დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4316 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 12/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.130.000.05.001.002.726 |
საქართველოს კანონი
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“–„რ“ ქვეპუნქტები:
„მ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი – სამსახურის მიერ გაცემული, ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც მომზადებულია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით (FAO, 1997) დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
ნ) ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება – ფიტოსანიტარიული პროცედურების გამოყენება, რომლის შედეგადაც გაიცემა ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი;
ო) ფიტოსანიტარიული პროცედურები – სამსახურის მიერ ფიტოსანიტარიული რეგლამენტაციის გამოყენების მეთოდები საკარანტინო და არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებთან დაკავშირებით, დახედვის, ანალიზის, ზედამხედველობის, დამუშავების ჩატარების ჩათვლით;
პ) დახედვა – მავნე ორგანიზმის არსებობის ან არარსებობის დადგენის ან/და ფიტოსანიტარიული რეგლამენტაციის დაცვის მიზნით მცენარის, მცენარეული პროდუქციისა და ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული სხვა მასალის ვიზუალური გამოკვლევა;
ჟ) ანალიზი – მავნე ორგანიზმის გამოვლენის ან მისი იდენტიფიკაციის მიზნით სამსახურის მიერ ჩატარებული არავიზუალური ოფიციალური შემოწმება;
რ) ზედამხედველობა – მოცემულ ზონაში მავნე ორგანიზმის არსებობის ან არარსებობის შესახებ მონაცემების შეკრებისა და რეგისტრაციის ოფიციალური პროცესი, გამოკვლევის, მონიტორინგისა და სხვა პროცედურების გამოყენებით.“.
2. მეორე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის განმახორციელებელი სახელმწიფო სამსახური .“.
3. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის განმახორციელებელი სახელმწიფო სამსახური
სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ორგანიზებასა და მასზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური), რომლის საქმიანობა განსაზღვრულია ამ კანონითა და „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“, „ვეტერინარიის შესახებ“ და „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
მუხლი 6. სამსახურის უფლებამოსილება
სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკარანტინო ობიექტების ნუსხის განსაზღვრა, ქვეყანაში გაუვრცელებელი ან კერებად გავრცელებული დაავადებების, მავნებლებისა და სარეველების სახეობრივი შემადგენლობის დაზუსტება და ფიტოსანიტარიული კარანტინის ჩატარების წესებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავება;
ბ) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ქვეყნიდან გატანისას და ქვეყანაში შემოტანისას ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმებისა და ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება, მათ შორის, მცენარეულ მასალაში, საფოსტო გზავნილში, ხელბარგში, ტარაში, შესაფუთ და სატრანსპორტო საშუალებებში;
გ) კონტროლის განხორციელება იმ სანერგეზე, ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე, საცდელ და სასელექციო სადგურებზე, სათბურზე, რომლებიც აწარმოებენ თესლებს, ჩითილებს, ნერგებს და ახდენენ მათ რეალიზებას, იღებენ თესლებსა და სარგავ მასალას ქვეყნის გარედან;
დ) კონტროლის განხორციელება ამ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე;
ე) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ფიტოსანიტარიული კარანტინის საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმოდგენა;
ვ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების, აგრეთვე ექსპორტ-იმპორტის დროს სავალდებულო სერტიფიცირების უზრუნველყოფა.“.
4. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი, კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია და სატრანსპორტო საშუალება სასაზღვრო ზონებში ექვემდებარება აუცილებელ ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ შემოწმებას, საჭიროების მიხედვით – ლაბორატორიულ გამოცდას და გაუსნებოვნებას.“.
5. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს:
ა) საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარიული დაცვის წესები;
ბ) ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალისა და ობიექტების ნუსხა.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4316–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები