უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ

  • Word
უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1522
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/06/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 12/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 440.030.000.05.001.001.091
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1522
21/06/2002
სსმ, 21, 12/07/2002
440.030.000.05.001.001.091
უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი ადგენს საქართველოში უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის ერთიანი სისტემის ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, არეგულირებს სამეცნიერო ხარისხების მინიჭებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების პროცედურებს და ამ პროცედურებში მონაწილე სუბიექტთა შორის ურთიერთობებს.

    მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოში უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და ქვეყნის სამეცნიერო-პედაგოგიური პოტენციალის ფორმირებაში სახელმწიფოს მონაწილეობის უზრუნველყოფა.

თავი II. სამეცნიერო ხარისხების მინიჭებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების პროცედურების რეგულირება

    მუხლი 3. სამეცნიერო ხარისხების მინიჭება

1. საქართველოში მეცნიერებათა კანდიდატისა და მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

2. მეცნიერებათა კანდიდატისა და მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხებს ანიჭებს სათანადო დარგის სადისერტაციო საბჭო დისერტაციის საჯარო დაცვის საფუძველზე. სადისერტაციო საბჭოები იქმნება სათანადო დარგებში მაღალი მეცნიერული მიღწევების მქონე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.

3. პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელ სადისერტაციო საბჭოს ჩამოყალიბებასთან, საკანდიდატო გამოცდებისა და სადისერტაციო ნაშრომისადმი წასაყენებელი მოთხოვნების დადგენასთან, სადისერტაციო საბჭოში დისერტაციის წარდგენასა და საჯარო დაცვასთან, აგრეთვე სადისერტაციო საბჭოს საქმიანობასა და სამეცნიერო ხარისხების მინიჭებასთან დაკავშირებული საატესტაციო მასალების ექსპერტიზა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.

    მუხლი 4. სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნება

1. საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში შემოღებულია დოცენტისა და პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებები, ხოლო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში – პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება.

2. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში დოცენტისა და პროფესორის წოდებებს აკუთვნებენ უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიმკუთვნებელი პროფესორთა საბჭოები, ხოლო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში პროფესორის წოდებას აკუთვნებენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმები.

3. პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან, ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.

    მუხლი 5.     სამეცნიერო ხარისხების მინიჭებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების პროცედურების რეგულირება

1. უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო (შემდგომში სეს-ი).

2. სეს-ის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სამეცნიერო ხარისხების მინიჭებასა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) სამეცნიერო სპეციალობათა ნომენკლატურის შემუშავება და დამტკიცება;

გ) სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოების შემადგენლობათა დამტკიცება და რეგისტრაცია;

დ) სამეცნიერო ხარისხების მინიჭებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა.

3. სეს-ის საქმიანობის მართვას ახორციელებენ სეს-ის თავმჯდომარე, სეს-ის საერთო კრება, სეს-ის პრეზიდიუმი და სეს-ის დარგობრივი სექციები, რომელთა კომპეტენციები განისაზღვრება სეს-ის დებულებით. სეს-ის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევს სეს-ის საერთო კრება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. სამეცნიერო ხარისხების მინიჭებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების პროცედურები რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2358 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.373

თავი III. დიპლომებისა და ატესტატების გაცემა. დიპლომების ნოსტრიფიკაცია

    მუხლი 6. სამეცნიერო ხარისხებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების დადასტურება

1. საქართველოში მეცნიერებათა კანდიდატისა და მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები დასტურდება მეცნიერებათა კანდიდატისა და მეცნიერებათა დოქტორის დიპლომებით, რომლებსაც რეგისტრაციაში ატარებს და გასცემს სეს-ი სათანადო სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. საქართველოში დოცენტისა და პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებები დასტურდება დოცენტისა და პროფესორის ატესტატებით, რომლებსაც რეგისტრაციაში ატარებს და გასცემს სეს-ი შესაბამისად სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის პროფესორთა საბჭოს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. სსრკ-ის უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ გაცემული, სამეცნიერო ხარისხების დამადასტურებელი დიპლომები და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების დამადასტურებელი ატესტატები იურიდიული ძალის მქონეა.

    მუხლი 7. დიპლომების ნოსტრიფიკაცია

1. საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სხვა ქვეყანაში გაცემული, სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის აღიარება ხორციელდება ნოსტრიფიკაციის გზით.

2. საქართველოში იმ პირის დიპლომის ნოსტრიფიკაციას, რომელსაც სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა ისეთ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება სამეცნიერო ხარისხების აღიარებისა და მათი ეკვივალენტობის შესახებ, ახორციელებს სეს-ი მაძიებლის განცხადების საფუძველზე.

3. საქართველოში იმ პირის დიპლომის ნოსტრიფიკაციას, რომელსაც სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა ისეთ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არა აქვს გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება სამეცნიერო ხარისხების აღიარებისა და მათი ეკვივალენტობის შესახებ, ახორციელებს სეს-ი შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით.

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 8. ნორმატიული აქტები, რომლებიც ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებისთანავე

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალას კარგავს:

ა) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 აგვისტოს №502 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოსა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“;

გ) საქართველოს განათლების მინისტრის 1999 წლის 3 მაისის №129 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების კრიტერიუმებისა და წესის შესახებ“.

    მუხლი 9. ამ კანონთან დაკავშირებით გამოსაცემი ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში გამოცემულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) დებულება საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს შესახებ;

ბ) დებულება და ინსტრუქცია სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ;

გ) დებულება და ინსტრუქცია სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნების წესის შესახებ.

    მუხლი 10.   კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 21 ივნისი.

№1522–IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.     საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2358 – სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.373

2.     ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 – სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410