არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

  • Word
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 330.090.000.05.001.000.300
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1105
14/11/1997
პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997
330.090.000.05.001.000.300
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/12/2004 - 22/12/2005)

საქართველოს კანონი

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

ეს კანონი აწესრიგებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ამ სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობის საკითხს.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსისა და დადგენილი წესით შეთანხმებული პროექტის მოთხოვნათა სრული დაცვით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობა – საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება, სამშენებლო მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოება;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ერთიანი, ცენტრალიზებული ორგანო – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (შემდგომში – მთავარი არქმშენინსპექცია) და მისი სტრუქტურული ერთეულები: აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უწყებების არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციები (შემდგომში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების არქმშენინსპექციები) და ადგილობრივი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციები (შემდგომში – ადგილობრივი არქმშენინსპექციები), რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება, რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები;

დ) მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას;

ე) საიმედოობა – შენობა-ნაგებობის, მისი ინჟინრული სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში;

ვ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამხანაგობა, რომელსაც განზრახული აქვს ობიექტის მშენებლობა ან რეკონსტრუქცია (შემდგომში – მშენებლობა);

ზ) მენარდე – იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ატარებს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს, აწარმოებს სამშენებლო ნაკეთობებსა და კონსტრუქციებს, დადგენილი წესით მიღებული აქვს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია, სერტიფიკატი;

თ) მშენებლობის წარმო ების ნებართვა – მშენებლობის პროექტის განხორციელების საფუძველი, რომელსაც დამკვეთზე დადგენილი წესით გასცემს მთავარი არქმშენინსპექცია ან ადგილობრივი არქმშენინსპექცია. ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში. განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, რომელთა ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი, მშენებლობის წარმოების ნებართვას გასცემს მთავარი არქმშენინსპექცია;

ი) დარღვევა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში – სახელმწიფო სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების, პროექტების, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის სფეროს სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობა-ნაგებობის არქიტექტურული გადაწყვეტის დამახინჯება, მისი ნაწილებისა და კონსტრუქციული სისტემების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების სიმტკიცის, მდგრადობისა და საიმედოობის დაქვეითება-დაკარგვა, აგრეთვე ქმედება, რომლის შედეგადაც ირღვევა დადგენილი საორგანიზაციო წესები ობიექტების მშენებლობისას და საექსპლუატაციოდ მიღებისას;

კ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევა:

კ.ა. ობიექტის მშენებლობის დაწყება სათანადო ნებართვის გარეშე;

კ.ბ. ობიექტის მშენებლობის განხორციელება უპროექტოდ ან პროექტით, რომელსაც არ გაუვლია ექსპერტიზა დადგენილი წესით;

კ.გ. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელება ულიცენზიოდ ან სხვისი ლიცენზიით;

კ.დ. სახელმწიფო დაკვეთის უტენდეროდ განთავსება;

კ.ე. არქმშენინსპექციის ორგანოების მიერ მიწერილობის შეუსრულებლობა ან არადროულად შესრულება;

კ.ვ. ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღების წესის დარღვევა;

კ.ზ. მშენებლობის ნებართვის და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის წესის დარღვევა;

ლ) პროექტის შეთანხმებისას დაშვებული დარღვევა – შესაბამისი ორგანოს მიერ ისეთი პროექტის შეთანხმება, რომელიც არღვევს სახელმწიფოსთვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს, ზიანს აყენებს მას და არ შეესაბამება ტერიტორიის განაშენიანების ქალაქთმშენებლობის ნორმებს;

მ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი – ქვეყნის ტერიტორიული განვითარების სქემები, დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმები, საწარმოო, სამეურნეო და სხვა ფუნქციური ზონების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, სამშენებლო ნორმები, წესები და სტანდარტები, აგრეთვე დადგენილი წესით დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაცია;

ნ) საპროექტო დოკუმენტაცია – არქიტექტურული ობიექტის რეალიზაციის მიზნით არქიტექტურული პროექტის საფუძველზე დადგენილი მოცულობით მომზადებული საპროექტო მუშა დოკუმენტაცია, რომელიც არ არის საავტორო უფლებათა ობიექტი და საჭიროებს ლიცენზირებას.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

    მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:

ა) იურიდიული და ფიზიკური პირების, ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება:

ა.ა. (ამოღებულია );

ა.ბ. შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი ან სხვა სპეციალური სამუშაოები;

ა.გ. სამშენებლო ნაკეთობების ან კონსტრუქციების წარმოება.

ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში;

გ) მშენებლობის ნებართვის და მშენებლობის წარმოების ნებართვის გამცემ ორგანოზე.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

    მუხლი 31. არქმშენინსპექციის მართვა

1. მთავარ არქმშენინსპექციას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავარი არქმშენინსპექტორი, რომელსაც საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

თავი II

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა

    მუხლი 4. არქმშენინსპექციის ფუნქციები, ამოცანები და უფლებები

1. არქმშენინსპექცია მის სისტემაში შემავალი ადგილობრივი ინსპექციებით, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან მთავარი არქმშენინსპექციის წინაშე, მშენებლობაში მონაწილეთა მიერ ხარისხის ნორმალური დონის, მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობის უზრუნველსაყოფად ატარებს ხარისხის შემოწმებას საქართველოს ტერიტორიაზე. შემოწმებას ექვემდებარება შენობა-ნაგებობების მშენებლობა, გაფართოება და რეკონსტრუქცია.

2. არქმშენინსპექცია ობიექტის მშენებლობის, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების ხარისხის შემოწმებას ატარებს მშენებლობაში მონაწილეთა უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად.

3. არქმშენინსპექციის ამოცანებია მშენებლობაში მონაწილეთა მიერ:

ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობისას და აშენებული ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემისას.

4. არქმშენინსპექცია შემოწმებით მიღებულ შედეგებს აანალიზებს და განაზოგადებს, შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული, მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფისათვის.

5. არქმშენინსპექცია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების საკითხებს განიხილავს მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარების თაობაზე.

6. არქმშენინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების საწარმოებზე, რომლებიც აშენებენ ობიექტებს, აწარმოებენ სამშენებლო ნაკეთობებსა და კონსტრუქციებს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. არქმშენინსპექცია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.

8. არქმშენინსპექციას უფლება აქვს:

ა) შევიდეს მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სამშენებლო ობიექტებზე და სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების დამამზადებელ საწარმოებში;

ბ) მოსთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული და საშემსრულებლო დოკუმენტაცია და სამშენებლო მასალების ხარისხის სერტიფიკატი;

გ) გასცეს მშენებლობაში მონაწილეთათვის და სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების დამამზადებელი საწარმოებისათვის აუცილებლად შესასრულებელი მიწერილობა პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;

დ) შეაჩეროს მშენებლობა, შესაბამისი უწყების წინაშე დასვას საკითხი სამშენებლო მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოების, მათი დანიშნულებით რეალიზაციის ან გამოყენების შესახებ;

ე) საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს მშენებელ ორგანიზაციას, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების დამამზადებელ საწარმოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდების, გაზომვებისა და გადაღებების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – არქმშენინსპექცია;

ვ) ფიზიკური ან იურიდიული პირის ან ამხანაგობის მიერ წლის განმავლობაში დარღვევის განმეორების ან დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წინაშე დასვას ამ სუბიექტისათვის საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზიის ან/და სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან მისი გაუქმების საკითხი;

ზ) პროექტის შემთანხმებელ ორგანოს მოსთხოვოს პროექტის შეთანხმებისას დაშვებული დარღვევის და ამ დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორება;

თ) გაფრთხილების შემდეგ დამრღვევის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში, მიიღოს დადგენილება და სასამართლოში შეიტანოს სარჩელი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული, დაშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:

თ.ა) მშენებლობის განხორციელება მიწის ნაკვეთის ფლობის ან მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების უფლების გარეშე;

თ.ბ) მშენებლობის განხორციელება უპროექტოდ ან პროექტის დარღვევით, როდესაც შენობა-ნაგებობა ვერ უპასუხებს ტერიტორიის განაშენიანების ქალაქთმშენებლობის ნორმებს;

თ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, როდესაც იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია;

თ.დ) მშენებლობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვის გარეშე.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო  საქმიანობაში დარღვევებისათვის

1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან მენარდედ, ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქცია, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმდებიან:

ა) საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებისას, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოებისას ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნათა დარღვევისათვის, რაც იწვევს წარმოებული სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების სიმტკიცის დაქვეითებას, შენობა-ნაგებობის არქიტექტურული გადაწყვეტის დამახინჯებას, ან მისი ცალკეული ნაწილებისა და კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცის დაქვეითებას ან მდგრადობის დაკარგვას – დარღვევის გამოსწორებისათვის საჭირო თანხის 50-დან 200%-მდე ოდენობით;

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი ორგანიზაციული წესების დარღვევისათვის:

ბ.ა. ორი ათასი ლარით – ობიექტის მშენებლობის დაწყებისათვის სათანადო ნებართვის გარეშე;

ბ.ბ. სამი ათასი ლარით – არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისათვის ამ საქმიანობის ლიცენზიის, სერტიფიკატის გარეშე ან არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის იმ სამუშაოების შესრულებისათვის, რომლებიც არაა მოხსენიებული ლიცენზიაში;

ბ.გ. სამი ათასი ლარით – ობიექტის მშენებლობის განხორციელებისათვის უპროექტოდ ან პროექტით, რომელსაც არ გაუვლია ექსპერტიზა დადგენილი წესით;

ბ.დ. ორი ათასი ლარით – სახელმწიფო დაკვეთით მშენებლობის უტენდეროდ წარმართვისათვის;

ბ.ე. ათასი ლარით – ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღების დადგენილი წესის დარღვევისათვის;

ბ.ვ. ორი ათასი ლარით – არქმშენინსპექციის ორგანოების მიწერილობის შეუსრულებლობისათვის.

2. მშენებლობის ნებართვის და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის წესის დარღვევისათვის შესაბამის ორგანოს სამი ათასი ლარით აჯარიმებს მთავარი არქმშენინსპექცია.

3. დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისაგან.

4. არქმშენინსპექციის სისტემის მუშაკი, რომელიც არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დანგრევის (დემონტაჟის) შესახებ არქმშენინსპექციის მიერ მიღებული დადგენილება უნდა აღასრულოს დამრღვევმა თავისი ხარჯებით. თუ დამრღვევი დადგენილ ვადაში ნებაყოფლობით არ აღასრულებს არქმშენინსპექციის დადგენილებას, იგი აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილებით იძულებითი წესით.

6. პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის თვითნებურად განხორციელებისათვის ან შესაბამისი შეთანხმებისა და დოკუმენტაციის გარეშე ან მათი დარღვევით, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

    მუხლი 6. დამრღვევის დაჯარიმება და დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორების დაკისრება

1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის აღმოჩენისას შესაბამისი არქმშენინსპექცია დამრღვევს სთავაზობს დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით გამოსწორებას 10 დღის ვადაში. თუ დამრღვევი უარს აცხადებს დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე, არქმშენინსპექცია იღებს დადგენილებას დამრღვევისათვის საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ და აჯარიმებს მას. თუ დამრღვევი არ გადაიხდის ჯარიმას, არქმშენინსპექცია მიმართავს სასამართლოს საჯარიმო თანხის ამოღების მოთხოვნით.

2. დამრღვევისათვის დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორების ვალდებულებების დაკისრების მოთხოვნით არქმშენინსპექცია მიმართავს სასამართლოს.

3. სასამართლო არქმშენინსპექციის ოქმის საფუძველზე წყვეტს დარღვევის და დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორების ვალდებულებების დაკისრების და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული, დაშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დანგრევის (დემონტაჟის) საკითხებს.

4. შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დანგრევის (დემონტაჟის) ხარჯები დაეკისრება დამრღვევს, მასვე შეიძლება დაეკისროს არქმშენინსპექციის მიერ საქმის წარმოებისას გაწეული სხვა ხარჯებიც. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობას და შენობა-ნაგებობების დანგრევის (დემონტაჟის) ღირებულებას განსაზღვრავს მოსამართლე.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

    მუხლი 61. ჯარიმის განაწილება და გამოყენება

1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევისათვის დადგენილი ჯარიმა მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, მიუხედავად მშენებლობის ობიექტის დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმისა.

2. (ამოღებულია) .

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების არქმშენინსპექციებს და ადგილობრივ არქმშენინსპექციებს შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან შეიძლება გამოეყოთ დამატებითი ასიგნებები.

საქართველოს 2001  წლის 22 ივნისი ს კანონი № 992 - სსმ I, № 23 , 11.07 .2001 წ., მუხ. 91

საქართველოს 2004  წლის 29 დეკემბრის კანონი №857 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.227

    მუხლი 7. დაჯარიმების შესახებ დადგენილების გასაჩივრება

არქმშენინსპექციის დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში. ამასთან, დადგენილების აღსრულება შეჩერდება ამ ორგანოს ან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი

ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი ამტკიცებს:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების – არქმშენინსპექციების ფუნქციონირების წესს;

ბ) მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის წესს.

    მუხლი 9. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 14 ნოემბერი.

№1105–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2001  წლის 22 ივნისის კანონი №992 - სსმ I, №23, 11.07.2001 წ., მუხ.91

2. საქართველოს 2004  წლის 29 დეკემბრის კანონი №857 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.227