დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 716 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/05/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.130.000.05.001.000.213 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (07/06/1997 - 11/05/2000)
საქართველოს კანონი
სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ღონისძიებებს, მისი განხორციელების პრინციპებს და მიმართულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ნორმების დასაცავად.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კარანტინი – შემზღუდავ ღონისძიებათა სისტემა მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა ინფექციებისა და მავნებლების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
ბ) კარანტინის ზონა – ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება საკარანტინო ღონისძიებები;
გ) სასოფლო-სამეურნეო კარანტინი – ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა სისტემა;
დ) ფიტოსანიტარიული კარანტინი – სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა კომპლექსი მცენარეთა საკარანტინო ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
ე) ვეტერინარული კარანტინი – სახელმწიფო საკარანტინო ღონისძიებათა კომპლექსი ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური და გადამდები დაავადებების საქართველოში შემოტანისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
ვ) ფიტოსანიტარიული კარანტინის ობიექტი – მავნებელი, მცენარეთა დაავადების გამომწვევი აგენტი და სარეველა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არ არის ან შეზღუდულადაა გავრცელებული;
ზ) ვეტერინარული კარანტინის ობიექტი – დაავადებული ან მასზე საეჭვო ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, მათი განთავსების ან შენახვის ადგილი და ტერიტორია, ინფიცირებული ან მასზე საეჭვო მეცხოველეობისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ნედლეული, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტი, ნედლეული, ტვირთი და მასალა;
თ) ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი – პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საკარანტინო ობიექტების გავრცელება;
ი) ვეტერინარულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი – ცოცხალი ორგანიზმი, პროდუქცია, ტვირთი, მასალა და ობიექტი, რომელსაც შეუძლია ან რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფექციური და გადამდები დაავადებების გავრცელება;
კ) მცენარე – მცენარე და მისი ნაწილი, თესლის ჩათვლით;
ლ) მავნე ორგანიზმი – მცენარეული, ცხოველური და სხვა პათოგენური აგენტი, რომელიც ვნებს მცენარეს და მცენარეულ ნაწარმს, ცხოველს, ფრინველს და მათგან წარმოებულ პროდუქტ-ნედლეულს, აქცევს მათ ინფექციის გავრცელების წყაროდ.
მუხლი 2. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის საფუძველი
1. ფიტოსანიტარიული კარანტინი ხორციელდება ამ კანონის, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. ვეტერინარული კარანტინი ხორციელდება ამ კანონის, „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ვეტერინარული კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 3. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ძირითადი ამოცანები
1. ფიტოსანიტარიული კარანტინის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სხვა სახელმწიფოებიდან საკარანტინო ობიექტების შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) გავრცელებული საკარანტინო ობიექტების დროული აღმოჩენა და გავრცელების კერების ლოკალიზაცია – ლიკვიდაციის ორგანიზება, კონტროლი ამ ღონისძიებათა შესრულებაზე;
გ) სახელმწიფო კონტროლის დაწესება საკარანტინო წესების შესრულებაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვის, გადამუშავებისა და რეალიზაციის დროს.
2. ვეტერინარული კარანტინის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სხვა სახელმწიფოებიდან ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევთა შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) ცხოველებისა და ადამიანებისათვის საერთო, აგრეთვე ცხოველთა სხვა ინფექციური და გადამდები დაავადებების დროული აღმოჩენა, გავრცელების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ორგანიზება;
გ) სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის დაწესება საკარანტინო წესების შესრულებაზე ცხოველის, ფრინველის, თევზის, სხვა ცოცხალი ორგანიზმის, მეცხოველეობისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტ-ნედლეულის, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტების და მასალების წარმოების, შენახვის, გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის დროს.
მუხლი 4. საკარანტინო მომსახურების ხარჯები
საკარანტინო მომსახურება ფასიანია. ფიტოსანიტარიული საკარანტინო მომსახურების ტარიფებს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო ვეტერინარული საკარანტინო მომსახურების ტარიფები მტკიცდება „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თავი II
სასოფლო-სამეურნეო კარანტინის სახელმწიფო სამსახურები
მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოები
1. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ორგანიზებას და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები. მათი საქმიანობა განსაზღვრულია ამ კანონით, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ და „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონებით, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი სასაზღვრო ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული ზედამხედველობის საკარანტინო სამსახურები ექვემდებარებიან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის ცენტრალურ სამსახურებს.
მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის სამსახურების კომპეტენცია
1. ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო სამსახურის კომპეტენციაა:
ა) საკარანტინო ობიექტების ნუსხის განსაზღვრა, ქვეყანაში გაუვრცელებელი ან კერობრივად გავრცელებული დაავადებების, მავნებელთა და სარეველების სახეობრივი შემადგენლობის დაზუსტება და ფიტოსანიტარიული კარანტინის ჩატარების წესებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავება;
ბ) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ქვეყნიდან გატანა-შემოტანისას ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმებისა და ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარება, მათ შორის, მცენარეულ მასალაში, საფოსტო გზავნილებაში, ხელბარგში, ტარაში, შესაფუთ და სატრანსპორტო საშუალებებში;
გ) კონტროლი იმ სანერგეებზე, ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებზე, საცდელ და სასელექციო სადგურებზე, სათბურებზე, რომლებიც აწარმოებენ თესლებს, ჩითილებს, ნერგებს და რეალიზაციას უკეთებენ მათ, იღებენ თესლებსა და სარგავ მასალას ქვეყნის გარედან;
დ) კონტროლი ამ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე;
ე) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ფიტოსანიტარიული კარანტინის საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმოდგენა.
2. საიმპორტო საკარანტინო უფლება თესლებზე, სარგავ და კარანტინს დაქვემდებარებულ სხვა მასალაზე, პროდუქციასა და ობიექტებზე და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის უფლება აქვს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურას, რომლის საქმიანობა განსაზღვრულია „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. ვეტერინარული კარანტინის სახელმწიფო სამსახურის კომპეტენცია განსაზღვრულია „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ვეტერინარული კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ობიექტები
1. ფიტოსანიტარიული კარანტინი ვრცელდება:
ა) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და დეკორატიული კულტურების თესლებსა და სარგავ მასალებზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე, აგრეთვე ნებისმიერ მცენარეული წარმოშობის პროდუქციაზე, სურსათზე, რომელიც შეიძლება საკარანტინო ობიექტის გადამტანი გახდეს;
ბ) სოკოებსა და მათ კულტურებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე, ნემატოდებზე, ტკიპებსა და მწერებზე;
გ) მწერების კოლექციაზე, დაავადებების გამომწვევებზე და ნიმუშებზე, აგრეთვე ჰერბარიუმებსა და თესლების კოლექციაზე;
დ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან მის ფარგლებს გარედან;
ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე, ტარაზე, შესაფუთ საშუალებებზე, სამრეწველო საქონელზე, მცენარეული მასალით დამზადებულ ნაკეთობებზე, რომლებიც შეიძლება გახდნენ საკარანტინო ობიექტების გადამტანები, აგრეთვე ქანებსა და ნიადაგის ნიმუშებზე;
ვ) იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ტერიტორიებსა და შენობებზე, რომლებიც ამზადებენ, ამუშავებენ, ინახავენ და რეალიზაციას უწევენ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სავარგულებზე, საკარმიდამო და სააგარაკო ნაკვეთებზე და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.
2. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის კონტროლს ექვემდებარებიან „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ვეტერინარული კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული საკარანტინო ობიექტები.
თავი III
სახელმწიფო საზღვრებზე სასოფლო-სამეურნეო საკარანტინო კონტროლი
მუხლი 8. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი
1. სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებებს საქართველოს საზღვრებზე საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებსა და სახმელეთო გასასვლელებში ატარებს ფიტოსაკარანტინო სამსახური საბაჟო სამსახურთან ერთად, საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის ზონაში.
2. საქართველოში მცენარეული წარმოშობისა და კარანტინს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის შემოტანა უცხოეთის ქვეყნებიდან ნებადართულია ამ პროდუქციაზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის მდგომარეობის დამადასტურებელი საიმპორტო საკარანტინო უფლებისა და ექსპორტიორი ქვეყნის საკარანტინო სამსახურის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის არსებობისას.
3. კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი იმ სახელმწიფოებიდან, რომელთაც არ გააჩნიათ ფიტოსანიტარიული კარანტინის სამსახური და შესაბამისად- ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს იმ შესაბამისი სტრუქტურის მიერ გაცემული ნებართვით, რომლის საქმიანობაც განსაზღვრულია „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციისა და ტვირთის ტრანზიტი და რეექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართულია ექსპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და საქართველოს ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო სამსახურის საკარანტინო ნებართვით.
5. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი, კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია და სატრანსპორტო საშუალება სასაზღვრო ზონებში ექვემდებარება აუცილებელ ფიტოსანიტარიულ შემოწმებას, საჭიროების მიხედვით – ლაბორატორიულ ექსპერტიზას და გაუსნებოვნებას.
6. კარანტინს დაქვემდებარებული ობიექტის აღმოჩენისას ასეთი პროდუქცია. უნდა დაბრუნდეს ან გაუსნებოვნდეს, ხოლო თუ იგი არ ექვემდებარება გაუსნებოვნებას, მესაკუთრის ხარჯით უნდა გადამუშავდეს და გაიყიდოს ან განადგურდეს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
მუხლი 9. სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი
სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, აეროპორტებსა და სახმელეთო გასასვლელებში ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი საბაჟო სამსახურთან ერთად, საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის ზონაში, „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი IV
სასოფლო-სამეურნეო კარანტინის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე
მუხლი 10. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სამსახურის შიდასაკარანტინო ღონისძიებანი
1. საკარანტინო ობიექტის აღმოჩენისას განსაზღვრული ტერიტორია ცხადდება საკარანტინო ზონად.
2. საკარანტინო რეჟიმის ტერიტორიაზე იზღუდება სატრანსპორტო საშუალებების შესვლა-გამოსვლა, აკრძალულია კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის შეტანა-გამოტანა; ამასთან, ადგილზე ხდება მათი გაუსნებოვნება, ტექნიკური გადამუშავება ან განადგურება სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
3. საკარანტინო ზონიდან ფიტოსანიტარიული კარანტინის სამსახურის ინსპექტორების უნებართვოდ გამოტანილი, კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა დაბრუნდეს, ჩამორთმეულ იქნეს და გადაეცეს შესაბამის სავაჭრო-გადამამუშავებელ საწარმოებს ან განადგურდეს სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
4. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე მმართველობის ადგილობრივი ორგანოები აცხადებენ ფიტოსანიტარიულ კარანტინს და შესაბამისად, საკარანტინო ღონისძიებების გატარებისას და დასნებოვნებული კერის ლიკვიდაციის შემდეგ, ხსნიან მას, რის შესახებაც ეცნობება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 11. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის შიდასაკარანტინო ღონისძიებანი
საკარანტინო ღონისძიებებს ქვეყანაში ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარიის დეპარტამენტების, მის დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი ვეტერინარული პოლიციის სამსახურის მეშვეობით. ვეტერინარული პოლიციის სამსახურისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები ვეტერინარიის დეპარტამენტს გამოეყოფა ეპიზოოტიური ხარჯებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში. საკარანტინო ღონისძიებები განსაზღვრულია „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ვეტერინარული კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით. ვეტერინარიის დეპარტამენტი კარანტინის გამოცხადების შესახებ აცნობებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურს.
თავი V
პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის
მუხლი 12. პასუხისმგებლობა ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კარანტინის მოთხოვნათა დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 1 5 მაისი.
№716-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები