„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2477-Xრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 080080050.05.001.020764
2477-Xრს-Xმპ
22/12/2022
ვებგვერდი, 29/12/2022
080080050.05.001.020764
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მსხვერპლი – ქალი ან ოჯახის წევრი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ძალადობით, ეკონომიკური ძალადობით, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მეორე წინადადების, 142 მუხლისა და მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ძალადობით, სექსუალური ძალადობით, ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა;“;

ბ) „ვ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი (სადღეღამისო) განთავსების ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას, იურიდიულ დახმარებას, სამედიცინო დახმარებასა და დაცვას;“;

დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კრიზისული ცენტრი − ამ კანონის მიზნებისთვის, მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც, სულ მცირე, უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას. კრიზისული ცენტრი შესაძლებელია უზრუნველყოფდეს აგრეთვე მხარდაჭერის სხვა მომსახურებების (მათ შორის, დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრებლით მომსახურების) მიწოდებას, თუ ეს გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით);“;

ე) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) მხარდაჭერის მომსახურება/პროგრამა − ამ კანონის მიზნებისთვის,  მომსახურება/პროგრამა, რომელიც მსხვერპლს ძალების აღდგენასა და ძალადობის შედეგების დაძლევაში ეხმარება. აღნიშნული მიზნით ეს მომსახურება/პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მსხვერპლთა მხარდაჭერას ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიმართულებით: მსხვერპლთა დაცვა, სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვა, მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა, მათი ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობა ან/და სხვა  დახმარება, რომელიც მსხვერპლის საჭიროებებზეა მორგებული;“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 31 პუნქტი:

„31. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღნიშნული უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) მე-6 პუნქტი:

„6. მუნიციპალიტეტის ორგანოები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებს ახორციელებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“. 

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საჭიროების შემთხვევაში დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას;“.

4. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9​​1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოები. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვანის შემთხვევაში − აგრეთვე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს.“.

5. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განცალკევებულად გამოჰკითხოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მონაწილე პირები, მოწმეები (მათ შორის, არასრულწლოვანი), რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს;“.

6. 161 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსხვერპლის უფლებები, მისი სოციალური დაცვისა და შრომითი გარანტიები, მხარდაჭერის მომსახურებები, მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები“.

8. მე-17 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსხვერპლის უფლებები და მისი დაცვის გარანტიები, მხარდაჭერის მომსახურებების ხელმისაწვდომობა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში − სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;

ბ) მოითხოვოს ამ კანონით დადგენილი წესით მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება;

გ) მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით;

დ) მიიღოს კომპენსაცია, თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისთვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა წყაროებით;

ე) უფასოდ ისარგებლოს მხარდაჭერის მომსახურებებით/პროგრამებით, აგრეთვე თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მისი მომსახურებებით, მიუხედავად იმისა, თანამშრომლობს თუ არა სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან;

ვ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით. მისი შეჩერების ვადა წელიწადში 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს;

ზ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ იგი არის უცხოელი ან  მოქალაქეობის არმქონე პირი;

თ) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე;

ი) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი დაცვის სხვა მექანიზმებით.“.

9. 171 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანოები, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება (მათ შორის, თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო ვალდებული არიან მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურებების/პროგრამების შესახებ.“.

10. 172 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც შეესაბამება ასეთი ადგილისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და განსაზღვრავს თავშესაფრის სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს, მათ შორის, თავშესაფრის მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს და მომსახურებების მიწოდების პირობებსა და ვადებს, აგრეთვე მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი), რომელთა (რომლის) საფუძველზედაც/საშუალებითაც იგი მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ.“.

11. მე-18 და 181 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსება

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირების თავშესაფარში მოთავსებას/გადაყვანას.

2. მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ.

3. მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ე. ი. მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მოქმედებს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები), თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი თავის მიერ განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე/შემუშავებული სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი ამ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა მსხვერპლის რეალურ საჭიროებებს, სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გაუთვალისწინებლად. თავშესაფრის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

4. მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირების თავშესაფარში მოთავსება ხდება 4 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსხვერპლს აღარ სურს თავშესაფარში აღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით დარჩენა. მსხვერპლის თავშესაფარში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ მის მიმართ საფრთხის არსებობისას თავშესაფრის ადმინისტრაცია მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში ამის თაობაზე აცნობებს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.

5. თავშესაფარში მოთავსების შემთხვევაში მსხვერპლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.

მუხლი 181. კრიზისული ცენტრი

1. კრიზისული ცენტრი არის მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც მსხვერპლს ძალადობრივი გარემოსგან თავის დაღწევასა და ძალების აღდგენაში ეხმარება. აღნიშნული მიზნით კრიზისული ცენტრი, სულ მცირე, უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას. კრიზისული ცენტრი შესაძლებელია უზრუნველყოფდეს აგრეთვე მხარდაჭერის სხვა მომსახურებების (მათ შორის, დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრებლით მომსახურების) მიწოდებას, თუ ეს გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის წესდებით (შინაგანაწესით).

2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ასეთი დაწესებულებისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

3. მსხვერპლისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან  ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ.

4. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები ან/და შეიმუშაოს სპეციალური ინსტრუმენტი (მაგალითად, რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი), რომელთა (რომლის) საფუძველზედაც/საშუალებითაც იგი მსხვერპლის მიერ კრიზისული ცენტრის მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან (ე. ი. მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მოქმედებს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები), იღებს გადაწყვეტილებას მისთვის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდების ან ამ მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ. კრიზისული ცენტრის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

5. კრიზისული ცენტრის მომსახურებით სარგებლობის პერიოდში მსხვერპლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.

6. კრიზისული ცენტრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც აწესრიგებს კრიზისული ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, განსაზღვრავს კრიზისული ცენტრის მომსახურების სახეებს, ამ მომსახურებების მიმღებ პირთა წრეს და მომსახურებების მიწოდების პირობებსა და ვადებს, აგრეთვე მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლებს.“.

12. 191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსხვერპლთათვის დახმარებისა და შესაბამის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის უზრუნველსაყოფად იქმნება უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 მუხლი:

„მუხლი 192. მხარდაჭერის მომსახურება/პროგრამა

1. მსხვერპლთა მხარდაჭერა გულისხმობს ისეთ მომსახურებას/პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვას, სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვას, მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფას, მათი ჯანმრთელობის დაცვას, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობას და რომლის მიზანია მსხვერპლთა (განსაკუთრებით − მსხვერპლ ქალთა) შესაძლებლობების გაფართოება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.

2. მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ მიღებული ზომები უნდა იყოს გენდერულად მგრძნობიარე, ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მსხვერპლის, როგორც ადამიანის, უფლებებსა და უსაფრთხოებაზე, უნდა ითვალისწინებდეს მოწყვლადი პირების (მათ შორის, მსხვერპლ ბავშვთა) კონკრეტულ საჭიროებებს და მათთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

3. მსხვერპლისთვის მხარდაჭერის მომსახურებების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ.

4. მხარდაჭერის მომსახურების/პროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზედაც იგი მსხვერპლის მიერ აღნიშნული მომსახურების მოთხოვნის ან/და პროგრამაში ჩართვის სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის აღნიშნული მომსახურების მიწოდების/მისი აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის ან მისთვის ამ მომსახურების მიწოდებაზე/პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ. ეს კრიტერიუმები უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნული უარის თქმის საფუძვლებს და მისი დასაბუთების ვალდებულებას.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილების, „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებისა და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. 2023 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №684 დადგენილება.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2023 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის №183/ნ ბრძანებისა და „კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ნოემბრის №01-64/ნ ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 2 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-7 პუნქტები, მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-17 მუხლი (გარდა პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა) და მე-9−მე-13 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 დეკემბერი 2022 წ.

N2477-Xრს-Xმპ