„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6758-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 080080050.05.001.019956
6758-რს
13/07/2020
ვებგვერდი, 20/07/2020
080080050.05.001.019956
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;“.

2. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე.“;

ბ) 3 1  პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადი ნომერი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი;“;

გ) 32 და 33 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. შემაკავებელ ორდერს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე. შემაკავებელი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:

ა) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან გარიდების საკითხს, მიუხედავად იმისა, მოძალადე ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;

ბ) მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;

გ) მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;

დ) მოძალადის არასრულწლოვანისაგან განცალკევების საკითხს;

ე) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების საკითხს;

ვ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხს;

ზ) მოძალადისთვის ამ ორდერის მოქმედების პერიოდში ან ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მისი შეძენისთვის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;

თ) მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

33. თუ მსხვერპლი ან/და მოძალადე რაიმე მიზეზის გამო ხელს არ/ვერ აწერს შემაკავებელ ორდერს, მას ხელს აწერს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში შემაკავებელ ორდერში სათანადო ჩანაწერი კეთდება და მიეთითება მსხვერპლის ან/და მოძალადის მიერ მის ხელმოწერაზე უარის თქმის/მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი.“;

დ) 37 პუნქტის:

დ.ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანის, დარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის მიზნით;“;

დ.ბ) „ა.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი:

„ა.დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს (შემდგომ − სსიპ − „112“), თუ შემაკავებელი ორდერი ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას ითვალისწინებს;“;

ე) 3პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 310 პუნქტი:

„310. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში იმ გეოგრაფიული ზონების პარამეტრები, სადაც აკრძალულია ამ მუხლის 3 2  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიახლოება, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება და განხორციელება

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლია ამ კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა.

2. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება დასაშვებია ამ კანონის მე-10 მუხლის 32 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. აღნიშნული საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსულში მოძალადის მიერ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მხრიდან მუქარა ან/და მის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები.

3. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, აგრეთვე შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს. 

4. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ მითითება შემაკავებელ ორდერში კეთდება იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ზედამხედველობა შემაკავებელი ორდერის გამოცემისას წესდება. ამასთანავე, გამოიცემა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი და იგი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დასამტკიცებლად მისი სასამართლოსთვის 24 საათის ვადაში წარუდგენლობის ან სასამართლოს მიერ ამ ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწყებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

5. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების მოთხოვნის უფლება აქვთ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პირებს.

6. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე არასრულწლოვანი მსხვერპლი თანხმობას აცხადებს, ხოლო მისი კანონიერი წარმომადგენელი/საპროცესო წარმომადგენელი − უარს, გადაწყვეტილება მიიღება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

7. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით.

8. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მიეთითება:

ა) ამ ოქმის გამოცემის თარიღი და ადგილი;

ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ ოქმის გამოცემას;

გ) მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილი;

დ) ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის შესახებ;

ე) მსხვერპლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი;

ვ) მსხვერპლის თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე;

ზ) იმ შემაკავებელი ორდერის რეკვიზიტები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება;

თ) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების აკრძალვის შესახებ;

ი) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევის ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობის ანდა ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, აგრეთვე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით გადაცემული ელექტრონული საშუალების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მოძალადის გაფრთხილების თაობაზე;

კ) სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად.

9. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მიეთითება ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის ინსტრუქცია, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა.

10. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე, რომლის მიმართაც გამოიცა ეს ოქმი.

11. თუ მსხვერპლი ან/და მოძალადე რაიმე მიზეზის გამო ხელს არ/ვერ აწერს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმს, მას ხელს აწერს მხოლოდ ამ ოქმის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში სათანადო ჩანაწერი კეთდება და მიეთითება მსხვერპლის ან/და მოძალადის მიერ მის ხელმოწერაზე უარის თქმის/მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი.

12. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი ამოქმედდება გამოცემისთანავე. ეს ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის 1 ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო 1 ეგზემპლარი ამ ოქმის გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

13. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაზე რეაგირების მიზნით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ინფორმაციის სათანადო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეტანის, დარღვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის მიზნით;

გ) სსიპ − „112“-ს, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.

14. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მოძალადისთვის გადაცემული ელექტრონული საშუალება შედგება ელექტრონული სამაჯურისა და მიმღები აპარატისგან. ამ ელექტრონული საშუალების  დაზიანება ან განადგურება იწვევს მოძალადისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

15. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების  წესებს, მათ შორის, იმ გეოგრაფიული ზონების (ბუფერული ზონისა და საგანგაშო ზონის) პარამეტრებს, სადაც აკრძალულია მსხვერპლთან მიახლოება, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და შენახვის წესს და სხვა საკითხებს.

16. თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მოძალადისთვის ელექტრონული საშუალების სხეულზე დამაგრება ადგილზე შეუძლებელია, პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მოძალადე გადაიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში. პოლიციაში იძულებით მიყვანისას მოძალადეს განემარტება:

ა) პოლიციაში მიყვანის საფუძველი;

ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე;

გ) რომ აქვს უფლება, მოძალადის სურვილის შემთხვევაში, მისი პოლიციაში მიყვანის ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.

17. მოძალადის პოლიციაში მიყვანისას დგება პირის მიყვანის შესახებ ოქმი. ამ ოქმში აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა; ცნობები მოძალადის შესახებ; მოძალადის პოლიციაში მიყვანის დრო და საფუძველი. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი თანამდებობის პირი და მოძალადე. თუ მოძალადე ოქმის ხელმოწერაზე უარს აცხადებს, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.

18. მოძალადე პოლიციაში უნდა დაყოვნდეს ელექტრონული საშუალების სხეულზე დამაგრებისთვის საჭირო, გონივრული ვადით. მისი პოლიციაში მიყვანის საერთო ვადა 6 საათს არ უნდა აღემატებოდეს. მოძალადის მიყვანის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19. პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოძალადის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გამოცემისას პოლიცია უფლებამოსილია ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად მოძალადე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში დაიბაროს. მოძალადის ამ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია განახორციელოს მისი ძებნა ქვეყნის მასშტაბით.

20. პოლიცია უფლებამოსილია მოძალადისთვის ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიებები.

21. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. მოძალადეს/მსხვერპლს ეკრძალება ელექტრონული საშუალებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. მოძალადე/მსხვერპლი ვალდებულია მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ წინასწარ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმით განსაზღვრულ პერიოდში დაამუშაოს მოძალადის/მსხვერპლის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება ჩერდება მოძალადის/მსხვერპლის საქართველოში დაბრუნებამდე.

22. მოძალადის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას. აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდება, დაკავება ან ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შეჩერების საფუძველია.

23. მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევით მიახლოებისას სსიპ − „112“-ის მოსამსახურე ვალდებულია მოძალადეს დაუკავშირდეს და მსხვერპლთან შემთხვევით შეხვედრის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვოს. მოძალადე ვალდებულია შეასრულოს სსიპ − „112“-ის მოსამსახურის მოთხოვნა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს მოძალადისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

24. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევა ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა ანდა ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება  იწვევს მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

25. გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება სასამართლოსთვის მიმართვის გზით ვადამდე შეიძლება გაუქმდეს:

ა) ვითარების შეცვლის გამო, მათ შორის, მოძალადის მძიმე ავადმყოფობის გამო, თუ შეცვლილი ვითარება გამორიცხავს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკს;

ბ) თუ მსხვერპლი პოლიციას მიმართავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით.

26. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომიდან 24 საათის განმავლობაში პოლიცია სასამართლოს მიმართავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით. სასამართლო ამ მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს აღნიშნულ საკითხს.

27. უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემაკავებელი ორდერის გაუქმება, მოძალადის ან მსხვერპლის გარდაცვალება იწვევს გამოყენებული ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიების ავტომატურ გაუქმებას.

28. პოლიციის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, მოძალადისთვის ელექტრონული საშუალების მოხსნის მიზნით იგი დაიბაროს ან ამ მუხლის მე-16−მე-18 პუნქტების შესაბამისად გადაიყვანოს პოლიციის უახლოეს განყოფილებაში.

29. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების მიზნით დაამუშაოს მოძალადის/მსხვერპლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობის შედეგად მოპოვებული მონაცემი, მოძალადესთან/მსხვერპლთან კომუნიკაციის ამსახველი მონაცემი.

30. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამცავი ორდერი გამოიცემა 9 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.“.

5. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მსხვერპლის მოთხოვნით, აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევაში მსხვერპლის თანხმობით უზრუნველყოს მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში გადაყვანა;“.

6. მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) მოითხოვოს ამ კანონით დადგენილი წესით მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება;“.

7. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში გადაყვანას.“.

8. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.

13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის შემუშავება და დამტკიცება.“.

მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს:

ა) ამ კანონის აღსრულებისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება;

ბ) სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

13 ივლისი 2020 წ.

N6758-რს