დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3143 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 09/06/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.080.050.05.001.002.259 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (19/02/2016 - 22/06/2016)
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამ კანონის მიზანია:
ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა;
ბ) ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა;
გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა;
დ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა;
ე) ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ვ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
საქართველოს 201
4
წლის
17
ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10
.2014
წ.
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
ე1) უგულებელყოფა − მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე;
ვ) მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა);
ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე;
თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ;
ი) თავშესაფარი – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე დაცვის ღონისძიებებს; ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე – ასევე ოჯახის ნათესავებისა და მეგობრების ოჯახი;
კ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები – ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მოძალადის რეაბილიტაციასა და კრიზისულ ინტერვენციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
ლ) კრიზისული ცენტრი – ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის (მასზე დამოკიდებული პირების) განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს თავშესაფარში მისი საცხოვრებლად განთავსების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას ან/და სამართლებრივ დახმარებას ან/და პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე;
მ) ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს).
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.
თავი II. ოჯახში ძალადობის პრევენცია
მუხლი 6. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები
1. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისაკენ, ოჯახში ძალადობის ფაქტების აღკვეთის, მოძალადის სამართლებრივი დევნისა და მსხვერპლისა და მოძალადის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისაკენ.
2. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას.
3. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს:
ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ოჯახში ძალადობის მიზეზებია;
ბ) ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად;
გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;
დ) პრევენციული ღონისძიებების გატარებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომელთაც ოჯახში ჩადენილი აქვთ ძალადობა;
ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანები ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების, ასევე დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს;
ვ) ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას;
ზ) ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში მსხვერპლთათვის დახმარებისა და დაცვის, ხოლო მოძალადეთათვის – სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელებას;
თ) ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 7. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება
1. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – მუნიციპალიტეტის ორგანოები.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოები ოჯახში ძალადობის პრევენციის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებს ახორციელებენ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
3. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან, დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი პროექტები.
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი № 4744 - ვებგვერდი, 25.02.2016წ.
მუხლი 8. სოციალური მომსახურება
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისთვის.
2. სოციალური მომსახურება მოიცავს:
ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას;
ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას;
გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა რისკ-ჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობას;
დ) დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას;
ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგს;
ვ) მოძალადეთა და მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
თავი III. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები
მუხლი 9. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები
1. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები.
2. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
3. სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 91. ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა
ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცველი და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი. ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულების, არასრულწლოვნის შემთხვევაში − ასევე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს.
მუხლი 10. დამცავი და შემაკავებელი ორდერები
1. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
4. მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ოჯახში ძალადობის ჩამდენის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას.
6. ოჯახში ძალადობის ჩამდენის მიმართ, თუ მის მიმართ დევნა დაწყებულია ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის გარდა) გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს.
7. მოძალადის რეაბილიტაციის მიზნით დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 11. დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება
დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 12. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადა
1. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
3. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შესაძლებელია გაუქმდეს მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით, სასამართლოსათვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
4. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და მას ამტკიცებს ან დამტკიცებაზე უარს ამბობს სასამართლო უფლებამოსილი პირის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 13. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება მსხვერპლისა და მოძალადის შერიგების დროს
მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას ან არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით – არასრულწლოვნის ინტერესებს.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
თავი IV. ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვნის დაცვის სპეციფიკური ღონისძიებები
მუხლი 14. არასრულწლოვნის განცალკევება მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან
1. ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.
3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 141. არასრულწლოვნის (ბავშვის) მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენა
1. არასრულწლოვნის (ბავშვის) მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის (პირველადი იდენტიფიკაციის) და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებას, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.
2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15. არასრულწლოვნის მოტაცების თავიდან აცილებისა და სხვა სახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1. სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების ვადებს. მოძალადე მშობელს არასრულწლოვნის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიმართ დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არასრულწლოვნის მონახულების ადგილს, დროს, პერიოდულობას, ხანგრძლივობას და პირს, რომელიც პასუხისმგებელია არასრულწლოვნის უსაფრთხოების მოთხოვნების/ზომების დაცვისთვის.
2. თუ არასრულწლოვნის მიმართ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, იზღუდება მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების უფლება. თუ აღნიშნული შეზღუდვა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მშობელს, რომლის უფლებაც იზღუდება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის მონახულების პირობების შეცვლის მოთხოვნით.
3. მოძალადის მიერ არასრულწლოვნის მოტაცების ან მისთვის სხვა სახის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება გარემოების შეცვლამდე.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
თავი V. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სამართალწარმოების თავისებურებანი
მუხლი 16. პოლიციის მოვალეობანი
1. პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა.
3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია:
ა) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად;
ბ) განცალკევებულად გამოკითხოს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს;
გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ;
დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში;
ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში;
ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება;
ვ 1) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება;
ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ;
თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი.
4. პოლიცია ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს.
5. პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლთა რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების, აგრეთვე მოძალადის სხვა მონაცემების შესახებ.
6. პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას. იგი ვალდებულია მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება დამცავი და შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 16 1 . მსხვერპლის სტატუსის მინიჭება
1. მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ამ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო) ერთად ასევე უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი), თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესი ან ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი ძალაშია მინიჭებიდან 18 თვის განმავლობაში, ხოლო თუ მსხვერპლი სარგებლობს თავშესაფრით, − მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრული ვადით.
1 1. პირის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოყვანის წესს, საბჭოს შემადგენლობასა და საქმიანობის წესს (დებულებას) ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1251 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მუხლი 17. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებები და დაცვის გარანტიები
1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი (სავარაუდო მსხვერპლი) უფლებამოსილია:
ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით ან გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას მასზე რეაგირების მოთხოვნით;
ბ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;
გ) მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია, თუ მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისათვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა წყაროებით;
ე) ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით;
ვ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით;
ზ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით, რომლის ვადაც არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს;
თ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ მსხვერპლი უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია;
ი) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე;
კ) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებით.
2. ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების განხორციელებისას ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისა და პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.
3. ოჯახურ დანაშაულზე და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის საუკეთესო ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით; აგრეთვე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, ასევე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. ამ შემთხვევებში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სისხლის/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
4. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.
5. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, იგი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო სახელმწიფოში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი.
მუხლი 171. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინფორმირება
1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანო, მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი და სოციალური დაცვისა და დახმარების მექანიზმების და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ.
2. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები ოჯახში ძალადობის მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენაში და შესაბამის სამართალწარმოებაში.
3. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით.
4. პოლიცია ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.
საქართველოს 201 4 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3557 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
მუხლი 172. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი)
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს მსხვერპლის საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის მიერ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც განსაზღვრავს მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისა და რეაბილიტაციის წესს.
მუხლი 18. მსხვერპლის მოთავსება თავშესაფარში
1. ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლის იქ გადაყვანას.
2. თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
3. მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსების შემთხვევაში მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
1. კრიზისული ცენტრი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილს და ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას.
2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 182. ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის საცხოვრებლით დროებით სარგებლობის უფლების შენარჩუნება
თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე დამცავი ან შემაკავებელი ორდერით, განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა.
მუხლი 19. ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შესახებ
მსხვერპლის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 191. უფასო სატელეფონო დახმარება
1. ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დახმარების და შესაბამის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის უზრუნველსაყოფად იქმნება უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
2. უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმების და მსხვერპლის დაცვის ღონისძიებების შესახებ.
3. სატელეფონო დახმარების ქსელი ფუნქციონირებს კონფიდენციალურობის დაცვით. დაუშვებელია ამ ქსელის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა.
მუხლი 20. მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები
მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები გულისხმობს მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისკენ, გაჯანსაღებისკენ, განკურნებისა და რეაბილიტაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ძალადობის განმეორების თავიდან აცილება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები და უზრუნველყოს მათი შექმნა.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და 2016 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება).
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.
4. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა.
5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის თაობაზე არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გაცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების თაობაზე მონაცემთა ბაზის ფორმირება, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან დროული გაცვლა და მისი ხელმისაწვდომობა.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები.
8. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ამ კანონის 16 1 მუხლის 1 1 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება.
9. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 ოქტომბრის №665 ბრძანებულება და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულება.
10. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მოძალადის მიერ გასავლელი, დამცავი ორდერით გათვალისწინებული ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ კურსის ორგანიზების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრა.
11. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს ამ კანონის 191 მუხლით გათვალისწინებული სატელეფონო ნომრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის კომპენსაციის მიცემის წესი და კომპენსაციის ოდენობა.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1251 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
თავი VIII. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა მე-8 მუხლისა და VI თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-8 მუხლი და VI თავი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის მე-8 და მე-20 მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2016 წლის 1 ივლისამდე.
4. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2014 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო 191 მუხლის მოქმედება − 2015 წლის 1 მაისამდე.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3143-Iს
დოკუმენტის კომენტარები