დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4584-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/11/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 440000000.05.001.018005 |
|
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 481) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეს კანონი ქმნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძველს, რაც ქვეყნის ინტელექტუალური და ტექნოლოგიური პროგრესის და კეთილდღეობის საწინდარია. სახელმწიფო აღიარებს, რომ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი საზოგადოების განვითარების, კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და ხელშემწყობ პირობებს უქმნის ქვეყნის ინტელექტუალურ შესაძლებლობათა გამოვლენას და ეკონომიკის წინსვლას. იგი უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ ნაწილთა, განვითარებას და სამეცნიერო კვლევა შემოქმედებითი საქმიანობის ფორმად მიაჩნია. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქმიანობა მოიცავს ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებსა და დამუშავებას, მათი შედეგების გამოყენებას, არსებულ ტექნოლოგიათა და ტექნიკის სრულყოფას წარმოების დონის ამაღლების და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების მიზნით. ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას სახელმწიფო ქვეყნის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიმუშავებს. იგი განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროცესში თავისი მონაწილეობის ფორმებს და ქმნის სტრუქტურებს საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად. ეს კანონი განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და პრინციპებს, ამ პოლიტიკის განხორციელებაში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ორგანოების უფლებამოსილებებს, მეცნიერის შემოქმედებით თავისუფლებას და პასუხისმგებლობას, სამეცნიერო საქმიანობის და საგანმანათლებლო საქმიანობის სამართლებრივ ნორმებსა და გარანტიებს. სახელმწიფო აღიარებს, რომ მეცნიერების დაფინანსების ზრდა მისი ვალდებულებაა.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;“. 4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის შემთხვევაში უზრუნველყოს სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხი;“. 5. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შეიძლება არსებობდეს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეული. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შესაძლებელია აგრეთვე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (შემდგომ – სამეცნიერო-კვლევითი ერთეული) შეიძლება არსებობდეს, როგორც უნივერსიტეტის ან მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობა რეგულირდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 6. 101 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. დაწესებულებას უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში. 32. დაწესებულებას უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.“. 7. 102 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დაწესებულების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში დაწესებულების სამეცნიერო საბჭო მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. 103 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას. დაწესებულების დირექტორი 5 წლის ვადით აირჩევა. ერთი და იგივე პირი დაწესებულების დირექტორად ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ აირჩეს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულების დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დაწესებულების სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასური. დაწესებულების დირექტორის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.“. 9. 104 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით. დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დაწესებულების სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. დაწესებულების არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს დაწესებულების დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 10. 106 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დაწესებულების დირექტორი დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალთან და დამხმარე პერსონალთან შრომით ხელშეკრულებებს დებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. 8. დაწესებულების დირექტორი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას დებს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების, ლაბორატორიის, ცენტრის და სხვა) ხელმძღვანელთან შეთანხმებით, დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით.“. 11. 107 მუხლის მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს. 3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს. 4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უვადოდ იკავებს. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას. 5. დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.“. 12. მე-11 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს ან დაინიშნოს პირი, რომლის ასაკი 65 წელს აღემატება. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არჩეული/დანიშნული პირის უფლებამოსილების შეწყვეტას.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული დაწესებულების მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ასაკობრივი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ დაწესებულების სამეცნიერო საბჭო.“; გ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 13. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. მოქმედ უფროს მეცნიერ თანამშრომელსა და მთავარ მეცნიერ თანამშრომელზე, რომლებმაც შესაბამისი სამეცნიერო თანამდებობა ამ კანონის ამოქმედებამდე დაიკავეს, აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვამდე არ ვრცელდება უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 ნოემბერი 2015 წ. N4584-Iს |
დოკუმენტის კომენტარები