არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

  • Word
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 330.090.000.05.001.000.300
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1105
14/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
330.090.000.05.001.000.300
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/12/1997 - 22/06/2001)

საქართველოს კანონი

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

ეს კანონი აწესრიგებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას, ზედამხედველობის ორგანოების ფუნქციებსა და უფლებებს, ამ სფეროში მეწარმე-სუბიექტების პასუხისმგებლობას.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების ხარისხის ამაღლებისათვის ხელის შეწყობა და ამის საფუძველზე ყველა სახის შენობა-ნაგებობების საიმედო და უსაფრთხო ექსპლუატაციისა და არქიტექტურული გადაწყვეტის განხორციელების უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობა – საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოება;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (შემდგომში – არქმშენინსპექცია) და მის სისტემაში შემავალი ადგილობრივი არქმშენინსპექციები, რომლებიც თავის საქმიანობას ახორციელებენ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება, რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები;

დ) მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას;

ე) საიმედოობა – შენობა-ნაგებობის, მისი ინჟინრული სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში;

ვ) დამკვეთი – იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც განზრახული აქვს განახორციელოს ობიექტის მშენებლობა ან რეკონსტრუქცია (შემდგომში – მშენებლობა);

ზ) მენარდე – იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ატარებს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს, აწარმოებს სამშენებლო ნაკეთობებსა და კონსტრუქციებს, დადგენილი წესით მიღებული აქვს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია, სერტიფიკატი;

თ) მშენებლობის დაწყების ნებართვა – მშენებლობის პროექტის განხორციელების საფუძველი, რომელსაც დამკვეთზე დადგენილი წესით გასცემს ადგილობრივი არქმშენინსპექცია;

ი) დარღვევა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში – სახელმწიფო სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების, პროექტების, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის სფეროს სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობა-ნაგებობის არქიტექტურული გადაწყვეტის დამახინჯება, მისი ნაწილებისა და კონსტრუქციული სისტემების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების სიმტკიცის, მდგრადობისა და საიმედოობის დაქვეითება-დაკარგვა, აგრეთვე ქმედება, რომლის შედეგადაც ირღვევა დადგენილი საორგანიზაციო წესები ობიექტების მშენებლობისას და საექსპლუატაციოდ მიღებისას;

კ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევა:

კ.ა. ობიექტის მშენებლობის დაწყება სათანადო ნებართვის გარეშე;

კ.ბ. ობიექტის მშენებლობის განხორციელება უპროექტოდ ან პროექტით, რომელსაც არ გაუვლია ექსპერტიზა დადგენილი წესით;

კ.გ. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელება ულიცენზიოდ;

კ.დ. სახელმწიფო დაკვეთის უტენდეროდ განთავსება;

კ.ე. არქმშენინსპექციის ორგანოების მიერ მიწერილობის შეუსრულებლობა ან არადროულად შესრულება;

კ.ვ. ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღების წესის დარღვევა;

კ.ზ. მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის წესის დარღვევა.

    მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:

ა) იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება:

ა.ა. შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან მათი შეერთების კვანძების დაპროექტება;

ა.ბ. შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი ან სხვა სპეციალური სამუშაოები;

ა.გ. სამშენებლო ნაკეთობების ან კონსტრუქციების წარმოება.

ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში;

გ) მშენებლობის დაწყების ნებართვის გამცემ ორგანოზე.

თავი II

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა

    მუხლი 4. არქმშენინსპექციის ფუნქციები, ამოცანები და უფლებები

1. არქმშენინსპექცია მის სისტემაში შემავალი ადგილობრივი ინსპექციებით, მშენებლობაში მონაწილეთა მიერ ხარისხის ნორმალური დონის, მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობის უზრუნველსაყოფად ატარებს ხარისხის შემოწმებას საქართველოს ტერიტორიაზე. შემოწმებას ექვემდებარება შენობა-ნაგებობების მშენებლობა, გაფართოება და რეკონსტრუქცია, იმ ობიექტების გარდა, რომელთაც აკონტროლებენ სხვა სპეციალური საზედამხედველო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

2. არქმშენინსპექცია ობიექტის მშენებლობის, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების ხარისხის შემოწმებას ატარებს მშენებლობაში მონაწილეთა უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად.

3. არქმშენინსპექციის ამოცანებია მშენებლობაში მონაწილეთა მიერ:

ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობისას და აშენებული ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემისას.

4. არქმშენინსპექცია შემოწმებით მიღებულ შედეგებს აანალიზებს და განაზოგადებს, შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული, მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფისათვის.

5. არქმშენინსპექცია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების საკითხებს განიხილავს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარების თაობაზე.

6. არქმშენინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების საწარმოებზე, რომლებიც აშენებენ ობიექტებს, აწარმოებენ სამშენებლო ნაკეთობებსა და კონსტრუქციებს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. არქმშენინსპექცია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.

8. არქმშენინსპექციას უფლება აქვს:

ა) შევიდეს მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტებზე და სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების დამამზადებელ საწარმოებში;

ბ) მოსთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული და საშემსრულებლო დოკუმენტაცია;

გ) გასცეს მშენებლობაში მონაწილეთათვის და სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების დამამზადებელი საწარმოებისათვის აუცილებლად შესასრულებელი მიწერილობა პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;

დ) შეაჩეროს მშენებლობა, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოება, პირდაპირი დანიშნულებით რეალიზაცია ან გამოყენება კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს მშენებელ ორგანიზაციას, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების დამამზადებელ საწარმოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდების, გაზომვებისა და გადაღებების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – არქმშენინსპექცია;

ვ) იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ წლის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წინაშე დააყენოს ამ პირის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიის, სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან მისი გაუქმების საკითხი.

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო  საქმიანობაში დარღვევებისათვის

1. საწარმო, დაწესებულება და ორგანიზაცია (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან მენარდედ, ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქცია, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმდებიან:

ა) საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისას, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისას ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნათა დარღვევისათვის, რაც იწვევს წარმოებული სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების სიმტკიცის დაქვეითებას, შენობა-ნაგებობის არქიტექტურული გადაწყვეტის დამახინჯებას, ან მისი ცალკეული ნაწილებისა და კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცის დაქვეითებას ან მდგრადობის დაკარგვას – დარღვევის გამოსწორებისათვის საჭირო თანხის 50-დან 200%-მდე ოდენობით;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი ორგანიზაციული წესების დარღვევისათვის:

ბ.ა. ორი ათასი ლარით – ობიექტის მშენებლობის დაწყებისათვის სათანადო ნებართვის გარეშე;

ბ.ბ. სამი ათასი ლარით – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისათვის ამ საქმიანობის ლიცენზიის, სერტიფიკატის გარეშე ან არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის იმ სამუშაოების შესრულებისათვის, რომლებიც არაა მოხსენიებული ლიცენზიაში;

ბ.გ. სამი ათასი ლარით – ობიექტის მშენებლობის განხორციელებისათვის უპროექტოდ ან პროექტით, რომელსაც არ გაუვლია ექსპერტიზა დადგენილი წესით;

ბ.დ. ორი ათასი ლარით – სახელმწიფო დაკვეთით მშენებლობის უტენდეროდ წარმართვისათვის;

ბ.ე. ათასი ლარით – ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღების დადგენილი წესის დარღვევისათვის;

ბ.ვ. ორი ათასი ლარით – არქმშენინსპექციის ორგანოების მიწერილობის შეუსრულებლობისათვის.

2. მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის წესის დარღვევისათვის ამ ნებართვის გამცემ ადგილობრივ არქმშენინსპექციას სამი ათასი ლარით აჯარიმებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ზემდგომი ორგანო ან სასამართლო.

3. დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისაგან.

4. არქმშენინსპექციის სისტემის მუშაკი, რომელიც არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. დაჯარიმების შესახებ დადგენილების შესრულება და ჯარიმის თანხის გამოყენება

1. არქმშენინსპექციის დადგენილება არის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის დაჯარიმების საფუძველი.

2. თუ დამრღვევი უარს აცხადებს ჯარიმის გადახდაზე, არქმშენინსპექცია მიმართავს სასამართლოს დარღვევისათვის საჯარიმო სანქციის გატარების მოთხოვნით.

3. ჯარიმის თანხა გამოიყენება კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 7. დაჯარიმების შესახებ დადგენილების გასაჩივრება

არქმშენინსპექციის დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში. ამასთან, დადგენილების აღსრულება შეჩერდება ამ ორგანოს ან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი ამტკიცებს:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების – არქმშენინსპექციების ფუნქციონირების წესს;

ბ) მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის წესს.

    მუხლი 9. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 14 ნოემბერი.

№1105–Iს