დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3143 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 09/06/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.080.050.05.001.002.259 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (22/12/2017 - 30/05/2018)
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
2. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი № 5446 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
ამ კანონის მიზანია:
ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა;
ა1) ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა;
ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისათვის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა;
გ) მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა;
დ) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა;
ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ვ) მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
საქართველოს 201 4 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.
მუხლი 31. ქალთა მიმართ ძალადობა
1. ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
2. ამ კანონის მიზნებისთვის ქალად მიიჩნევა აგრეთვე 18 წელს მიუღწეველი მდედრობითი სქესის არასრულწლოვანი.
მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
ე 1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე;
ვ) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა;
ვ1) სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს;
ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;
ზ1) სხვა პასუხისმგებელი პირი – პირი (გარდა ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე;
ზ2) სოციალური მუშაკი – ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრული სოციალური მუშაკი;
თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 14 2 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით;
ი) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას;
კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები – ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;
ლ) კრიზისული ცენტრი – სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მათ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის და მასზე დამოკიდებული პირების განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და ამ სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს საცხოვრებლად მისი თავშესაფარში განთავსების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე;
მ) (ამოღებულია - 04.05.2017, №761).
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.
თავი II. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენცია
მუხლი 6. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ.
2. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას.
3. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს:
ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებია;
ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოსავლენად და აღსაკვეთად ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას;
გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;
დ) იმ პირთა მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ რისკჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომლებმაც ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა ჩაიდინეს;
ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, მოვალეობების, აგრეთვე შესაბამისი დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს უზრუნველყოფს;
ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებების და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას;
ზ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლისათვის დახმარებისა და დაცვის ღონისძიებების, ხოლო მოძალადისათვის – დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას;
თ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 7. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სასამართლო ორგანოები.
2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
3. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ამ კანონის რეგულირების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისკენ.
4. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების დროული, კოორდინირებული (ურთიერთშეთანხმებული) საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურებით“, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი № 4744 - ვებგვერდი, 25.02.2016წ.
მუხლი 8. სოციალური მომსახურება
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისათვის.
2. სოციალური მომსახურება მოიცავს:
ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას;
ბ) მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას;
გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მოძალადეთა რისკჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში ხელშეწყობას;
დ) დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას;
ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას;
ვ) მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
თავი III. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები
მუხლი 9. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები.
2. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
3. სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით ასანაზღაურებლად.
4. ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 91. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველადი იდენტიფიკაციის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებების, არასრულწლოვანთა შემთხვევაში − აგრეთვე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სუბიექტებს.
მუხლი 10. დამცავი და შემაკავებელი ორდერები
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.
2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
31. შემაკავებელ ორდერში მიეთითება:
ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი;
ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას;
გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;
დ) ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს.
32. შემაკავებელ ორდერს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი და მსხვერპლი. იგი შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;
ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებას და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;
გ) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
დ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების საკითხებს;
ე) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
ვ) მოძალადისათვის ამ ორდერის მოქმედების პერიოდში ან ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;
ზ) მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
33. თუ მსხვერპლი რაიმე მიზეზის გამო ხელს ვერ აწერს შემაკავებელ ორდერს, მას ხელს აწერს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში შემაკავებელ ორდერში კეთდება სათანადო ჩანაწერი და მიეთითება მსხვერპლის მიერ მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი.
34. შემაკავებელ ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საკითხი, ძალადობის ფაქტის ადეკვატურად.
35. შემაკავებელი ორდერი იწერება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად. იგი შეიძლება დაიწეროს ხელით ან დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
36. შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში.
37. შემაკავებელი ორდერის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა.ა) ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;
ა.ბ) საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, შესაბამისი ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის, სამართალდარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით;
ა.გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თუ შემაკავებელი ორდერი იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება;
ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული საკითხი არასრულწლოვანს შეეხება.
38. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
39. თუ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვისას იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხის განხილვის პარალელურად საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით ეგზავნება შესაბამის ორგანოს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად.
4. მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას.
6. თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და ოჯახური დანაშაულის ბრალდებით და გამოყენებულია არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს.
7. დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 11. დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება
დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 12. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადა
1. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
3. მხარეთა შერიგებისას მათ მიერ სასამართლოსათვის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის ერთობლივი მიმართვის საფუძველზე დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შეიძლება გაუქმდეს მოსამართლის/პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლის შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას და არ იწვევს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით – არასრულწლოვნის) ინტერესებს.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
თავი IV. ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვნის დაცვის სპეციფიკური ღონისძიებები
1. არასრულწლოვანზე ძალადობის დროს არასრულწლოვანი პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, ხოლო ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში – სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განცალკევდება მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან ნებისმიერი სხვა მოძალადისაგან.
2. არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას და მსხვერპლისა და იმ პირების გამოკითხვას, რომლებსაც მისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. საჭიროების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებს და გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციას გადის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმთან. ამის საფუძველზე პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი აფასებს შემთხვევას და არასრულწლოვნის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით დადგენილი წესით. სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას უზრუნველყოფს.
3. ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვანზე ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიების სახით არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან სხვა მოძალადისაგან განცალკევების საკითხი.
4. არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის (მშობლებისათვის) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლისათვის არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების დატოვება შეიძლება საზიანო იყოს არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის უფლების დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.
5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ჩართოს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
მუხლი 141. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენა
1. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის (პირველადი იდენტიფიკაციის) და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებას, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.
2. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტის გამოვლენის და არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 201 4 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.
მუხლი 142. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 15. არასრულწლოვნის მოტაცების თავიდან აცილებისა და სხვა სახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1. სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების ვადებს. მოძალადე მშობელს არასრულწლოვნის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიმართ დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არასრულწლოვნის მონახულების ადგილს, დროს, პერიოდულობას, ხანგრძლივობას და პირს, რომელიც პასუხისმგებელია არასრულწლოვნის უსაფრთხოების მოთხოვნების/ზომების დაცვისთვის.
2. თუ არასრულწლოვნის მიმართ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, იზღუდება მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების უფლება. თუ აღნიშნული შეზღუდვა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მშობელს, რომლის უფლებაც იზღუდება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის მონახულების პირობების შეცვლის მოთხოვნით.
3. მოძალადის მიერ არასრულწლოვნის მოტაცების ან მისთვის სხვა სახის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება გარემოების შეცვლამდე.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
თავი V. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე სამართალწარმოების თავისებურებანი
მუხლი 16. პოლიციის მოვალეობანი
1. პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა.
3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია:
ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;
ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს;
გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ;
დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში;
ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში;
ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება;
ვ 1) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება;
ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ;
თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი;
ი) სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოსცეს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი.
3 1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით, რომელიც 1 თვის ვადით გამოიცემა, განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
4. პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს.
5. პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლის რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, აგრეთვე მოძალადის თაობაზე სხვა მონაცემების შესახებ.
6. პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 16 1 . მსხვერპლის სტატუსის მინიჭება
1. მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ამ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო) ერთად უზრუნველყოფს აგრეთვე მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი, თუ მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსი მოქმედებს მინიჭებიდან 18 თვის განმავლობაში, ხოლო თუ მსხვერპლი თავშესაფრით სარგებლობს − მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრული ვადით.
2. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1251 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მუხლი 17. მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის უფლებები და მისი დაცვის გარანტიები
1. მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო გამოცემული დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისას − მასზე რეაგირების მოთხოვნით;
ბ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის სიმძიმის გათვალისწინებით ან გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების დარღვევის შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით;
გ) მიმართოს შესაბამის სასამართლო ორგანოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის მოძალადის მიერ ანაზღაურების მოთხოვნით;
[დ) მიიღოს კომპენსაცია, თუ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან/და მსხვერპლის მომსახურებისა და დაცვისათვის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა წყაროებით; (ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან)]
ე) ისარგებლოს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებით;
ვ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში განთავსებისას ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ფსიქოლოგიური დახმარებით;
ზ) თავშესაფარში/კრიზისულ ცენტრში ყოფნისას ისარგებლოს შრომითი ურთიერთობის შეჩერების უფლებით. მისი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 30 კალენდარულ დღეს;
თ) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს საქართველოში ყოფნისათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, თუ იგი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირია;
ი) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე;
კ) ისარგებლოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი დაცვის სხვა მექანიზმებით.
2. ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების განხორციელებისას ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისა და პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.
3. ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ან/და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით. ასევე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. ამ შემთხვევებში მშობლის უფლებამოსილება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი სისხლის/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არასრულწლოვნის ინტერესებს წარმოადგენს.
4. თუ მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა დროებითი ბინადრობის ნებართვა მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.
5. თუ მსხვერპლი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, იგი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო ქვეყანაში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ იქ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი.
მუხლი 171. მსხვერპლის ინფორმირება
1. დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანოები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო ვალდებული არიან, მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ.
2. მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში აწვდიან ინფორმაციას და უწევენ სათანადო დახმარებას ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული განცხადების (სარჩელის) და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელების შედგენასა და შესაბამის სამართალწარმოებაში.
3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას ამის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 71 6 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ.
საქართველოს 201 4 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3557 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
მუხლი 172. მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი)
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი) მსხვერპლს უნდა უქმნიდეს საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის მიერ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ფსიქოლოგიური დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც განსაზღვრავს მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისა და რეაბილიტაციის წესს.
მუხლი 18. მსხვერპლის მოთავსება თავშესაფარში
1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლის იქ გადაყვანას.
2. თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
3. მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსების შემთხვევაში მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
1. კრიზისული ცენტრი არის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი და ემსახურება მათ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას.
2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
მუხლი 182. მსხვერპლისთვის საცხოვრებლით დროებით სარგებლობის უფლების შენარჩუნება
თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე დამცავი ან შემაკავებელი ორდერით, განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა.
მუხლი 19. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია
მსხვერპლის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 191. უფასო სატელეფონო დახმარება
1. მსხვერპლთა/სავარაუდო მსხვერპლთა დახმარების და შესაბამის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის უზრუნველსაყოფად იქმნება უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
2. უფასო, 24-საათიანი საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმების და მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების შესახებ.
3. სატელეფონო დახმარების ქსელი ფუნქციონირებს კონფიდენციალურობის დაცვით. დაუშვებელია ამ ქსელის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისისა.
მუხლი 20. მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები
მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები გულისხმობს მოძალადის მიერ ძალადობრივი ქცევის შეცვლისკენ და მისი ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ძალადობის განმეორების თავიდან აცილება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოძალადის მიერ ძალადობრივ ქცევასა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღიარება, აგრეთვე მის დამოკიდებულებებსა და ქცევაში მიღწეული დადებითი ცვლილებების შენარჩუნება. მათ მისაღწევად მნიშვნელოვანია მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
თავი VII. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები და უზრუნველყოს მათი შექმნა.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და 2017 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება).
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.
4. (ამოღებულია - 04.05.2017, №761).
5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პოლიციელის მიერ მოძალადისთვის იარაღის ჩამორთმევის თაობაზე მონაცემთა ბაზის შექმნა, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისთვის დროულად მიწოდება და ხელმისაწვდომობა.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები.
8. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ამ კანონის 16 1 მუხლის 1 1 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება.
9. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 ოქტომბრის №665 ბრძანებულება და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №625 ბრძანებულება.
10. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მოძალადის მიერ გასავლელი, დამცავი ორდერით გათვალისწინებული ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ კურსის ორგანიზების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრა.
11. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და კომპენსაციის გაცემის წესი.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1251 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
თავი VIII. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა მე-8 მუხლისა და VI თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-8 მუხლი და VI თავი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ კანონის მე-8 და მე-20 მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2016 წლის 1 ივლისამდე.
4. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2014 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო 191 მუხლის მოქმედება − 2015 წლის 1 მაისამდე.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3143-Iს
დოკუმენტის კომენტარები