დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 716 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/05/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.130.000.05.001.000.213 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (29/06/2007 - 07/03/2008)
საქართველოს კანონი
სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ღონისძიებებს, მისი განხორციელების პრინციპებს და მიმართულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ნორმების დასაცავად.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კარანტინი – შემზღუდავ ღონისძიებათა სისტემა მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა ინფექციებისა და მავნებლების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
ბ) კარანტინის ზონა – ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება საკარანტინო ღონისძიებები;
გ) სასოფლო-სამეურნეო კარანტინი – ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა სისტემა;
დ) ფიტოსანიტარიული კარანტინი – სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა კომპლექსი მცენარეთა საკარანტინო ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
ე) ვეტერინარული კარანტინი – სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა კომპლექსი ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური და გადამდები დაავადებების საქართველოში შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
ვ) ფიტოსანიტარიული კარანტინის ობიექტი – მავნებელი, მცენარეთა დაავადების გამომწვევი აგენტი და სარეველა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არ არის ან შეზღუდულადაა გავრცელებული;
ზ) ვეტერინარული კარანტინის ობიექტი – დაავადებული ან მასზე საეჭვო ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, მათი განთავსების ან შენახვის ადგილი და ტერიტორია, ინფიცირებული ან მასზე საეჭვო მეცხოველეობისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ნედლეული, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტი, ნედლეული, ტვირთი და მასალა;
თ) ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი – პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საკარანტინო ობიექტების გავრცელება;
ი) ვეტერინარულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი – ცოცხალი ორგანიზმი, პროდუქცია, ტვირთი, მასალა და ობიექტი, რომელსაც შეუძლია ან რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფექციური და გადამდები დაავადებების გავრცელება;
კ) მცენარე – მცენარე და მისი ნაწილი, თესლის ჩათვლით;
ლ) მავნე ორგანიზმი – მცენარეული, ცხოველური და სხვა პათოგენური აგენტი, რომელიც ვნებს მცენარეს და მცენარეულ ნაწარმს, ცხოველს, ფრინველს და მათგან წარმოებულ პროდუქტ-ნედლეულს, აქცევს მათ ინფექციის გავრცელების წყაროდ ;
მ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი – სამსახურის მიერ გაცემული, ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც მომზადებულია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით (FAO, 1997) დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
ნ) ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება – ფიტოსანიტარიული პროცედურების გამოყენება, რომლის შედეგადაც გაიცემა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი;
ო) ფიტოსანიტარიული პროცედურები – სამსახურის მიერ ფიტოსანიტარიული რეგლამენტაციის გამოყენების მეთოდები საკარანტინო და არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებთან დაკავშირებით, დახედვის, ანალიზის, ზედამხედველობის, დამუშავების ჩატარების ჩათვლით;
პ) დახედვა – მავნე ორგანიზმის არსებობის ან არარსებობის დადგენის ან/და ფიტოსანიტარიული რეგლამენტაციის დაცვის მიზნით მცენარის, მცენარეული პროდუქციისა და ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული სხვა მასალის ვიზუალური გამოკვლევა;
ჟ) ანალიზი – მავნე ორგანიზმის გამოვლენის ან მისი იდენტიფიკაციის მიზნით სამსახურის მიერ ჩატარებული არავიზუალური ოფიციალური შემოწმება;
რ) ზედამხედველობა – მოცემულ ზონაში მავნე ორგანიზმის არსებობის ან არარსებობის შესახებ მონაცემების შეკრებისა და რეგისტრაციის ოფიციალური პროცესი, გამოკვლევის, მონიტორინგისა და სხვა პროცედურების გამოყენებით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4316 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.59
მუხლი 2. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის საფუძველი
1. ფიტოსანიტარიული კარანტინი ხორციელდება ამ კანონის, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. ვეტერინარული კარანტინი ხორციელდება ამ კანონის, „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ვეტერინარული კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 3. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ძირითადი ამოცანები
1. ფიტოსანიტარიული კარანტინის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სხვა სახელმწიფოებიდან საკარანტინო ობიექტების შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) გავრცელებული საკარანტინო ობიექტების დროული აღმოჩენა და გავრცელების კერების ლოკალიზაცია – ლიკვიდაციის ორგანიზება, კონტროლი ამ ღონისძიებათა შესრულებაზე;
გ) სახელმწიფო კონტროლის დაწესება საკარანტინო წესების შესრულებაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავებისა და რეალიზაციის დროს.
2. ვეტერინარული კარანტინის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სხვა სახელმწიფოებიდან ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევთა შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური და გადამდები დაავადებების დროული აღმოჩენა, გავრცელების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ორგანიზება;
გ) სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის დაწესება საკარანტინო წესების შესრულებაზე ცხოველის, ფრინველის, თევზის, სხვა ცოცხალი ორგანიზმის, მეცხოველეობისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტ-ნედლეულის, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტების და მასალების წარმოების, შენახვის, გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის დროს.
მუხლი 4. (ამოღებულია)
საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2206 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.74
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5133 - სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.266
თავი II
სასოფლო-სამეურნეო კარანტინის განმახორციელებელი სახელმწიფო სამსახური
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4316 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.59
მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის განმახორციელებელი სახელმწიფო სამსახური
სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ორგანიზებასა და მასზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური), რომლის საქმიანობა განსაზღვრულია ამ კანონითა და „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“, „ვეტერინარიის შესახებ“ და „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4316 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.59
მუხლი 6. სამსახურის უფლებამოსილება
სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკარანტინო ობიექტების ნუსხის განსაზღვრა, ქვეყანაში გაუვრცელებელი ან კერებად გავრცელებული დაავადებების, მავნებლებისა და სარეველების სახეობრივი შემადგენლობის დაზუსტება და ფიტოსანიტარიული კარანტინის ჩატარების წესებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავება;
ბ) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ქვეყნიდან გატანისას და ქვეყანაში შემოტანისას ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმებისა და ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება, მათ შორის, მცენარეულ მასალაში, საფოსტო გზავნილში, ხელბარგში, ტარაში, შესაფუთ და სატრანსპორტო საშუალებებში;
გ) კონტროლის განხორციელება იმ სანერგეზე, ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე, საცდელ და სასელექციო სადგურებზე, სათბურზე, რომლებიც აწარმოებენ თესლებს, ჩითილებს, ნერგებს და ახდენენ მათ რეალიზებას, იღებენ თესლებსა და სარგავ მასალას ქვეყნის გარედან;
დ) კონტროლის განხორციელება ამ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე;
ე) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ფიტოსანიტარიული კარანტინის საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმოდგენა;
ვ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების, აგრეთვე ექსპორტ-იმპორტის დროს სავალდებულო სერტიფიცირების უზრუნველყოფა.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4316 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.59
მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ობიექტები
1. ფიტოსანიტარიული კარანტინი ვრცელდება:
ა) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და დეკორატიული კულტურების თესლებსა და სარგავ მასალებზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე, აგრეთვე ნებისმიერ მცენარეული წარმოშობის პროდუქციაზე, სურსათზე, რომელიც შეიძლება საკარანტინო ობიექტის გადამტანი გახდეს;
ბ) სოკოებსა და მათ კულტურებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე, ნემატოდებზე, ტკიპებსა და მწერებზე;
გ) მწერების კოლექციაზე, დაავადებების გამომწვევებზე და ნიმუშებზე, აგრეთვე ჰერბარიუმებსა და თესლების კოლექციაზე;
დ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან მის ფარგლებს გარედან;
ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე, ტარაზე, შესაფუთ საშუალებებზე, სამრეწველო საქონელზე, მცენარეული მასალით დამზადებულ ნაკეთობებზე, რომლებიც შეიძლება გახდნენ საკარანტინო ობიექტების გადამტანები, აგრეთვე ქანებსა და ნიადაგის ნიმუშებზე;
ვ) იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ტერიტორიებსა და შენობებზე, რომლებიც ამზადებენ, ამუშავებენ, ინახავენ და რეალიზაციას უწევენ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სავარგულებზე, საკარმიდამო და სააგარაკო ნაკვეთებზე და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.
2. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11
თავი III
სახელმწიფო საზღვრებზე სასოფლო-სამეურნეო საკარანტინო კონტროლი
მუხლი 8. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო -საკარანტინო კონტროლი
1. საქართველოს საზღვრებზე, საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებში, სახმელეთო გასასვლელებში და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური.
2. კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი და ტრანზიტი ნებადართულია ამ პროდუქციაზე ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი სერტიფიკატის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი, კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია და სატრანსპორტო საშუალება სასაზღვრო ზონებში ექვემდებარება აუცილებელ ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ შემოწმებას, საჭიროების მიხედვით – ლაბორატორიულ გამოცდას და გაუსნებოვნებას.
4. კარანტინს დაქვემდებარებული ობიექტის აღმოჩენისას ასეთი პროდუქცია უნდა დაბრუნდეს ან გაუსნებოვნდეს, ხოლო თუ იგი არ ექვემდებარება გაუსნებოვნებას, მესაკუთრის ხარჯით უნდა გადამუშავდეს და გაიყიდოს ან განადგურდეს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4263 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.423
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4316 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.59
მუხლი 9. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11
თავი IV
სასოფლო-სამეურნეო კარანტინის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე
მუხლი 10. შიდასაკარანტინო ღონისძიებები
1. საკარანტინო ობიექტის აღმოჩენისას განსაზღვრული ტერიტორია ცხადდება საკარანტინო ზონად.
2. საკარანტინო რეჟიმის ტერიტორიაზე იზღუდება სატრანსპორტო საშუალებების შესვლა -გამოსვლა, აკრძალულია კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის შეტანა -გამოტანა; ამასთანავე, ადგილზე ხდება მათი გაუსნებოვნება, ტექნიკური გადამუშავება ან განადგურება სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
3. საკარანტინო ზონიდან უნებართვოდ გამოტანილი, კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა დაბრუნდეს, ჩამორთმეულ იქნეს და გადაეცეს შესაბამის სავაჭრო -გადამამუშავებელ საწარმოებს ან განადგურდეს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
4. კარანტინის გამოცხადებისა და მისი მოხსნის შესახებ ეცნობება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამის მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, ასევე ინფორმაცია ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11
მუხლი 11. (ამოღებულია)
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11
თავი V
პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის
მუხლი 12. პასუხისმგებლობა ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კარანტინის მოთხოვნათა დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი VI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1787 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.275
მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებები 2006 წლის 1 იანვრამდე გავრცელდეს მხოლოდ პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში:
ა) არის მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადების ფაქტები;
ბ) გავრცელებულია ეპიდემიები ან ეპიზოოტიები.
2. საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს ეპიდემიების ან ეპიზოოტიების, აგრეთვე მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადებების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის გამოქვეყნება სისტემატურად, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად.
3. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა განახორციელოს 2009 წლის 1 იანვრამდე.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს:
ა) საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარიული დაცვის წესები;
ბ) ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების ნუსხა.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1787 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.275
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4263 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.423
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4316 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.59
მუხლი 14. დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1787 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.275
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 1 5 მაისი.
№716-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
2. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2206 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.74
3. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1787 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.275
4. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2577 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.11
5. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4263 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.423
6. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4316 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.59
7. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5133 - სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.266
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები