დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5646 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/12/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 27/12/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 19/04/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.130.000.05.001.003.103 |
საქართველოს კანონი
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 72) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. 41 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. თუ მიწერილობა დროულად არ შესრულდა, დამრღვევი დაჯარიმდება მხოლოდ მიწერილობის არადროულად შესრულებისთვის. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შეაჩეროს მიწერილობით განსაზღვრული ვადის დინება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:
ა) დარღვევები გამოსწორებულია და მიწერილობა შესრულდა;
ბ) განხილვისას გამოვლინდა არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;
გ) პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;
დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი.
6. თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების თაობაზე. დადგენილების მიღების შემდეგ ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, გასცეს მიწერილობა დარღვევების გამოსწორების შესახებ.“.
2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მოთხოვნებისა.“.
3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 18 დეკემბერი.
№5646–IIს
დოკუმენტის კომენტარები