებების დაკისრების და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული, დაშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დანგრევის (დემონტაჟის) საკითხებს.
4. შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დანგრევის (დემონტაჟის) ხარჯები დაეკისრება დამრღვევს, მასვე შეიძლება დაეკისროს არქმშენინსპექციის მიერ საქმის წარმოებისას გაწეული სხვა ხარჯებიც. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობას და შენობა-ნაგებობების დანგრევის (დემონტაჟის) ღირებულებას განსაზღვრავს მოსამართლე.“.
9. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. ჯარიმის განაწილება და გამოყენება
1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევისათვის დადგენილი ჯარიმის 35% ჩაირიცხება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, 35% – შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში, მიუხედავად მშენებლობის ობიექტის დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმისა, ხოლო ამ თანხის დანარჩენი 30% – არქმშენინსპექციებისათვის ამ მიზნით ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე, თუ:
ა) დამრღვევი დააჯარიმა მთავარმა არქმშენინსპექციამ, ჯარიმის 30% გადაირიცხება მის ანგარიშზე;
ბ) დამრღვევი დააჯარიმა აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქმშენინსპექციამ ან ადგილობრივმა არქმშენინსპექციამ, ჯარიმის 25% გადაირიცხება შესაბამისი არქმშენინსპექციის ანგარიშზე, ხოლო 5% – მთავარი არქმშენინსპექციის ანგარიშზე.
2. არქმშენინსპექციების ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები გამოიყენება:
ა) არქმშენინსპექციების თანამშრომელთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად;
ბ) არქმშენინსპექციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად;
გ) არქმშენინსპექციების საქმიანობისათვის საჭირო სამეურნეო ხარჯების დასაფარავად;
დ) მოწვეული სპეციალისტების შრომის ანაზღაურებისათვის.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების არქმშენინსპექციებს და ადგილობრივ არქმშენინსპექციებს შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან შეიძლება გამოეყოთ დამატებითი ასიგნებები.“.
მუხლი 2
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებულ შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივი იძულებითი დანგრევის (დემონტაჟის) და მშენებლობის შეჩერების წესი;
ბ) დებულება „მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ.“.
მუხლი 3
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში:
ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის წესი;
ბ) შეიტანოს ცვლილებები და დამატებები მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესში.
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 22 ივნისი.
№992–IIს
დოკუმენტის კომენტარები