ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 09/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 080.080.050.05.001.002.259
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3143
25/05/2006
სსმ, 20, 09/06/2006
080.080.050.05.001.002.259
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/12/2009 - 20/09/2013)

საქართველოს კანონი

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

    მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია:

ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა;

ბ) ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა;

გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა;

დ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა;

ე) ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ვ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

    მუხლი 3. ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

    მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

ვ) მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა);

ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე;

თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ;

ი) თავშესაფარი – ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე დაცვის ღონისძიებებს; ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე – ასევე ოჯახის ნათესავებისა და მეგობრების ოჯახი;

კ) მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები – ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს მოძალადის რეაბილიტაციასა და კრიზისულ ინტერვენციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;

ლ) კრიზისული ცენტრი – ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის (მასზე დამოკიდებული პირების) განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს თავშესაფარში მისი საცხოვრებლად განთავსების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას ან/და სამართლებრივ დახმარებას ან/და პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე;

მ) ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს).

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

    მუხლი 5. საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.

 

თავი II. ოჯახში ძალადობის პრევენცია

    მუხლი 6. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები

1. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისაკენ, ოჯახში ძალადობის ფაქტების აღკვეთის, მოძალადის სამართლებრივი დევნისა და მსხვერპლისა და მოძალადის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისაკენ.

2. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმების დანერგვასა და განხორციელებას.

3. ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს:

ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ოჯახში ძალადობის მიზეზებია;

ბ) ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად;

გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;

დ) პრევენციული ღონისძიებების გატარებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის ჩადენის რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომელთაც ოჯახში ჩადენილი აქვთ ძალადობა;

ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანები ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების, ასევე დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს;

ვ) ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას;

ზ) ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში მსხვერპლთათვის დახმარებისა და დაცვის, ხოლო მოძალადეთათვის – სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელებას;

თ) ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

    მუხლი 7. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება

1. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ორგანოები.

2. ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ შესაბამისი ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება.

    მუხლი 8. სოციალური მომსახურება

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისთვის.

2. სოციალური მომსახურება მოიცავს:

ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას;

ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას;

გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა რისკ-ჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში ხელშეწყობას;

დ) დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას;

ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგს;

ვ) მოძალადეთა და მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

 

თავი III. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები

    მუხლი 9. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები

1. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები.

2. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

3. სამოქალაქო-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

    მუხლი 10. დამცავი და შემაკავებელი ორდერები

1. ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.

2. დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

4. მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

    მუხლი 11. დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება

დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

    მუხლი 12. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადა

1. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

3. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შესაძლებელია გაუქმდეს მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით, სასამართლოსათვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

4. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და მას ამტკიცებს ან დამტკიცებაზე უარს ამბობს სასამართლო უფლებამოსილი პირის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

    მუხლი 13. დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება მსხვერპლისა და მოძალადის შერიგების დროს

მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას ან არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით – არასრულწლოვნის ინტერესებს.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

 

თავი IV. ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვნის დაცვის სპეციფიკური ღონისძიებები

    მუხლი 14. არასრულწლოვნის განცალკევება მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან

1.   ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2.   არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.

3.   საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

    მუხლი 15. არასრულწლოვნის მოტაცების თავიდან აცილებისა და სხვა სახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

1.   სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების ვადებს. მოძალადე მშობელს არასრულწლოვნის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიმართ დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არასრულწლოვნის მონახულების ადგილს, დროს, პერიოდულობას, ხანგრძლივობას და პირს, რომელიც პასუხისმგებელია არასრულწლოვნის უსაფრთხოების მოთხოვნების/ზომების დაცვისთვის.

2. თუ არასრულწლოვნის მიმართ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, იზღუდება მოძალადე მშობლის მიერ არასრულწლოვნის მონახულების უფლება. თუ აღნიშნული შეზღუდვა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მშობელს, რომლის უფლებაც იზღუდება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის მონახულების პირობების შეცვლის მოთხოვნით.

3. მოძალადის მიერ არასრულწლოვნის მოტაცების ან მისთვის სხვა სახის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება გარემოების შეცვლამდე.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

 

თავი V. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სამართალწარმოების თავისებურებანი

    მუხლი 16. პოლიციის მოვალეობანი

1.   პოლიცია ვალდებულია ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2. ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა.

3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია:

ა) მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად;

ბ) განცალკევებულად გამოკითხოს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს;

გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ;

დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში;

ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში;

ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება;

ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ;

თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი.

4. პოლიცია ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს.

5. პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლთა რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების, აგრეთვე მოძალადის სხვა მონაცემების შესახებ.

6. პოლიცია ვალდებულია მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება დამცავი და შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

    16 1 . მსხვერპლის სტატუსის მინიჭება

1.   მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ამ კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური, სასამართლო ორგანო) ერთად ასევე უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

2.   ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის) მიერ მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 ოქტომბრის №665 ბრძანებულებით „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

 

თავი VI. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სოციალური და შრომითი გარანტიები, მოძალადეთა რეაბილიტაციის ღონისძიებები

    მუხლი 17. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი)

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს მსხვერპლის საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის პირველად და გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

2. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

    3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც განსაზღვრავს თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსებისა და მისი რეაბილიტაციის წესს.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

    მუხლი 18. მსხვერპლის მოთავსება თავშესაფარში

1. ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლის იქ გადაყვანას.

2. თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.

    3. მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსების შემთხვევაში მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

 

მუხლი 181. კრიზისული ცენტრი  

1. კრიზისული ცენტრი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილს და ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას.

2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

    მუხლი 19. ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის შესახებ

მსხვერპლის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. 

   მუხლი 20. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები

მოძალადეთა დროებითი განთავსების ან/და მათი რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში, ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ იქმნება მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს მოძალადის დროებით განთავსებას, მის ფსიქოლოგიურ დახმარებასა და მკურნალობას.

     [მუხლი 20. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები

მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები გულისხმობს იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისა და გაჯანსაღებისაკენ, ცალკეული მავნე ჩვევებისაგან (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია ან ისეთი ფსიქიკური დაავადება, რომელიც არ გამორიცხავს შერაცხადობას) პირის განკურნებისა და რეაბილიტაციისაკენ და დაკავშირებულია ძალადობის შემდგომი გამოვლინების თავიდან აცილებასა და მსხვერპლის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან)]

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

 

თავი VII. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 21. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები და უზრუნველყოს მათი შექმნა.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების განხორციელების მექანიზმები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური მუშაკების მომზადება (სერტიფიცირება).

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.

4. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განსაზღვრა.

5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის თაობაზე არსებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება.

6.   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გაცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების თაობაზე მონაცემთა ბაზის ფორმირება, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან დროული გაცვლა და მისი ხელმისაწვდომობა.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

 

თავი VIII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 22. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა მე-8 მუხლისა და VI თავისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-8 მუხლი და VI თავი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის მე-8 და მე-20 მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 1 ივლისამდე.

საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3143-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4

24. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4004-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 23. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3853-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 22. 22/12/2022 - საქართველოს კანონი - 2477-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1345-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 31/12/2021 20. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1344-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 31/12/2021 19. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 367-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 18. 13/07/2020 - საქართველოს კანონი - 6758-რს - ვებგვერდი, 20/07/2020 17. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5769-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5463-Iს - ვებგვერდი, 19/12/2019 15. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5024-Iს - ვებგვერდი, 01/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3105-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 13. 30/05/2018 - საქართველოს კანონი - 2394-IIს - ვებგვერდი, 08/06/2018 12. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1820-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 955-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 10. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 761-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 752-IIს - ვებგვერდი, 24/05/2017 8. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5446-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 19/02/2016 - საქართველოს კანონი - 4744-IIს - ვებგვერდი, 25/02/2016 6. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4455-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 5. 24/07/2015 - საქართველოს კანონი - 4105-რს - ვებგვერდი, 04/08/2015 4. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3557-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 3. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2697-Iს - ვებგვერდი, 31/10/2014 2. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1251-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 28/12/2009 - საქართველოს კანონი - 2507 - სსმ, 3, 13/01/2010