მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 22/11/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 30/11/1994
სარეგისტრაციო კოდი 440.000.000.05.001.000.090
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
603
22/11/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 30/11/1994
440.000.000.05.001.000.090
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (06/09/2013 - 03/07/2015)

საქართველოს კანონი

მეცნიერების,  ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672-საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997წ., გვ.14

„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ქმნის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძველს, რაც ქვეყნის ინტელექტუალური და ტექნოლოგიური პროგრესის და კეთილდღეობის საწინდარია. სახელმწიფო აღიარებს, რომ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი საზოგადოების განვითარების, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების, მისი სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და ხელშემწყობ პირობებს უქმნის ქვეყნის ინტელექტუალურ შესაძლებლობათა გამოვლენასა და ეკონომიკის წინსვლას. იგი უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა, განვითარებას, სამეცნიერო კვლევას მიიჩნევს შემოქმედებითი საქმიანობის ფორმად. საქმიანობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში მოიცავს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის გამოკვლევებსა და დამუშავებას, მათი შედეგების გამოყენებას, მოქმედ ტექნოლოგიათა და ტექნიკის სრულყოფას წარმოების დონის ამაღლებისა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების მიზნით. პოლიტიკას ამ სფეროში სახელმწიფო აყალიბებს ქვეყნის ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროცესში თავისი მონაწილეობის ფორმებს და ქმნის სტრუქტურებს საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად. კანონი განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და პრინციპებს, ამ პოლიტიკის განხორციელებაში სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, მეცნიერის შემოქმედებით თავისუფლებას და პასუხისმგებლობას, საქმიანობის სამართლებრივ ნორმებსა და გარანტიებს. სახელმწიფო აღიარებს, რომ მეცნიერების დაფინანსების ზრდა მისი ვალდებულებაა.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

 

კარი I. ძირითადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც აწესრიგებენ საზოგადოებრივ ურთიერთობას საქმიანობის ამ სფეროში.

    მუხლი 2. სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში და მისი პრინციპები

სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს სოციალურ-ეკონომიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და წარმოადგენს კანონმდებლობით განმტკიცებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს:

1. მეცნიერების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნას და გარედან მოზიდვას, მათი გამოყენებით ახალ წარმოებათა შექმნასა თუ არსებულთა ტექნიკურ განახლებას, აგრეთვე სხვა საინოვაციო საქმიანობისათვის ყოველმხრივ ხელშეწყობას (ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სიახლეთა შექმნა-გამოყენება);

2. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებიდან გამომდინარე, მეცნიერების გარკვეული დარგების პრიორიტეტების დადგენასა და მათი განვითარებისათვის ხელშეწყობას;

3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს დემოკრატიულ მართვას, მის დემონოპოლიზაციას, საინოვაციო საქმიანობის თვითრეგულირებისათვის ხელშეწყობას, სამეცნიერო მოღვაწეობის თავისუფლებას, სამეცნიერო საზოგადოებრიობის მონაწილეობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში;

4. სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის თანდათანობითი ინტეგრაციისათვის ხელშეწყობას;

5. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მეწარმეობისა და კონკურენციისათვის მხარდაჭერას;

6. საერთაშორსო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას.

    მუხლი 3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სუბიექტები

1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები.

2. სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ვრცელდება იურიდიულ პირებსა (სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები) და ფიზიკურ პირებზე (მეცნიერები).

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

 

კარი II. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მართვა

თავი I. მართვის ორგანიზაციული სტრუქტურები და სუბიექტები

მუხლი 4. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას ამტკიცებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დაფინანსების წილს, განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას ამ სფეროში და აკონტროლებს მის განხორციელებას.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14     

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2017 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.89

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

საქართველოს 2013 წლის  6 სექტემბრის კანონი №1043 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 5 1 . საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი

1. საქართველოს მთავრობა ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, რისთვისაც:

ა) შეიმუშავებს წინადადებებს სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების მოცულობის შესახებ და განსაზღვრავს ქვეყნისათვის აუცილებელი სტრატეგიული კვლევების პროგრამებს;

1) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პრიორიტეტებისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) დასაბუთებას და მათ ორგანიზებულად განხორციელებას სახელმწიფო ფინანსური რესურსებით;

გ) ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოებისათვის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით და აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვითა და უცხოური ლიცენზიების მოზიდვით;

დ) უზრუნველყოფს ინტელექტუალური (სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების შედეგები) და სხვა სამეცნიეროტექნოლოგიური საქმიანობის შედეგებისა, მათ შორის, წარმოების წესის საიდუმლოების „ნოუჰაუს“ დაცვის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიცირების, სამეცნიეროტექნიკური ინფორმაციის, სახელმწიფო გამოკვლევებისა და დამუშავების რეგისტრაციის, და სახელმწიფო სისტემების ეფექტიან მუშაობას და შეუსაბამებს მათ საერთაშორისო მოთხოვნებს;

ე) ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას როგორც საბიუჯეტო, ისე სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებისა და არაპირდაპირი სტიმულირების გზით;

ვ) თანამშრომლობს საერთაშორისო სარბიელზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში;

ზ) უზრუნველყოფს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო ექსპერტიზას (შეფასებას) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საქმიანობას;

თ) ხელს უწყობს კერძო ინოვაციურ საქმიანობას სამეცნიერო პროდუქციისა და სამეცნიერო მომსახურების სფეროში ბაზის უზრუნველსაყოფად;

ი) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების შესახებ.

2. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში და რეგიონის განვითარების საჭიროებათა შესაბამისად უფლებამოსილნი არიან ხელი შეუწყონ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, მონაწილეობენ რეგიონულ და რეგიონთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) შემუშავებასა და განხორციელებაში, აფინანსებენ მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული ან სხვა ადგილობრივი ფონდებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს უფლება აქვთ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნან სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების მართვის რეგიონალური ორგანოები.

3. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებები პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის სფეროში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1043 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 6. მეცნიერთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი გაერთიანებანი

1. საქართველოში მოქმედებს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით;

გ) მეცნიერთა საზოგადოებრივი გაერთიანებანი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაერთიანებები მონაწილეობენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრაში, სახელმწიფო სამეცნიერო ტექნოლოგიების პროგრამების (პროექტების) შემუშავებაში, მათ ექსპერტიზასა და შესრულებაში.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

    მუხლი 7. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საზოგადოებრივი სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანებების ურთიერთობა

1. სახელმწიფო ქმნის სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობისათვის ხელშემწყობ პირობებს და მოიზიდავს მათ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, ძირითად გადაწყვეტილებათა მოსამზადებლად და შესასრულებლად.

2. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების), სამეცნიერო გამოკვლევევებისა და დამუშავების დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად იწვევენ სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებრივ გაერთიანებათა წარმომადგენლებს და მათთან თანამშრომლობით მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას ახალ ტექნოლოგიათა და პროდუქციის ახალ სახეობათა უსაფრთხოების, ეკოლოგიური სისუფთავის, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

    მუხლი 8. მეცნიერის გარანტიები

1. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

გ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა, დამატებით მიიღოს მონაწილეობა საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის (გრანტების) დაფინანსებით იმ შემთხვევაშიც, თუ შეიცვლის სამუშაო ადგილს;

დ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. მეცნიერის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

3. მეცნიერის შრომისა და სხვა სოციალურ გარანტიებს განსაზღვრავს ეს კანონი, საქართველოს კანონმდებლობა, შრომითი ხელშეკრულება, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდება (დებულება).

4. მეცნიერის შეთავსებით მუშაობა არ იზღუდება.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

    მუხლი 9. მეცნიერის მოვალეობანი

1. მეცნიერის მოვალეობანი განისაზღვრება ამ კანონით, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წესდებით (დებულებით) ან/და შრომითი ხელშეკრულების პირობებით.

2. მეცნიერი ვალდებულია:

ა) დაიცვას სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებით (დებულებით) დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

გ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში;

დ) შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება უზრუნველყოფს სამეცნიერო პერსონალის კვლევის თავისუფლებას და უქმნის მას საქმიანობისათვის საჭირო პირობებს.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

 

მუხლი 10. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება

1. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით.

2. საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3988 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.355

    მუხლი 10 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება (მათ შორის: ინსტიტუტი, ცენტრი და ა.შ.) (შემდგომში – დაწესებულება) იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. დაწესებულებიდან ზედიზედ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტზე განაცხადის წარუდგენლობა ან 5 წლის განმავლობაში გრანტის მიუღებლობა შეიძლება გახდეს დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველი.

3. დაწესებულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. თუ დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს არ ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დაწესებულების წესდება მტკიცდება მასთან შეთანხმებით.

4. დაწესებულება, მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ვალდებულია საქმიანობის წლიური სამეცნიერო ანგარიში განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

    მუხლი 10 2 . დაწესებულების სამეცნიერო საბჭო

1. დაწესებულების მეცნიერთა საერთო კრება დაწესებულების მეცნიერთაგან ხუთი წლის ვადით ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს.

2. სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს დაწესებულების სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს.

3. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.

4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი, მისი უფლებამოსილების ვადა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

    მუხლი 103. დაწესებულების დირექტორი

1. დაწესებულებას წარმოადგენს მისი დირექტორი.

2. დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით .

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1915 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.225

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4205 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 10 4 . დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები

1. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, ცენტრი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.

2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი წესდებით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

    მუხლი 10 5 . დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი

დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახელმწიფო მმართველობის ორგანო.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410  

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1043 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 10 6 . დაწესებულების პერსონალი

1. დაწესებულების პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.

2. დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.

3. დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება:

ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;

გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა.

4. დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება:

ა) დირექტორი;

ბ) დირექტორის მოადგილე (მოადგილეები).

5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

6. დაწესებულების სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი განისაზღვრება დაწესებულების საშტატო განრიგით.

7. სამეცნიერო, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან დაწესებულების დირექტორი აფორმებს შრომით ხელშეკრულებას შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

8. დაწესებულების დირექტორი მეცნიერთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების, ლაბორატორიის, ცენტრის და სხვა) ხელმძღვანელთან შეთანხმებით, წესდებით დადგენილი წესით.

9. დაწესებულებების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ არიან ადმინისტრაციული თანამდებობის პირები.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

    მუხლი 10 7 . სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

5. კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღების დასრულებამდე არა უგვიანეს 1 თვისა და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა.

6. კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

    მუხლი 11. სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შრომითი ურთიერთობები

1. სამეცნიერო პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

2. დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილება ვადამდე წყდება 65 წლის ასაკის შესრულებისას.

3. სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ე) ზედიზედ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტზე ნაშრომის წარუდგენლობა ან 5 წლის განმავლობაში გრანტის მიუღებლობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

    მუხლი 12. მეცნიერის შრომის ანაზღაურება

1. მეცნიერის შრომა ანაზღაურდება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. დაწესებულებაში სრული განაკვეთით დასაქმებული მეცნიერის თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საჯარო მოსამსახურის მინიმალურ თანამდებობრივ სარგოზე მაღალი.

2. ხელშეკრულების საფუძველზე დამატებითი ანაზღაურებით მეცნიერის მონაწილეობა დროებით კვლევით ჯგუფებში და შეთავსებით მუშაობა არ იზღუდება.

3. დაწესებულებაში დასაქმებული სამეცნიერო თანამდებობის პირს, თუ იგი მოიპოვებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტს, სრულად უნარჩუნდება მეცნიერის თანამდებობრივი სარგო.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

 

თავი II. სახელმწიფოს მონაწილეობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში

    მუხლი 13. სახელმწიფო პრიორიტეტების განსაზღვრა

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტები განისაზღვრება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების პროგნოზების საფუძველზე.

    მუხლი 14. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) განხორციელება

1. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამები (პროექტები) შემუშავდება და სრულდება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამის (პროექტის) შესრულებისათვის პასუხისმგებელია მისი ხელმძღვანელი, რომელსაც უფლება აქვს პროგრამის (პროექტის) მონაწილეთა შორის გაანაწილოს ამ მიზნისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები. 

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1043 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 15. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა

1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა ითვალისწინებს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებისა და არასაბიუჯეტო დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მიზნობრივ გამოყენებას.

2. სამეცნიერო კვლევების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე, დაწესებულების საბიუჯეტო (ბაზურ) დაფინანსებასთან ერთად, ხორციელდება საგრანტო სისტემით. ექსპერტიზის საფუძველზე სამეცნიერო კვლევის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში აგრეთვე შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელშეკრულებო წესითა და კონკურსით.

3. კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლება აქვთ საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების ცალკეულ მეცნიერებს, დროებით სამეცნიერო ჯგუფს, დაწესებულებებს, სხვა ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და პირებს.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

    მუხლი 15 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამეცნიერო ფონდები

1. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე სამეცნიერო კვლევების საგრანტო სისტემით, კონკურსის წესით დასაფინანსებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სამეცნიერო ფონდებს (შემდგომში – სამეცნიერო ფონდი).

2. სამეცნიერო ფონდის საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესდებით. სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაწეული მომსახურებისათვის შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1915 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.225

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2942 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.124

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3445 - სსმ I, №42, 22.07.2010 წ., მუხ.267

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6303 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.  

    მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

    მუხლი 17. სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადება და ატესტაცია

1. სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადება ხდება სწავლების უწყვეტობის, მისი მრავალნაირი ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით.

2. სახელმწიფო იძლევა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და სხვა სახელმწიფო სამეცნიერო ორგანიზაციებში სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადების, საამისოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებათა გამოყოფის, სამეცნიერო ხარისხების საზღვარგარეთ ცნობის (ნოსტრიფიცირების სისტემის მოქმედების) გარანტიას.

3. უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის შერწყმის მიზნით სახელმწიფო აყალიბებს ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევის, მათი მომავალი შემოქმედებითი სამეცნიერო საქმიანობისათვის უწყვეტი მომზადების სისტემას; შეღავათიან პირობებს უქმნის მომავალი თაობის შერჩევითა და აღზრდით დასაქმებულ ორგანიზაციებს; ეხმარება წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს, მეცნიერებათა აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო ცენტრებს; ავითარებს სასწავლო-საწარმოო კომპლექსების ქსელს და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების სხვა ფორმებს.

4. (ძალადაკარგულია - 21.06.02, №1522).

5. საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადებისა და სტაჟირების ხელშესაწყობად სახელმწიფო გამოყოფს ბიუჯეტის სახსრებს, საამისოდ ქმნის პირობებს უცხოური ფონდების, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და მოქალაქეთა სახსრების მოსაზიდად.

6. სახელმწიფო აწესებს სახელმწიფო და სახელობით პრემიებსა და საპატიო წოდებებს იმ პირთათვის, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი მეცნიერების განვითარების, მისი შედეგების პრაქტიკულად გამოყენების საქმეში და ღვაწლი მიუძღვით ეროვნული სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადებაში.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1522 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.80

    მუხლი 18. ინტელექტუალური სამრეწველო საკუთრების დაცვა

1. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრება, სხვა სამეცნიერო-ტექნოლოგიური საქმიანობის შედეგები, მათ შორის წარმოების წესის საიდუმლოება სახელმწიფოს, ფიზიკური ან იურიდიული პირის (პირების) საკუთრების ობიექტებს წარმოადგენს და სახელმწიფო უზრუნველყოფს მის სამართლებრივ დაცვას.

2. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების შექმნასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეკონომიკური ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგების სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრულია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

    მუხლი 19. საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფა

1. საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო განახორციელებს დივერსიფიცირებულ პროგრამებს, ქმნის სახელმწიფო საინფორმაციო რესურსებს, მონაწილეობს მონაცემთა საერთაშორისო ბანკებისა და საინფორმაციო ქსელის შექმნაში, იძლევა ამ ინფორმაციის მისაწვდომობისა და მისი გამოყენების უფლების გარანტიებს.

2. სათანადო საინფორმაციო სტრუქტურების ქსელის განვითარებით სახელმწიფო უზრუნველყოფს პირველადი ინფორმაციის შეგროვებას, გადამუშავებას, დაცვასა და გავრცელებას.

3. საინფორმაციო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროში საქმიანობის, მათ შორის სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მისაწვდომობისა და მისი გავრცელების რეგლამენტირება ხდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

    მუხლი 20. სახელმწიფო ექსპერტიზა

1. სახელმწიფო ექსპერტიზა ეწყობა სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) მეცნიერული უზრუნველყოფის და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო გამოკვლევების და ნამუშევრების დონის, მშენებარე საწარმოო ობიექტების ტექნოლოგიური ნაწილის, ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკის, სხვა სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის შესაფასებლად და მათი გამოყენებისას მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრისათვის.

2. სახელმწიფო ექსპერტიზა ეწყობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი, მათ შორის საზღვარგარეთის ორგანიზაციების თუ ცალკეული ექსპერტების მონაწილეობით.

3. დაწესებულებები, ორგანიზაციები და ცალკეული ექსპერტები სახელმწიფო ექსპერტიზაში მონაწილეობენ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრულია ექსპერტიზასთან დაკავშირებული სამუშაოები; მისთვის საჭირო ხარჯები გათვალისწინებული უნდა იყოს დამკვეთის სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიური საქმიანობისათვის განკუთვნილი დაფინანსების საერთო დანახარჯებში, მშენებარე და სარეკონსტრუქციო ობიექტების ხარჯთაღრიცხვაში.

 

თავი III. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობა

    მუხლი 21. საინოვაციო საქმიანობისათვის სახელმწიფო ხელშეწყობა

1. ყველა იმ დაწესებულებასა და ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, სახელმწიფო აძლევს საინოვაციო საქმიანობის დაცვის გარანტიას, საკუთრების ფორმის მიუხედავად.

2. სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები და ინსპექციები, სხვა სახელმწიფო უწყებები ქმნიან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დარგობრივ ფონდებს, ხოლო სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, აუცილებლობის შემთხვევაში – რეგიონალურ ფონდებს. ამ ფონდების დებულებას ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაცია.

3. სახელმწიფო საინოვაციო პოლიტიკის გატარებას ხელს უწყობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი იურიდიული პირები.

4. (ამოღებულია).

5. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან შექმნან მეცნიერების განვითარებისა და მეცნიერთა მხარდამჭერი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3988 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.355

 

კარი III. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა

    მუხლი 22. სახელმწიფო ვალდებულებანი საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის სფეროში

1. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების მოსაზიდად და მის გამოსაყენებლად გამიზნული კაპიტალის იმპორტისათვის სახელმწიფო ქმნის ხელშემწყობ სამართლებრივ და ეკონომიკურ პირობებს, მხარს უჭერს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს ორგანიზაციებს შორის თანასწორუფლებიანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ურთიერთობის დამყარებას.

2. სახელმწიფო, ცალკეულ შემთხვევაში, საერთო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ახდენს უახლესი მეცნიერული მიღწევებისა და ტექნოლოგიების იმპორტის სუბსიდირებას, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტის შეღავათიან დაკრედიტებასა და მიზნობრივი დოტაციების მეშვეობით მის ნაწილობრივ სუბსიდირებას.

    მუხლი 23. საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა

საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა ხორციელდება:

ა) სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) შესრულებით და სამეცნიერო-ტექნოლოგიებითა და დამუშავებათა განხორციელებით, ერთობლივი სამეცნიერო ჯგუფების სამეცნიერო ინფორმაციითა და სამეცნიერო მოწყობილობით ერთობლივი სარგებლობის ცენტრებისა და სხვა ურთიერთმისაღები ფორმის ორგანიზაციების შექმნით;

ბ) სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლით და საერთაშორისო ან უცხო ქვეყნების ფონდების რესურსებისა და მონაცემების ბაზების გამოყენებით;

გ) საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო კონგრესების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კოლოკვიუმების მოწყობით;

დ) მეცნიერების, სამეცნიერო-ტექნიკური კადრების, სტუდენტების გაცვლის გზით სპეციალისტების ერთობლივი მომზადებით და კვალიფიკაციის ამაღლებით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებებში.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

    მუხლი 24. დაწესებულებათა საერთაშორისო თანამშრომლობა

1. დაწესებულებებს აქვთ უშუალო საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის უფლება.

2. სამეცნიერო დაწესებულებათა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის წესი განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით (შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410

    მუხლი 24 1 . საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) უფლებამონაცვლეობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) უფლებამონაცვლედ.

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3445 - სსმ I, №42, 22.07.2010 წ., მუხ.267

    მუხლი 25. დასკვნითი დებულება

საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, რის შედეგადაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3988 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.355

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1994 წლის 22 ნოემბერი

№603

23. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3837-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 22. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 351-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 21. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7000-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 20. 01/11/2019 - საქართველოს კანონი - 5277-Iს - ვებგვერდი, 04/11/2019 19. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3029-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 18. 28/06/2017 - საქართველოს კანონი - 1113-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 16/06/2017 - საქართველოს კანონი - 1045-IIს - ვებგვერდი, 27/06/2017 16. 16/12/2016 - საქართველოს კანონი - 104-Iს - ვებგვერდი, 27/12/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5504-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 14. 27/11/2015 - საქართველოს კანონი - 4584-Iს - ვებგვერდი, 10/12/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4560-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 12. 03/07/2015 - საქართველოს კანონი - 3899-რს - ვებგვერდი, 10/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1043-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6303-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 9. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4205-Iს - ვებგვერდი, 110310028, 10/03/2011 8. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3445 - სსმ, 42, 22/07/2010 7. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2942 - სსმ, 23, 04/05/2010 6. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1915 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3988 - სსმ, 48, 22/12/2006 4. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2469 - სსმ, 56, 28/12/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1522 - სსმ, 21, 12/07/2002 2. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2017 - სსმ, 20(27), 09/06/1999 1. 30/04/1997 - საქართველოს კანონი - 672 - პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997