დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 603 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/11/1994 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 30/11/1994 |
სარეგისტრაციო კოდი | 440.000.000.05.001.000.090 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (15/07/2020 - 16/03/2021)
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ
ეს კანონი ქმნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძველს, რაც ქვეყნის ინტელექტუალური და ტექნოლოგიური პროგრესის და კეთილდღეობის საწინდარია. სახელმწიფო აღიარებს, რომ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი საზოგადოების განვითარების, კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და ხელშემწყობ პირობებს უქმნის ქვეყნის ინტელექტუალურ შესაძლებლობათა გამოვლენას და ეკონომიკის წინსვლას. იგი უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ ნაწილთა, განვითარებას და სამეცნიერო კვლევა შემოქმედებითი საქმიანობის ფორმად მიაჩნია. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქმიანობა მოიცავს ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებსა და დამუშავებას, მათი შედეგების გამოყენებას, არსებულ ტექნოლოგიათა და ტექნიკის სრულყოფას წარმოების დონის ამაღლების და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების მიზნით. ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას სახელმწიფო ქვეყნის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიმუშავებს. იგი განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროცესში თავისი მონაწილეობის ფორმებს და ქმნის სტრუქტურებს საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად. ეს კანონი განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და პრინციპებს, ამ პოლიტიკის განხორციელებაში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ორგანოების უფლებამოსილებებს, მეცნიერის შემოქმედებით თავისუფლებას და პასუხისმგებლობას, სამეცნიერო საქმიანობის და საგანმანათლებლო საქმიანობის სამართლებრივ ნორმებსა და გარანტიებს. სახელმწიფო აღიარებს, რომ მეცნიერების დაფინანსების ზრდა მისი ვალდებულებაა.
მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც აწესრიგებენ საზოგადოებრივ ურთიერთობას საქმიანობის ამ სფეროში.
მუხლი 2. სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში და მისი პრინციპები
სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და არის საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) მეცნიერების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნას და გარედან მოზიდვას, მათი გამოყენებით ახალ წარმოებათა შექმნას და არსებულ წარმოებათა ტექნიკურ განახლებას, აგრეთვე სხვა ინოვაციური საქმიანობის ყოველმხრივ ხელშეწყობას (ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სიახლეთა შექმნა-გამოყენება);
ბ) საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებიდან გამომდინარე, მეცნიერების გარკვეული დარგების პრიორიტეტების დადგენას და მათი განვითარების ხელშეწყობას;
გ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს დემოკრატიულ მართვას, მის დემონოპოლიზაციას, ინოვაციური საქმიანობის თვითრეგულირების ხელშეწყობას, სამეცნიერო მოღვაწეობის თავისუფლებას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში სამეცნიერო საზოგადოების მონაწილეობას;
დ) სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის თანდათანობითი ინტეგრაციის ხელშეწყობას;
ე) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მეწარმეობისა და კონკურენციის მხარდაჭერას;
ვ) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
მუხლი 3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სუბიექტები
1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები.
2. სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ვრცელდება იურიდიულ პირებსა (სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები) და ფიზიკურ პირებზე (მეცნიერები).
კარი II. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მართვა
თავი I. მართვის ორგანიზაციული სტრუქტურები და სუბიექტები
მუხლი 4. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება
საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას ამტკიცებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დაფინანსების წილს, განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას ამ სფეროში და აკონტროლებს მის განხორციელებას.
მუხლი 51. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი
1. საქართველოს მთავრობა ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, რისთვისაც:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების მოცულობის შესახებ და განსაზღვრავს ქვეყნისათვის აუცილებელი სტრატეგიული კვლევების პროგრამებს;
ა1) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პრიორიტეტებისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) დასაბუთებას და მათ ორგანიზებულად განხორციელებას სახელმწიფო ფინანსური რესურსებით;
გ) ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოებისათვის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით და აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვითა და უცხოური ლიცენზიების მოზიდვით;
დ) უზრუნველყოფს ინტელექტუალური (სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების შედეგები) და სხვა სამეცნიეროტექნოლოგიური საქმიანობის შედეგებისა, მათ შორის, წარმოების წესის საიდუმლოების „ნოუჰაუს“ დაცვის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიცირების, სამეცნიეროტექნიკური ინფორმაციის, სახელმწიფო გამოკვლევებისა და დამუშავების რეგისტრაციის, და სახელმწიფო სისტემების ეფექტიან მუშაობას და შეუსაბამებს მათ საერთაშორისო მოთხოვნებს;
ე) ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას როგორც საბიუჯეტო, ისე სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებისა და არაპირდაპირი სტიმულირების გზით;
ვ) თანამშრომლობს საერთაშორისო სარბიელზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში;
ზ) უზრუნველყოფს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო ექსპერტიზას (შეფასებას) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საქმიანობას;
თ) ხელს უწყობს ინოვაციურ საქმიანობას სამეცნიერო პროდუქციისა და სამეცნიერო მომსახურების სფეროში ბაზის უზრუნველსაყოფად;
ი) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების შესახებ.
2. (ამოღებულია - 15.07.2020, №7000-რს)
3. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებები პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის სფეროში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის.
მუხლი 6. მეცნიერთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი გაერთიანებანი
1. საქართველოში მოქმედებს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით;
გ) მეცნიერთა საზოგადოებრივი გაერთიანებანი.
11. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქმნება კანონით და მასზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწყობისა და საქმიანობის წესები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაერთიანებები მონაწილეობენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრაში, სახელმწიფო სამეცნიერო ტექნოლოგიების პროგრამების (პროექტების) შემუშავებაში, მათ ექსპერტიზასა და შესრულებაში.
1. სახელმწიფო ქმნის სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობისათვის ხელშემწყობ პირობებს და მოიზიდავს მათ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, ძირითად გადაწყვეტილებათა მოსამზადებლად და შესასრულებლად.
2. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების), სამეცნიერო გამოკვლევევებისა და დამუშავების დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად იწვევენ სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებრივ გაერთიანებათა წარმომადგენლებს და მათთან თანამშრომლობით მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას ახალ ტექნოლოგიათა და პროდუქციის ახალ სახეობათა უსაფრთხოების, ეკოლოგიური სისუფთავის, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.
1. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
ბ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში;
გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;
დ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. მეცნიერის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.
3. მეცნიერის შრომისა და სხვა სოციალურ გარანტიებს განსაზღვრავს ეს კანონი, საქართველოს კანონმდებლობა, შრომითი ხელშეკრულება, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდება (დებულება).
4. მეცნიერის შეთავსებით მუშაობა არ იზღუდება.
მუხლი 9. მეცნიერის მოვალეობანი
1. მეცნიერის მოვალეობანი განისაზღვრება ამ კანონით, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წესდებით (დებულებით) ან/და შრომითი ხელშეკრულების პირობებით.
2. მეცნიერი ვალდებულია:
ა) დაიცვას სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებით (დებულებით) დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში;
გ1) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის შემთხვევაში უზრუნველყოს სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხი;
დ) შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება უზრუნველყოფს სამეცნიერო პერსონალის კვლევის თავისუფლებას და უქმნის მას საქმიანობისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 10. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება
1. სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შეიძლება არსებობდეს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეული. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შესაძლებელია აგრეთვე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით.
2. საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი ერთეული) შეიძლება არსებობდეს, როგორც უნივერსიტეტის ან მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობა რეგულირდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 101. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება (მათ შორის: ინსტიტუტი, ცენტრი და ა.შ.) (შემდგომში – დაწესებულება) იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. (ამოღებულია - 27.11.2015, №4584).
3. დაწესებულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. თუ დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს არ ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დაწესებულების წესდება მტკიცდება მასთან შეთანხმებით.
31. დაწესებულებას უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში.
32. დაწესებულებას უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.
4. დაწესებულება, მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ვალდებულია საქმიანობის წლიური სამეცნიერო ანგარიში განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.
მუხლი 102. დაწესებულების სამეცნიერო საბჭო
1. დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს.
2. სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს დაწესებულების სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს.
21. დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში დაწესებულების სამეცნიერო საბჭო მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში.
3. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.
4. (ამოღებულია - 27.11.2015, №4584).
5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი, მისი უფლებამოსილების ვადა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
მუხლი 103. დაწესებულების დირექტორი
1. დაწესებულებას წარმოადგენს დაწესებულების დირექტორი.
2. დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დაწესებულების დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას. დაწესებულების დირექტორი 5 წლის ვადით აირჩევა. ერთი და იგივე პირი დაწესებულების დირექტორად ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ აირჩეს.
3. დაწესებულების დირექტორს დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად.
31. დაწესებულების დირექტორს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობაზე ნიშნავს დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
32. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი დაწესებულების წესდებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული.
33. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ან დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
34. დაწესებულების სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში მას დასანიშნად 7 დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ან დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი კანდიდატს ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, დაწესებულების სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს, რომელიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით. დაწესებულების დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან დაწესებულების წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. დაწესებულების დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
41. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დაწესებულების სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასური. დაწესებულების დირექტორის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებაზე.
მუხლი 104. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები
1. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, ცენტრი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
2. დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით. დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
3. დაწესებულების არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს დაწესებულების დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 105. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი
დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 106. დაწესებულების პერსონალი
1. დაწესებულების პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.
2. დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა.
4. დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება:
ა) დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე (მოადგილეები).
5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
6. დაწესებულების სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი განისაზღვრება დაწესებულების საშტატო განრიგით.
7. დაწესებულების დირექტორი დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალთან და დამხმარე პერსონალთან შრომით ხელშეკრულებებს დებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
8. დაწესებულების დირექტორი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას დებს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების, ლაბორატორიის, ცენტრის და სხვა) ხელმძღვანელთან შეთანხმებით, დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით.
9. დაწესებულებების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ არიან ადმინისტრაციული თანამდებობის პირები.
მუხლი 107. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.
4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უვადოდ იკავებს. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.
5. დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
6. კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.
მუხლი 11. სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. სამეცნიერო პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
2. დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს ან დაინიშნოს პირი, რომლის ასაკი 65 წელს აღემატება. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არჩეული/დანიშნული პირის უფლებამოსილების შეწყვეტას.
21. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული დაწესებულების მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ასაკობრივი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ დაწესებულების სამეცნიერო საბჭო.
3. სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) (ამოღებულია - 27.11.2015, №4584);
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
თავი II. სახელმწიფოს მონაწილეობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში
მუხლი 13. სახელმწიფო პრიორიტეტების განსაზღვრა
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტები განისაზღვრება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების პროგნოზების საფუძველზე.
მუხლი 14. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) განხორციელება
1. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამები (პროექტები) შემუშავდება და სრულდება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამის (პროექტის) შესრულებისათვის პასუხისმგებელია მისი ხელმძღვანელი, რომელსაც უფლება აქვს პროგრამის (პროექტის) მონაწილეთა შორის გაანაწილოს ამ მიზნისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები.
მუხლი 15. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა
1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა ითვალისწინებს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებისა და არასაბიუჯეტო დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მიზნობრივ გამოყენებას.
2. სამეცნიერო კვლევების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე, დაწესებულების საბიუჯეტო (ბაზურ) დაფინანსებასთან ერთად, ხორციელდება საგრანტო სისტემით. ექსპერტიზის საფუძველზე სამეცნიერო კვლევის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში აგრეთვე შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელშეკრულებო წესითა და კონკურსით.
3. კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლება აქვთ საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების ცალკეულ მეცნიერებს, დროებით სამეცნიერო ჯგუფს, დაწესებულებებს, სხვა ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და პირებს.
მუხლი 151. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამეცნიერო ფონდები
1. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე სამეცნიერო კვლევების საგრანტო სისტემით, კონკურსის წესით დასაფინანსებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სამეცნიერო ფონდებს (შემდგომ – სამეცნიერო ფონდი).
2. სამეცნიერო ფონდის საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესდებით. სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაწეული მომსახურებისათვის შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
4. იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების ფარგლებში წარდგენილი პროექტების შეფასებას, კონფიდენციალურია.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410
მუხლი 17. სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადება და ატესტაცია
1. სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადება ხდება სწავლების უწყვეტობის, მისი მრავალნაირი ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით.
2. სახელმწიფო იძლევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საამისოდ საჭირო ასიგნებათა გამოყოფის, სამეცნიერო ხარისხების საზღვარგარეთ ცნობის (ნოსტრიფიცირების სისტემის მოქმედების) გარანტიას.
3. უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის შერწყმის მიზნით სახელმწიფო აყალიბებს ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევის და მომავალი შემოქმედებითი, სამეცნიერო საქმიანობისათვის უწყვეტი მომზადების სისტემას; შეღავათიან პირობებს უქმნის ახალგაზრდების შერჩევითა და აღზრდით დაკავებულ ორგანიზაციებს; ეხმარება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მეცნიერებათა აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს; ავითარებს სასწავლო-საწარმოო კომპლექსების ქსელს და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების სხვა ფორმებს.
4. (ძალადაკარგულია - 21.06.02, №1522).
5. საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადებისა და სტაჟირების ხელშესაწყობად სახელმწიფო გამოყოფს ბიუჯეტის სახსრებს, საამისოდ ქმნის პირობებს უცხოური ფონდების, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და მოქალაქეთა სახსრების მოსაზიდად.
6. სახელმწიფო აწესებს სახელმწიფო და სახელობით პრემიებსა და საპატიო წოდებებს იმ პირთათვის, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი მეცნიერების განვითარების, მისი შედეგების პრაქტიკულად გამოყენების საქმეში და ღვაწლი მიუძღვით ეროვნული სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადებაში.
მუხლი 18. ინტელექტუალური სამრეწველო საკუთრების დაცვა
1. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრება, სხვა სამეცნიერო-ტექნოლოგიური საქმიანობის შედეგები, მათ შორის წარმოების წესის საიდუმლოება სახელმწიფოს, ფიზიკური ან იურიდიული პირის (პირების) საკუთრების ობიექტებს წარმოადგენს და სახელმწიფო უზრუნველყოფს მის სამართლებრივ დაცვას.
2. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების შექმნასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეკონომიკური ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგების სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრულია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
მუხლი 19. საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფა
1. საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო განახორციელებს დივერსიფიცირებულ პროგრამებს, ქმნის სახელმწიფო საინფორმაციო რესურსებს, მონაწილეობს მონაცემთა საერთაშორისო ბანკებისა და საინფორმაციო ქსელის შექმნაში, იძლევა ამ ინფორმაციის მისაწვდომობისა და მისი გამოყენების უფლების გარანტიებს.
2. სათანადო საინფორმაციო სტრუქტურების ქსელის განვითარებით სახელმწიფო უზრუნველყოფს პირველადი ინფორმაციის შეგროვებას, გადამუშავებას, დაცვასა და გავრცელებას.
3. საინფორმაციო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროში საქმიანობის, მათ შორის სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მისაწვდომობისა და მისი გავრცელების რეგლამენტირება ხდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.
მუხლი 20. სახელმწიფო ექსპერტიზა
1. სახელმწიფო ექსპერტიზა ეწყობა სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) მეცნიერული უზრუნველყოფის და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო გამოკვლევების და ნამუშევრების დონის, მშენებარე საწარმოო ობიექტების ტექნოლოგიური ნაწილის, ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკის, სხვა სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის შესაფასებლად და მათი გამოყენებისას მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრისათვის.
2. სახელმწიფო ექსპერტიზა ეწყობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი, მათ შორის საზღვარგარეთის ორგანიზაციების თუ ცალკეული ექსპერტების მონაწილეობით.
3. დაწესებულებები, ორგანიზაციები და ცალკეული ექსპერტები სახელმწიფო ექსპერტიზაში მონაწილეობენ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრულია ექსპერტიზასთან დაკავშირებული სამუშაოები; მისთვის საჭირო ხარჯები გათვალისწინებული უნდა იყოს დამკვეთის სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიური საქმიანობისათვის განკუთვნილი დაფინანსების საერთო დანახარჯებში, მშენებარე და სარეკონსტრუქციო ობიექტების ხარჯთაღრიცხვაში.
თავი III. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობა
მუხლი 21. ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო ხელშეწყობა
1. სახელმწიფო ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციას, რომლებიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქმიანობენ, აძლევს ინოვაციური საქმიანობის დაცვის გარანტიას, მიუხედავად საკუთრების ფორმისა.
2. სახელმწიფო უწყებები ქმნიან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დარგობრივ ფონდებს, ხოლო ამ ფონდების დებულებებს ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.
3. (ამოღებულია - 22.06.2016, №5504).
4. (ამოღებულია).
5. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან შექმნან მეცნიერების განვითარებისა და მეცნიერთა მხარდამჭერი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
კარი III. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა
1. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების მოსაზიდად და მის გამოსაყენებლად გამიზნული კაპიტალის იმპორტისათვის სახელმწიფო ქმნის ხელშემწყობ სამართლებრივ და ეკონომიკურ პირობებს, მხარს უჭერს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს ორგანიზაციებს შორის თანასწორუფლებიანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ურთიერთობის დამყარებას.
2. სახელმწიფო, ცალკეულ შემთხვევაში, საერთო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ახდენს უახლესი მეცნიერული მიღწევებისა და ტექნოლოგიების იმპორტის სუბსიდირებას, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტის შეღავათიან დაკრედიტებასა და მიზნობრივი დოტაციების მეშვეობით მის ნაწილობრივ სუბსიდირებას.
მუხლი 23. საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა
საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა ხორციელდება:
ა) სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) შესრულებით და სამეცნიერო-ტექნოლოგიებითა და დამუშავებათა განხორციელებით, ერთობლივი სამეცნიერო ჯგუფების სამეცნიერო ინფორმაციითა და სამეცნიერო მოწყობილობით ერთობლივი სარგებლობის ცენტრებისა და სხვა ურთიერთმისაღები ფორმის ორგანიზაციების შექმნით;
ბ) სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლით და საერთაშორისო ან უცხო ქვეყნების ფონდების რესურსებისა და მონაცემების ბაზების გამოყენებით;
გ) საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო კონგრესების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კოლოკვიუმების მოწყობით;
დ) მეცნიერების, სამეცნიერო-ტექნიკური კადრების, სტუდენტების გაცვლის გზით სპეციალისტების ერთობლივი მომზადებით და კვალიფიკაციის ამაღლებით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებებში.
1. დაწესებულებებს აქვთ უშუალო საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის უფლება.
2. სამეცნიერო დაწესებულებათა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის წესი განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით (შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის უფლებამონაცვლედ.
საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, რის შედეგადაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.
სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1994 წლის 22 ნოემბერი
№603
დოკუმენტის კომენტარები