დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2911 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/04/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 19/04/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.160.070.05.001.003.974 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ტექნიკური ბარიერებისა და რისკების შემცირების პრინციპის გათვალისწინებით:
ა) ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა მომეტებული ტექნიკური საფრთხისაგან;
ბ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით;
გ) რისკის ანალიზსა და შეფასებაზე დამყარებული ინსპექტირების სისტემის დანერგვა;
დ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბება და საინსპექციო ორგანოების საქმიანობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა;
ე) ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის, სხვა უფლებამოსილი ორგანოებისა და საინსპექციო ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროში;
ვ) სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა.
საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი № 3776 - სსმ I, № 63 , 1 0.11. 2010წ., მუხ. 403
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და წარმოადგენს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსათვის.
2. ამ კანონის მოქმედება სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ვრცელდება:
ა) იურიდიული და ფიზიკური პირების, ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი ან სხვა სპეციალური სამუშაოები;
ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში;
გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი;
დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მრავალბინიან სახლზე მშენებლობის მწარმოებელი პირი;
ე) იმ სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე, რომლის ავარიულობის ხარისხიც უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობებით რეგულირებულ შემდეგ სფეროებზე:
ა) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სფერო;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საქმიანობის, მათ შორის, ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების სფერო;
გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, უსაფრთხო წარმოების, ზედამხედველობისა და კონტროლის სფერო;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სფერო.
4. ამ კანონით არ რეგულირდება:
ა) სამშენებლო საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას;
ბ) საშიშ ობიექტებთან დაკავშირებული ის საქმიანობა, ობიექტები და პირობები, რომელთა კონტროლს არ ითვალისწინებს ეს კანონი;
გ) ის ობიექტები და საქმიანობა, რომელიც არ შედის ამ კანონის მოქმედების სფეროში.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს;
ბ) მომეტებული ტექნიკური საფრთხე – საფრთხე, რომელსაც შეიცავს სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ობიექტი, ასევე მის შექმნასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პროცესი, რომლის წარმოება, მშენებლობა, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის საფრთხეს და წარმოადგენს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსათვის;
გ) ავარია – ობიექტის რღვევა, ნგრევა, აფეთქება ან ემისია, რომელიც იწვევს ადამიანის ინტოქსიკაციას, მისი სიცოცხლის მოსპობას ან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს და მატერიალურ ფასეულობებს;
დ) შეუსაბამობა – ობიექტის დაზიანება, ტექნოლოგიური პროცესიდან გადახრა, რომელიც ზრდის საფრთხის რისკს, აგრეთვე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელიც შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას:
დ.ა) არაარსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ჩვეულებრივი საქმიანობის შეჩერების გარეშე, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომელიც მხედველობაში უნდა მიიღოს ობიექტის მფლობელმა;
დ.ბ) არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სასიცოცხლო საფრთხეს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მისი გამოუსწორებლობა დიდ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს;
დ.გ) კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც დიდ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა და რომლის გამოსასწორებლად შეიძლება შეჩერდეს ობიექტის ექსპლუატაცია;
ე) ინსპექტირება – ობიექტის საქართველოს კანონმდებლობითა და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირებისა და დოკუმენტური კონტროლის ფორმით, პროფესიული შეფასების საფუძველზე:
ე.ა) ტექნიკური ინსპექტირება – საინსპექციო ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ობიექტის ადგილზე შემოწმება;
ე.ბ) დოკუმენტური კონტროლი – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით საინსპექციო ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება;
ვ) საინსპექციო ორგანო – ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკრედიტებულია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო;
ზ) მიმწოდებელი – პროდუქტის ან მომსახურების ბაზარზე განმათავსებელი პირი;
თ) ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია – ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია შეიცავს:
თ.ა) ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
თ.ბ) ინფორმაციას ობიექტის მფლობელის შესახებ;
თ.გ) ინფორმაციას ობიექტის მწარმოებლის/მშენებლის შესახებ;
თ.დ) ობიექტის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს;
თ.ე) ინფორმაციას ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ;
თ.ვ) ინფორმაციას ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ;
თ.ზ) ინფორმაციას ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ;
თ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სხვა პარამეტრებს;
თ.ი) ამ კანონის შესაბამისად სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერს ან შესაბამისი აქტის ნომერს;
ი) სამშენებლო საქმიანობა – ობიექტის მშენებლობის, მონტაჟის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროცესი;
კ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები;
ლ) სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება, რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები;
მ) მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას;
ნ) საიმედოობა – შენობა-ნაგებობის, მისი საინჟინრო სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში;
ო) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც სამუშაოს უკვეთავს სამშენებლო ორგანიზაციას;
პ) მენარდე – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს;
ჟ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისა, რომელსაც სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოეშვა ნივთით დროებით სარგებლობის უფლება), რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის ამ უფლების რეგისტრაცია არ განუხორციელებია;
რ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია;
ს) სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით;
ტ) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება – სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება;
უ) სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას);
ფ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა – საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერიტორიები, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა ზონები, სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილია დამატებითი პირობები;
ქ) სამშენებლო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველია;
ღ) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა – საქართველოს დედაქალაქის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, საკურორტო და სარეკრეაციო ზონების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ის ნაწილები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;
ყ) მითითება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ან სამშენებლო საქმიანობაზე სხვა სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა, განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად;
შ) ტექნიკური სერტიფიკატი – საინსპექციო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობას.
საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი № 3776 - სსმ I, № 63 , 1 0.11. 2010წ., მუხ. 403
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
თავი II
ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია
მუხლი 4. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას.
2. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია:
ა) გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას;
ბ) გასცემს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას;
გ) ახორციელებს ობიექტის რეგისტრაციას უწყებრივ რეესტრში;
დ) ავარიის, უბედური შემთხვევის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ახორციელებს ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებას აკრედიტებული საინსპექციო ორგანოს მეშვეობით;
ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;
ვ) ახორციელებს ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტურ კონტროლს ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;
ზ) გასცემს მითითებებს ან/და განსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;
თ) ხელს უწყობს ამ კანონით განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.
21. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ და მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროში სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები.
3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ფუნქციებია:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემთხვევაში – განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში. იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, რომელთა მშენებლობის ნებართვას გასცემენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები, სახელმწიფო ზედამხედველობას ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ ამავე დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები;
ბ) უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვა;
გ) განახორციელოს უფლებამოსილი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა;
დ) უზრუნველყოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობის დაცვა;
ე) გააკონტროლოს მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დაცვა;
ვ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი წესრიგი მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.
4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამოსილებებია:
ა) შეამოწმოს მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტები;
ბ) მოსთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მითითება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამშენებლო ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მითითება გაიცემა აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის შემთხვევაში;
დ) ამ კანონის III თავით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს:
დ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება;
დ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;
დ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები;
ვ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს:
ვ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მითითების შეუსრულებლობა;
ვ.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა;
ვ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს, არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია.
5. ამ მუხლით, ამ კანონის III თავით და 22-ე–30-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები.
საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი № 3776 - სსმ I, № 63 , 1 0.11. 2010წ., მუხ. 403
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
მუხლი 5. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრი
1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, ხოლო რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში ინფორმაცია შეიტანება ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრს აწარმოებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების ორგანოები.
საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი № 3776 - სსმ I, № 63 , 1 0.11. 2010წ., მუხ. 403
მუხლი 6. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები და მათი კონტროლი
1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში ჩამოთვლილი ობიექტების კონტროლის წესი და მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ეს ობიექტები მიეკუთვნება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს.
2. ობიექტები ექვემდებარება კონტროლს.
3. ობიექტების კონტროლი ხორციელდება ორი სახით:
ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით;
ბ) პერიოდული ინსპექტირებით.
4. ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება;
ბ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი;
გ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების მშენებლობა.
5. პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარება შემდეგი ობიექტები:
ა) კარიერი/მაღარო/შახტი სასარგებლო წიაღისეულის მექანიზებული წესით მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან ჭრილი, რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელსაც აქვს დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის;
ბ) ბუნებრივი გამოქვაბულები და მღვიმეები, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება;
გ) საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი/ტერაკონი;
დ) სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი;
ე) ჟანგბადის წარმოება და სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი;
ვ) თხევადი ჟანგბადის წარმოება;
ზ) რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა;
თ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი;
ი) ნავთობბაზა;
კ) მაგისტრალური ნავთობსადენი;
ლ) მაგისტრალური გაზსადენი;
მ) ამწე მოწყობილობა;
ნ) ლიფტი;
ო) ესკალატორი;
პ) ფუნიკულიორი;
ჟ) საბაგირო გზა;
რ) ატრაქციონი;
ს) საქვაბე დანადგარი/მოწყობილობა;
ტ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელი;
უ) საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი მცურავი ობიექტები;
ფ) ჰიდროტექნიკური ნაგებობები (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები).
6. ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციის ფორმას ობიექტის ტიპის მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა.
7. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროებში, სადაც არ არის აკრედიტებული საინსპექციო ორგანო. საინსპექციო ორგანოს აკრედიტებისა და ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას. იკრძალება ერთი და იმავე ობიექტის პარალელური ინსპექტირება ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციისა და საინსპექციო ორგანოს მიერ.
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3352- სსმ I, №35, 12.07.2010წ., მუხ.216
მუხლი 7. ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები
1. ობიექტის კონტროლი ხორციელდება ინსპექტირებით.
2. დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საინსპექციო ორგანოების მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე.
3. დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
4. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია არაარსებით შეუსაბამობას საინსპექციო ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს ცნობად, ხოლო არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას, მისი დარღვევის შემთხვევაში კი აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის.
5. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას; ობიექტის მფლობელს განესაზღვრება გონივრული ვადა შეუსაბამობის გამოსასწორებლად.
6. თუ შეუსაბამობა არ გამოსწორდება გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.
7. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია ობიექტს შეიტანს შემოწმების გეგმაში (რომელიც შემუშავდება რამდენიმე ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში, შეუსაბამობის გამოსწორებამდე), აკონტროლებს, რომ არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექპლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას.
8. ოპერატიული მითითება არის ამ კანონით გათვალისწინებული მითითების სახე, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ობიექტზე არსებული შეუსაბამობა ქმნის მკაფიოდ იდენტიფიცირებად საფრთხეს და მისი დასაბუთება არ საჭიროებს დამატებით დროს და ექსპერტულ შეფასებას.
9. მითითება ფორმდება აქტის სახით, რომლის ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს, ხოლო მეორე ინახება საინსპექციო ორგანოში.
10. მითითების გაცნობად ჩაითვლება ინსპექტორის მიერ ობიექტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის მითითების შინაარსის გაცნობა და მითითების გადაცემა, რომლის მიღებას ეს პირი ხელმოწერით ადასტურებს, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში – მითითების განთავსება ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.
11. მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად.
12. ობიექტზე არსებული შეუსაბამობა შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას, რაც აღინიშნება ინსპექტირების ოქმში.
13. ობიექტის ადგილზე ინსპექტირების უფლება ასევე აქვთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ საინსპექციო ორგანოებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში.
14. საინსპექციო ორგანო ჩატარებული სამუშაოს შედეგებს აფორმებს ტექნიკური ინსპექტირების ოქმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემოწმების შედეგებს და შესაბამისობის შეფასების მონაცემებს (შეუსაბამობების შესახებ მითითებებს ასეთის არსებობის შემთხვევაში და სათანადო მითითებებს – შენიშვნებს). ოქმის ორიგინალი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ოქმის ერთი ასლი რჩება საინსპექციო ორგანოში.
15. ობიექტის მფლობელი ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას წარუდგენს მის მიერ გავლილი ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციას ინსპექტირების გავლიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 8. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების საფუძველი
1. ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება რისკის ანალიზისა და შეფასების სისტემის საფუძველზე.
2. ტექნიკური რეგლამენტი ინსპექტირების შესახებ ადგენს რისკის კატეგორიებს და განსაზღვრავს გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობას.
3. განსაზღვრული პერიოდულობის გარდა, ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება:
ა) საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, ვიზუალური დაკვირვებით, ყნოსვითი, სმენითი, შეხებისა და გემოვნური შეგრძნებების საფუძველზე;
ბ) ფორსმაჟორის შემთხვევაში;
გ) ავარიის შემთხვევაში;
დ) უბედური შემთხვევის დროს, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან სიკვდილი.
მუხლი 9. აკრედიტებული საინსპექციო ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები
1. ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული საინსპექციო ორგანო ობიექტის ადგილზე შემოწმების ფორმით.
2. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს აკრედიტებული საინსპექციო ორგანო შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში გასცემს შესაბამის რეკომენდაციას, ხოლო ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობისას – ტექნიკურ სერტიფიკატს.
3. აკრედიტებულმა საინსპექციო ორგანომ საქმიანობის დაწყებისათვის ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.
4. აკრედიტებული საინსპექციო ორგანო ახორციელებს ობიექტის უსაფრთხოების პერიოდულ ინსპექტირებას ადგილზე, ადგენს მის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან და გასცემს ინსპექტირების ოქმს.
5. აკრედიტებული საინსპექციო ორგანო ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას წარუდგენს ინფორმაციას მის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ.
6. ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ საინსპექციო ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების საინსპექციო ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს საქართველოს ტერიტორიასაც.
7. არსებითი ან/და კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის თაობაზე აკრედიტებული საინსპექციო ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას. ასეთი შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომლის ასლი სპეციალური შენიშვნებით 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.
8. არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აკრედიტებული საინსპექციო ორგანო და ობიექტის მფლობელი (ან მისი წარმომადგენელი) თანხმდებიან შეუსაბამობის გამოსწორების გონივრულ ვადაზე, რაც ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში.
9. ობიექტის მფლობელი შეუსაბამობის შეთანხმებულ ვადაში გამოსწორების დადასტურების მიზნით ვალდებულია განმეორებით მოიწვიოს აკრედიტებული საინსპექციო ორგანო, რომელიც შემოწმების შედეგებს აცნობებს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.
10. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში აკრედიტებული საინსპექციო ორგანო უფლებამოსილია:
ა) განუმარტოს ობიექტის მფლობელს შესაძლო შედეგები და გასცეს რეკომენდაცია ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ინსპექტირების ოქმში მითითებით;
ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას და გაუგზავნოს ტექნიკური ინსპექტირების ოქმის ასლი;
გ) თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე მისი ექსპლუატაციის გაგრძელება, ან არსობრივად შეუძლებელია პროცესის შეჩერება, საინსპექციო ორგანო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ გააკეთოს შენიშვნა ინსპექტირების ოქმში და 24 საათის განმავლობაში გაუგზავნოს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.
მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა
1. საინსპექციო ორგანო დამოუკიდებელია დაინტერესებული მხარეებისაგან.
2. საინსპექციო ორგანო და მისი პერსონალი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინსპექტირების განხორციელებისთვის, უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ობიექტის დაპროექტებაში, წარმოებაში, მიწოდებაში, მონტაჟსა და რემონტში და არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები.
3. საინსპექციო ორგანო არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე.
4. საინსპექციო ორგანოს ხელმძღვანელს და ობიექტის მფლობელს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი.
მუხლი 11. ობიექტის მფლობელის მოვალეობები
1. ობიექტის მფლობელი ვალდებულია:
ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია;
ბ) უზრუნველყოს ობიექტის შესაბამისობა უსაფრთხოების მოთხოვნებთან;
გ) შექმნას შრომის უსაფრთხო პირობები;
დ) უზრუნველყოს ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება;
ე) არ განახორციელოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არმქონე ობიექტის ექსპლუატაცია;
ვ) ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას წარუდგინოს ტექნიკური ინსპექტირების ოქმის ასლი წინა ტექნიკური ინსპექტირების ვადის ამოწურვამდე;
ზ) შეასრულოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამოსილ პირთა მითითებები;
თ) განსაზღვროს ობიექტის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირი/ორგანო;
ი) განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები ავარიის/უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით;
კ) დაუყოვნებლივ აღმოფხვრას მომხდარი ავარიის შედეგები და აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.
2. ობიექტის მფლობელი ვალდებულია ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას. შეტყობინება დასაშვებია კომუნიკაციის ყველა საშუალებით.
მუხლი 12. ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა
1. ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის წესებსა და პროცედურებს, ასევე მათი დაცვისათვის პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებებს ადგენს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
ა) დამსაქმებლის მიერ სამუშაო ადგილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის/ორგანოს განსაზღვრა;
გ) დასაქმებულის სიკვდილის, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან დაავადების თავიდან აცილების მიზნით პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
დ) დასაქმებულთა ინფორმირება ინსტრუქციების გამოკვრის, ობიექტების ნიშანდების, დასაქმებულთა ტრენინგის, რისკების შეფასებისა და მართვის მეშვეობით.
2. მშენებლობის პროცესში შრომის უსაფრთხოების პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს მიაწოდოს მომეტებულ ტექნიკურ საფრთხესთან დაკავშირებული ინფორმაცია.
4. დასაქმებულს, რომელიც იმყოფება სამუშაო ადგილზე, უფლება აქვს, იცოდეს:
ა) რა სახის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაოს ასრულებს;
ბ) რა შედეგებს გამოიწვევს შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დაუცველობა როგორც პირადად მისთვის, ისე გარშემომყოფთათვის;
გ) რა ღონისძიებებია განსახორციელებელი უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად.
თავი III
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
მუხლი 13. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
21 . თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემის გარეშე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას.
22 . თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.
3. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად სრულდება.
31 . სამშენებლო სამართალდარღვევისას დამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების აქტი შესაძლოა შედგეს მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე. ეს უნდა აღინიშნოს შემოწმების აქტშ ი.
4. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.
5. მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
6. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
7. დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას საურავის დაკისრების შესახებ.
8. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:
ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;
ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;
გ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;
დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი.
9. თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ. დადგენილების მიღების შემდეგ ეს ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება დარღვევების გამოსწორების შესახებ.
10. შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.
11. ამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
12. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კანონითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება დასაბუთებული უნდა იყოს და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს იმ ორგანოს დასახელებას და მისამართს, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, და გასაჩივრების ვადას.
121 . ამ კანონით გათვალისწინებული დადგენილება აღსასრულებლად მიიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვის ვადაში.
13. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს.
14. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაწესებული ჯარიმა ბიუჯეტში ჩაირიცხება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული წესით.
15. თუ ვერ ხერხდება დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:
ა) საინფორმაციო დაფა;
ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა;
გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლია – ბინის მთავარი შესასვლელი.
17. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალ-დარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა განისაზღვრება ამ კანონით.
18. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
19. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ დადგენილების მიღებისას;
ბ) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას;
გ) დარღვევებისთვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;
დ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას;
ე) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას;
ვ) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;
ზ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების გატარებას.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4968 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5094 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5558 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.
მუხლი 14. პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის
1. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
2. დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.
3. სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან:
ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის;
ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.
4. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.
5. მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთის რეალიზაცია აუქციონის ჩატარების გზით.
7. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო აუქციონს ატარებს ამ კანონით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის მოთხოვნათა დაცვით.
8. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებისა.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4968 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
თავი IV
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში
მუხლი 15. ობიექტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა
1. ობიექტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც საშიში შედეგი არ მოჰყოლია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.
მუხლი 16. ობიექტების დამზადება, მათზე სამუშაოთა წარმოება ან მომსახურება უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების სათანადო ნებართვის გარეშე მუშაობა
ობიექტების დამზადება, მათზე სამუშაოთა წარმოება ან მომსახურება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოების სათანადო ნებართვის გარეშე მუშაობა ან არამართლზომიერი გაცემა, გაყალბება ან გამოყენება იმ ოფიციალური დოკუმენტებისა, რომლებიც ადასტურებს ობიექტების შესაბამისობას სამუშაოების ან მომსახურების უსაფრთხოების წესებთან, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.
მუხლი 17. გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების მაგისტრალური სადენების ექსპლუატაციის წესების დარღვევა
1. გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების მაგისტრალური სადენების ექსპლუატაციის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.
მუხლი 18. ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა
1. ობიექტის მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა –
გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 3 000 ლარით.
მუხლი 19. შეუსაბამობის გამოსწორების ვადის დარღვევა
ობიექტის მფლობელის მიერ შეუსაბამობის გამოსწორების ვადის დარღვევა –
გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
მუხლი 20. დამოუკიდებელი საინსპექციო ორგანოს მიერ ინსპექტირების აკრედიტაციის გარეშე განხორციელება
1. დამოუკიდებელი საინსპექციო ორგანოს მიერ ინსპექტირების აკრედიტაციის გარეშე განხორციელება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 9 000 ლარით.
მუხლი 21. საინსპექციო ორგანოს მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა
საინსპექციო ორგანოს მიერ მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით და აკრედიტაციის გაუქმებას.
მუხლი 22. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება
უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება:
ა ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ კანონის 221 მუხლშ ი განსაზღვრული/ აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით;
ბ ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კანონის 221 მუხლშ ი განსაზღვრული/ აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით;
გ ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ კანონის 221 მუხლშ ი განსაზღვრული/ აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5558 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.
მუხლი 221. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე
1. უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას :
ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით;
ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
2. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
შენიშვნა:
1. უნებართვო სამშენებლო საქმიანობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5558 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.
მუხლი 23. სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა
1. სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე:
ა.ა) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით;
ა.ბ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით;
ა.გ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით;
ა.დ) მეხუთე კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით;
ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 1 000 ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 500 ლარით;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 200 ლარით.
2. თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევი სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე შეიტანს საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებებს, მას არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
3. II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მითითების გაცემამდე 45 კალენდარული დღით ადრე ატყობინებს დამრღვევს.
4. (ამოღებულია – 27.03.2012, №5940 ).
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5558 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5940 – ვებგვერდი, 03.04.2012წ.
მუხლი 231 . პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის
1. თვითმმართველი ერთეულის − საკრებულოს დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრულ ზონაში (ზონებში), ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 0,5 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ზონის (ზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით. აღნიშნული ჯარიმა პირს დაერიცხება მშენებარე ობიექტის კონსერვაციის ვადაშიც.
2. პირი ვალდებულია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წერილობით შეატყობინოს დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ჯარიმის დარიცხვა წყდება აღნიშნული შეტყობინების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსთვის ჩაბარების დღეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის გამოსწორება ამ ორგანომ შემოწმების აქტით დაადასტურა.
3. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების დადასტურების შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დადგენილება აღსრულდ ება ამ კანონის შესაბამისად და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4968 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5359 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
მუხლი 232 . პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის
1. თვითმმართველი ერთეულის − საკრებულოს დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, საკურორტო-სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრულ ზონაში (ზონებში), ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, რომლებიც აღარ გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით და საჭიროებს სამშენებლო განვითარებას, ვალდებულია მიიღოს მშენებლობის ნებართვა შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან ან/და შენობის ფუნქციონირების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. ეს ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ პირი შეიძენს მიწის ნაკვეთს, რომელზე მდგომ შენობა-ნაგებობასაც დაანგრევს. აღნიშნული შეზღუდვა ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება არ შეწყდება და გაგრძელდება მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის გასხვისების შემთხვევაშიც და ქონების შემძენზე გადავა შესაბამისი ვალდებულებები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მშენებლობის ნებართვის აუღებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად.
4. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 0,5 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ქვეზონის (ქვეზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვა შეწყდება დამრღვევის მიერ მშენებლობის ნებართვის აღების დღეს, მაგრამ არა უგვიანეს მითითების გაცემიდან 6 თვისა.
6. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების დადასტურებიდან ან შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ, რომელიც აღსრულდება ამ კანონის შესაბამისად და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. თუ შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ დამრღვევს არ ექნება მიღებული მშენებლობის ნებართვა ან/და იგი არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ამ ქონების იძულებით რეალიზაციის შესახებ. აღნიშნული დადგენილება აღსრულდება დაუყოვნებლივ და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გასხვისებული უძრავი ქონების შემძენისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება თავიდან, მის მიერ ქონების შეძენის დღიდან.
9. თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დამრღვევი მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ეს ორგანო ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამრღვევს ზონის შესაბამისი იერსახის არქიტექტურული პროექტის დამუშავებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაში.
საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5094 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5359 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
მუხლი 24. ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება
ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;
ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.
მუხლი 25. მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით;
ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.
მუხლი 26. მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება
მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით;
ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
მუხლი 27. მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა
მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით;
ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
მუხლი 28. იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას
იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით;
ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
შენიშვნა: თუ მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იგი ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოებს და აცნობოს ასეთი საფრთხის შესახებ. მესაკუთრე ვალდებულია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მესაკუთრეს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ განახორციელებს ამ შენიშვნით განსაზღვრულ ღონისძიებებს.
მუხლი 29. ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება
1. დაჯარიმება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
2. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს თანამდებობის პირი და სხვა მუშაკი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზიანის მიყენებისთვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. იმ პირებს, რომლებმაც ხარჯები გაიღეს მათ საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის იერსახის შენარჩუნებისა და სამშენებლო მოედნის უსაფრთხოებისათვის, თუ ამ ხარჯების გაღება გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში მშენებლობისას სამშენებლო ნორმებისა და კონსერვაციის რეჟიმის დაუცველობით, უფლება აქვთ, მოსთხოვონ დამრღვევს გაღებული ხარჯების ანაზღაურება. ხარჯების ანაზღაურებაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.
4. დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თუ დარღვევის დაუყოვნებლივ გამოუსწორებლობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითების პირობების თავის მიერ ან მესამე პირთა მეშვეობით ან/და საკუთარი ხარჯით შესრულების თაობაზე. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
5. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მოსთხოვოს დამრღვევს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაღებული ხარჯების ანაზღაურება. დამრღვევის მიერ ხარჯების ნებაყოფლობით ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს დამრღვევისათვის გაღებული ხარჯების დაკისრებისა და გადახდის მოთხოვნით.
მუხლი 30. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია
1. შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო დამრღვევის მიერ ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების მიზნით მიმართოს სასამართლოს.
2. შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღა უქმდება ჯარიმის თანხის სრულად დაფარვისთანავე.
3. დამრღვევის ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციას ახორციელებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო აუქციონის ჩატარების გზით.
4. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო, რისთვისაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ავრცელებს განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი);
გ) გასაყიდი მიწის ნაკვეთის დასახელება (ქონების მოკლე აღწერა);
დ) მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი, რომელიც ყადაღის დადების აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასია;
ე) რომ მესამე პირები, რომელთაც აქვთ უფლებები ამ მიწის ნაკვეთზე, ვალდებული არიან, ამ უფლებათა დამადასტურებელი საბუთები წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე;
ვ) აუქციონის პირობები.
5. აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება, წინასწარ გაეცნოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ მიწის ნაკვეთს.
6. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:
ა) ყადაღის დადებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბ) ჯარიმის თანხა.
7. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული ხარჯებისა და თანხის შემდეგ დარჩენილი სახსრები დამრღვევს უბრუნდება.
8. ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია შეწყდება, თუ დამრღვევი აუქციონის ჩატარებამდე უზრუნველყოფს ჯარიმის თანხის, ყადაღის დადებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას.
9. ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის აუქციონის ჩატარების გზით რეალიზაციის წესს ადგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 31. გარდამავალი დებულებები
1. 2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრა.
4. 2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაამტკიცოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულება და საშტატო ნუსხა.
5. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დადგენილების მიღება.
6. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე დაადგინოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები და დაზღვევის წესი.
7. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს „განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და სახელმწიფო ზედამხედველობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში სამშენებლო საქმიანობის წარმოებისა და სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესსა და პირობებს.
8. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს საინსპექციო ორგანოების მიმართ მოთხოვნების შესახებ საერთაშორისო სტანდარტის ქართულ ენაზე თარგმნა და რეგისტრაცია.
9. 2010 წლის 1 დეკემბრამდე აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მოთხოვნათა ასახვა თავის ნორმატიულ აქტებში.
10. 2011 წლის 1 იანვრამდე შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად ცნობილი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე მოქმედებს ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.
12. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახური.
13. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია არის მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სამართალმემკვიდრე.
14. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებმა დაასრულონ „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაწყებული და მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.
15. ის სუბიექტები, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაეკისრათ პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევისათვის და ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ჯარიმის, საურავის თანხა გადახდილი არ აქვთ ან გადახდილი აქვთ ნაწილობრივ, თავისუფლდებიან ჯარიმის, საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ან გამოსწორდება ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ამავე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდარღვევის გამოსწორების შედეგების შემოწმებას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო, რომელიც შემოწმების შედეგებს აფორმებს წერილობით. სამართალდარღვევის გამოსწორების შემთხვევაში წერილობით გაფორმებული შემოწმების შედეგების საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ დადგენილებას ძალადაკარგულად აცხადებს.
17 . სუბიექტი, რომე ლსაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა სამმაგი ოდენობის ჯარიმა და არა აქვს იგი გადახდილი, ასევე სუბიექტი, რომე ლიც ექვემდებარებოდა სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას და ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის არა აქვს იგი დაკისრებული, თავისუფლდება სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისა გან. ყველა სუბიექტს განესაზღვრება ახალი 3- თვიანი ვადა სამართალ დარღვევის გამოსასწორებლად, რომელიც აითვლება ამ პუნქტის ამოქმედების დღიდან.
18. სუბიექტი, რომელსაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევისათვის და ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ჯარიმის, საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის, საურავის თანხის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ან გამოსწორდება ამ პუნქტის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე- 16 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
19. ეს კანონი ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ყველა იმ არაფუნქციონირებად/მიტოვებულ, დანგრეულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც მოექცევა ამ კანონის 232 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ზონაში, ხოლო 6-თვიანი ვადის დინება დაიწყება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ ამ კანონის 232 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზონის განსაზღვრის შესახებ მიღებული აქტის ამოქმედების დღიდან.
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3352- სსმ I, №35, 12.07.2010წ., მუხ.216
საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი № 3776 - სსმ I, № 63 , 1 0.11. 2010წ., მუხ. 403
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4968 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5094 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.
მუხლი 32. დასკვნითი დებულებები
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 154);
ბ) „განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების საინჟინრო-გეოდეზიური კონტროლისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 22.12.2003, მუხ. 239);
გ) „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 6);
დ) „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 4.06.2003, მუხ. 108);
ე) „მშენებლობის ნებართვის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 25 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 09.07.2004, მუხ. 70);
ვ) „საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43(50), 1999 წელი, მუხ. 217);
ზ) „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 72).
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 8 აპრილი.
№2911–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3352- სსმ I, №35, 12.07.2010წ., მუხ.216
2. საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3776- სსმ I, №63, 10.11.2010წ., მუხ.403
3. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
4. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4968 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
5. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5094 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.
6. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5359 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
7. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5558 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.
8. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5940 – ვებგვერდი, 03.04.2012წ.
9. ძალადაკარგულია – საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6157 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.
დოკუმენტის კომენტარები