დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2469 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 28/12/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 440.050.000.05.001.002.087 |
საქართველოს კანონი
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №21-22, 1994, მუხ. 481) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ქმნის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძველს, რაც ქვეყნის ინტელექტუალური და ტექნოლოგიური პროგრესის და კეთილდღეობის საწინდარია. სახელმწიფო აღიარებს, რომ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი საზოგადოების განვითარების, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების, მისი სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და ხელშემწყობ პირობებს უქმნის ქვეყნის ინტელექტუალურ შესაძლებლობათა გამოვლენასა და ეკონომიკის წინსვლას. იგი უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა, განვითარებას, სამეცნიერო კვლევას მიიჩნევს შემოქმედებითი საქმიანობის ფორმად. საქმიანობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში მოიცავს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის გამოკვლევებსა და დამუშავებას, მათი შედეგების გამოყენებას, მოქმედ ტექნოლოგიათა და ტექნიკის სრულყოფას წარმოების დონის ამაღლებისა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების მიზნით. პოლიტიკას ამ სფეროში სახელმწიფო აყალიბებს ქვეყნის ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროცესში თავისი მონაწილეობის ფორმებს და ქმნის სტრუქტურებს საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად. კანონი განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და პრინციპებს, ამ პოლიტიკის განხორციელებაში სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, მეცნიერის შემოქმედებით თავისუფლებას და პასუხისმგებლობას, საქმიანობის სამართლებრივ ნორმებსა და გარანტიებს. სახელმწიფო აღიარებს, რომ მეცნიერების დაფინანსების ზრდა მისი ვალდებულებაა.”.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ვრცელდება იურიდიულ პირებსა (სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები) და ფიზიკურ პირებზე (მეცნიერები).“.
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი
საქართველოს პრეზიდენტი:
ა) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ;
ბ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტებს და მათი განხორციელების სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) ნუსხას;
გ) ამტკიცებს სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) პასუხისმგებელ შემსრულებლებს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებიდან აფინანსებს სამეცნიერო კვლევასა და დამუშავებას, სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრამებს (პროექტებს);
ე) უზრუნველყოფს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად საჭირო საკუთრების სხვადასხვა ფორმის პროგრესული ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნისა და განვითარების პირობებს;
ვ) ამზადებს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო საფინანსო და საგადასახადო პოლიტიკის შესახებ;
ზ) დებს სამეცნიერო-ტექნოლოგიური საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის ურთიერთხელსაყრელ საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს;
თ) განსაზღვრავს ქვეყნისათვის აუცილებელი სტრატეგიული კვლევების პროგრამებს.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი
1. საქართველოს მთავრობა ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, რისთვისაც:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების მოცულობის შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პრიორიტეტებისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) დასაბუთებას და მათ ორგანიზებულად განხორციელებას სახელმწიფო ფინანსური რესურსებით;
გ) ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოებისათვის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით და აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვითა და უცხოური ლიცენზიების მოზიდვით;
დ) უზრუნველყოფს ინტელექტუალური (სამეცნიერო-კვლევისა და დამუშავების შედეგები) და სხვა სამეცნიერო-ტექნოლოგიური საქმიანობის შედეგებისა, მათ შორის, წარმოების წესის საიდუმლოების „ნოუ-ჰაუს“ დაცვის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიცირების, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის, სახელმწიფო გამოკვლევებისა და დამუშავების რეგისტრაციის, და სახელმწიფო სისტემების ეფექტიან მუშაობას და შეუსაბამებს მათ საერთაშორისო მოთხოვნებს;
ე) ხელს უწყობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას როგორც საბიუჯეტო, ისე სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებისა და არაპირდაპირი სტიმულირების გზით;
ვ) თანამშრომლობს საერთაშორისო სარბიელზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში;
ზ) უზრუნველყოფს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო ექსპერტიზას (შეფასებას) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა – სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საქმიანობას;
თ) ხელს უწყობს კერძო ინოვაციურ საქმიანობას სამეცნიერო პროდუქციისა და სამეცნიერო მომსახურების სფეროში ბაზის უზრუნველსაყოფად;
ი) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების შესახებ.
2. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში და რეგიონის განვითარების საჭიროებათა შესაბამისად უფლებამოსილნი არიან ხელი შეუწყონ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, მონაწილეობენ რეგიონულ და რეგიონთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) შემუშავებასა და განხორციელებაში, აფინანსებენ მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული ან სხვა ადგილობრივი ფონდებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს უფლება აქვთ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნან სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების მართვის რეგიონალური ორგანოები.
3. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებები პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის სფეროში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის.“.
5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მეცნიერთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი გაერთიანებანი
1. საქართველოში მოქმედებს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია სრული ავტონომიური უფლებებითა და სახელმწიფო დაფინანსებით;
გ) მეცნიერთა საზოგადოებრივი გაერთიანებანი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაერთიანებები მონაწილეობენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრაში, სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიების პროგრამების (პროექტების) შემუშავებაში, მათ ექსპერტიზასა და შესრულებაში.“.
6. მე-8–მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მეცნიერის გარანტიები
1. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა, დამატებით მიიღოს მონაწილეობა საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის (გრანტების) დაფინანსებით იმ შემთხვევაშიც, თუ შეიცვლის სამუშაო ადგილს;
დ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. მეცნიერის შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.
3. მეცნიერის შრომისა და სხვა სოციალურ გარანტიებს განსაზღვრავს ეს კანონი, საქართველოს კანონმდებლობა, შრომითი ხელშეკრულება, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდება (დებულება).
4. მეცნიერის შეთავსებით მუშაობა არ იზღუდება.
მუხლი 9. მეცნიერის მოვალეობანი
1. მეცნიერის მოვალეობანი განისაზღვრება ამ კანონით, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წესდებით (დებულებით) ან/და შრომითი ხელშეკრულების პირობებით.
2. მეცნიერი ვალდებულია:
ა) დაიცვას სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებით (დებულებით) დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში;
დ) შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება უზრუნველყოფს სამეცნიერო პერსონალის კვლევის თავისუფლებას და უქმნის მას საქმიანობისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 10. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება
სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101–107 მუხლები:
მუხლი 101. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება (მათ შორის: ინსტიტუტი, ცენტრი და ა.შ.) (შემდგომში – დაწესებულება) იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. დაწესებულებიდან ზედიზედ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტზე განაცხადის წარუდგენლობა ან 5 წლის განმავლობაში გრანტის მიუღებლობა შეიძლება გახდეს დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველი.
3. დაწესებულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. თუ დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს არ ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დაწესებულების წესდება მტკიცდება მასთან შეთანხმებით.
4. დაწესებულება, მისი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ვალდებულია საქმიანობის წლიური სამეცნიერო ანგარიში განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.
მუხლი 102. დაწესებულების სამეცნიერო საბჭო
1. დაწესებულების მეცნიერთა საერთო კრება დაწესებულების მეცნიერთაგან ხუთი წლის ვადით ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს.
2. სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს დაწესებულების სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს.
3. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი, მისი უფლებამოსილების ვადა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
მუხლი 103. დაწესებულების დირექტორი
1. დაწესებულებას წარმოადგენს მისი დირექტორი.
2. დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. დაწესებულების დირექტორი აირჩევა 4 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.
3. დაწესებულების დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო.
4. დაწესებულების დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი, მისი უფლება-მოვალეობანი და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.
მუხლი 104. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები
1. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, ცენტრი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი წესდებით დადგენილი წესით.
მუხლი 105. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი
დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სხვა სახელმწიფო მმართველობის ორგანო.
მუხლი 106. დაწესებულების პერსონალი
1. დაწესებულების პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან.
2. დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა.
4. დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება:
ა) დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე (მოადგილეები).
5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
6. დაწესებულების სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი განისაზღვრება დაწესებულების საშტატო განრიგით.
7. სამეცნიერო, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან დაწესებულების დირექტორი აფორმებს შრომით ხელშეკრულებას შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
8. დაწესებულების დირექტორი მეცნიერთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების, ლაბორატორიის, ცენტრის და სხვა) ხელმძღვანელთან შეთანხმებით, წესდებით დადგენილი წესით.
9. დაწესებულებების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ არიან ადმინისტრაციული თანამდებობის პირები.
მუხლი 107. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
5. კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღების დასრულებამდე არა უგვიანეს 1 თვისა და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა.
6. კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.“.
8. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შრომითი ურთიერთობები
1. სამეცნიერო პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
2. დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილება ვადამდე წყდება 65 წლის ასაკის შესრულებისას.
3. სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) ზედიზედ 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტზე ნაშრომის წარუდგენლობა ან 5 წლის განმავლობაში გრანტის მიუღებლობა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
მუხლი 12. მეცნიერის შრომის ანაზღაურება
1. მეცნიერის შრომა ანაზღაურდება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. დაწესებულებაში სრული განაკვეთით დასაქმებული მეცნიერის თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საჯარო მოსამსახურის მინიმალურ თანამდებობრივ სარგოზე მაღალი.
2. ხელშეკრულების საფუძველზე დამატებითი ანაზღაურებით მეცნიერის მონაწილეობა დროებით კვლევით ჯგუფებში და შეთავსებით მუშაობა არ იზღუდება.
3. დაწესებულებაში დასაქმებული სამეცნიერო თანამდებობის პირს, თუ იგი მოიპოვებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტს, სრულად უნარჩუნდება მეცნიერის თანამდებობრივი სარგო.“.
9. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა
1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა ითვალისწინებს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებისა და არასაბიუჯეტო დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მიზნობრივ გამოყენებას.
2. სამეცნიერო კვლევების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე, დაწესებულების საბიუჯეტო (ბაზურ) დაფინანსებასთან ერთად, ხორციელდება საგრანტო სისტემით. ექსპერტიზის საფუძველზე სამეცნიერო კვლევის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში აგრეთვე შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელშეკრულებო წესითა და კონკურსით.
3. კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლება აქვთ საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების ცალკეულ მეცნიერებს, დროებით სამეცნიერო ჯგუფს, დაწესებულებებს, სხვა ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და პირებს.“.
10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამეცნიერო ფონდები
1. სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებით მეცნიერების დაფინანსების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნებიან საჯარო სამართლის იურიდული პირები – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი, ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამეცნიერო ფონდები (შემდგომში – სამეცნიერო ფონდი), რომლებსაც ქმნის საქართველოს მთავრობა.
2. სამეცნიერო ფონდის მიზანია სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებით სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის ორგანიზება კონკურსის წესით, ღია, გამჭვირვალე და თავისუფალი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.
3. სამეცნიერო ფონდის საქმიანობის წესი განისაზღვრება ფონდის წესდებით, რომელიც მტკიცდება მთავრობის დადგენილებით.
4. სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელს, ფონდის დირექტორს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ფონდის დირექტორის კანდიდატურის შერჩევა ხდება ღია კონკურსის საფუძველზე, წესდებით დადგენილი წესით.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
6. სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის მინიმუმ ორი მესამედი არის მეცნიერი.
7. სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მეცნიერებათა ეროვნული აკადემიების კვოტით, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის 1 კვოტით (სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის განსაზღვრული კვოტა ეხება მხოლოდ ეროვნულ სამეცნიერო ფონდს), ერთი მესამედი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვოტით, ხოლო ერთი მესამედი – საქართველოს მთავრობის კვოტით.
8. სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სამეცნიერო ფონდის ერთი მესამედის დაკომპლექტების წესს შეიმუშავებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად.“.
11. მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.
12. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, საწარმოებსა და ორგანიზაციებს, საკუთრების ფორმის მიუხედავად, ნებაყოფლობით შეუძლიათ შექმნან მეცნიერების განვითარებისა და მეცნიერთა მხარდამჭერი საქველმოქმედო ფონდები.“.
13. 23-ე და 24-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა
საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა ხორციელდება:
ა) სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) შესრულებით და სამეცნიერო-ტექნოლოგიებითა და დამუშავებათა განხორციელებით, ერთობლივი სამეცნიერო ჯგუფების სამეცნიერო ინფორმაციითა და სამეცნიერო მოწყობილობით ერთობლივი სარგებლობის ცენტრებისა და სხვა ურთიერთმისაღები ფორმის ორგანიზაციების შექმნით;
ბ) სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლით და საერთაშორისო ან უცხო ქვეყნების ფონდების რესურსებისა და მონაცემების ბაზების გამოყენებით;
გ) საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო კონგრესების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კოლოკვიუმების მოწყობით;
დ) მეცნიერების, სამეცნიერო-ტექნიკური კადრების, სტუდენტების გაცვლის გზით სპეციალისტების ერთობლივი მომზადებით და კვალიფიკაციის ამაღლებით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებებში.
მუხლი 24. დაწესებულებათა საერთაშორისო თანამშრომლობა
1. დაწესებულებებს აქვთ უშუალო საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის უფლება.
2. სამეცნიერო დაწესებულებათა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის წესი განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით (შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
მუხლი 2
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ძალაში შესვლიდან 5 თვის ვადაში უზრუნველყოს სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, მათ შორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნება და მათი დროებითი წესდებების დამტკიცება.
2. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნება იწვევს დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, რომელიც სამეცნიერო საბჭოს არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს მოქმედ დირექტორს ან ამავე დაწესებულებიდან სხვა მეცნიერს, თუ იგი აკმაყოფილებს დირექტორისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშვნიდან 4 თვის ვადაში ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დაწესებულების ახალი წესდების პროექტის წარდგენას დასამტკიცებლად, დაწესებულების რეორგანიზაციას, დაწესებულებაში დასაქმებული პირების გადაყვანას ამ კანონით გათვალისწინებულ სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსის წესით და მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას.
3. ამ კანონის ძალაში შესვლამდე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და სამეცნიერო ფონდები ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებულ იურიდიულ პირებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წესდების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ამ კანონით გათვალისწინებული ყველა ორგანიზაციული პროცედურის, მათ შორის, მართვის ორგანოების არჩევის, დასრულების შემდეგ (რაც ხდება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნიდან 6 თვის ვადაში) უფლებამოსილია გამოიყენოს თვითგამორკვევის უფლება, კერძოდ, დარჩეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ან სამეცნიერო საბჭოს წევრთა ორი მესამედის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, მისთვის განკუთვნილი ქონებითა და დაფინანსებით იქცეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ან სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემადგენელ ერთეულად.
5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სადისერტაციო საბჭოს შექმნამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 31 დეკემბრისა, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება, გარდა დოქტორანტისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირისა, შეუძლიათ ასპირანტს, მაძიებელს და მეცნიერებათა კანდიდატს.
6. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი „უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2469–რს
დოკუმენტის კომენტარები