დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5446-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 080080050.05.001.018196 |
|
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. 2. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.“. 2. მე-4 მუხლის: ა) „ე1“–„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1) უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე; ვ) მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა). ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისათვის მსხვერპლად ითვლება აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა; ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ და „ზ2“ ქვეპუნქტები: „ზ1) სხვა პასუხისმგებელი პირი – პირი (გარდა ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე; ზ2) სოციალური მუშაკი – ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრული სოციალური მუშაკი;“; გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისათვის მოძალადედ ითვლება აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით;“. 3. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოძალადის მიერ შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 4. მე-14 და 141 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისაგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები სხვა პირისაგან განცალკევება 1. არასრულწლოვანზე ძალადობის დროს არასრულწლოვანი პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, ხოლო ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში – სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განცალკევდება მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან ნებისმიერი სხვა მოძალადისაგან. 2. არასრულწლოვნის მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან არასრულწლოვანთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისაგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად უნდა განთავსდეს იგი, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკისა და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას და მსხვერპლისა და იმ პირების გამოკითხვას, რომლებსაც მისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. საჭიროების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას იძახებს და გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციას გადის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმთან. ამის საფუძველზე პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი აფასებს შემთხვევას და არასრულწლოვნის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით დადგენილი წესით. სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას უზრუნველყოფს. 3. ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვანზე ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიების სახით არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისაგან (მშობლებისაგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან სხვა მოძალადისაგან განცალკევების საკითხი. 4. არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის (მშობლებისათვის) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლისათვის არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების დატოვება შეიძლება საზიანო იყოს არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის უფლების დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი. 5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ჩართოს. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. მუხლი 141. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენა 1. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის (პირველადი იდენტიფიკაციის) და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებას, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს. 2. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტის გამოვლენის და არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 142 მუხლი: „მუხლი 142. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 6. მე-16 მუხლის: ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოსცეს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით, რომელიც 1 თვის ვადით გამოიცემა, განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას.“. 7. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოჯახურ დანაშაულსა და ოჯახში ძალადობაზე სისხლის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, დაკითხვისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესები, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების) თანდასწრებით; ასევე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. ამ შემთხვევებში მშობლის უფლებამოსილება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი სისხლის/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არასრულწლოვნის ინტერესებს წარმოადგენს.“. 8. 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მოძალადეთა და გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პოლიციელის მიერ მოძალადისთვის იარაღის ჩამორთმევის თაობაზე მონაცემთა ბაზის შექმნა, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოებისთვის დროულად მიწოდება და ხელმისაწვდომობა.“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა მიიღოს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება. საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული დადგენილების მიღებამდე მოქმედებს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №152/ნ – №496 – №45/ნ ერთობლივი ბრძანება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა დაამტკიცოს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 და მე-6–მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 და მე-6–მე-8 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
ქუთაისი, 22 ივნისი 2016 წ. N5446-IIს |
დოკუმენტის კომენტარები