მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • Word
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 22/11/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 30/11/1994
სარეგისტრაციო კოდი 440.000.000.05.001.000.090
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
603
22/11/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 30/11/1994
440.000.000.05.001.000.090
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/06/2002 - 23/12/2005)

საქართველოს კანონი

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარამელნტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი ქმნის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძველს, რაც ქვეყნის ინტელექტუალური და ტექნოლოგიური პროგრესის და კეთილდღეობის საწინდარია.

სახელმწიფო აღიარებს, რომ სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი საზოგადოების განვითარების, ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების, მისი სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და ხელშემწყობ პირობებს უქმნის ქვეყნის ინტელექტუალურ შესაძლებლობათა გამოვლენასა და მეცნიერების წინსვლას. იგი უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა განვითარებას, სამეცნიერო კვლევას მიიჩნევს შემოქმედებითი საქმიანობის ფორმად.

საქმიანობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში მოიცავს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის გამოკვლევებსა და დამუშავებას, მათი შედეგების გამოყენებას, მოქმედ ტექნოლოგიათა და ტექნიკის სრულყოფას წარმოების დონის ამაღლებისა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვების მიზნით. პოლიტიკას ამ სფეროში სახელმწიფო აყალიბებს ქვეყნის ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროცესში თავისი მონაწილეობის ფორმებს და ქმნის სტრუქტურებს საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად.

კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებსა და პრინციპებს, ამ პოლიტიკის განხორციელებაში სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, მეცნიერი მუშაკის შემოქმედებით თავისუფლებას და პასუხისმგებლობას, საქმიანობის სამართლებრივ ნორმებსა და გარანტიებს.

კარი I

ძირითადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც აწესრიგებენ საზოგადოებრივ ურთიერთობას საქმიანობის ამ სფეროში.

    მუხლი 2. სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში და მისი პრინციპები

სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს სოციალურ-ეკონომიური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და წარმოადგენს კანონმდებლობით განმტკიცებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს:

1. მეცნიერების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნას და გარედან მოზიდვას, მათი გამოყენებით ახალ წარმოებათა შექმნასა თუ არსებულთა ტექნიკურ განახლებას, აგრეთვე სხვა საინოვაციო საქმიანობისათვის ყოველმხრივ ხელშეწყობას (ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სიახლეთა შექმნა-გამოყენება);

2. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებიდან გამომდინარე, მეცნიერების გარკვეული დარგების პრიორიტეტების დადგენასა და მათი განვითარებისათვის ხელშეწყობას;

3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს დემოკრატიულ მართვას, მის დემონოპოლიზაციას, საინოვაციო საქმიანობის თვითრეგულირებისათვის ხელშეწყობას, სამეცნიერო მოღვაწეობის თავისუფლებას, სამეცნიერო საზოგადოებრიობის მონაწილეობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში;

4. სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის თანდათანობითი ინტეგრაციისათვის ხელშეწყობას;

5. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მეწარმეობისა და კონკურენციისათვის მხარდაჭერას;

6. საერთაშორსო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას.

    მუხლი 3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სუბიექტები

1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები.

2. სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ვრცელდება იურიდიულ (სამეცნიერო, სამეცნიერო-სასწავლო და მეცნიერების მომსახურე დაწესებულებანი) და ფიზიკურ პირებზე (მეცნიერი მუშაკები და მეცნიერების სფეროში მომსახურე პერსონალი).

კარი II

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მართვა

თავი I

მართვის ორგანიზაციული სტრუქტურები და სუბიექტები

მუხლი 4. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას ამტკიცებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დაფინანსების წილს, განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას ამ სფეროში და აკონტროლებს მის განხორციელებას.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარამელნტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

      

მუხლი 5. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებანი

1. საქართველოს პრეზიდენტი:

საქართველოს პარლამენტის წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ;

განსაზღვრავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტებისა და მათი განხორციელების სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) ნუსხას; ამტკიცებს მათ პასუხისმგებელ შემმუშავებლებსა და შემსრულებლებს;

თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფინანსებს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებიდან სამეცნიერო კვლევასა და დამუშავებას, სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრამებს (პროექტებს).

უზრუნველყოფს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად საჭირო საკუთრების სხვადასხვა ფორმის პროგრესული ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნისა და განვითარების პირობებს;

ამზადებს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო საფინანსო და საგადასახადო პოლიტიკის შესახებ;

დებს სამეცნიერო-ტექნოლოგიური საქმიანობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის სამთავრობათაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს;

ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მეშვეობით, რომელიც:

ა) შეიმუშავებს წინადადებებს სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების მოცულობის შესახებ; უზრუნველყოფს სახელმწიფო პრიორიტეტებისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) მეცნიერულ დასაბუთებას და მათ ორგანიზაციულად განხორციელებას სახელმწიფო ფინანსური რესურსებით; ადგენს სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების სახელმწიფო შეკვეთებს, ანაწილებს მათ და აკონტროლებს შესრულებას;

ბ) ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოებისათვის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით და აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვისა და უცხოური ლიცენზიების მოზიდვის მეშვეობით;

გ) უზრუნველყოფს ინტელექტუალური (სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების შედეგები) და სამრეწველო საკუთრების (გამოგონებანი, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიმუშები და სასარგებლო მოდელები) სხვა სამეცნიერო-ტექნოლოგიური საქმიანობის შედეგების, მათ შორის წარმოების წესის საიდუმლოების "ნოუ-ჰაუს" დაცვის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიცირების, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის, მათ შორის სახელმწიფო გამოკვლევევებისა და დამუშავების რეგისტრაციის, სახელმწიფო სისტემების ეფექტიან მუშაობას და შეუსაბამებს მათ საერთაშორისო მოთხოვნებს;

დ) ხელს უწყობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას უშუალო დაფინანსებისა და არაპირდაპირი სტიმულირების გზით;

ე) თანამშრომლობს საერთაშორისო სარბიელზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში;

ვ) უზრუნველყოფს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო ექსპერტიზას (შეფასებას) და სახელმწიფო სამეცნიერო და მეცნიერების მომსახურების დაწესებულებათა საქმიანობას;

ზ) ხელს უწყობს კერძო ინოვაციულ საქმიანობას სამეცნიერო პროდუქციისა და მეცნიერების მომსახურების სფეროში ბაზრის უზრუნველსაყოფად;

თ) (ამოღებულია);

ი) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების შესახებ.

2. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში და რეგიონის განვითარების საჭიროებათა შესაბამისად ხელს უწყობენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, მონაწილეობენ რეგიონალური და სარეგიონთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) შემუშავებასა და განხორციელებაში, აფინანსებენ მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების რეგიონალური თუ სხვა ადგილობრივი ფონდებიდან.

სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში შექმნან სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების მართვის რეგიონალური ორგანოები.

3. სამინისტროები, კომიტეტები და დეპარტამენტები სამეცნიერო ტექნოლოგიურად უზრუნველყოფენ მეურნეობის დარგებს (საქმიანობის სფეროებს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში და პასუხისმგებელი არიან მეურნეობის დარგებში (საქმიანობის სფეროებში) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის.

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა აღმასრულებელი ორგანოს სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეეტილებათა პროექტები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში უთანხმდება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარამელნტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2017 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.89

    მუხლი 6. მეცნიერთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი გაერთიანებანი

1. საქართველოში მოქმედებს:

ა) საქართველოს მეცნიერებათა აკადემია – საქართველოს წამყვან მეცნიერთა გაერთიანება სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფო დაფინანსებით;

ბ) მეცნიერთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი გაერთიანებანი.

2. მეცნიერთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი გაერთიანებანი მონაწილეობენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი პრიორიტეტების განსაზღვრაში, სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიების პროგრამების (პროექტების) შემუშავებაში, მათ ექსპერტიზასა და შესრულებაში.

    მუხლი 7. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საზოგადოებრივი სამეცნიერო-ტექნიკური გაერთიანებების ურთიერთობა

1. სახელმწიფო ქმნის სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობისათვის ხელშემწყობ პირობებს და მოიზიდავს მათ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, ძირითად გადაწყვეტილებათა მოსამზადებლად და შესასრულებლად.

2. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების), სამეცნიერო გამოკვლევევებისა და დამუშავების დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად იწვევენ სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებრივ გაერთიანებათა წარმომადგენლებს და მათთან თანამშრომლობით მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას ახალ ტექნოლოგიათა და პროდუქციის ახალ სახეობათა უსაფრთხოების, ეკოლოგიური სისუფთავის, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარამელნტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

    მუხლი 8. მეცნიერ მუშაკის გარანტიები

1. გარანტირებულია ინტელექტუალური შრომის პროდუქტებზე ავტორის უფლებათა დაცვა, მეცნიერული შეხედულებებისა და კვლევის შედეგების შეუზღუდავი გამოქვეყნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებებს.

2. მეცნიერი მუშაკის დასაქმებისა და შრომის ურთიერთობის სხვა საკითხები სამართლებრივად რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

3. მეცნიერი მუშაკის შრომისა და სხვა სოციალურ გარანტიებს ითვალისწინებს შრომის ხელშეკრულება, სამეცნიერო და მეცნიერების მომსახურე დაწესებულებათა და სხვა სამეცნიერო სტრუქტურათა შესახებ დებულება.

    მუხლი 9. მეცნიერი მუშაკის მოვალეობანი

1. მეცნიერი მუშაკის მოვალეობანი რეგლამენტირებულია სამეცნიერო დაწესებულებების წესდებით ან შრომის ხელშეკრულების პირობებით.

2. მეცნიერი მუშაკი ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო საიდუმლოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 10. სამეცნიერო და მეცნიერების მომსახურე დაწესებულებანი

1. სამეცნიერო და მეცნიერების მომსახურე დაწესებულებათა საქმიანობა წარიმართება თვითორგანიზაციით და კონტრაქტით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მათ წესდებას შეიმუშავებს და ამტკიცებს მისი მმართველობის კოლეგიური ორგანო.

    მუხლი 11. მეცნიერი მუშაკის შრომის სახელშეკრულებო სისტემა

1. სამეცნიერო თუ მეცნიერების მომსახურე სახელმწიფო დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, კონკურსის წესით, ირჩევს დაწესებულების უმაღლესი ორგანო, ხოლო ქვედანაყოფის თანამშრომელს, ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით, ნიშნავს დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელთანაც, მოქმედი წესის თანახმად, იდება ხელშეკრულება.

2. კონკრეტული სამეცნიერო კვლევის შესასრულებლად შესაძლებელია, განსაზღვრული ვადით, ხელშეკრულების დადება მეცნიერ მუშაკთა ჯგუფთან კოლექტიური ან საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 12. მეცნიერი მუშაკის შრომის ანაზღაურება

1. მეცნიერი მუშაკის შრომა ანაზღაურდება შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. სამეცნიერო და მეცნიერების მომსახურე სახელმწიფო დაწესებულებებში ეს პირობები განისაზღვრება შრომის ანაზღაურების სახელმწიფო სისტემით.

2. ხელშეკრულების საფუძველზე, დამატებითი ანაზღაურებით, მეცნიერი მუშაკის მონაწილეობა დროებით კვლევით ჯგუფებში და შეთავსებით მუშაობა დამატებითი პირობებით არ იზღუდება.

თავი II

სახელმწიფოს მონაწილეობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში

    მუხლი 13. სახელმწიფო პრიორიტეტების განსაზღვრა

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტები განისაზღვრება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების პროგნოზების საფუძველზე.

    მუხლი 14. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) განხორციელება

1. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამები (პროექტები) შემუშავდება და სრულდება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამის (პროექტის) შესრულებისათვის პასუხისმგებელია მისი ხელმძღვანელი, რომელსაც უფლება აქვს პროგრამის (პროექტის) მონაწილეთა შორის გაანაწილოს ამ მიზნისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარამელნტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

    მუხლი 15. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა

1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფინანსური უზრუნველყოფა ითვალისწინებს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებისა და არასაბიუჯეტო დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მიზნობრივ გამოყენებას.

2. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების პრიორიტეტებისა და ახალ მიმართულებათა უზრუნველსაყოფად სახელმწიფო იძლევა სტაბილურ ასიგნებათა გარანტიას და ადგენს არანაკლებ 3 წლის განმავლობაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის გათვალისწინებული ხარჯების ქვედა ზღვარს სახელმწიფო ბიუჯეტის გასავლის ნაწილში განსაზღვრული პროცენტის სახით.

3. სამეცნიერო კვლევასა და დამუშავებას სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებენ დაინტერესებული სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები და ინსპექციები, სხვა სახელმწიფო უწყებები, ექსპერტიზის საფუძველზე სახელშეკრულებო წესით და საკონკურსო შერჩევის გზით.

კონკურსში მონაწილეობის თანაბარი უფლება აქვთ საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების ცალკეულ მეცნიერებს, დროებით სამეცნიერო ჯგუფებს, სამეცნიერო და მეცნიერების მომსახურე დაწესებულებებს, სხვა ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და პირებს.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარამელნტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

    მუხლი 16. სახელმწიფო შეკვეთა

1. სახელმწიფო შეკვეთა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში დასაქმებული სუბიექტებისათვის უზრუნველყოფს ეკონომიკურად ხელსაყრელ პირობებს სამეცნიერო გამოკვლევათა და დამუშავებათა შესრულებისას და იმ პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების და ტექნიკის ათვისების დროს, რომლებიც, როგორც წესი, სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) საფუძველზე იქმნება.

2. სახელმწიფო შეკვეთა გარანტირებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებით. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო შეკვეთის მისაღებად კონკურსების მოწყობის საჯაროობას.

    მუხლი 17. სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადება და ატესტაცია

1. სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადება ხდება სწავლების უწყვეტობის, მისი მრავალნაირი ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით.

2. სახელმწიფო იძლევა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და სხვა სახელმწიფო სამეცნიერო ორგანიზაციებში სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადების, საამისოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებათა გამოყოფის, სამეცნიერო ხარისხების საზღვარგარეთ ცნობის (ნოსტრიფიცირების სისტემის მოქმედების) გარანტიას.

3. უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის შერწყმის მიზნით სახელმწიფო აყალიბებს ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევის, მათი მომავალი შემოქმედებითი სამეცნიერო საქმიანობისათვის უწყვეტი მომზადების სისტემას; შეღავათიან პირობებს უქმნის მომავალი თაობის შერჩევითა და აღზრდით დასაქმებულ ორგანიზაციებს; ეხმარება წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს, მეცნიერებათა აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო ცენტრებს; ავითარებს სასწავლო-საწარმოო კომპლექსების ქსელს და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების სხვა ფორმებს.

4. (ძალადაკარგულია - 21.06.02, №1522) .

5. საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადებისა და სტაჟირების ხელშესაწყობად სახელმწიფო გამოყოფს ბიუჯეტის სახსრებს, საამისოდ ქმნის პირობებს უცხოური ფონდების, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და მოქალაქეთა სახსრების მოსაზიდად.

6. სახელმწიფო აწესებს სახელმწიფო და სახელობით პრემიებსა და საპატიო წოდებებს იმ პირთათვის, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი მეცნიერების განვითარების, მისი შედეგების პრაქტიკულად გამოყენების საქმეში და ღვაწლი მიუძღვით ეროვნული სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადებაში.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარამელნტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1522 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.80

    მუხლი 18. ინტელექტუალური სამრეწველო საკუთრების დაცვა

1. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრება, სხვა სამეცნიერო-ტექნოლოგიური საქმიანობის შედეგები, მათ შორის წარმოების წესის საიდუმლოება სახელმწიფოს, ფიზიკური ან იურიდიული პირის (პირების) საკუთრების ობიექტებს წარმოადგენს და სახელმწიფო უზრუნველყოფს მის სამართლებრივ დაცვას.

2. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების შექმნასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეკონომიკური ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგების სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრულია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

    მუხლი 19. საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფა

1. საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო განახორციელებს დივერსიფიცირებულ პროგრამებს, ქმნის სახელმწიფო საინფორმაციო რესურსებს, მონაწილეობს მონაცემთა საერთაშორისო ბანკებისა და საინფორმაციო ქსელის შექმნაში, იძლევა ამ ინფორმაციის მისაწვდომობისა და მისი გამოყენების უფლების გარანტიებს.

2. სათანადო საინფორმაციო სტრუქტურების ქსელის განვითარებით სახელმწიფო უზრუნველყოფს პირველადი ინფორმაციის შეგროვებას, გადამუშავებას, დაცვასა და გავრცელებას.

3. საინფორმაციო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროში საქმიანობის, მათ შორის სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მისაწვდომობისა და მისი გავრცელების რეგლამენტირება ხდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

    მუხლი 20. სახელმწიფო ექსპერტიზა

1. სახელმწიფო ექსპერტიზა ეწყობა სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) მეცნიერული უზრუნველყოფის და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო გამოკვლევების და ნამუშევრების დონის, მშენებარე საწარმოო ობიექტების ტექნოლოგიური ნაწილის, ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკის, სხვა სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის შესაფასებლად და მათი გამოყენებისას მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრისათვის.

2. სახელმწიფო ექსპერტიზა ეწყობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი, მათ შორის საზღვარგარეთის ორგანიზაციების თუ ცალკეული ექსპერტების მონაწილეობით.

3. დაწესებულებები, ორგანიზაციები და ცალკეული ექსპერტები სახელმწიფო ექსპერტიზაში მონაწილეობენ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრულია ექსპერტიზასთან დაკავშირებული სამუშაოები; მისთვის საჭირო ხარჯები გათვალისწინებული უნდა იყოს დამკვეთის სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიური საქმიანობისათვის განკუთვნილი დაფინანსების საერთო დანახარჯებში, მშენებარე და სარეკონსტრუქციო ობიექტების ხარჯთაღრიცხვაში.

თავი III

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობა

    მუხლი 21. საინოვაციო საქმიანობისათვის სახელმწიფო ხელშეწყობა

1. ყველა იმ დაწესებულებასა და ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, სახელმწიფო აძლევს საინოვაციო საქმიანობის დაცვის გარანტიას, საკუთრების ფორმის მიუხედავად.

2. სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები და ინსპექციები, სხვა სახელმწიფო უწყებები ქმნიან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დარგობრივ ფონდებს, ხოლო სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, აუცილებლობის შემთხვევაში – რეგიონალურ ფონდებს. ამ ფონდების დებულებას ამტკიცებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაცია.

3. სახელმწიფო საინოვაციო პოლიტიკის განხორციელებას ხელს უწყობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი იურიდიული პირის უფლების მქონე საინოვაციო ფონდები, ბანკები და სხვა.

4. საწარმოებს, ორგანიზაციებს და ცალკეულ მოქალაქეებს უფლება აქვთ შექმნან კერძო თუ შერეული საინოვაციო ფონდები, ბანკები და სხვა.

5. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, საწარმოებსა და ორგანიზაციებს, საკუთრების ფორმის მიუხედავად, ნებაყოფლობის საფუძველზე შეუძლიათ შექმნან ამ მეცნიერების განვითარებისა და მეცნიერ მუშაკთა მხარდაჭერის კოლექტიური და საქველმოქმედო ფონდები.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარამელნტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

კარი III

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა

    მუხლი 22. სახელმწიფო ვალდებულებანი საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის სფეროში

1. ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების მოსაზიდად და მის გამოსაყენებლად გამიზნული კაპიტალის იმპორტისათვის სახელმწიფო ქმნის ხელშემწყობ სამართლებრივ და ეკონომიკურ პირობებს, მხარს უჭერს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართველოს ორგანიზაციებს შორის თანასწორუფლებიანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ურთიერთობის დამყარებას.

2. სახელმწიფო, ცალკეულ შემთხვევაში, საერთო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ახდენს უახლესი მეცნიერული მიღწევებისა და ტექნოლოგიების იმპორტის სუბსიდირებას, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტის შეღავათიან დაკრედიტებასა და მიზნობრივი დოტაციების მეშვეობით მის ნაწილობრივ სუბსიდირებას.

    მუხლი 23. საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა

1. საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა ხორციელდება:

სამეცნიერო თუ მეცნიერების მომსახურე ორგანიზაციების დონეზე კოოპერირებით; მათ შორის ერთობლივი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) შესრულებით და სამეცნიერო-ტექნოლოგიებითა და დამუშავებათა განხორციელებით, ერთობლივი სამეცნიერო კოლექტივების სამეცნიერო ინფორმაციითა და სამეცნიერო მოწყობილობით ერთობლივი სარგებლობის ცენტრებისა და სხვა ურთიერთმისაღები ფორმის ორგანიზაციების შექმნით;

სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლით და საერთაშორისო თუ საზღვარგარეთის ქვეყნების ფონდებისა და მონაცემების ბაზების გამოყენებით;

საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო სამეცნიერო კონგრესების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კოლოკვიუმების მოწყობით;

მეცნიერი მუშაკების, სამეცნიერო-ტექნიკური კადრების, სტუდენტებისა და ასპირანტების გაცვლის გზით სპეციალისტების ერთობლივი მომზადებით.

    მუხლი 24. სამეცნიერო და მეცნიერების მომსახურე დაწესებულებათა საერთაშორისო თანამშრომლობა

1. სამეცნიერო და მეცნიერების მომსახურე დაწესებულებებს აქვთ პირდაპირი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის უფლება.

2. სამეცნიერო და მეცნიერების მომსახურე დაწესებულებათა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის წესი განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –

სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1994 წლის 22 ნოემბერი.

№603

 

შეატანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარამელნტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14

2. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2017 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.89

3. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი 1522 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.80

23. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3837-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 22. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 351-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 21. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7000-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 20. 01/11/2019 - საქართველოს კანონი - 5277-Iს - ვებგვერდი, 04/11/2019 19. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3029-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 18. 28/06/2017 - საქართველოს კანონი - 1113-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 16/06/2017 - საქართველოს კანონი - 1045-IIს - ვებგვერდი, 27/06/2017 16. 16/12/2016 - საქართველოს კანონი - 104-Iს - ვებგვერდი, 27/12/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5504-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 14. 27/11/2015 - საქართველოს კანონი - 4584-Iს - ვებგვერდი, 10/12/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4560-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 12. 03/07/2015 - საქართველოს კანონი - 3899-რს - ვებგვერდი, 10/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1043-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6303-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 9. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4205-Iს - ვებგვერდი, 110310028, 10/03/2011 8. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3445 - სსმ, 42, 22/07/2010 7. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2942 - სსმ, 23, 04/05/2010 6. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1915 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3988 - სსმ, 48, 22/12/2006 4. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2469 - სსმ, 56, 28/12/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1522 - სსმ, 21, 12/07/2002 2. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2017 - სსმ, 20(27), 09/06/1999 1. 30/04/1997 - საქართველოს კანონი - 672 - პარლამენტის უწყებანი, 21-22, 31/05/1997