„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2507
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 13/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 080.080.050.05.001.003.866
  • Word
2507
28/12/2009
სსმ, 3, 13/01/2010
080.080.050.05.001.003.866
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია:

ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა;

ბ) ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა;

გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა;

დ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა;

ე) ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ვ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა);

ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები – ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მოძალადის რეაბილიტაციასა და კრიზისულ ინტერვენციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„ლ) კრიზისული ცენტრი – ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის (მასზე დამოკიდებული პირების) განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს თავშესაფარში მისი საცხოვრებლად განთავსების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას ან/და სამართლებრივ დახმარებას ან/და პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე;

მ) ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს).“.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში მსხვერპლთათვის დახმარებისა და დაცვის, ხოლო მოძალადეთათვის – სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელებას;“.

4. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.“.

5. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

6. მე-11–მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11. დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება

დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

    მუხლი 12. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადა

1. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

3. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შესაძლებელია გაუქმდეს მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით, სასამართლოსათვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

4. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და მას ამტკიცებს ან დამტკიცებაზე უარს ამბობს სასამართლო უფლებამოსილი პირის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.

    მუხლი 13. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება მსხვერპლისა და მოძალადის შერიგების დროს

მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას ან არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით – არასრულწლოვნის ინტერესებს.“.

7. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 14. არასრულწლოვნის განცალკევება მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან

1. ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.

3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

    მუხლი 15. არასრულწლოვნის მოტაცების თავიდან აცილებისა და სხვა სახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

1. სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების ვადებს. მოძალადე მშობელს არასრულწლოვნის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიმართ დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არასრულწლოვნის მონახულების ადგილს, დროს, პერიოდულობას, ხანგრძლივობას და პირს, რომელიც პასუხისმგებელია არასრულწლოვნის უსაფრთხოების მოთხოვნების/ზომების დაცვისთვის.

2. თუ არასრულწლოვნის მიმართ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, იზღუდება მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების უფლება. თუ აღნიშნული შეზღუდვა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მშობელს, რომლის უფლებაც იზღუდება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის მონახულების პირობების შეცვლის მოთხოვნით.

3. მოძალადის მიერ არასრულწლოვნის მოტაცების ან მისთვის სხვა სახის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება გარემოების შეცვლამდე.“.

8. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განცალკევებულად გამოკითხოს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს;“;

ბ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში;

ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება;“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. პოლიცია ვალდებულია მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება დამცავი და შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

     „მუხლი 161. მსხვერპლის სტატუსის მინიჭება

1. მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ამ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური, სასამართლო ორგანო) ერთად ასევე უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

2. ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 ოქტომბრის №665 ბრძანებულებით „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“.“.

10. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც განსაზღვრავს თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსებისა და მისი რეაბილიტაციის წესს.“.

11. მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.

3. მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსების შემთხვევაში მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:

     „მუხლი 181. კრიზისული ცენტრი

1. კრიზისული ცენტრი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილს და ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას.

2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.“.

13. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები

მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები გულისხმობს იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისა და გაჯანსაღებისაკენ, ცალკეული მავნე ჩვევებისაგან (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია ან ისეთი ფსიქიკური დაავადება, რომელიც არ გამორიცხავს შერაცხადობას) პირის განკურნებისა და რეაბილიტაციისაკენ და დაკავშირებულია ძალადობის შემდგომი გამოვლინების თავიდან აცილებასა და მსხვერპლის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

14. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება).“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-7 პუნქტები:

„5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის თაობაზე არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გაცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების თაობაზე მონაცემთა ბაზის ფორმირება, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან დროული გაცვლა და მისი ხელმისაწვდომობა.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები.“.

15. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-8 და მე-20 მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 1 ივლისამდე.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 პუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 28 დეკემბერი.

№2507–რს